საქართველოს მკვლელები - ილიას მკვლელობის ვერსიები - კვირის პალიტრა

საქართველოს მკვლელები - ილიას მკვლელობის ვერსიები

კიდევ ერთხელ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ვერსიებზე...

1907 წლის 30 აგვისტოდან ილიას მკვლელობის თაობაზე რამდენიმე ვერსია შეიქმნა, რომელთაგანაც ბუნებრივია, ნამდვილი მხოლოდ ერთი იყო. მოკლედ მიმოვიხილოთ ეს ვერსიები.

პირველი ვერსია - მკვლელობა ძარცვის მიზნით. ეს ვერსია შემთხვევით არ შექმნილა და მას წინასწარ, სავსებით მიზანდასახულად ავრცელებდა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

მეორე ვერსია - მკვლელობა აგრარულ ნიადაგზე. ეს ვერსიაც იმავე პოლიტიკურმა ძალამ შეთხზა, რომელმაც შეთხზა პირველი. მიზანიც იგივე იყო: ხელისუფლების, გამოძიებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

მესამე ვერსია - მკვლელობა სომეხი ნაციონალისტების დაკვეთით. სომეხი ნაციონალისტების დაკვეთით მკვლელობის ვერსია, ანუ მკვლელობა ეროვნული შუღლის ნიადაგზე, იმავე პოლიტიკურმა ძალამ შეთხზა, რომელმაც პირველი და მეორე ვერსია. მიზანიც იგივე იყო.

მეოთხე ვერსია - მკვლელობა რუსეთის იმპერიის ხელისუფლების დაკვეთით. რუსეთის იმპერიის ხელისუფლების დაკვეთით მკვლელობის ვერსია, ანუ პოლიტიკური მკვლელობის ვერსია იმავე პოლიტიკურმა ძალამ შეთხზა, რომელმაც შეთხზა პირველი, მეორე და მესამე ვერსიები. ამ ვერსიის მიზანს შეადგენდა რუსეთის იმპერიის ხელისუფლების კომპრომეტაცია.

მეხუთე ვერსია - სოციალ-დემოკრატების მიერ ორგანიზებული მკვლელობა. ჩვენი აზრით, ჯერჯერობით სწორედ ეს ვერსიაა ყველაზე საფუძვლიანი.

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ისტორიაში სადღეისოდ დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი:

პირველი. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო ემიგრაციაში (პარიზში, ჟენევაში) მყოფმა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ხელმძღვანელობამ (იმხანად ბოლშევიკური და მენშევიკური ფრაქციები ერთ პარტიად იყო გაერთიანებული).

მეორე. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა მისი არჩევა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრად (1906 წ.), ასევე ილიას ბრძოლა საქართველოს პოლიტიკური ავტონომიისთვის, მხარდაჭერა ავტოკეფალისტთა მოძრაობისადმი და საერთოდ, ეროვნულ ძალთა გაერთიანების მცდელობა.

მესამე. რსდმპ-ის ხელმძღვანელობამ მკვლელობის დამკვეთის ვინაობის უკეთ დაფარვის მიზნით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზება არ დაავალა რსდმპ თბილისის კომიტეტს (კომიტეტში ბოლშევიკები და მენშევიკები ერთად მუშაობდნენ), რომელსაც ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია გააჩნდა. საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა რსდმპ-ის ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილმა პირმა (იგი ეროვნებით ქართველი არ ყოფილა) ილიას მკვლელობის ორგანიზება დაავალა ფილიპე მახარაძესა და სერგო ორჯონიკიძეს (არც ერთი მათგანი რსდმპ-ის თბილისის კომიტეტის წევრი არ იყო), რომელთაც მიღებული ინსტრუქციის თანახმად, საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ რსდმპ-ის თბილისის კომიტეტი.

მეოთხე. ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის აუცილებელი სახსრები სოციალ-დემოკრატებმა საზღვარგარეთიდან შემოიტანეს, ფული ექსპროპრიაციის გზით საქართველოში არ მოუპოვებიათ. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ჟანდარმერიასა და ოხრანკას ეჭვი არ აეღო, ექსპროპრირებული ფულის კვალს არ გაჰყოლოდა და მკვლელობის ორგანიზატორები არ დაედგინა.

მეხუთე. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დამკვეთის დაფარვის მიზნით ფილიპე მახარაძემ და სერგო ორჯონიკიძემ ილიას მკვლელობამდე დაყარეს ხმები, რომ ილიას მალე მოკლავდნენ.

მეექვსე. სოციალ-დემოკრატებს ილია შეეძლოთ მოეკლათ საკუთარ სახლში (თბილისში, საგურამოში) ან გზაზე ეტლით მიმავალი. ამისთვის საკმარისი იყო ჩასაფრებული პროფესიონალი კილერის ერთი გასროლა. ამ გზით განხორციელებული ტერორისტული აქტი სოციალ-დემოკრატებს ხელს არ აძლევდათ. ილია უნდა მოეკლათ ადგილობრივ გლეხებს, აშკარა ყაჩაღური თავდასხმით, ხოლო მოკლული უნდა გაეძარცვათ. ეს მკვლელობის ორგანიზატორებს საშუალებას მისცემდა, გაევრცელებინათ ხმები, რომ ილია მოკლეს ან ძარცვის მიზნით ან აგრარულ ნიადაგზე.

მეშვიდე. დამკვეთისა და ორგანიზატორების დაფარვის მიზნით ფილიპე მახარაძემ და სერგო ორჯონიკიძემ ტერორისტული აქტი შემდეგნაირად განახორციელეს: ადგილობრივმა გლეხებმა გიგლა ბერბიჭაშვილმა, გიგოლა მოძღვრიშვილმა, პავლე ფშავლიშვილმა (აფციაურმა), გიგლა (ლომა) ხიზანიშვილმა და "ვიღაც იმერელმა" 1907 წლის 30 აგვისტოს სოფელ წიწამურსა და სოფელ საგურამოს შორის (საგურამოდან ოთხ ვერსზე) თბილისიდან მომავალი ილია ჭავჭავაძის ეტლი გააჩერეს. სოციალ-დემოკრატებს აუცილებლად სჭირდებოდათ გლეხების მიერ ეტლის გაჩერების საყოველთაოდ დადასტურებული ფაქტი (ეს ფაქტი ძიებას კიდეც დაუდასტურეს თედო ლაბაურმა და ილიას მეუღლემ). მკვლელობის ორგანიზატორებს აფიქრებდათ ერთი გარემოება - გლეხები, რომლებიც ეტლს გააჩერებდნენ, პროფესიონალი კილერები არ იყვნენ. ისინი დემორალიზებული, გადაგვარებული ადამიანები იყვნენ და მათი ნდობა არ შეიძლებოდა.

1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც გლეხებმა (არაპროფესიონალმა კილერებმა) ფული აიღეს, მაგრამ ბოლო მომენტში მემამულის მკვლელობა გადაიფიქრეს და მხოლოდ ძარცვით დაკმაყოფილდნენ. იგივე შეიძლებოდა მომხდარიყო ილია ჭავჭავაძეზე თავდასხმისასაც. სწორედ ამიტომ, ილიას ეტლის გაჩერების სავარაუდო ადგილზე მკვლელობის ორგანიზატორებს მზად ჰყავდათ დამოუკიდებლად მოქმედი პროფესიონალი კილერი (იგი ეროვნებით ქართველი იყო). გიგლა ბერბიჭაშვილის ჯგუფმა ეტლი გააჩერა, ფეხზე წამომდგარ ილიას კი ზურგის მხრიდან, სავარაუდოდ, გზის მარცხენა ნაპირიდან, ჩასაფრებულმა კილერმა ესროლა. მკვლელმა ერთადერთი ტყვია გაისროლა. 1907 წლის 31 აგვისტოს დუშეთის მაზრის ექიმმა იაშვილმა გამომძიებელ დილევსკის თანდასწრებით გაკვეთა ილია ჭავჭავაძის გვამი. შედგა გვამის გაკვეთის აქტი. ამ დოკუმენტში სავსებით გარკვევითაა აღნიშნული:

"გულმკერდის არეში აღენიშნება ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა, რომლის ერთი ხვრელი მოთავსებულია მარჯვენა ძუძუს დვრილიდან ოდნავ შიგნით, ხოლო მეორე - მარცხენა იღლიის უკანა კიდეზე; პირველი ოვალური ფორმისაა, მისი უდიდესი ზომა კანზე სამი სანტიმეტრია, მეორის ზომა იღლიის კანზე შედარებით მცირეა, გამავალია ნეკა თითისთვის". ესე იგი, ილიას სხეულში ტყვია შევიდა მარცხენა იღლიის უკანა კიდესთან, ნეკნებს შორის, გაიარა გული და გამოვიდა მარჯვენა ძუძუს დვრილთან. ამიტომაა, რომ მარცხენა იღლიის უკანა კიდეზე (ნეკნებს შორის) ტყვიამ დატოვა მცირე დიამეტრიც ხვრელი (გამავალი ნეკა თითისთვის), ხოლო მკერდზე (მარჯვენა ძუძუს დვრილთან) - გაცილებით დიდი ზომის ხვრელი (ოვალური ფორმის, სამი სანტიმეტრის სიგრძისა). ცნობილია, რომ ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებს მცირე დიამეტრის ხვრელს, ხოლო სხეულიდან გამოსვლისას გაცილებით დიდს. ილია ჭავჭავაძის გვამის დათვალიერების აქტის (1907 წლის 31 აგვისტო) შესწავლის შედეგად ექსპერტი ბ. კილასონია დაასკვნის: ილიას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული "ჭრილობის არხის მიმართულებაა მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ, ესე იგი, ილიასთვის ტყვია ზურგიდან უსვრიათ". ცეცხლსასროლი იარაღით (ტყვიით) მიყენებული სხვა ჭრილობა ილია ჭავჭავაძის სხეულზე არ აღმოჩნდა. კილერის ჩასაფრების შესახებ არაფერი უწყოდა გიგლა ბერბიჭაშვილის ჯგუფმა, მკვლელმა კი იცოდა, სად გააჩერებდნენ გლეხები ეტლს. გასროლის შემდეგ კილერი შეუმჩნევლად გაეცალა იქაურობას, მისი არსებობა არ შეუტყვია არც ძიებასა და არც სასამართლოს.

მერვე. ტერორისტთა მიერ ეტლის გაჩერებისთანავე, ილია ჭავჭავაძე ფეხზე წამოდგა. ილიას ტყვია რომ მკერდში ან შუბლში მოხვედროდა, მაშინ იგი უკან გადაწვებოდა იმავე სკამზე, საიდანაც წამოდგა. როგორც ცნობილია, ილია წინ გადავარდა, ესე იგი, ტყვია მას ზურგის მხრიდან მოხვდა.

1907 წლის დეკემბრიდან ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ძიების საქმე ჩიხში შევიდა, უფრო ზუსტად, შეწყდა ყარამან ფაღავას ვერსიის (სოციალ-დემოკრატების მიერ შეკვეთილი მკვლელობის) დამუშავება. ამ ვერსიის ავტორი, დუშეთის მაზრის უფროსი ყარამან ფაღავა ჯერ მაზრის უფროსის თანაშემწედ ჩამოაქვეითეს, ხოლო შემდეგ საერთოდ მოაშორეს მაზრის მმართველობას. მეტიც, ყარამან ფაღავას დაჟინებული მოთხოვნით დაპატიმრებული ეჭვმიტანილები, რომელთა საშუალებითაც ძიებას ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორები (ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე) უნდა დაედგინა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გამოძიებას ხელში შერჩა წიწამურთან ჩასაფრებული გლეხები, რომელთაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ არც მკვლელობის ორგანიზატორებზე და მით უმეტეს, არც მის დამკვეთზე.

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორები (ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე) გრძნობდნენ, რომ ძიებას შეეძლო მათი ვინაობა დაედგინა. ცხადია, მათ არ შეიძლებოდა სცოდნოდათ, რომ განსაზღვრული მოსაზრებით, ხელისუფლებამ თავად თქვა უარი სოციალ-დემოკრატების მიერ შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობის ვერსიის დამუშავებაზე. ამიტომ იყო, რომ ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე თავის მხრივ ცდილობდნენ, კიდევ ერთხელ დაებნიათ გამოძიება. ასე გამოვიდა ასპარეზზე ალექსანდრე გრეკოვი. 1907 წლის 30 ნოემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაგომარის მცხოვრებმა, სოციალ-დემოკრატებთან დაკავშირებულმა ალექსანდრე გრეკოვმა გენერალ-გუბერნატორ ტოლმაჩევს მისცა შემდეგი შინაარსის ჩვენება: 1907 წლის ზაფხულში გურიაში, სოფელ ბახვში, სოციალ-დემოკრატების კრებაზე გადაწყდა ილია ჭავჭავაძის მოკვლა. ტერორისტული აქტის განხორციელება დაევალათ ერმილე და კალისტრატე დოლიძეებსა და ვინმე ბასილეიშვილს.

სოფელ ბახვში გამართული კრების თაობაზე გამოძიება დაიწყო, თბილისიდან და საგურამოდან ყურადღება გურიაზე გადავიდა. იქ სასწრაფოდ მიავლინეს გამომძიებელი ევტუშევსკი. შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი: 1908 წლის 19 აპრილს ალექსანდრე გრეკოვმა ჩვენება შეცვალა და განაცხადა, ბახვში არავითარი კრება არ გამართულა, ყველაფერი მე მოვიგონეო. ბახვში კრება მართლაც არ მოუწყვიათ. სოციალ-დემოკრატებმა მიზანს მიაღწიეს: ძიება კვლავ აგრარულ ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის ვერსიის დამუშავებას დაუბრუნდა.

კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლო ძიების მასალებს დაეყრდნო. ილია ჭავჭავაძის მკვლელობას პოლიტიკური კვალიფიკაცია არ მისცემია. რა თქმა უნდა, არც მკვლელობის დამკვეთი და მისი ორგანიზატორები დაუდგენიათ. ისიც კი არ დაუდგენიათ, უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობდა ტერორისტებს, ვინ ამზადებდა მათ ტერორისტული აქტისთვის, ვინ მისცა გლეხებს დავალება, რომ 1907 წლის 30 აგვისტოს გზაზე უნდა დახვედროდნენ ილია ჭავჭავაძეს. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის ძიება და სასამართლო (1907-1909 წწ.) იყო არცთუ ისე კარგად დადგმული სპექტაკლი, თუმცა ეს სპექტაკლი ამით არ დასრულებულა. მის გაგრძელებას წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძიება და 1941-1942 წლების სასამართლო პროცესი.

1934-1937 წლებში ილია ჭავჭავაძის ნააზრევისა და ნაღვაწისადმი საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულების სასიკეთოდ შეცვლამ თავისთავად დასვა კითხვა: ვინ მოკლა ილია? XX საუკუნის 30-იანი წლების შუა ხანებისთვის პასუხის ერთადერთი, ხელისუფლებისთვის მისაღები ვარიანტი ასეთი იყო: ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიის ხელისუფლების დაკვეთით მოკლა ოხრანკამ. დაიწყო ამ ვერსიის დამადასტურებელი მასალების მოძიება. ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს იოსებ სტალინის დავალებით ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. ილიას მკვლელობის საქმის ძიება გარკვეულწილად შეაფერხა ლავრენტი ბერიას მოსკოვში გადაყვანამ (1938 წ.). ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების თაობაზე გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმამდე (1941 წლის 22 ივნისი) მიიღეს. სასამართლო პროცესი დაიწყო 1941 წლის 25 დეკემბერს, განაჩენი გამოცხადდა 1942 წლის 5 იანვარს.

1941-1942 წლებში გამოძიებამ და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

1. ილია ჭავჭავაძის მკვლელობა იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც რუსეთის იმპერიის ხელისუფლების ნებით განხორციელდა (მკვლელობის დამკვეთი).

2. მკვლელობა მოამზადა ოხრანკამ (მკვლელობის ორგანიზატორი).

3. მკვლელობას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ოხრანკის აგენტები (მკვლელობის უშუალო ხელმძღვანელები).

4. ოხრანკის აგენტებმა უიდეო, გადაგვარებული და ზნედაცემული ადამიანებისგან შეადგინეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც თავს დაესხა ილიას 1907 წლის 30 აგვისტოს (მკვლელობის უშუალო მონაწილენი).

ამრიგად, სქემა ასეთ სახეს იღებდა: რუსეთის იმპერიის ხელისუფლება (მკვლელობის დამკვეთი) - ოხრანკა (მკვლელობის ორგანიზატორი) - ოხრანკის აგენტები (მკვლელობის უშუალო ხელმძღვანელები) - ტერორისტები (ილია ჭავჭავაძეზე თავდასხმის მონაწილენი).

იოსებ სტალინმა, ლავრენტი ბერიამ და ბევრმა სხვამაც შესანიშნავად იცოდნენ სიმართლე, რომელიც უკვე მეორედ მიიჩქმალა. იოსებ სტალინმა და ლავრენტი ბერიამ იცოდნენ, რომ ილია მოკლა არა გიგლა ბერბიჭაშვილმა, არამედ დამოუკიდებლად მოქმედმა კილერმა, რომელიც ტერორისტთა ჯგუფის ჩასაფრების ადგილზე ტერორისტთაგან ფარულად მიიყვანეს მკვლელობის ორგანიზატორებმა. ცნობილი იყო ჩასაფრების ადგილზე ტერორისტებთან ერთად მყოფი "ვიღაც იმერლის" ვინაობაც. ილია ჭავჭავაძის მკვლელი კილერისა და "ვიღაც იმერლის" ვინაობის დადგენა ოხრანკის ვერსიის დადასტურებისთვის სულაც არ იყო საჭირო.

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება და სასამართლო დიდი დარტყმა იყო ფილიპე მახარაძისთვის. თუმცა ის ამჯერადაც გადარჩა: გამოძიებისა და სასამართლოს მიერ ოხრანკის ვერსიის სიმართლედ აღიარებამ გამორიცხა ილიას მკვლელობის ორგანიზატორებად ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის მიჩნევა.

მართალია, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა გადაწყდა და დაიგეგმა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ემიგრაციულ ცენტრებში (ჟენევაში, პარიზში). მკვლელობის კვალის დაფარვაც იმავე ცენტრებში შემუშავებული გეგმის მიხედვით მოხდა, მაგრამ ეს სულაც არ ხსნის პასუხისმგებლობას ქართველ საზოგადოებას. ქართველი საზოგადოება წინ ვერ აღუდგა სოციალ-დემოკრატების მიერ ილიას გზის გმობას, ილიას დევნასა და შევიწროებას. ვერ დაიცვა ერის სულიერი მამა და უგვირგვინო მეფე. მეტიც, იმდროინდელი ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერც ილიას მკვლელობამ გამოაფხიზლა. საზოგადოება ძირითადად ისეთივე დარჩა, როგორიც იყო 1907 წლის 30 აგვისტომდე. მხოლოდ ღმერთმა უწყის ჭეშმარიტება. იქნებ ქართველი საზოგადოების განწყობილებამაც იქონია გავლენა ჟენევასა და პარიზში მოკალათებულ უღმერთო და უსამშობლო პოლიტიკოსებზე, როცა ილიას მკვლელობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდნენ.

ვახტანგ გურული

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”