ნაცისტი, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა ეწადა
ნაცისტი, რომელსაც საქართველოს  დამოუკიდებლობა ეწადა
"არც ჰიტლერი და არც სტალინი!

გივი გაბლიანი  ნერვიულად შეიშმუშნა. გერმანელი ოფიცერი დაჟინებით უყურებდა. რას მომჩერებია?”- გაბრაზებულმა  გაიფიქრა, - ვინაა და რა უნდა?

- გამარჯობა, - გერმანელმა გაუღიმა, - მე თეოდორ ობერლენდერი ვარ, თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს.
გაბლიანი განცვიფრდა - გერმანელი მას ქართულად მიმართავდა.


პროფესიონალი

ობერლენდერს სამი პროფესია ჰქონდა: აგრონომიც იყო, ეკონომიკისა და თეოლოგიის დოქტორიც, ექვსი ენა იცოდა, განსაკუთრებით რუსეთი აინტერესებდა. "გერმანია დიდი სახელმწიფო იმ შემთხვევაში გახდება, თუკი კაცობრიობას მნიშვნელოვან სამსახურს
გაუწევს! ჩვენი მისიაც საბჭოთა კავშირის დაშლა და მსოფლიოს ბოლშევიზმისაგან გათავისუფლებაა", - წერდა 1927 წელს. ის უკვე  მაშინ იყო ცნობილი, როგორც რუსეთის საკითხის ექსპერტი. ნაცისტები მის შეხედულებებს არ იზიარებდნენ. დოქტორმა გებელსმაც ობერლენდერს "ფრანკფურტერ ცაითუნგის" ფურცლებზე უპასუხა: - იდიოტობაა, თუნდაც ერთი წვეთი გერმანული სისხლის დაღვრა ვიღაცის გასათავისუფლებლად.
ჩვენ გვსურს არა ერების გათავისუფლება და რაღაც ჰუმანისტური მისიის შესრულება, არამედ გერმანელთათვის სასიცოცხლო სივრცის მოპოვებაო. ჰიტლერელების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ობერლენდერზე თავდასხმა გახშირდა.

- ობერლენდერი პროფესიონალია! ასეთ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ! - განაცხადა ადმირალმა კანარისმა. მან 1938 წელს ობერლენდერი აბვერში მიიწვია, ხოლო 1940 წელს უკრაინელ ნაციონალისტთა კურირება დაავალა. მალე ობერლენდერმა კანარისს მოახსენა, - უკრაინელები ჩვენთან იმიტომ თანამშრომლობენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება  სურთო.
- ჰიტლერი ამას არ დაუშვებს, - მიუგო კანარისმა, - მართალია, დამოუკიდებელი უკრაინის შექმნა გერმანიის ინტერესებშია, მაგრამ ფიურერს ეს არ ესმის.

ობერლენდერი არ შეჰკამათებია. მოგვიანებით მისი ძალისხმევით შეიქმნა უკრაინული ბატალიონი "ნაჰთიგალი"”(ბულბული). როცა 1941 წლის 30 ივნისს "ნაჰთიგალი" ლვოვში შევიდა, უკრაინელებმა მყისვე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ჰიტლერი ფაქტის წინაშე დადგა. იმედია, ფიურერი ახლა მაინც მოიქცევა ჭკვიანურადო,”- ფიქრობდა ობერლენდერი. ეს არ გამართლდა. მეორე დღეს გესტაპომ დააპატიმრა უკრაინული მთავრობის ყველა წევრი. ობერლენდერი გააფთრებული იყო: - რას შვრებით? ამით ხომ უკრაინას გერმანიას აუმხედრებთ?!
ობერლენდერს ასეთი აქტიურობა კინაღამ ძვირი დაუჯდა - გესტაპო მის დაპატიმრებას შეეცადა. კანარისმა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა ხელქვეითის დახსნა. მალე "ნაჰთიგალის" შემქმნელი "ბერგმანის" (მთის კაცი) მეთაურად დაინიშნა - ასე ერქვა ქართველი ტყვეებით დაკომპლექტებულ ქვედანაყოფს. გივი გაბლიანი ობერლენდერის მარჯვენა ხელი გახდა.

გულახდილი საუბარი

ობერლენდერმა საკმაოდ კარგად იცოდა ქართული ენა. მიუხედავად ამისა, გაბლიანი მაინც წარბშეკრული მისჩერებოდა. გერმანელს ეს არ გამოჰპარვია. მან გაბლიანს აუხსნა, რომ ის აბვერის ოფიცერია, აბვერი კი სამხედრო დაზვერვა, აქ გერმანელი პატრიოტები მსახურობენ და არა ნაცისტები. გერმანიაში არიან ძალები, რომელთაც ესმით, რომ ჰიტლერს ქვეყანა კატასტროფისაკენ მიჰყავს.“ჩვენ გვსურს დიდი გერმანია, მაგრამ გვესმის, რომ ჰიტლერთან ერთად ამის მიღწევა შეუძლებელია, - განუცხადა მან გაბლიანს, - ჩვენ არც ჰიტლერი გვინდა და არც სტალინიო. გაოცებული გაბლიანი ერთხანს დუმდა, შემდეგ ჰკითხა:

- მერე ეს შესაძლებელია?
- ვინ იცის, თქვენ ხომ დამოუკიდებელი საქართველო გსურთ? უჩვენოდ კი ამას ვერ მიაღწევთ.”არ დაგიმალავთ, თქვენი გამოყენება მინდა, მაგრამ თქვენც ხომ გჭირდებით? ისე, გულწრფელად გეტყვით, რომ ქართული კულტურით აღფრთოვანებული ვარ, - ობერლენდერს სახე დაუსერიოზულდა, - რუსთაველი გოეთეს რანგის ხელოვანია, ვაჟა-ფშაველა კი მსოფლიო მასშტაბის მოაზროვნე! - გერმანელი გაჩუმდა და გაბლიანს ხელი გაუწოდა.
ბოლომდე უკომპრომისოდ ტყვეობიდან განთავისუფლებულმა გივი გაბლიანმა გერმანიის სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ ობერლეიტენანტის წოდება მიიღო და აბვერის ქართული ბატალიონის მეთაურად დაინიშნა.
როცა გერმანული არმია კავკასიას მიუახლოვდა, დღის წესრიგში დადგა თბილისის დაბომბვის საკითხი. ობერლენდერი და რაინჰარდ გელენი ამას წინ აღუდგნენ, მოახერხეს გერმანული სარდლობის დარწმუნება, რომ თბილისის დაბომბვა გერმანიას ზიანის მეტს არაფერს მოუტანდა. ამან ბევრი ნაცისტი ფუნქციონერი ობერლენდერის წინააღმდეგ განაწყო, ხოლო გესტაპომ მისი მეთვალყურეობა დააწესა.

- მივცეთ ერებს დამოუკიდებლობა! - ამ პოზიციას ბევრი გერმანელი სამხედრო იზიარებდა, თუმცა ხმამაღლა თქმას მხოლოდ ობერლენდერი ბედავდა. მეგობრები აფრთხილებდნენ, - თუკი ასე გააგრძელებ, საკონცენტრაციო ბანაკი არ აგცდებაო.

ობერლენდერმა ეს ყურად არ იღო. მალე სარდლობას სპეციალური მემორანდუმითაც მიმართა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება გააკრიტიკა. საპასუხო რეაქციამ არ დაახანა - ობერლენდერი "ბერგმანის" მეთაურის თანამდებობიდან გადააყენეს. გესტაპომ ის შინაპატიმრობაში აიყვანა. დაჭერას სასწაულით გადაურჩა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ობერლენდერი დასავლეთ გერმანიაში დამკვიდრდა, სადაც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, იყო პარლამენტის დეპუტატი, მინისტრი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ემიგრაციასთან. პარლამენტის ტრიბუნიდან მან არაერთხელ ამხილა  რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საქართველოში. მოსკოვმა ობერლენდერი ჯერ სამხედრო დამნაშავედ  გამოაცხადა, შემდეგ კი მკვლელობაშიც დასდო ბრალი.

1959 წელს მიუნხენში მოკლეს უკრაინელ ნაციონალისტთა ლიდერი სტეპან ბანდერა. სუკის მიერ მოსყიდულმა ჟურნალისტებმა დასავლეთში ფართომასშტაბიანი ცილისმწამებლური კამპანია გააჩაღეს.
"სუკი ობერლენდერის დისკრედიტაციას ცდილობს", - წერდა გაზეთი "მონდი".
1961 წელს კი გერმანული სასამართლოს წინაშე წარდგა ბანდერას ნამდვილი მკვლელი, სუკის სპეცაგენტი ბოგდან სტაშინსკი. ამრიგად, ობერლენდერის უდანაშაულობა ოფიციალურად დამტკიცდა. როცა ის პარლამენტის შენობაში გამოჩნდა, ჟურნალისტები გარს შემოეხვივნენ.

- ბატონო ობერლენდერ, თქვენ სუკთან საკმაოდ მძიმე ბრძოლა მოიგეთ და დაამტკიცეთ, რომ მართალი ხართ. როგორი გეგმები გაქვთ?
- სანამ გერმანია არ გაერთიანებულა, ჩემი გეგმაც ბრძოლაა, - მიუგო ობერლენდერმა.

ეპილოგი

ობერლენდერი მოესწრო გერმანიის გაერთიანებასა და საბჭოთა იმპერიის დაშლას.
- აღსრულდა ის, რისთვისაც ვიბრძოდი, - განაცხადა მან, - თუმცა ერთი ოცნება მაინც მაქვს. მსურს, თბილისში წავიდე და დამოუკიდებელი საქართველო საკუთარი  თვალით ვნახო.
სამწუხაროდ, ამას აღსრულება არ ეწერა. გერმანიაში აღმოჩნდნენ ძალები, რომლებმაც  უკვე მოხუც ობერლენდერს ომის დროს ებრაელთა ხოცვა-ჟლეტაში დასდეს ბრალი და  სასამართლოში უჩივლეს.
- მე მართალი ვარ, - განუცხადა ჟურნალისტებს ობერლენდერმა, - და ამას დავამტკიცებ!
სიცოცხლის უკანასკნელი წლები საკუთარი უდანაშაულობისთვის ბრძოლას შესწირა და დაამტკიცა კიდეც.
თეოდორ ობერლენდერი 1998 წელს გარდაიცვალა.

ვინ იყო გივი გაბლიანი?

გივი გაბლიანი დაიბადა 1915 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ეგნატე გაბლიანის ოჯახში, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. დედა - ვერა გაბლიანი, ცნობილი პედაგოგი იყო.
1939 წელს, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, სადაც მოუსწრო მეორე მსოფლიო ომმა. ფრონტზე ტყვედ ჩავარდა. ბერლინში "ქართული სამეკავშირეო შტაბის" და მისი ხელმძღვანელის, მიხეილ კედიას ძალისხმევით, ტყვეობიდან გათავისუფლდა და შტაბის სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.

გერმანული სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ გივი გაბლიანმა ობერლეიტენანტის წოდება მიიღო. მას შტაბის დავალებით სამხედრო ბანაკებიდან გამოჰყავდა ტყვე ქართველები (დაიხსნა 40 ათასამდე ტყვე) და ეხმარებოდა ქართულ სამხედრო დანაყოფებში გაწევრებაში. ეს დანაყოფები გერმანულ ჯარებს უნდა შეჰყოლოდნენ საქართველოში და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაეცვათ ქვეყანა. გერმანიის დამარცხებამ ქართველთა გეგმები ჩაშალა. ომის შემდეგ გაბლიანი ამერიკაში გადასახლდა, სადაც ექიმად მუშაობდა. გარდაიცვალა 2001 წლის მაისში. დარჩა მეუღლე, ემიგრანტ გრიგოლ ალშიბაიას ქალიშვილი რუსუდანი (გარდაიცვალა 2006 წელს), რომელთანაც ჯვარი დაიწერა 1947 წელს, გერმანიაში და სამი შვილი - გრიგოლი, ვერა და ეთერი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

ნიკა თევზაძე
maia
15 მარტი 2018 22:52
ვერმახტის საიდუმლო საქმეში სულ სხვანაირად არის...მოღალატე, რომელმაც ქართველი ტყვეების შეთქმულება გასცა და მაგის გამო ტყვეები დახვრიტეს...არ ვიცი ეს ისტორიული სიმართლეა თუ მწერლის მხატვრული ფნტაზია,მაგრამ ის კი ვიცი ერთერთი ტყვე,აკაკი ბარბაქაძე ჩემი ბაბუა იყო..ახალდაბიდან...
თორნიკე
11 მაისი 2016 06:00
ფაშისტებს არ ემსახურებოდნენ,საკუთარი ქვეყნის პატრიოტები იყვნენო! აფრენთ?პატრიოტიზმი და ფაშიზმი ერთი და იგივე თქვენთვის?და კიდევ:ნაციონალიზმიდან ნაციზმამდე ერთი მიკრონაბიჯია.ასე რომ,ძალიან ფრთხილად ქართველებო,ნაციზმთან ძალიან ახლოს ვართ!
სიმონ
08 თებერვალი 2016 21:41
იყო ასეთი ცნობილი გერმანელი დიპლომატი - გრაფი ვალტერ ფონ დერ შულენბურგი, გერმანიის საიმპერიო კონსული თბილისში (1912-1914 წლებში), შემდეგ გერმანიის იმპერიის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში (1918 წელი), შემდეგ გერმანიის (მესამე რეიხის) ელჩი მოსკოვში... ვალტერ შულენბურგიც მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას....თუმცა იმ განსხვავებით, რომ მას ფაშისტები არ მოსწონდა. სწორედ ამიტომ იგი ნეგატიურად შეხვდა გერმანიის თავდასხმას საბჭოთა კავშირზე, მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში - 1944 წლის 20 ივლისს... სამწუხაროდ, დაიჭირეს და ჩამოახრჩეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები