რატომ დახვრიტეს კიევის "დინამო"? - კვირის პალიტრა

რატომ დახვრიტეს კიევის "დინამო"?

საბჭოთა ეკრანებზე 1962 წელს გამოვიდა ფილმი "მესამე ტაიმი", მასში მოთხრობილია ნაცისტების მიერ საფეხბურთო კლუბ“კიევის "დინამოს" ფეხბურთელების დახვრეტა. თუმცა მათ შესახებ სრული სიმართლე მხოლოდ 2010 წელს გახდა ცნობილი.

ტკაჩენკო და მაიერი

კიევი, 1941 წლის ოქტომბერი.

აბვერის მაიორი ანტონ მაიერი თავაზიანად იღიმებოდა. კიევის "დინამოს"“ ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრ ტკაჩენკო სავარძელში მოკალათდა.

- მაპატიეთ, რუსი ბრძანდებით თუ უკრაინელი? - გერმანელმა სიგარეტს მოუკიდა.

- კაცაპები გვარში არა მყოლია! - ტკაჩენკოს თვალები აენთო.

- რუსები არ გიყვართ? ახარხარდა მაიერი.

- დამპყრობელი არავის უყვარს.

- მაშ, გერმანელებიც გძულთ?

- უკრაინა გერმანელებს პურმარილით შეხვდა. გვეგონა, დამოუკიდებლობას დავიბრუნებდით, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა, - ტკაჩენკო გაჩუმდა. გამოხედვა ცივი და პირქუში გაუხდა.

უხილავთა კვალდაკვალ

1942 წლის ზაფხულისათვის  SD-მ (ჰიტლერული უშიშროების სამსახური) დაადგინა, რომ კიევში რუსების კარგად აწყობილი აგენტურული ქსელი მოქმედებს; რომ რუსმა აგენტმა, მეტსახელად პიეტრომ, აბვერის რიგებში მოიკალათა.

მალე სდ-მ საბჭოთა დივერსიული ჯგუფი გაანადგურა. მას  ჩეკისტი ივან კუდრია ედგა სათავეში. გამოძიებით დამტკიცდა, რომ კუდრია სისტემატურად ხვდებოდა აბვერის ოფიცერ ჰელმუტ ზაიდელს, ამ უკანასკნელს კი ახლო ურთიერთობა ჰქონდა კიევის "დინამოს" ყოფილ ფეხბურთელ ალექსანდრ ტკაჩენკოსთან. ახლა ტკაჩენკო პოლიციაში მსახურობდა და საფეხბურთო კლუბ "სტარტში" თამაშობდა. გაჩნდა ეჭვი, რომ იდუმალი "პიეტრო" სწორედ ზაიდელი იყო.

- "დინამო" შინსახკომის გუნდი იყო! მისმა ფეხბურთელებმაც შინსახკომის სკოლა განვლეს. იქნებ საფეხბურთო გუნდ "სტარტის" სახით რუსული დივერსიულ-სადაზვერვო ორგანიზაცია მოქმედებს?

სდ-მ ტკაჩენკო დააპატიმრა. დაიწყო დაკითხვები, წამება. ამ დროს აღმოჩნდა, რომ პოლიციის გარდა ტკაჩენკო აბვერის იმ განყოფილებაშიც მუშაობდა, რომელიც საბჭოთა ზურგში აგენტების გადასროლას ახორციელებდა. უკრაინელი ამ განყოფილების უფროსმა მაიორმა მაიერმა გადაიბირა. მაიერის ბრძანებით, ტკაჩენკო დაუკავშირდა ჩეკისტებს, რომელთაც გერმანელის მიერ მიწოდებული დეზინფორმაციით ამარაგებდა, პარალელურად, ბანდერელთა იატაკქვეშეთთანაც იყო დაკავშირებული, თუმცა მაიერმა ამის თაობაზე არაფერი იცოდა.

დაკავებული ჯიუტად ამტკიცებდა, რომ როგორც უკრაინელი პატრიოტი, ბანდერელებს თანაუგრძნობდა. მაიერთან კონტაქტსაც იმიტომ დათანხმდა, რომ თავისუფლად ქმედების საშუალება მისცემოდა. გერმანელები ჩაფიქრდნენ. ვინ არის ტკაჩენკო? Pპატრიოტი-იდეალისტი თუ რუსი დივერსანტი? სდ-ს გამომძიებელმაც მისი ხელმეორედ დაკითხვა გადაწყვიტა. ეს ვერ მოხერხდა. გამომძიებელს მოახსენეს, რომ ტკაჩენკომ გაქცევა სცადა და მცველიც იძულებული გახდა, ესროლა.

"სიკვდილის მატჩი"

საფეხბურთო კლუბი "სტარტი" გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში შეიქმნა. ეს იყო პურის ქარხნის გუნდი, რომელიც გერმანელი ჯარისკაცებისათვის პურს აცხობდა. გუნდის ხერხემალი კიევის "დინამოს" 8 ფეხბურთელი იყო. სამი მოთამაშე ომამდე "ლოკომოტივში" თამაშობდა.

"სტარტმა" გერმანული ოკუპაციის პერიოდში 11 მატჩი გამართა. მან სძლია გერმანულ, უნგრულ და რუმინულ გუნდებს, 5:1 დაამარცხა ლიუფტვაფეს გუნდი, რომელსაც თავად გერინგი მფარველობდა. გერმანელების დაჟინებული მოთხოვნით კიევში 1942 წლის 9 აგვისტოს დაინიშნა მატჩი-რევანში. მოგვიანებით საბჭოთა პროპაგანდამ ის "სიკვდილის მატჩად" მონათლა. მატჩის წინ ტკაჩენკოს დაღუპვის ამბავი გახდა ცნობილი. "სტარტის" ფეხბურთელები მოედანზე წითელი მაისურებით გავიდნენ, - უკრაინაში ხომ კაზაკს უკანასკნელ გზაზე წითელი ტანსაცმლით აცილებდნენ.

სტადიონი გადაჭედილი იყო. გერმანელი ოფიცრები და ჯარისკაცები საუკეთესო ადგილებზე მოკალათდნენ. გერმანელი სპორტსმენები უკრაინელებს მარჯვენა ხელის აწევით მიესალმნენ: "ჰაილ!". პასუხად გაისმა: "დიდება უკრაინას".

გერმანელები გააფთრდნენ. ჟანდარმებმა კიეველ გულშემატკივრებს ეროვნული დროშები ჩამოართვეს, ხოლო ვინც პროტესტი განაცხადა, ხელები გადაუგრიხეს, სტადიონიდან გაიყვანეს და Pპოლიციის მანქანაში ჩატენეს. მოედანზე კი დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. შესვენებისას მაიორი ჰერცნერი კიეველთა გასახდელში შეიჭრა და აღრიალდა: "თუკი მოიგებთ, ყველას დაგხვრეტთ!" ფეხბურთელები ერთხანს მდუმარედ ისხდნენ. პირველი მეკარე ტრუსევიჩი წამოხტა:

- ამათი უნდა შეგვეშინდეს?! დავუმტკიცოთ ყველას, რომ კაზაკებს გადაშენება არ უწერიათ! უკრაინას გაუმარჯოს!

შემდგომში გერმანელი ისტორიკოსი ტიპესკირხი დაწერს: "სტარტი" კი არ თამაშობდა, იბრძოდა. უკრაინელებმა გერინგის გუნდი ანგარიშით 5:3 დაამარცხეს. სტადიონზე შეკრებილი კიეველები ფეხზე წამოდგნენ. ამ დროს ტრიბუნიდან ერთმა გულშემატკივარმა ეროვნული ჰიმნი "ჯერ არ მომკვდარა უკრაინა!" შემოსძახა. ხალხიც აჰყვა. ფეხბურთელებმაც ეროვნული ჰიმნის გუგუნში ამაყად თავაწეულებმა დატოვეს მინდორი.

მიუხედავად მუქარისა, ისინი არავის დაუხვრეტია. "სიკვდილის მატჩი" სიკვდილის გარეშე დასრულდა.

კიევის სდ-ს ხელმძღვანელობა საგონებელში იყო. რატომ არ შეიძლება, რომ საფეხბურთო კლუბ "სტარტის" საფარვლით მოქმედებდეს რუსული დივერსიული ორგანიზაცია? "სტარტის" ბირთვს ხომ კიევის "დინამოს" ფეხბურთელები შეადგენენ, "დინამო" კი შინსახკომის გუნდია.

1942 წლის 16 აგვისტოს "სტარტი" თავის უკანასკნელ მატჩზე გავიდა. მისი მეტოქე ამჯერად უკრაინული პოლიციის მოყვარულთა გუნდი "რუხი" გახლდათ. 8:1 - ასეთი იყო საბოლოო ანგარიში. მეორე დღეს სდ-მ "სტარტის" ყველა ფეხბურთელი დააპატიმრა. დაიწყო დაკითხვები, წამება.

სდ-მ განსაკუთრებული გულმოდგინება "დინამოს" ფეხბურთელ ალექსანდრ კოროტკიხთან გამოიჩინა. ჩხრეკისას მის ბინაში აღმოაჩინეს ფოტო, რომელზეც კოროტკიხი შინსახკომის ოფიცრის ფორმაში იყო გამოსახული. დაკითხვისას კოროტკიხმა აღიარა, რომ სკკპ(ბ) წევრი იყო და შინსახკომის სპეციალური დივერსიული კურსებიც დაამთავრა. თუმცა კატეგორიულად უარყოფდა, რომ კიევში სპეციალურად დატოვეს და სადაზვერვო სამუშაოს ეწეოდა. კოროტკიხს წამების დროს გული გაუსკდა.

ლეგენდარული მეკარე ტრუსევიჩი ბანაკში დახვრიტეს. ნაცისტების ტყვეობას გადარჩენილი ზოგიერთი ფეხბურთელი (გოლემბოვსკი, გუნდარევი, ტიმოფეევი) ომის შემდგომ სტალინურ გულაგში გამოამწყვდიეს. კომაროვი ნაცისტებმა გერმანიაში იძულებით სამუშაოზე წაიყვანეს. ომის შემდეგ ის კანადაში ცხოვრობდა.

ვინ იყო "პიეტრო"?

1955 წელს დასავლურ პრესაში გამოჩნდა მასალა იმის შესახებ, რომ იდუმალი "პიეტრო" ზაიდელი კი არა, თავად აბვერის მაიორი ანტონ მაიერი იყო. საბჭოთა მხარე მაშინ ამას სასტიკად უარყოფდა. 2010 წელს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა დაადასტურა, რომ ანტონ მაიერი მართლაც საბჭოთა აგენტი იყო და მისი ნამდვილი გვარია მილჩევსკი. ჰელმუტ ზაიდელიც საბჭოთა აგენტი და მაიერის მარჯვენა ხელი გახლდათ.

როგორი იყო მაიერ-მილჩევსკის შემდგომი ბედი?

ომის შემდეგ ერთხანს სტალინურ გულაგში იყო. შემდგომში გაათავისუფლეს და სპეცდავალებით დასავლეთში გაგზავნეს. მოსკოვში მას ცოლ-შვილი დარჩა, რის გამოც იძულებული იყო, სიცოცხლის ბოლომდე ჩეკისტების ყველა დავალება კეთილსინდისიერად შეესრულებინა.

მაიერი - იგივე მილჩევსკი

აბვერის მაიორი ანტონ მაიერი, იგივე მილჩევსკი 1888 წელს დაიბადა და აღიზარდა კიევში. 1936 წელს მილჩევსკის ბრალი წაუყენეს შპიონაჟში გერმანიის სასარგებლოდ და 1940 წლამდე შორეულ აღმოსავლეთში იხდიდა სასჯელს.

1940 წელს, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის "მეგობრობისა და თავდაუსხმელობის" პაქტის დადების შემდეგ, მილჩევსკი პატიმართა გაცვლის პროგრამის წყალობით, გერმანიაში აღმოჩნდა.

1941 წელს,  გერმანელი ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი მშობლიურ კიევს დაუბრუნდა და აგენტურული ქსელის შექმნას მიჰყო ხელი.

ამ საიდუმლო ორგანიზაციის შემადგენლობაში ძირითადად ე.წ. "უკრაინსკიე პოლიცაის" წევრები და წითელი არმიიდან გაქცეულები ხვდებოდნენ. მათი ამოცანა იყო - გერმანული დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობა წითელი არმიის ზურგში.

ნიკა თევზაძე