აღსრულებული ანდერძი - კვირის პალიტრა

აღსრულებული ანდერძი

მესაზღვრეებმა ბრესტში მატარებელი  გაჩხრიკეს. საბედნიეროდ, ჯვარი ვერ იპოვეს,  რადგან ის გოგონას ყელზე ეკეთა

"თოვდა და თბილისს ებურა თალხი, - დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!" - ასე გამოხატა ცნობილმა პოეტმა საქართველოს გასაბჭოებით მოგვრილი ელდა და ტკივილი. თუმცა, იმდროინდელ საქართველოში მაინც დარჩა ხალხი, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა, ებრძოლა თავისუფლებისათვის. მათ შორის იყვნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმის წევრები.

1924 წლის აჯანყება სისხლში ჩაახშვეს და ქაქუცა ჩოლოყაშვილს ერთადერთი გზა დარჩენოდა, - დუშეთის ციხეში დამწყვდეული სიკვდილმისჯილი თანამებრძოლები ეხსნა და სამშობლოდან გადახვეწილიყო. ცნობილი ქართველი რეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის ოჯახში ინახება ფოტო, რომელზეც 23 წლის ოფიცერი მერაბ ჯორჯაძეა აღბეჭდილი, ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა. ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი მისი დისშვილია.

KvirisPalitra.Ge"ბოლშევიკებთან ბრძოლას უკვე აზრი აღარ ჰქონდა და  1924 წლის სექტემბერში შეფიცულებმა თურქეთის გავლით საფრანგეთისაკენ აიღეს გეზი. ბიძაჩემი თავდაპირველად საფრანგეთში ცხოვრობდა. ოჯახის წევრებს მასთან მიმოწერაც კი აკრძალული ჰქონდათ. როდესაც დავბადებულვარ, მამაჩემს, არჩილ კოკოჩაშვილს უთქვამს, მოდი, დავწეროთ სახელები, ჩავყაროთ ქუდში, მე ამოვიღებ და რაც შემხვდება, ის დავარქვათ ბავშვსო. მართლაც, სახელები ჩამოუწერია და ქუდში ჩაუყრია. მერე გაირკვა, რომ მამამ, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა, ყველა ფურცელზე მერაბი დაწერა. ასე დამერქვა ბიძის პატივსაცემად ეს სახელი".

მერაბ ჯორჯაძის ცხოვრება წვეთი წყალივით ჰგავს იმ ქართველ ემიგრანტთა თავგადასავალს, რომლებმაც XX საუკუნის ბოლშევიკურ უკუნეთს თავი დააღწიეს. მართალია, მათ არ გაუზიარებიათ იმდროინდელი ქართველი ინტელიგენციის ბედი, მაგრამ არანაკლები ტანჯვა გამოიარეს.

მერაბ ჯორჯაძემ წარმატებით დაამთავრა საფრანგეთის სამხედრო აკადემია, სადაც მაშინ ბევრი ქართველი სწავლობდა. აკადემიის დასრულებისთანავე საფრანგეთის მოქალაქეობა შესთავაზეს, მაგრამ, ალბათ, იმედს არ კარგავდა, რომ საქართველოში დაბრუნდებოდა, და უარი თქვა. მონაწილეობდა 30-იან წლებში ესპანეთის სამოქალაქო ომში, ჰიტლერისა და მუსოლინის საწინააღმდეგო მოძრაობაში. როდესაც საფრანგეთში ფაშისტური რეჟიმი დამყარდა, იძულებული გახდა, ბელგიაში გადასულიყო, სადაც დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად გააგრძელა ბრძოლა ფაშიზმთან. ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი 1943 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. მაშინ ის მხოლოდ 41 წლისა იყო.…

"მეორე ფოტოზე, რომელიც ჩვენს ოჯახში უძვირფასეს რელიკვიად ითვლება, ისევ ბიძაჩემია აღბეჭდილი, - გვიამბობს ბატონი მერაბი, - მას ხელთ ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ქართული ჯვარი აქვს. როგორც მუზეუმში მითხრეს, ის  XVII-XVIII საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშია. ეს ჯვარი მეფისნაცვალ ალექსანდრ ბარიატინსკის აჩუქეს. ალბათ, უფლის ნებით ქართული ჯვარი ბელგიაში, მერაბ ჯორჯაძის მეუღლის ოჯახში მოხვდა. ბიძაჩემს სიკვდილის წინ მეუღლისთვის უთხოვია,  ჯვარი როგორმე საქართველოში დააბრუნეო. ათწლეულების შემდეგ, როდესაც ევროპაში გამგზავრება შესაძლებელი გახდა, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ბელგიაში წავიდნენ. უკან დაბრუნებისას ბიცოლაჩემმა ჯვარი ჩემს ქალიშვილს დაჰკიდა და უთხრა: სულითა და გულით ვლოცულობ, რომ ეს ჯვარი საქართველოში დაბრუნდეს, რადგან ეს მერაბის სანუკვარი ოცნება იყოო. რადგან საბჭოთა სისტემა ჯერ კიდევ ძლიერი იყო, ეშინოდათ, რომ ძვირფას ჯვარს გზაში წაართმევდნენ. მართლაც, მატარებელი ბრესტში რომ შესულა, მესაზღვრეებს მთელი კუპე გაუჩხრეკიათ, ყველა ჩემოდანი გაუხსნიათ. საბედნიეროდ, ჯვარი ვერ უპოვიათ, რადგან ის ჩემს ქალიშვილს, მაიას ეკეთა ყელზე. ბედნიერი ვარ, რომ საამაყო წინაპრის ანდერძი შევასრულეთ და მარგალიტის, ალმასისა და ლალის თვლებით შემკული ხელოვნების ეს ძვირფასი ნიმუში დღეს საქართველოშია".

ხათუნა ჩიგოგიძე