ოლივერ უორდროპი ყველაზე ”ქართველი” ბრიტანელი
ოლივერ უორდროპი ყველაზე ”ქართველი” ბრიტანელი
საქართველოს დიდი მეგობრის უსამართლოდ დავიწყებული შეუფასებელი ღვაწლი

პირველ მსოფლიო ომში გერმანიის იმპერიის დამარცხებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მისი ახალწარმოქმნილი მოკავშირე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საფრანგეთ-ბრიტანეთის 1917 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, 1918 წლის დეკემბრიდან, სამხრეთ კავკასია ბრიტანულმა ჯარებმა დაიკავეს. ანტანტის სამხედრო წარმომადგენლები ქართველებს ისე უყურებდნენ, როგორც მტრის მოკავშირეებს, ისინი ასევე ძნელად ასხვავებდნენ ერთმანეთისგან ბოლშევიკურ და მენშევიკურ სოციალიზმს...


სერ ოლივერ უორდროპი

ბრიტანეთის შავი ზღვის ჯარების სარდალი და 1926 წლიდან საიმპერიო ძალების გენერალური
შტაბის უფროსი, გენერალი ჯორჯ მილნი გენერალური შტაბის იმჟამინდელ უფროსს, სერ ჰენრი უილსონს კავკასიის ხალხთა შესახებ სწერდა: "არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო რამეს დაკარგავს იმით, თუ ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი ერთმანეთს ყელებს დაჭრიან. ისინი ერთი ბრიტანელი ჯარისკაცის სიცოცხლედაც კი არ ღირან... ვფიქრობ, შინ (იგულისხმება ბრიტანეთში. - ბ.კ.)
კარგად უნდა ესმოდეთ, რომ თუ ჩვენ ამ ქვეყნების დახმარების პასუხისმგებლობას ვიკისრებთ, ჯარების დატოვება მოგვიწევს არა ერთი-ორი, არამედ ათი წლით მაინც. ამ ხალხისთვის სათანადო განათლების მიცემას, რათა მათ თავიანთ თავს თვითონვე მოუარონ, რამდენიმე თაობა დასჭირდება".
მეტიც, მილნმა, როგორც კავკასიაზე პასუხისმგებელმა უმაღლესმა პირმა, 1919 წლის 6 თებერვალს პირველი ვრცელი რეპორტი გააგზავნა ლონდონში, სადაც საქართველოს მთავრობის წევრებს ბოლშევიკებზე უფრო რადიკალ სოციალისტებად, შოვინისტებად და კორუმპირებულებად მოიხსენიებდა. ის ასევე ხაზს უსვამდა "მტრობას ქართველებსა და აჭარლებს შორის". მიუთითებდა, რომ ამ უკანასკნელთ არანაირი სურვილი არ აქვთ ქართველებთან თანაცხოვრებისა. 1919 წლის აპრილის ბოლოს თბილისში ჩამოსულმა გენერალმა უარი განაცხადა საპატიო ყარაულით დახვედრაზე და ისე დატოვა საქართველოს დედაქალაქი, მთავრობის არც ერთი წევრი არ მიუღია.

საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური, პოლკოვნიკი შარდინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კავკასიურ რესპუბლიკათა დამოუკიდებლობას. მეტიც, ლეიტენანტი ბროსარ დ"უამპუი 1919 წლის 20 ნოემბერს საფრანგეთის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში შარდინი ადანაშაულებდა საფრანგეთის რეპუტაციის შელახვაში - იმით, რომ ქართველებს არასათანადოდ ეპყრობოდა და ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ სამოქმედოდ სომხებისგან ქრთამიც კი აიღო. შარდინი საქართველოდან გაიწვიეს.

ამას ემატებოდა გენერალ დენიკინის გაუგონარი ბრალდებები საქართველოსადმი, რასაც ადასტურებდა დენიკინის შტაბში მოქმედი ბრიტანული მისია. მისმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბრიგსმა ისიც კი განუცხადა ნოე ჟორდანიას, რომ იგი არა ბრიტანეთის, არამედ დენიკინის სახელით მოქმედებდა.
ბუნებრივია, ამ ფონზე ძალიან გამწვავდა ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და ბრიტანელ სამხედროებს შორის. სწორედ ეს უკანასკნელნი იყვნენ დასავლეთში საქართველოს შესახებ ინფორმაციის გამტანი და ძირს უთხრიდნენ ქვეყნის რეპუტაციას, მის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ. დასავლეთში საქართველოს ყველაზე მხურვალე მხარდამჭერის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ხოლო 1919 წლის ოქტომბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონის მოთხოვნით, 1918 წლის 30 დეკემბერს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაეგზავნათ ნოტა, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი მიესალმებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ჰპირდებოდა მის დაცვას პარიზის საზავო კონფერენციაზე. ჯორჯ მილნი არაერთგზის სთხოვდა მთავრობას, უკან გაეწვია საქართველოსადმი გამოხატული სიმპათია, რათა ბოლომდე გახსნოდა ხელ-ფეხი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამოქმედოდ. ეს კი, ფაქტობრივად, კავკასიაში დენიკინის შემოჭრის სანქცირებას განაპირობებდა.

ამ გამოუვალ ვითარებაში, 1919 წლის მაისის ბოლოს, ქართველმა პატრიოტმა და ცნობილმა ანარქისტმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა წერილი მისწერა თავის ძველ მეგობარ ოლივერ უორდროპს, სადაც აღნიშნავდა, რომ ბრიტანელი სამხედროები ვერ გაერკვნენ ვითარებაში და საჭირო იყო პოლიტიკურ ვითარებათა სამართავად რეგიონში ისეთი გათვიცნობიერებული სამოქალაქო პირის მოწვევა, როგორიც თავად ოლივერ უორდროპი გახლდათ. უორდროპმა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ეს წერილი სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს გადაუგზავნა, დეპარტამენტმა კი გადაწყვეტილების მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მიანდო. ლორდი კერზონი 1918 წლიდან მოყოლებული ლობირებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ის სამჯერ იყო თბილისში და ჯერ კიდევ 1889 წელს სწერდა კავკასიის, როგორც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გასასვლელის მნიშვნელობაზე. მას მიზნად ჰქონდა სპარსეთთან პროტექტორატის ხელშეკრულების დადება და კავკასიას განიხილავდა რუსეთისგან დამცავ ზღუდედ.

რეგიონში მყოფი ბრიტანელი სამხედროებისგან წამოსული უარყოფითი რეპორტები მას ხელ-ფეხს უკრავდა. სწორედ ამიტომ, კერზონმა აიტაცა ჩერქეზიშვილის იდეა. თანაც იცოდა უორდროპის 25-წლიანი კარიერის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მისი დამოკიდებულება კავკასიისადმი, ამიტომ მყისვე გადაწყვიტა სამხრეთ კავკასიაში მის უმაღლეს პოლიტიკურ კომისრად დანიშვნა. ამ მოქმედებით კერზონმა სამხედროები პოლიტიკას ჩამოაშორა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უორდროპმა ქართველ დიპლომატთა დახმარება ჯერ კიდევ 1918 წლიდან დაიწყო, როდესაც ზურაბ ავალიშვილს დიდ ბრიტანეთში შესვლისას და საგარეო საქმეთა სამინისტროში კონტაქტების დამყარებისას ხელი შეუწყო. ამჯერად მას საქართველოსთვის სამსახურის გაწევის შესაძლებლობა უკვე ოფიციალურ რანგში მიეცა.

საქართველოში გამგზავრებამდე, 1919 წლის 5 აგვისტოს, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავალებით, უორდროპმა სამინისტროს წარუდგინა მოქმედების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს: კავკასიაში ბრიტანული ჯარების დატოვებას; დენიკინთან პოლიტიკური მისიის მიმაგრებას, რომელიც სამხედროებს პოლიტიკურ საკითხებს ჩამოაშორებდა; რუსი გენერლისთვის დახმარების პირობად კავკასიის რესპუბლიკების შიდა საქმეებში ჩაურევლობის დადებას; კავკასიის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის აღიარებას; ბათუმის იმ რესპუბლიკისთვის გადაცემას, რომლის მოსახლეობაც უმრავლესობას წარმოადგენდა ბათუმის ოლქში; მისი უდიდებულესობის მთავრობის გავლენის გამოყენებას, რათა სხვა დიდ სახელმწიფოებსაც ეღიარებინათ კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობა და მიეღოთ ისინი ერთა ლიგაში; სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას; აღნიშნულ რესპუბლიკათა ეკონომიკური, ტექნოლოგიური ექსპერტებით მომარაგებას, რათა დახმარებოდნენ მათ ეკონომიკის განვითარებაში; ჰუმანიტარულ დახმარებას; ბრიტანული სკოლის გახსნას, საუკეთესო მოსწავლეთა ბრიტანეთში სასწავლებლად გაგზავნას; ბრიტანული პრესის გავრცელებას, რათა ადგილობრივებს გაეგოთ, როგორ ხდება ბრიტანეთში ამა თუ იმ პრობლემის განხილვა და გადაჭრა.

საქართველოში ჩამოსულ უორდროპს, 1919 წლის 30 აგვისტოს, ქართველი ხალხი შეხვდა როგორც მხსნელს. აი, რას წერს ამის თაობაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავად ოლივერ უორდროპი: "ყველა ჩემი მოძრაობა გადაიღეს კინემატოგრაფებმა, მე ვიყავი ფოტოგრაფთა სამიზნე. რკინიგზის სადგურში ორკესტრმა დაუკრა ბრიტანეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები. ჩემს გზაზე, დაახლოებით 2 მილის მანძილზე დაკიდებული იყო დროშები, მოფენილი იყო აღმოსავლური ხალიჩები, გარშემო ჩამწკრივებული იყო ხალხი.

შენობები ღამით გაანათეს. დღემ ჩაიარა, როგორც სახალხო დღესასწაულმა.
ეს არაჩვეულებრივი დახვედრა ქართველებმა მომიწყვეს იმის გამო, რომ იციან თუ რას ვგრძნობ მათდამი უკვე ბოლო 32 წელიწადია. ჩემი დანიშვნა მათ მიიღეს ნიშნად იმისა, რომ მისი უდიდებულესობის მთავრობა ყველაზე მეგობრული გრძნობებით არის გამსჭვალული მათი ქვეყნისადმი და რომ საქართველოსთვის დაიწყო ახალი ერა".
უორდროპი საქართველოდან კვირაში ორ-სამ რაპორტს გზავნიდა, სადაც დაჟინებით ითხოვდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებასა და მისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევას.

მან ჩამოსვლისთანავე შეუტია ბრიტანელ სამხედროებს, მოითხოვდა ბათუმის ოლქში მათი მოქმედების შესასწავლად ინსპექციის ჩატარებას, რადგან ადგილზე სუფევდა უწესრიგობა, სამხედრო მმართველობა კი არად აგდებდა მოსახლეობის უმრავლესობის ნებას. მეტიც, სამოქალაქო მმართველობა ფაქტობრივად რუს ჩინოვნიკებს ებარათ. უორდროპი ასევე მკვეთრად პასუხობდა დენიკინის შტაბთან არსებული ბრიტანული მისიის ბრალდებებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებისადმი. სწორედ ამ დროიდან, დენიკინის საქართველოზე თავდასხმის ხელშესახებმა საფრთხემ გადაიარა, რადგან ბრიტანეთის ხელისუფლებამ მას დახმარების პირობად კავკასიაზე თავდაუსხმელობა დაუწესა.

უორდროპი, ფაქტობრივად, იქცა გამტარ მავთულად საქართველოსა და ბრიტანეთის ხელისუფლებებს შორის. ქართული მხარის ნებისმიერ წუხილს, თხოვნასა თუ საჩივარს მაშინვე უგზავნიდა საკუთარ მთავრობას სტატუსით "სასწრაფო" ან "ძალიან სასწრაფო". მისი წყალობით პირველად გაიგო ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ხმა.

უორდროპი ზრუნავდა საქართველოს ხელისუფლებისთვის ექსტრემისტულ- სოციალისტური იარლიყის მოშორებაზე, რაც ესოდენ საზიანოდ მოქმედებდა ქვეყანაზე. მან პოლიტიკურ ლიდერთა პორტრეტები დაუხატა სამინისტროს. ლონდონში გადააგზავნა აგრარული რეფორმის თაობაზე ნოე ჟორდანიას გამოსვლის თარგმანი. კომენტარში კი ახსნა საქართველოს სოციალისტური მთავრობის გაწონასწორებულობა და ზომიერება. ასევე ვრცელი მოხსენება გააგზავნა აკაკი ჩხენკელის თაობაზე, რომელსაც პროგერმანულობის იარლიყი მოაშორა და გერმანელებთან მისი თანამშრომლობა მხოლოდ გამოუვალი პატრიოტული მოტივით ახსნა.

უორდროპი შეებრძოლა გენერალ მილნისა და ბათუმში ბრიტანეთის კონსულის, პატრიკ სტივენსის მოსაზრებას, რომ აჭარლები ქართველთა წინააღმდეგ არიან განწყობილი და არ სურთ მათთან ერთად ცხოვრება. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა მემედ აბაშიძის შედგენილი აჭარელი ხალხის დეკლარაცია, რომ აჭარლები იგივე ქართველები არიან და სურთ დედასამშობლოს შემადგენლობაში ცხოვრება. თავის კომენტარში უორდროპმა დაამატა ისიც, რომ ქართველებს შეუძლიათ მუსლიმან თანამოძმეებთან ერთად ცხოვრება და რომ მათი შემწყნარებლობა ამ რელიგიისადმი ჯერ კიდევ "ვეფხისტყაოსნიდან" მოჩანს.
სამხრეთ კავკასიაში მისი უდიდებულესობის უმაღლესმა კომისარმა ენერგიული ზომები მიიღო კავკასიის ხალხთა შესარიგებლად, მათი საერთო მიზნებისკენ დასარაზმად, რასაც ესოდენ ითხოვდა მათგან საერთაშორისო ვითარება. შედარებით დათბა ურთიერთობა საქართველოსა და სომხეთს შორის, აქტიური საომარი მოქმედებები აღარ დაწყებულა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მისი შუამავლობით, 1919 წლის ნოემბერში, ხელი მოეწერა კავკასიის ქვეყნებს შორის საბაჟო, სატრანზიტო და სარკინიგზო ხელშეკრულებას, რამაც ტერიტორიულის გარდა, ყველა სხვა საკითხი მოხსნა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

1919 წლის ოქტომბერში უორდროპმა პირადად მისწერა საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონს და სთხოვა ეღიარებინა კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. კერზონმა ეს ნაბიჯი ნაჩქარევად მიიჩნია, რაც უკავშირდებოდა იმ მომენტისათვის რუსეთის მომავლის გადაუწყვეტელობას და აღიარების შემთხვევაში რესპუბლიკათა დაცვის აუცილებლობას, რასაც ბრიტანეთი მოკავშირეებთან შეუთანხმებლად ვერ მოახერხებდა.

ქართველი ხალხის მეგობარი არც მინისტრის უარს შეუჩერებია და ამის შემდეგაც განაგრძობდა იმავე მიმართულებით მუშაობას, რამაც მის უშუალო ზემდგომს, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტის უფროსს, ჯორჯ კიდსტონს ათქმევინა შემდეგი: "უორდროპი გვბომბავს თავისი გრძელი რაპორტებით კავკასიის რესპუბლიკათა აღიარების მოთხოვნის თაობაზე". 1919 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოსული ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის ძალების სარდალი, ადმირალი დე რობეკი იხსენებდა, რა სიამაყით უყვებოდა უორდროპი "თავის ქართველებზე", რამაც ადმირალს ამ ხალხზე კარგი შთაბეჭდილება შეუქმნა.

ამ ყველაფერმა თავისი შედეგი მაინც გამოიღო. 1919 წლის 24 დეკემბერს ლორდმა კერზონმა მემორანდუმი წარუდგინა მინისტრთა კაბინეტს სამხრეთ კავკასიის თაობაზე. ეს გახლდათ უმაღლესი კომისრის მოღვაწეობის ერთი უდიდესი გამარჯვებათაგანი. 13-გვერდიან მემორანდუმში, იმ ადგილებში, სადაც საქართველოზეა ლაპარაკი, დაკვირვებული მკითხველი უორდროპის რაპორტებიდან ამონარიდებს ამოიცნობს. ბათუმის ოლქზე ნათქვამია, რომ ის ისტორიული საქართველოს ნაწილი იყო ყოველთვის, თურქეთის მიერ მის დაპყრობამდე. საერთაშორისო დოკუმენტში პირველად გაჩნდა 1801 წელს რუსეთის მოქმედების ანექსიად შეფასების ფაქტი. აქვე აღინიშნა ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობა პრექრისტიანული ხანიდან მოყოლებული, ქართველთა როლი ჯვაროსნულ მოძრაობაში. 1907 წელს ჰააგის კონფერენციისადმი ქართველთა პეტიციის წარდგენა, რომელშიც უორდროპმა ლომის წვლილი დაიდო და სხვ. მიმდინარე ვითარებაზე საუბრისას კერზონი აღნიშნავს, რომ როგორც უკანასკნელმა რაპორტებმა აჩვენეს, საქართველოს ჰყავს რეგიონში ყველაზე გამოცდილი მთავრობა, და რომ ქართველები არიან თავიანთ მეზობლებზე უფრო ცივილიზებული და ევროპული ფესვების მატარებელი. მათ ჩააქრეს ბოლშევიკთა ყველანაირი აჯანყება და გაუმკლავდნენ ბათუმის ბრიტანული ადმინისტრაციის საფარქვეშ მოქმედ დენიკინელთა პროპაგანდას.
როგორც ვხედავთ, უორდროპმა ოთხთვიანი მუშაობის შედეგად არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ვითარება, არამედ საქართველოს იმიჯი კარდინალურად შეცვალა. 1919 წლის დეკემბრისთვის საქართველოს ხელისუფლება იწოდებოდა გამოცდილად, ბათუმი - საქართველოს ისტორიულ ნაწილად, ქართველი ხალხი - ცივილიზებულად. საგარეო საქმეთა მინისტრი თავად აღიარებდა, რომ ბრიტანელი სამხედროების საფარქვეშ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ დენიკინელები.

პროცესი აქ არ გაჩერებულა. დენიკინელთა უკან დახევისა და ბოლშევიკთა მოახლოების გამო, უორდროპმა ყოველდღიურად, ზოგჯერ დღეში ორჯერ, დაიწყო რაპორტების გაგზავნა ლონდონში - კავკასიის სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის აღიარებისა და მისთვის იარაღით, სურსათით, კრედიტით დახმარების მოთხოვნით. შედეგმაც არ დააყოვნა, 1920 წლის 10 იანვარს ლორდმა კერზონმა, პარიზში ანტანტის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, წამოჭრა და გაიტანა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა დე ფაქტო აღიარების საკითხი.

უორდროპი გამარჯვებას ზეიმობდა. სწორედ მან ახარა პირველმა საქართველოს მთავრობას აღიარების ამბავი. თბილისში მოწყობილი ზეიმის თაობაზე მან შემდეგი მისწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს: "პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალხთა მასის წინაშე წარმოთქვეს პატრიოტული, ანტიბოლშევიკური და ძლიერი პრობრიტანული სიტყვები. მთელი დღის განმავლობაში ჩემ მიმართ გამოიხატა უზარმაზარი ემოცია და ხალხმა მხრებზე აყვანილმა მიმიყვანა ჩემს მანქანამდე. ქალაქი განათებული იყო და ოპერაში ბრიტანეთის მხარდამჭერი დემონსტრაცია მოეწყო, რომელსაც მოჰყვა ბანკეტი, სადაც წარმოითქვა უამრავი პრობრიტანული სიტყვა და გასტანა ღამის 11-დან დილის 4 საათამდე".

იმავე დღეს მან მეუღლეს მისწერა: "დღეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. მოხდა ის, რასაც 33 წელიწადს ველოდი... შენ მე მელოდები, მაგრამ მე სულაც არ ვნანობ ამ 33-წლიან ლოდინს, რადგან რაც ასე გულით გინდა, მისთვის ყოველთვის ღირს დალოდება... ვერც კი ვააანალიზებ ამას, მე მოვიგე ეს ბრძოლა. ამ საქმისთვის ყველაზე მეტი მე გავაკეთე და აქ ეს ყველამ იცის. ძალიან მინდა, აქ რომ იყო, ჩემით იამაყებდი იმის დანახვაზე თუ როგორ აფასებს ყველა შენს ქმარს... ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, ცუდად ვარ, მაგრამ ახლა სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შევარიგო კავკასიის ხალხები, როგორ შევაჩერო ბოლშევიკების სამხრეთისკენ წამოსვლა... ხომ ხედავ, შენც კი სულ ამ თემაზე გწერ, თავში სულ ეს მიტრიალებს".

მართლაც ფაქტი იყო, რომ მან ყველაზე მეტი გააკეთა, მან მოიგო ეს ბრძოლა. ოჯახს მოწყვეტილი, მაინც საქართველოს მომავალზე ფიქრობდა. თუმცა ის ყველაფერს ქართველებისგან ფარულად აკეთებდა, არავინ იცოდა მისი ნოტების შინაარსი. ლონდონში გაგზავნილ ემოციურ შეტყობინებათა ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების დროს მას თავი დიპლომატიურად ეჭირა და არ აგრძნობინებდა თავის პირად დამოკიდებულებას. მეტიც, ქართულ გაზეთებში გამოჩნდა მისთვის ხოტბის შემსხმელი წერილები, რაზეც მან ხელისუფლებას პროტესტი განუცხადა და მსგავსი წერილების აკრძალვა მოსთხოვა, რადგან მას შეექმნებოდა ტენდენციური, პროქართული იმიჯი, რაც საქმისთვის წარმატების მომტანი არ იქნებოდა. ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი მიხვდა მის ჭეშმარიტ დამსახურებას. ბრიტანელ კომისარს მადლიერება საქართველოში ყოფნის პერიოდში და განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ არ მოჰკლებია. 1920 წლის 10 იანვრის შემდგომ დღეებში მას ყველა კუთხიდან მოსდიოდა ქართულ ენაზე, უბრალო ქართველების მიერ დაწერილი სამადლობელი წერილები შემდეგი სათაურებით: "ძმაო ოლივერ!", "ბატონო ოლივერ", "მოგესალმებით არა როგორც ბრიტანელს, არამედ როგორც საქართველოს შვილს!" და სხვ.

თუმცა ბოლშევიკური საფრთხე ახლოვდებოდა. 1920 წლის თებერვალში, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ისარგებლა ლორდი კერზონის შვებულებაში ყოფნით და ბათუმიდან ჯარების ევაკუაცია გადაწყვეტა, რაც, ფაქტობრივად, მტერთან ქვეყნის პირისპირ შეტოვებას ნიშნავდა. ამ ფაქტის შეტყობისთანავე უმაღლესმა კომისარმა განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გადადგებოდა, თუ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა მის მოსაზრებებს, რაპორტებს. უორდროპი მიხვდა, რომ თუ ბრიტანული ჯარები საქართველოს დატოვებდნენ, ქვეყნის ბოლშევიკური ოკუპაცია გარდაუვალი გახდებოდა, რომელსაც თვითონ ვეღარ შეაჩერებდა და ამის თავიდან ასაცილებლად საკუთარი კარიერა რისკის ქვეშ დააყენა. ლორდმა კერზონმა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოახერხა გადაწყვეტილების შეჩერება და კომისარს მისწერა წერილი, რომლითაც მას სრულ ნდობას უცხადებდა.
სამწუხაროდ, კლიმატურ პირობებთან შეუთავსებლობის გამო, ის მძიმედ დაავადდა პნევმონიით. ცოლს ყოველდღიურად სწერდა თავისი ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე. ქართველმა ექიმებმა მას სიმსივნური წანაზარდიც აღმოუჩინეს და ექიმმა მაჭავარიანმა ოპერაციაც გაუკეთა. იგი იძულებული გახდა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გადადგომის თაობაზე განცხადებით მიემართა. სამინისტრო კარგა ხანს ყოყმანობდა, არ აკმაყოფილებდა მის მოთხოვნას, რადგან მისი სათანადოდ შეცვლა არ იყო იოლი საქმე. ოლივერი ცოლს სწერდა, რომ 1920 წლის 30 მარტიდან 16 აპრილამდე სახლიდან ერთხელაც ვერ მოახერხა გასვლა, ლოგინს იყო მიჯაჭვული, საქმეს ვეღარ აკეთებდა და ამ უმოქმედობით უფრო მეტი ზიანი მოჰქონდა, ვიდრე სიკეთე. მას სურდა სამშობლოში დაბრუნება, მკურნალობა და გამოჯანმრთელების შემდეგ სამუშაოდ საფრანგეთში გადასვლა, რათა იქ, საერთაშორისო მოვლენათა ეპიცენტრში ეკეთებინა საქმე.
ამ დროისთვის მას უკვე მოპოვებული ჰქონდა საქართველოს აღიარება, ბრიტანული ჯარებიც რჩებოდნენ ბათუმში. 8-თვიანი დაუღალავი შრომის შედეგად მან შეუძლებელი შეძლო და ფაქტობრივად, მისიის დიდი ნაწილი შესრულებული ჰქონდა.

აპრილის ბოლოს ოლივერ უორდროპმა საბოლოოდ დატოვა საქართველო. მის გეგმას, უკვე საფრანგეთიდან გაეწია დახმარება საქართველოსთვის დამოუკიდებლობის გამყარებაში, აღსრულება არ ეწერა. მის გამოჯანმრთელებასა და სამსახურში დაბრუნებას მთელი წელიწადი დასჭირდა. ამ დროს კი საქართველო უკვე ოკუპირებული იყო...
უორდროპის ღვაწლი ჯეროვნად დაფასდა, 1922 წელს მეფემ ის ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებით დააჯილდოვა და იწოდებოდა სერ ოლივერ უორდროპად.

დიპლომატიური კარიერის ბოლო წლები სერ ოლივერმა სტრასბურგში გაატარა გენერალური კონსულის თანამდებობაზე. ამის შემდეგაც, ბრიტანეთში მოხვედრილი ნებისმიერი მისი ნაცნობი ქართველი მისივე ხელშეწყობით საქმიანობდა. იგი, მის მიერვე დაფუძნებული მარჯორი უორდროპის (ოლივერ უორდროპის დის, ცნობილი ქართველოლოგის, "ვეფხისტყაოსნის" ინგლისურ ენაზე მთარგმნელის) ფონდის დახმარებით, აძლიერებდა ქართველოლოგიურ მეცნიერებებს ბრიტანეთში. გარდაიცვალა 1948 წელს 84 წლის ასაკში. დაკრძალულია ლონდონთან ახლოს, მის მშობლიურ სევენოუქსში მარჯორი უორდროპისა და მეუღლის გვერდით.

ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, უორდროპების მოღვაწეობის შესახებ არაერთი სტატია თუ წიგნი დაბეჭდილა საქართველოში. თუმცა ყოველთვის ხაზი ესმებოდა მათ კულტურულ, მთარგმნელობით ღვაწლს და ამ მხრივ თითქოს ყოველთვის მარჯორი იყო წინა პლანზე წამოწეული. თითქმის იგნორირებული გახლდათ ოლივერის 31-წლიანი დიპლომატიური კარიერა, მისი უმაღლესი კომისრობა სამხრეთ კავკასიაში. ეს მაშინ, როცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი და ოქსფორდის ბოდლეინის ბიბლიოთეკა დახუნძლულია მისი ღვაწლის ამსახველი დოკუმენტებით. თუმცა, 70-წლიანი კომუნისტური რეჟიმის პირობებში, დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების საქმეში მისი წვლილის დავიწყებაც არ არის გასაკვირი. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, უკვე 22 წელიწადია ინერციით გრძელდება. მეტიც, დღეისთვის ჩვენ თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში არ გვაქვს უორდროპების ქუჩა. 2014 წლის 10 ოქტომბერს სერ ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი სრულდება. ქართველი ერი მოვალეა ღირსეულად აღნიშნოს ეს თარიღი და მცირედით მაინც გადაიხადოს ის ვალი, რაც ოლივერ უორდროპმა თავისი მოღვაწეობით საქართველოს დასდო.

ბექა კობახიძე
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”
marika
03 ივლისი 2013 14:07
ამ სტატიის ანალიტიკური აღწერილობის ელექტრონული ვერსია მე გავაკეთე...დიდი მადლობა ავტორს.
zaza
24 მაისი 2013 09:56
დიდი კაცის, სულნათელი ბატონი რეზო თაბუკაშვილის იდეა იყო თბილისში მადლიერების მუზეუმის შექმნა, გახსოვთ ალბათ. კარგი იქნებოდა, გავიხსენოთ, არ დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის მოამაგე უცხოელები.
მოქალაქე
23 მაისი 2013 17:19
მადლობა ბექა, ძალიან საინტერესო სტატიაა. მზად ვარ შეძლებისდაგვარად გვერდით დაგიდგე ამ იდეის განხორციელებაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები