ხვამლი - ქართველ მეფეთა განძთსადები - კვირის პალიტრა

ხვამლი - ქართველ მეფეთა განძთსადები

"სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს  პრომეთეს, იმავე ამირანის გმინვა"

რას ეძებდა ჰიტლერი კავკასიის მთებში

ხვამლის კლდით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაინტერესდნენ ბერძნები. მის მიმართ სტალინი და ჰიტლერიც არ მალავდნენ ინტერესს... 5 წლის წინ ხვამლზე გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილმა ექსპედიციამ ბევრი საოცარი რამ აღმოაჩინა. გვესაუბრება დავით გოგუაძე, მკვლევარი, კინორეჟისორი, ხვამლის ექსპედიციის წევრი:

- ხვამლის ექსპედიცია 2007 წელს დაიწყო. მისი ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი ლეჩხუმის სოფელ დერჩიდან იყო. ეს სოფელი პირდაპირ უყურებს ხვამლის კლდეს. გურამი ცდილობდა გაერკვია, რა საიდუმლოებას მალავდა ეს კლდის მასივი. მან მოახერხა თანხების მოძიება და დაიწყო ბოლო დროის ყველაზე საინტერესო ექსპედიცია. კვლევების შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ 2009 წელს 3-წლიანი გრანტი მოვიპოვეთ და გავაგრძელეთ ხვამლის შესწავლა. სამწუხაროდ, 2010 წელს ექსპედიციაში ყოფნისას, გურამი 50 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა...

- რას ნიშნავს სიტყვა ხვამლი?

- ხვამლი ახალი ტერმინია. ადრე მას ხომლი ერქვა, რომელიც სულხან-საბას ლექსიკონით ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს. ვახუშტი ბატონიშვილიც მის სახელს ვარსკვლავს უკავშირებს: "რიონის დასავლეთით მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით".

ექსპედიცია ხვამლის კლდეში არსებული ციხე-ქვაბულის შესასწავლად დაიწყო, სადაც, ჟამთააღმწერლის ცნობით, ქართველ მეფეთა განძთსადები უნდა ყოფილიყო.

- ადრე თუ ყოფილა ხვამლზე ექსპედიცია?

- 1984 წელს ციხე-ქვაბულში ავიდა ჯგუფი "ხომლი". მათი მიზანი ძეგლის დათვალიერება და ფირზე აღბეჭდვა იყო. მანამდე ორი ექსპედიცია მოეწყო ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით (1939 და 1945 წწ.). მათ დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო... არადა, შიდა სივრცე სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვით და მის გაწმენდას დიდი ხარჯები სჭირდება...

რაც შეეხება ხვამლის დაკავშირებას ასტრონომიასთან, ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები, რომლებიც ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდნენ და მხოლოდ განდობილებს გადასცემდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ყველაფერი, რაც დედამიწაზე ხდება, ცაზე აისახება. XVII საუკუნის პოლონელი ასტროლოგის, იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით, უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან: გაწოლილ გველეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი უზის; ჰიდრას ქვემოთ არგოს თანავარსკვლავედია, გვერდით - კენტავრისა, რომელსაც ძველად მხედარი ერქვა. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია ან ოქროს საწმისი, ის საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ცდილობდნენ ბერძნები, ეს კი ის ყორანია, რომელიც გულ-ღვიძლს უკორტნის კავკასიონის მთაზე მიჯაჭვულ პრომეთეს. ექსპედიციის დროს ხვამლის ციხე-ქვაბულის კედელზე ვნახეთ პიქტოგრამები, ზოდიაქოს ნიშნების გამოსახულებით. ხვამლის თავზე არსებული სალოცავის ძველი ფენების გეგმა, მისი განლაგება მნათობების და ვარსკვლავების მიმართ გვაფიქრებინებს, რომ აქ უძველესი ობსერვატორია იყო.

- მახსოვს, გურამ გაბიძაშვილი ამბობდა, არგონავტები საქართველოში მოვიდნენ გარკვეული ცოდნის წასაღებადო და ამ ყველაფერს ხვამლს უკავშირებდა...

- აპოლონიოს როდოსელი "არგონავტიკაში" წერს: "კუტაიას ხმელეთზე და კირკეს ველზე შორეული მთებიდან ფაზისი მოაგორებს ფართო ნაკადს... ხელმარცხნივ მაღალი კავკასიონია. სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა". დღეს კავკასია ზოგადი სახელია მთათა მასივისა, ძველ დროში კი, რომელიღაც კონკრეტულ მთას ან კლდეს ერქვა, სადაც პრომეთე იყო მიჯაჭვული. სტრაბონიც ამბობდა, რომ პრომეთე და იბერთა გმირი (სავარაუდოდ, ამირანი) ერთი და იგივე უნდა იყოსო. საინტერესოა, რომ ჟიულ ვერნი, რომელიც არასოდეს გასცილებია პარიზს, თავის რომანში, "შეუპოვარი კერაბანი", წერს: "სწორედ ამ კლდეზე, ხომლზე, რომელიც გადმოყურებს ქუთაისს, იყო მიჯაჭვული პრომეთე" (ჩვენ წავაწყდით გვიანი შუა საუკუნეების ევროპულ რუკას, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე, სხვა დასახლებულ პუნქტებთან ერთად, ხომლიც იყო აღნიშნული).

მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე იოს დავალებით უნდა აუყვეს მდინარე ფაზისს (მდ. რიონი), მარცხენა მხარეს მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გამოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგ და პრომეთე გაათავისუფლოს. ასეთი ადგილი მართლაც არის ხვამლის ძირში. იქაურები მას ვერძისთავას ეძახიან. წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლისკენ მიდის, ხან - რიონისკენ. ასე რომ, მრავალი ისტორიული წყაროს თანახმად, პრომეთე სწორედ ხვამლზე იყო მიჯაჭვული, ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი ასოცირდება გარკვეულ ცოდნასთან, რომელმაც კაცობრიობა სულ სხვა საფეხურზე აიყვანა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, გერმანიის მთავრობამ სტრატეგიულად გაუმართლებელი მანევრი განახორციელა და კავკასიის მთებში დესანტი გადმოსხა. ელიტარულმა დანაყოფმა იალბუზზე მესამე რაიხის დროშა ააფრიალა. შემდეგ ეს დანაყოფი მარუხის უღელტეხილზე ქართულმა სამთო დივიზიამ გაანადგურა. დღესაც დაზუსტებით არავინ იცის, რას ემსახურებოდა გერმანელთა ეს ოპერაცია.

ერთი ვარაუდით, ისინი კავკასიის მთებში საიდუმლო რელიკვიებს ეძებდნენ. თუ გავითვალისწინებთ ჰიტლერის დამოკიდებულებას მისტიკური ადგილებისადმი, ეს მოსაზრება მართებულად მოგვეჩვენება. როგორც ჩანს, ეს ცოდნა უკავშირდება რკინას, ანუ მეტალურგიას. ბერძნები კი აქ მართლა ცხვრის ტყავის წასაღებად ხომ არ მოვიდოდნენ? თანაც გადმოცემით, "ოქროს საწმისს" გველეშაპი იცავდა. საგულისხმოა, რომ ხვამლის მასივი ერთი შეხედვითაც კი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. ჩვენი აზრით, სწორედ ამ ცოდნის წასაღებად იყვნენ მოსული ელინები. აქ რომ მეტალურგია იყო განვითარებული, იმითაც დასტურდება, რომ გარშემო უამრავი წიდაა.

- "ქართლის ცხოვრებაში" წერია, რომ "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხვამლმა გადაარჩინოსო". ხვამლში ინახება განძი თუ გარკვეული ცოდნა?

- ჟამთააღმწერელი "ქართლის ცხოვრებაში"“XIII საუკუნის შესახებ წერს, როდესაც ჯალალედინის შემოსევით განადგურებული ქვეყანა ახალ დამპყრობელს შეეჩეხა და დამარცხდა: "მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად. და განყვნეს სამეფო და საჭურჭლე გარნა ხვამლისა ქვაბსა რომელ ედვა, გამოიღეს და გაიყვეს. უფროსი ქვაბსვე დაუტოვეს, ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის უხილავს". ანუ ხომლში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა. ხვამლის კლდე მიუდგომელია. ქვემოდან ალპინისტებიც ვერ ადიან. რა გასაკვირია, განძთსაცავად რომ გამოეყენებინათ და ამისთვის ყველაზე დაფარული და მიუვალი ადგილი შეერჩიათ, რათა სახელმწიფო ხაზინის აღმოჩენის ალბათობაც კი არ დაეშვათ...

- დღეს თუ მიმდინარეობს კვლევა?

- კვლევები შეწყდა 2011 წლის ბოლოს, როცა საგრანტო დაფინანსება დამთავრდა.  ვიცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა ხვამლით. ბოლო წელს ხვამლის კლდის ძირში აღმოვაჩინეთ უძველესი დასახლების ნაშთები, რომლის არსებობასაც თეორიულად ვვარაუდობდით. აუცილებელია, ჩატარდეს არქეოლოგიური გათხრები, რომელიც ხვამლს ძველი მსოფლიოს ისტორიის ისეთი აღმოჩენების რანგში დააყენებს, როგორიცაა ტროა, იერიქონი, გიობექლი თეფე. ეს, უპირველესად, ქვეყნის იმიჯს წაადგება.

ღმერთების ადგილსამყოფელი

ხვამლის კლდოვანი მასივი მდებარეობს ლეჩხუმში, მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002 მეტრია. კლდის მასივი 300 მეტრითაა მიწიდან ამოზრდილი და მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი ამ მხარის დომინანტია და ისეთ მიკროკლიმატს ქმნის, რომ მიმდებარე რეგიონის ამინდსაც კი განაპირობებს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უძველესი დროიდან ხვამლის მთა ამინდის ღმერთის, ელიას ადგილსამყოფლად მიაჩნდათ და მას შესთხოვდნენ წყალობას.

ლადო გოგოლაძე