"თამარ მეფე სიმსივნით გარდაიცვალა?!" - კვირის პალიტრა

"თამარ მეფე სიმსივნით გარდაიცვალა?!"

რა წერია ძველ რეცეპტში, რომლითაც XII საუკუნეში კიბოს მკურნალობდნენ

რა სნეულებით გარდაიცვალა თამარ მეფე და როგორ მკურნალობდნენ მას? ეს თემა ისტორიკოსებისა და მეცნიერებისთვის ერთნაირად საინტერესოა. ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ექიმმა-ჰომეოპათმა კახა საბახტარიშვილმა ისტორიულ წყაროებში მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაკვლია და თამარ მეფის გარდაცვალების თაობაზე საინტერესო ვერსია შემოგვთავაზა:

- ისტორიკოსებისთვის დაუდგენელ თემად რჩება, თუ რით გარდაიცვალა თამარ მეფე. ბევრი მიიჩნევს, რომ თამარ მეფის გარდაცვალების მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნე იყო. ისტორიულ წყაროებში მოცემული აღწერილობის მიხედვით, თამარ მეფეს ავადმყოფობისას აღენიშნებოდა სისუსტე, "ღაწვების ჭკნობა", წონაში მკვეთრი კლება და ორივე თვალის გარშემო სიშავე. ამ სიმპტომებიდან გამომდინარე, მისი სიმსივნით გარდაცვალების ვერსიის მჯერა. ამ მოსაზრების მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ თამარ მეფის დროინდელ საქართველოში სიმსივნე ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული. ეს კი ნამდვილად არ არის მართალი. თითქმის 30 წელზე მეტია, რაც მეცნიერულად ვიკვლევ ძველი ქართული მედიცინის საკითხებს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძველ საქართველოში სიმსივნური დაავადების თემა საკმაოდ აქტუალურია. მეტიც, უძველეს სამედიცინო წყაროებში წავაწყდი სიმსივნის მკურნალობის ძველ ქართულ  მეთოდს, რომლითაც ჩემი აზრით, თამარ მეფესაც მკურნალობდნენ.

- რა მეთოდია ეს?

- ძველ ქართულ წყაროებში სიმსივნის საწინააღმდეგო წამლის დამზადების ძალიან პოპულარული რეცეპტია აღწერილი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო XII საუკუნეშიც. ამ დაავადებას "კირჩხიბს" უწოდებენ. მაგალითად, X საუკუნის უნიკალურ ნაშრომში "უსწორო კარაბადინი" ეს სნეულება სწორედ ამ სახელწოდებით არის ცნობილი. შეიძლება სიმსივნის სახელწოდებაც "კიბო" აქედან მოდის. სხვა წყაროების მიხედვით კი კიბოს "კაეშანსა" და "არამს" უწოდებდნენ. აქედან მოდის გამოთქმაც, არმად შეგერგოსო.

- საინტერესოა, ძველ ქართულ მედიცინაში აღწერილი ეს რეცეპტები და მკურნალობის მეთოდები რამდენად ეფექტიანი იყო.

- ამ ცოდნას დღეს "ველურ დაკარგულ მეთოდიკებს უწოდებენ".

- რატომ ველურს?

- იმიტომ, რომ მათში, თავის დროზე, იყენებდნენ ისეთ ნედლეულს, რომელიც დაკარგულია და დღეს ისევ რომ ჩავრთოთ მკურნალობის კურსში, ბევრმა შეიძლება ველურობად აღიქვას. მაგალითად, ჩვენამდე  არის მოღწეული რამდენიმე "კარაბადინი", სადაც ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ ადამიანს ახალდაკლული ქათმის ღვიძლს აჭმევდნენ. ამას ვეძახით ველურ მეთოდიკებს ქართულ ტრადიციულ მედიცინაში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგჯერ ამგვარ მკურნალობას ჩვენი წინაპარი გარანტირებული სიკვდილისგან გადაურჩენია. დღეს კი, XXI საუკუნეში, იგივე მეთოდი ვეღარ არჩენს... ალბათ, იმიტომ, რომ ამ დაკარგული მეთოდიკების შესწავლა და გაანალიზება ჯერჯერობით სწორად ან სრულად არ მომხდარა.

"კირჩხიბის" მკურნალობის ძველი რეცეპტი

25 ცალი კიბორჩხალა კარგად უნდა გავრეცხოთ გამდინარე წყალში და ჩავაწყოთ სამლიტრიან თიხის ქილაში. დავასხათ არაყი და დავაყენოთ 30 დღის განმავლობაში. ჭურჭლის შიგთავსი ყოველდღიურად, 2-3-ჯერ მაინც შევანჯღრიოთ. ერთი თვის შემდეგ არაყი სხვა ჭურჭელში გადავიტანოთ, ხოლო კიბო გავახმოთ, დავაქუცმაცოთ და მისგან ფხვნილი მოვამზადოთ. ამ ფხვნილს დაახლოებით ერთი ჩაის კოვზის ოდენობით ყრიდნენ იმ არაყში, რომელშიც კიბო ეწყო. ძველ ქართულ წყაროებში ის აღარ არის აღწერილი, თუ რამდენჯერ უნდა მიეღო პაციენტს ეს წამალი, მაგრამ ფაქტია,  ამ რეცეპტს ადრე ფართოდ იყენებდნენ ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ.