ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

თავისუფლებისათვის ბურების გმირულმა ბრძოლამ განსაკუთრებული თანაგრძნობა მოიპოვა მაშინდელი მსოფლიოს პროგრესულ საზოგადოებაში.

საქართველოშიაც დიდი გამოხმაურება პოვა ბურების ბრძოლამ. მაშინდელი ქართული ჟურნალ-გაზეთები სავსეა ინგლის-ბურების ომის მიმოხილვებით, ბურებისადმი თანაგრძნობის წერილებით, ბურების გამოჩენილი გენერლებისა და მებრძოლების სურათებით.

სხვადასხვა ქვეყნიდან ბურების დასახმარებლად წავიდნენ მოხალისეები, მათ შორის იყო ნიკო ბაგრატიონიც. მისი მოგონება უთუოდ საინტერესო დოკუმენტია. ეს მოგონება, რომელიც ბაგრატიონს რუსულ ენაზე ჩანაწერების სახით დარჩენია, თარგმნის დროს ჩვენ სათანადო ლიტერატურულ მდგომარეობაში მოვიყვანეთ, თანაც დავურთეთ შედარებით ვრცელი შენიშვნები, რომ მკითხველს საშუალება ექნეს, ფართოდ გაეცნოს ბაგრატიონის მიერ აღნიშნულ მოვლენებს, ფაქტებსა და პიროვნებებს.

ნიკო ბაგრატიონი დაიბადა მუხრანში 1868 წელს, გარდაიცვალა 1933 წელს, თბილისში.

რაჟდენ გვეტაძე

ორმეტრიანი ვაჟკაცი ინგლისურ სმოკინგში გამოეწყოთ, მაგრამ ეტყობოდა, ეს სამოსი მისთვის ისეთივე უცხო იყო, როგორც ინგლისი... მაჯები ლამის იდაყვამდე ჰქონდა აწეული, - მისი ზომა სმოკინგი ძნელი საშოვნელი იქნებოდა, არადა, სამეფო გვარის უცხოელი უსმოკინგოდ ვერ წარდგებოდა ინგლისის სამეფო კარზე... თვალებში აზიური ცეცხლი უელავდა და სულაც არ ჰგავდა შეშინებულს ან დათრგუნვილს. ამიტომაც, ვინც არ იცოდა, ვერც იფიქრებდა, რომ ეს გოლიათი ინგლისელების მიერ ბურებთან ომში დატყვევებული ქართველი იყო - ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელი...

სადაურსა სად წაიყვანო! რას წარმოიდგენდა, ბურების მიწვევით ლომებზე სანადიროდ წასული ნიკო, რომ მის სახელს ბური სამუდამოდ დაუკავშირდებოდა და სამშობლოშიც კი საუკუნეების მანძილზე ნიკო ბურად მოიხსენიებდნენ.

საქართველო მაშინ ვინ იცოდა, ახლა ძლივს გაიცნო ბევრმა ევროპელმა. უცნაური ქვეყნის უცნაური გოლიათი, რომელიც ინგლისელებს მხოლოდ იმიტომ ებრძოდა, რომ ბურების მეგობარი იყო - თანაც სულ 4 ბურისა. ეს ხალხი ისეთივე უცხო იყო მსოფლიოსთვის, როგორც მისი საქართველო და ისევე იტანჯებოდა, როგორც მისი სამშობლო დამპყრობლების ხელში. ინგლისელებმა დაამარცხეს ბურები და ისიც ტყვედ ჩავარდა. დახვრეტას კი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ დედის ფოტოს დახედა სიკვდილის წინ. ამან დააინტერესა ოფიცერი, ფოტოზე აღბეჭდილი ქალის ვინაობა ჰკითხა... ამ კითხვა-პასუხით გოლიათი უცხოელის წარმომავლობა და ვინაობა გაარკვია და აღარ ესროლა.

ფოტო, რომელმაც გადაარჩინა ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელი, სულ ჯიბით დაჰქონდა. კიდევ იარაღი უყვარდა ძალიან და ისე იყო დახელოვნებული, თურმე მიზანს არასოდეს აცილებდა.

ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელს 13 ძმა და ერთადერთი და ჰყავდა - თამარი. თქმაც არ უნდა, რომ თამარი ძმების ნებიერი იყო, მაგრამ ისიც ისევე იყო შეთამაშებული იარაღს, როგორც მისი 14 ძმა. ნიკო ხელში ბეჭედს დაიჭერდა სამიზნედ და თამარი იმ ბეჭედში ატარებდა ტყვიას. მაშინდელ საქართველოში ყველამ იცოდა და-ძმა მუხრანელების ამბავი და ერიდებოდნენ მათთან კონფლიქტს...

ნიკო მაინც დაუდეგარი იყო, ხიფათის მაძიებელი და დუელსაც თამამად უნიშნავდა მოწინააღმდეგეს. 18 დუელი დაუნიშნავს და არც ერთხელ ტყვია არ გავარდნილა - ნიკოს ბოდიშს უხდიდნენ...

საბჭოთა ხელისუფლებამ ყველაფერი წაართვა ნიკო ბურს. იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, კარდაკარ სიგარეტის გაყიდვით ირჩენდა თავს. მისი ქალიშვილი რუსუდანი კი, რომელიც ემიგრაციაში არ წავიდა, ხან მოლარედ მუშაობდა, ხან - დამლაგებლად.

ზღაპრული გარეგნობის, ზღაპრული ცხოვრების რაინდს სიყვარულიც ზღაპრული ჰქონდა - თავდავიწყებით ეტრფოდა გენერალ ალექსანდრე ბუჭყიაშვილის ასულს - ანას. მისი სატრფო დედით ბაგრატიონ-მუხრანელი იყო, ამიტომ მღვდელი ჯვრისწერაზე უარს ამბობდა. ნიკოს ძმა - ლევანი დაეხმარა. თხოვნა წაუღო დედოფალ ალექსანდრას პეტერბურგში. დედოფალს იმდენად მოეწონა ლევანი, ისე გააბრუა მისმა მაღალმა ინტელექტმა, რამდენიმე ენაზე თავისუფლად საუბარმა და ლაღმა აზროვნებამ, რომ დაუფიქრებლად წააწერა თხოვნას: "ქორწინების ნებას ვრთავ დიდი სიყვარულის სახელით".

ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბუჭყიაშვილს ჯვარი დასწერეს. ოთხი შვილი შეეძინათ. სამ მათგანს უფალმა მშობლად გახდომის ბედნიერება არ მიმადლა. მხოლოდ ერთს - რუსუდანს შეეძინა შვილი - ვაჟი, ნიკო. უმემკვიდროდ გადაეგო.

ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელის შტო შეწყდა. სამაგიეროდ, არ წყდება მითქმა-მოთქმა ამ ლეგენდარულ ქართველზე, ახალი ამბების ძიება და ნიკო ბურზე შემორჩენილი ლეგენდების მოსმენის წყურვილი...

ნაწილი პირველი

ბუნების სიმშვენიერე და მისი საკვირველებანი, ცისა და მიწის საიდუმლოებანი მუდამ იტაცებდა ჩემს ბავშვურ გონებას. არაერთხელ მიოცნებია, ფეხით მომევლო მთელი ქვეყანა და საკუთარი თვალით მეხილა, თუ რისაგან შედგებოდა ის და როგორ იყო დასახლებული. იმავე დროს ვნატრობდი, ისეთი ძალა მქონოდა, რომ შემძლებოდა, შევბრძოლებოდი ცხრათავიან დევებს და ქვეყნად სიკეთე დამემყარებია.

ამ სურვილებს დღითი დღე მიღვიძებდა ჩემი მოხუცი გამდელი თინათინი თავისი შესანიშნავი ზღაპრებით და თქმულებებით.

გამდელი ჩემს მამიდებთან ერთად იზრდებოდა, ყურს უგდებდა მათ მეცადინეობას, მამიდებზე უკეთესად იცოდა ზეპირად უკვდავი რუსთაველის უბადლო ქმნილება. მას იტაცებდნენ მისი გმირები, თავის ახალგაზრდა ქალბატონებთან ერთად მსჯელობდა მათზე, გამოთქვამდა თავის აზრებს... ტარიელზე შეყვარებულიც კი იყო...

გამდელი ისე ნელა და ტკბილად მიყვებოდა ზღაპრებს, თითქოს ნაკადული ჩურჩულებსო. მის ხმაში იმდენი გრძნობა და თილისმა იყო, რომ მთლად ვთრთოდი, ღამე ვერ ვიძინებდი და გული იმ უცნობი მხარეებისაკენ მიილტვოდა, რომლებსაც გამდელი ამიწერდა. ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდეგ, სიტყვას ვაძლევდი ჩემს თავს, რომ ოდესმე უთუოდ წავიდოდი იმ საარაკო ქვეყნებში, თან საყვარელ ტარიელად გახდომას ვნატრობდი. მაგრამ ვიცოდი, რომ ამისათვის საჭირო იყო გაზრდა, დავაჟკაცება, ძალ-ღონის მოკრება და ცოდნის მოხვეჭა, მაგრამ ამას ბევრი ლოდინი უნდოდა, რადგან მაშინ მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი და უკანასკნელ წელს ვატარებდი სანუკვარსა და საყვარელ გამდელთან, რომელსაც ჩემთვის მუდამ მზად ჰქონდა კარგი ზღაპარი და გემრიელი ჩურჩხელა.

გადია მანებივრებდა, მიფარავდა ჩემი უფროსი ძმების თავდასხმებისაგან, მაგრამ უძლური იყო მამაჩემის ნება-სურვილის წინაშე და ამიტომ ის ცრემლებად იღვრებოდა, როცა მის კალთას მომგლიჯეს და ჩემს უფროს ძმასთან ერთად სასტიკ აღმზრდელს მიმაბარეს.

გაქრნენ ზღაპრები, ტკბილი ოცნებები და მათთან ერთად ჩურჩხელებიც. აღმზრდელმა და მისმა თანაშემწეებმა დაიწყეს ჩვენი მამაკაცური, მკაცრი აღზრდა: წერა-კითხვის გარდა, გვასწავლიდნენ ცხენზე ჯდომას, თოფ-იარაღის ხმარებას და გვაჩვევდნენ ყოველგვარი სიძნელეების ატანას.

მე განსაკუთრებულ უნარს ვიჩენდი თოფის სროლაში. მალე ისე გავიწაფე თვალი და ხელი, რომ გაფრენილ ჩიტს არ ავაცდენდი. მომწონდა და მიყვარდა ეს ვარჯიშობა, ძალზე ვცდილობდი და სწრაფი დახელოვნებით აღტაცებაში მომყავდა ჩემი აღმზრდელი ზაქრო.

ჩვენი წვრთნა წარმოებდა ყოველდღე ერთი წესით და ამიტომ იგი მალე მოსაბეზრებელი გახდა. ერთადერთი გასართობი ამ ჩვენს ერთფეროვან ცხოვრებაში მცხეთაში ან წილკანში ხატობაზე წასვლა იყო.

სალოცავად მივდიოდით მთელი ჩვენი შინაყმებით. წინასწარვე იგზავნებოდა როგორც სამღვდელოებისათვის მისართმევი ძღვენი და შესაწირი, ისე ჩვენი ოჯახისათვის საჭირო ყოველგვარი სანოვაგითა და საკლავით დატვირთული ურმები.

სამგზავრო სამზადისების დროს ჩემი უფროსი ძმა ლევანი რატომღაც გულგრილად იქცეოდა, მე კი, პირიქით, ძალიან ვღელავდი, მინდოდა, ყველაფერი გამეგო, ყველაფერში ჩავრეულიყავი. ხან ჩემი ახალგაზრდა მამიდების ოთახებში შევირბენდი, ხან თავლაში, სადაც ასუფთავებდნენ ცხენებსა და წესრიგში მოჰყავდათ უნაგირები და მოსართავები.

ბოლოს, მოურავი მოახსენებდა მამაჩემს, რომ სამგზავროდ ყველაფერი მზად იყო. დიდი ხნის ნანატრ დღეს, ჩვეულებრივ, შაბათისათვის დანიშნავდნენ, რომ დროულად ჩავსულიყავით და კვირას წირვა გულდასმით მოგვესმინა.

ბებიასა და დედაჩემისათვის საუკეთესო, ყველაზე განიერ ურემს ამოარჩევდნენ, რომ არ დანჯღრეულიყვნენ, ჭალებზე ბაწრებს დახლართავდნენ, ზედ აუარებელ ლეიბსა და ბალიშს დააწყობდნენ და შემდეგ ნოხს გადააფარებდნენ. ურემს ზევიდან ნოხისავე ჩარდახს გაუკეთებდნენ. ამნაირად მოწყობილ ურემს შეუბამდნენ ორ წყვილ საუკეთესო კამეჩს; კამეჩები ისე იყვნენ დაბანილნი და გასუფთავებულნი, რომ გიშერივით ბზინავდნენ. ურმებს, სადღესასწაულოდ, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი მეაღალეები მართავდნენ, რომელთაც მეხრეებად თან ახლდათ 8-10 წლის ბიჭები.

ურემზე პირველად ჩემი ლამაზი დედა ავიდოდა, შემდეგ, თითქმის ხელზე ატატებულს, მოახლეები ბებიაჩემს, თამარს აიყვანდნენ, და როცა ძლივძლივობით საბოლოოდ მოხერხებულად მოეწყობოდნენ, მაშინ პირველი ეს ურემი დაიძვრებოდა ადგილიდან და მოშორდებოდა კიბეს.

დანარჩენი მსახურნი, რომელნიც თან უნდა გვხლებოდნენ, ჩქარობდნენ, დამსხდარიყვნენ კიბიდან მოშორებით მდგარ სხვა ურემზე, რათა უკან გაჰყოლოდნენ წინა ურემს, რა თქმა უნდა, იმ მანძილის დაშორებით, რაც დადგენილი იყო მოწიწებისა და პატივისცემის ნიშნად.

ერთხელ, ერთ-ერთი ასეთი გამგზავრებისას, ჩვენ, მამაჩემის მეთაურობით, სრულ საჭურველში გამოწყობილნი, კიბეზე ვიდექით: ეროვნულ, შინდისფერ ჩოხებით შემოსილებს გვეკიდა ხანჯლები, ხმლები და მოკლე თოფები მხარზე გვქონდა გადაგდებული.

დაიწყეს ცხენების მოყვანაც: მამას შესანიშნავი დოღის შავი ცხენი მოჰგვარეს, რომელიც თავისი ჩამოსხმული ფეხებით ამაყად მოაბიჯებდა, ფრუტუნობდა და ისე აბრიალებდა დიდრონ თვალებს, თითქოს ეძებდა იმას, ვინც გაბედავდა მასზე შეჯდომას. ორი მეჯინიბე ძლივს უკავებდა თავს, მაგრამ მამამ მოსაზრებაც არ აცალა, ისე მარდად მოიქნია ტანი და პირდაპირ კიბიდანვე უნაგირზე დაახტა, აღვირი მაგრად მოსწია და ამით ცხენს აგრძნობინა, რომ ის მისი პატრონი იყო. მეჯინიბეები განზე გახტნენ, ცხენი ყალყზე შედგა, მაგრამ მამამ მოხდენილი მოძრაობით მოთოკა იგი და ეზოში გააჯირითა.

ცხენოსანმაც და ცხენმაც აღფრთოვანება გამოიწვიეს დამსწრე აზნაურებსა და ფარეშებში, რომლებიც უძველესი დროიდანვე დიდი მემამულის ყმებად ითვლებოდნენ. ჩვენი აღმზრდელების გარდა, კიდევ ოცი აზნაური მაინც იქნებოდა. ყველანი მშვენივრად ჩაცმულნი და შეიარაღებულნი საჩქაროდ მისცვივდნენ თავიანთ ცხენებს, რომ თან ხლებოდნენ მამაჩემს.

ბოლოს ჩვენი ჯერიც დადგა. მოუთმენლობისაგან ვკანკალებდი, ჩემი თვალის წინ გაიელვა ტარიელის შესანიშნავმა სახემ და მეჩვენებოდა, რომ ის ჩემში განსხეულდა და მეც ამ ხოტბაშესხმული გმირივით თითქოს ტაიჭს უკვე მივაქროლებდი.

ამ ოცნებებში გართული უეცრივ ზაქრომ ხელით ამიტაცა, თავის ცხენზევე უკან შემომისვა და მიბრძანა, მისი ქამარი ხელში მაგრად მჭეროდა; ცხენს მათრახი გადაჰკრა და ჩემს ძმებსა და სხვა აღმზრდელებთან ერთად მოვქუსლეთ, რომ მამას დავწეოდით და მასთან ერთად გვევლო.

ამ გიჟურ ჭენებაში, უნდა გამოვტყდე, მღელვარებისაგან კი არ ვცახცახებდი, არამედ შიშისაგან, - მეშინოდა, რომ ცხენიდან გადმოვვარდებოდი, ზაქროს კი ერთხელაც არ მოუხედია ჩემკენ, რომ გაეგო, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი.

მე კი მრცხვენოდა მეთქვა მისთვის, რომ მეშინოდა და მთელი მგზავრობა ისე გადავიტანე, ერთი სიტყვითაც არ გამომიჟღავნებია ჩემი შიში.

აი, ასეთი სასტიკი ზომებით, ყოველგვარ პირობებში, გვაჩვევდნენ მედგრობასა და გამძლეობას.

შემდეგ, როცა ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა მომიხდა, არაერთხელ მომგონებია და მადლობის გრძნობით განვმსჭვალულვარ ჩემი მკაცრი, მაგრამ მაინც საყვარელი ზაქროსადმი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, ჩაეგონებინა ჩემთვის, რომ საერთოდ მამაკაცი და, მისი აზრით, განსაკუთრებით ბატონიშვილი, უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკაციო. თვითონ ზაქრო ადლიანი მხარ-ბეჭის მქონე და ღონიერი, გულითაც მხნე და უშიშარი იყო. მამაჩემის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. მამა ხშირად მიდიოდა ხოლმე სახლიდან და მაშინ მთელ სახლს ის მართავდა.

ჩორთით მივდიოდით - მამას, მეტად თავაზიან ადამიანს, დაუშვებლად მიაჩნდა ქალებისათვის გადაესწრო და გზაზე მტვრის ბუღი დაეყენებინა, მით უმეტეს, როცა საქმე დედას, დებს, ცოლს და ბავშვებს ეხებოდა, ამიტომ ურმები წინ მიდიოდნენ. საათ-ნახევრის შემდეგ მივედით სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძართან, რომელსაც უკვე განვლილი ჰქონდა თხუთმეტი საუკუნე მრავალტანჯული ქართველი ხალხის ისტორიისა და რომელსაც თავისი სიდიადით, გაჭირვების წუთებში, ბევრჯერ გაუმხნევებია ქართველთა გული.

ამჯერად კვირას მოგვიხდა ხატობაზე წასვლა.

ჩვენ წირვის ბოლოს მივუსწარით და ეპისკოპოსი მთელი თავისი კრებულით, სრულ შემოსილობაში შეუდგა პაპაჩემის ნიკოლოზის (სამწუხაროდ, მე არ მოვსწრებივარ პაპას, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გარდაცვლილა) და მამაჩემის უმცროსი ძმის, ირაკლის ხსოვნის პანაშვიდის გადახდას. ირაკლი ნიჟეგოროდის პოლკის ოფიცერი ყოფილიყო და იმავე პოლკის ოფიცერს წერეთელს მოეკლა ეჭვიანობის ნიადაგზე.

ირაკლის ჯორჯაძის ქალი დაენიშნა. ნიშნობის შემდეგ ეს ამბავი აღფრთოვანებით უამბო თურმე მან თავის ამხანაგ წერეთელს. ირაკლის ვერც კი წარმოედგინა, რომ ის მისი მოქიშპე აღმოჩნდებოდა. ეჭვიანობით გაბოროტებულმა წერეთელმა დაუყოვნებლივ იძრო რევოლვერი, ესროლა და იქვე მოკლა.

ოცდაოთხი წლის ულამაზესი ვაჟკაცის ასეთმა ნაადრევმა დაღუპვამ სიცოცხლე მოუსწრაფა ჯერ კიდევ მაგარს, ჯანიანს, სამოცდაორი წლის მოხუცს, ნიკოლოზს. შვილის სიკვდილს თან დაერთო ოჯახის მთლიანი დარბევა, რაზედაც შემდეგ მექნება ლაპარაკი.

პანაშვიდის შემდეგ სამადლობელი პარაკლისი გადავიხადეთ. მერმე გავეშურეთ წმინდა ნინოს დედათა მონასტრის - სამთავროს წინამძღვრის სანახავად და მისგან დალოცვის მისაღებად. წინამძღვარი ნინო, ცხოვრებაში კნეინა ამილახვრისა, ქმრით დედაჩემს ენათესავებოდა. ის მეტად ჭკვიანი, განათლებული ქალი იყო და დაქვრივების შემდეგ მკაცრ, ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. მონასტრის საქმეებს შესანიშნავად განაგებდა, დიდი პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა მოხვეჭილი როგორც მონაზვნებში, აგრეთვე მცხეთის ირგვლივ მდებარე სოფელთა მცხოვრებლებში.

მონასტერთან არსებობდა წმინდა ქართულ საწყისებზე დაფუძნებული ქალთა სკოლა, სადაც ქალიშვილები, განურჩევლად მათი წოდებისა და მდგომარეობისა, იღებდნენ განათლებას, აღზრდას და ემზადებოდნენ ღირსეული დედები ყოფილიყვნენ.

სამი დღე დავრჩით მასთან სტუმრად. ამ ხნის განმავლობაში სულ ალერსსა და ნებივრობაში ვიყავით. მონასტრის არც ერთი სენაკი არ დარჩენილა, რომ არ გამოგვეცოცხლებინა ბავშვური ხმაურით. ამ სენაკებში განუწყვეტლივ გვიმასპინძლდებოდნენ ყოველგვარი ტკბილეულით - ჩურჩხელებით, ფალუსტაკით, ჩამიჩით და გემრიელი ცხელი ნაზუქებით, მაგრამ ყველაზე უფრო ვტკბებოდით იმ თავისუფლებით, რომელიც მოგვანიჭა ჩვენი აღმზრდელების მახვილი თვალის და შეუბრალებელი სიმკაცრის მოშორებამ.

მამაჩემის მხლებელ მამაკაცთა ამალას წმინდა სავანის კედლებს შიგნით შემოსვლის ნება არ ჰქონდა. ამიტომ კარავი მონასტერთან გაშალეს და დროს უქმად არ კარგავდნენ - გაბმით ლხინობდნენ, საიდანღაც ზურნაც კი მოიყვანეს. გაფიცხებული საცეკვაო ხმები აღწევდნენ მოხუცი ნინოს სმენამდე. ეტყობოდა, მას არ სიამოვნებდა ეს, რადგანაც აღკვეცილთა შორის ბევრი ახალგაზრდა ქალი ერია და შესაძლო იყო მათში დათრგუნვილი ნამდვილი ცხოვრების სურვილი ხელახლა გაღვიძებულიყო, მაგრამ წინამძღვარი რატომღაც მაინც დუმდა.. მამასაც არ უნდოდა აეკრძალა მონასტრის კედლებთან საუკუნეებით დაწესებული ლხინი.

(გაგრძელება იქნება)