გულუბრყვილო შერლოკ ჰოლმსი - კვირის პალიტრა

გულუბრყვილო შერლოკ ჰოლმსი

შერლოკ ჰოლმსზე შექმნილი საქვეყნოდ ცნობილი დეტექტიური რომანების ავტორი არტურ კონან დოილი, პროფესიით ექიმი, საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანი იყო და ამ მხრივ სრულიად არ ჰგავდა თავის ლეგენდარულ პერსონაჟს.

ერთხელ კონან დოილი, უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული მწერალი, პარიზში ჩავიდა. რკინიგზის სადგურიდან გამოსულმა ტაქსი გააჩერა. მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, მწერლის ჩემოდანი საბარგულში ჩადო, შემდეგ საჭეს მიუჯდა და ეკითხება:

- მუსიე კონან დოილ, საით წაგიყვანოთ?

- როგორ, თქვენ მე მიცნობთ? - გაოცდა მწერალი.

- არა, პირველად გხედავთ, - პასუხობს მძღოლი.

- მაშ, როგორ მიცანით?

- თქვენს წიგნებში აღწერილი დედუქციის მეთოდი გამოვიყენე. ორი კვირის წინ გაზეთში წავიკითხე, რომ სახელგანთქმული მწერალი არტურ კონან დოილი დასასვენებლად ჩავიდა ფრანგულ რივიერაზე. ის მატარებელი კი, რომელმაც თქვენ ჩამოგიყვანათ, მარსელისა იყო. ასევე შევამჩნიე, რომ გარუჯული ბრძანდებით, ამას კი მხოლოდ რივიერაზე თუ მოახერხებდა კაცი. ის, რომ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი გვარიანად გაქვთ მელნით დასვრილი, მოწმობს - მწერალი ბრძანდებით. მანერები ექიმისა გაქვთ; თქვენი კოსტიუმი კი ინგლისურ სტილისაა. ამ დაკვირვებათა შეჯერების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თქვენ არტურ კონან დოილი - სახელგანთქმული შერლოკ ჰოლმსის შემქმნელი ბრძანდებით.

- თქვენ თვითონ ბრძანებულხართ შერლოკ ჰოლმსის ოდენა მაძებარი! - ამის თქმაღა მოახერხა გაოგნებულმა მწერალმა.

- ჰო, ერთი დაკვირვების შესახებ გამომრჩა - როდესაც თქვენს ჩემოდანს საბარგულში ვდებდი, ზედ ცარცით მიწერილი თქვენი სახელი და გვარი ამოვიკითხე, - მიუგო მძღოლმა.

ლადო გოგუაძე