ერთი წიგნის "კრიმინალური" ისტორია
22-04-2013
ერთი წიგნის "კრიმინალური" ისტორია
დღეს საქართველოში წიგნი დეფიციტი არ არის. მაგრამ იყო დრო, როდესაც კითხვას მოწყურებული ქართველები სასურველ წიგნს ვერ შოულობდნენ და რას აღარ სჩადიოდნენ მის ხელში ჩასაგდებად - ქურდობაზეც კი არ ამბობდნენ უარს. არსებობდა კიდეც ასეთი გამოთქმა: "წიგნის ქურდი ქურდი არ არისო", რომლის ავტორადაც ლენინი სახელდებოდა.

გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოა. ცნობილმა ქართველმა ლიტერატორმა ნიკა აგიაშვილმა ანდრე მორუას ბიოგრაფიული რომანი "ბაირონი" ათხოვა ასევე ცნობილ ლიტერატორ გიორგი ნატროშვილს, რომელსაც ისე მოეწონა წიგნი, პატრონს გაცვლა
შესთავაზა - ეს წიგნი მე დამითმე, სამაგიეროდ,  იოსებ გრიშაშვილის 1918 წელს გამოცემულ "საიათნოვას" მოგცემო. ნიკა აგიაშვილი დასთანხმდა, მით უფრო, რომ "საიათნოვას" თავფურცელზე ასეთი წარწერა ამოიკითხა: "ჩემს მასწავლებელს - ექვთიმე თაყაიშვილს!.. მადლიერი ნამოწაფარისგან. იოსებ გრიშაშვილი, 1920 წელი".
ახალი პატრონი შენაძენით ძლიერ ნასიამოვნები და ამაყი იყო.

ერთხელ
გაბედა და თავისი "საიათნოვა" თავად იოსებ გრიშაშვილსაც უჩვენა, რომლის სიყვარული წიგნებისადმი საქვეყნოდ ცნობილი იყო. გრიშაშვილს თვალები გაუბრწყინდა, ხელი შეავლო, გამოჰკითხა, სად იშოვეო და მერე ნაღვლიანად წარმოთქვა: - აფსუს, ჩვენო დიდებულო ექვთიმევ! შენ სადა ხარ და შენი წიგნებიც როგორ მიმოფანტულაო!.. აღარ ეთმობოდა, მაგრამ პატრონიც შეეცოდა, ბოლოს წაუწერა: "მეგობრული სიყვარულით ჩემს ნიკას - სახსოვრად და მოსაგონებლად" და დაუბრუნა. თუმცა, "საიათნოვა" მაინც დაიკარგა. ამგვარად "გალამაზებულ" წიგნს ნიკა აგიაშვილის ერთმა მეგობარმა მწერალმა დაადგა თვალი და დიდი ხვეწნა-მუდარით სამი დღით ითხოვა. ზუსტად დათქმულ ვადაში დააბრუნა. შემდეგ ისევ ითხოვა და წაიღო... სამუდამოდ! იმ წიგნიანად დაიკარგა. ეს ამბავი იოსებ გრიშაშვილმა (თავადაც წიგნების ცნობილმა "გამომძალველმა"  და "გამტაცებელმა") ძლიერ განიცადა. წლების შემდეგაც, როცა კი შეხვდებოდა ნიკა აგიაშვილს, აუცილებლად ეტყოდა: "შერჩა ხომ? შერჩა განა იმ ხელმრუდსა და დაღლარას?" ერთხელ გაუბრაზდა კიდეც: "კაცო, ეს რა ამბავია! აგერ, ოცდაათი წელიწადია, ის ჩვენი სახელოვანი ექვთიმე თაყაიშვილი ევროპაში იყო, ახლა დაბრუნდა სამშობლოში და ეროვნული განძიც თან ჩამოიტანა უკლებლივ და მთლიანად, ერთი ბეწოც რაა, ისიც არ დაჰკლებია. შენ რა მოგივიდა? ერთი წიგნი გებარა და იმასაც ვერ მოუარე? სად არის სირცხვილი და ნამუსი?!"

ლადო გოგუაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით