გორის 1920 წლის მიწისძვრა - კვირის პალიტრა

გორის 1920 წლის მიწისძვრა

ქალაქი გორი აღარ არსებობს! არც ერთი მთელი შენობა აღარ დარჩა, გორის მაზრა მიწასთანაა გასწორებული. დაღუპულია უამრავი ადამიანი, ცოცხლად გადარჩენილნი უმწეო მდგომარეობაში ჩაცვივდნენ უსურსათობის, უტანსაცმლობისა და უსახლკარობის გამო. დანგრეულია როგორც ახალი, ასევე საუკუნის წინანდელი შენობები, ისტორიული ძეგლები... - დაახლოებით ამ შინაარსის ინფორმაციას აწვდიდნენ 1920 წლის თებერვლის გაზეთები საქართველოს მოსახლეობას.

გორის მაზრაში პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვლის 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებითი - 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა (შედარებისთვის, 2002 წლის თბილისის მიწისძვრის მაგნიტუდა უდრიდა 4,6 ერთეულს), ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში. გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე 6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში - 5 ბალს.

როგორც ირკვევა, ღამის ბიძგს ქალაქ გორში დიდი ნგრევა არ მოჰყოლია, მაგრამ განმეორებითმა მიწისძვრამ კი უკვე დაზიანებული სახლები სრულიად გაანადგურა. თვითმხილველთა გადმოცემით, შუადღის მიწისძვრის დროს ქალაქში ისეთი მტვერი დადგა, კაცი ვერაფერს დაინახავდა. ქუჩებში საშინელი ხმაური ისმოდა - ძაღლების ყეფა, ადამიანთა ყვირილი, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებს ეძებდნენ ან ნანგრევებიდან თავის დასაღწევად დახმარებისთვის მოუხმობდნენ ახლობლებს.

"უცებ მოისმა ჯოჯოხეთური გუგუნი და ქალაქი გორი ჯერ საქანელათ გადიქცა, შემდეგ კი როგორც წყლიდან გამოსული ან ჭენების შემდეგ გაოფლიანებული ცხენი ძლიერათ შეიბერტყა, ისე იბერტყებოდა დედამიწის ზურგი ერთი წუთის განმავლობაში. კედლების ჭახაჭუხი, ნგრევა, კორიანტელი მტვრისა, წივილ-კივილი ხალხისა. რა ხდებოდა, აღარაფრის გამოცნობა არ შეიძლებოდა. მთელი გორი გაეხვია სიბნელეში. ჩვენს წინ რამდენიმე ებრაელი და ქრისტიანი დაეცნენ მუხლებზე და ხელებაპყრობილი მაღალი ხმით ღმერთს საშველად მოუწოდებდნენ. ირგვლივ კვნესა, დაჭრილთა ოხვრა. თმაგაშლილი დედა შვილს გიჟივით დაეძებს, გაისმის ისტერიკული სიცილიც. ბევრი გადახვევიან ერთმანეთს, კოცნიან, გადარჩენას ულოცავენ. ცრემლები გაღრჩობს, გინდა ყველას უშველო, მაგრამ უძლური ხარ ბუნების წინაშე", - წერდა იმდროინდელი პრესა.

მიწისძვრის შემდეგ გორის მაზრაში ჩასულთ წინ საშინელი სურათი გადაეშალა. მაზრაში, და განსაკუთრებით ქალაქ გორში, პატარა ქოხმახების გარდა თითქმის არაფერი გადარჩენილიყო. როგორც შემდგომში სტატისტიკური კომისიის მონაცემებით ჩანს, გორში აღწერილი 1336 შენობიდან არანაირი დაზიანება არ მიუღია მხოლოდ 16-ს, 756 შენობა-ნაგებობა კი ან სრულად დაინგრა, ან დასაშლელი გახდა. 405 შენობა კაპიტალურ, ხოლო 156 - მცირე რემონტს მოითხოვდა. დანგრეული იყო ქალაქის ერობისა და თვითმართველობის შენობები, ფოსტა, გიმნაზია, სასულიერო სასწავლებელი, ეკლესიები, ყაზარმები, სატუსაღო. თითქმის მთლიანად ჩამოინგრა გორის ცნობილი ციხე. მიწისძვრის შედეგად ქალაქ გორში დაიღუპა 18 ადამიანი (აქედან 7 ბავშვი), სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 267-მა მცხოვრებმა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო სოფელ ხიდისთავსა და აგრეთვე ოხერაში, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა. ორივე სოფელი ღამის მიწისძვრის შედეგად სრულად განადგურდა. დიდი იყო მსხვერპლიც. სტატისტიკური კომისიის მონაცემების მიხედვით, ხიდისთავში დაიღუპა 30, ხოლო ოხერაში - 16 კაცი (სხვა მონაცემებით ამ ორ სოფელში დაღუპულთა რიცხვი 59-ს უდრიდა), სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 49 ადამიანმა. ამ სოფლებში დაზარალდა 338 ოჯახი.

ერთ ადგილას ნანგრევებში მოჩანდა დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის თავი, სხეული კი ნანგრევებში იყო მოყოლილი. გულშეძრული დედა კი ცდილობდა შვილის ცხედრის ნანგრევებიდან გამოტანას, თუმცა ვერ ახერხებდა; მეორე ადგილას ხანში შესული ცოლ-ქმარი დაღუპულ ოთხ შვილს დასტიროდა, მიწასთან გასწორებული სახლის წინ კი ხუთი კაცის დასახიჩრებული სხეულები გამოეტანათ ჯარისკაცებს. თითქმის მთლიანად დაინგრა სოფელი უფლისციხე, სადაც დაზარალდა 145 ოჯახი და დაიღუპა 15 კაცი (სხვა მონაცემებით - 24). ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ სოფელში ნანგრევებში მოჰყვა ახალდაქორწინებული წყვილი მექორწილეებთან ერთად. თითქმის სრულიად განადგურდა: ატენი, გორიჯვარი, სკრა, ხოვლე, სასირეთი, დოესი და სხვა სოფლები. სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მაზრის 75-მა სოფელმა. სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, მიწისძვრამ მაზრაში შეიწირა 129 კაცის სიცოცხლე (სხვა მონაცემებით დაიღუპა 200-მდე), დაშავდა 661. სტიქიამ დააზარალა 7118 ოჯახი.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელსაც ამ პერიოდისთვის საშინაო და საგარეო პრობლემები ისედაც თავზე საყრელი ჰქონდა, ბუნებამ კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო. აკაკი ჩხენკელმა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა დანგრეული შიდა ქართლი, თბილისში დაბრუნებულმა დამფუძნებელი კრების სხდომაზე პირდაპირ განაცხადა: - ესღა გვაკლდა!

მართლაც, ზარალი ძალიან დიდი იყო. სახლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა თებერვლის სუსხიან დღეებში ღამეს ღია ცის ქვეშ ვერ გაათევდა. სახლების დანგრევასთან ერთად სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს დაეღუპა შინაური პირუტყვი. 20 თებერვალს მაზრაში ჩავიდნენ მთავრობის წარმომადგენლები და ადგილზე გაეცნენ არსებულ სიტუაციას. 22 თებერვალს შეიქმნა მთავრობის საგანგებო კომიტეტი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე ხელმძღვანელობდა. მთავრობამ მოუწოდა მთელი ქვეყნის მოსახლეობას, ამ მძიმე ვითარებაში ვისაც რითი შეეძლო, მხარში ამოსდგომოდა დაზარალებულებს. შეიქმნა დაზარალებულთა დახმარების ბიურო. ამასთან ერთად, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" დაიბეჭდა საკმაოდ ორიგინალური მოწოდება "მდიდრებისადმი": "მდიდარო, მიწისძვრა ყველას ათანასწორებს. გაიღე შენი სიმდიდრიდან დაზარალებულთა მოსამჯობინებლად".

მთავრობისა და ქვეყნის მოსახლეობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მხარში ამოუდგნენ სტიქიისგან დაზარალებულებს. საქართველოს მთავრობამ

მაშინვე გამოყო პირველადი 20-მილიონიანი კრედიტი, თუმცა პირველი დახმარების პაკეტის საერთო ღირებულება 60-80 მილიონ მანეთამდე ადიოდა. მოსახლეობას გაეგზავნა: საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები, 10 ათასი კარავი, შეშა. შეიქმნა საველე ჰოსპიტალები დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. რკინიგზაზე განუწყვეტლივ მოძრაობდნენ სამგზავრო, საბარგო და სანიტარიული მატარებლები. სანიტარიული მატარებლით დაშავებულები გადაჰყავდათ თბილისში. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა 20 თებერვალს მომხდარი ორი დამანგრეველი სიმძლავრის ბიძგისა, რამდენიმე დღის განმავლობაში მიწა სუსტად, მაგრამ მაინც იძროდა, რაც ისედაც დაზაფრულ მოსახლეობაზე კიდევ უფრო დამთრგუნველად მოქმედებდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება გორელებზე შემდგომში გავრცელებული ხუმრობა, რომ მათ შუა გზაზე სიარული ახასიათებთ. მართლაც, შეშინებული მოსახლეობა ერიდებოდა ტროტუარზე სიარულს, რათა შენობების ნანგრევებიდან რამე არ დასცემოდათ.

აღნუსხულია ფაქტები, რომ ფეხმძიმე ქალები მიღებული შოკისგან სანიტარიულ მატარებელშივე მშობიარობდნენ. მთავრობამ უსახლკაროდ დარჩენილთათვის ბინები დაიქირავა ბორჯომში, ხაშურსა და სურამში. ამ უკანასკნელში მომზადდა ბინები 5 ათასი კაცისთვის. მაზრაში გაიგზავნა რეგულარული არმიის მესანგრეთა ათასეული და გვარდიის ნაწილები, მოხალისე სტუდენტთა სანიტარიული რაზმები, ექიმები, ინჟინერები. მოსახლეობა აქტიურად გამოეხმაურა მთავრობის მოწოდებას, გორში თითქმის არ ყოფილა მოროდიორობის ფაქტი, რაც ასეთ სიტუაციაში იშვიათობას არ წარმოადგენს. დაზარალებულებს ფულად დახმარებას უწევდა მთელი საქართველო, დაწყებული მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრების პირადი შემოწირულობებიდან, დამთავრებული კერძო პირებითა და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციით.

გორელთა დასახმარებლად იგზავნებოდა ეკლესიებში მოგროვებული ფული, საკუთარი ხელფასის ნაწილი გაიღეს რეგულარული არმიის ჯარისკაცებმა და გვარდიელებმა, ერობებმა, თბილისის საპყრობილეთა ინსპექციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, სხვადასხვა დაწესებულების მუშებმა. მაგალითად, ზესტაფონში პირველადი დახმარებისთვის მოუგროვებიათ 225 ათასი მანეთი, თბილისის კლუბების საბჭომ კი გადაწყვიტა 100 ათასი მანეთი გაეგზავნა "გორის ფონდისთვის", ასევე "ლოტოს" გათამაშებიდან შემოსული თანხის 10 პროცენტი, კვირაში ერთხელ კი "ლოტოს" მთელი წმინდა მოგება. 28 თებერვალს მწერალთა კავშირის საბჭომ გორის მცხოვრებთა დასახმარებლად ცნობილ კაფე "ქიმერიონში" გამართა გრანდიოზული საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და რუსი მწერლები, ქართული დრამის, "ტარტოსა" და სახელმწიფო თეატრის მსახიობები. მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად 200 ათასი მანეთი გააგზავნა იტალიის სამოქალაქო მისიამ, ასევე მათ გორში გაგზავნეს 500 კაცზე გათვლილი საველე ამბულატორია და ექიმთა ჯგუფი. დაზარალებულებს დახმარება გაუწია სომეხთა ეროვნულმა საბჭომ, რომელმაც გორელებისთვის გამოყო 50 ათასი მანეთი და საკუთარ თავზე აიღო დაშავებულთათვის საავადმყოფოში 20 საწოლის შენახვა. მიწისძვრასთან დაკავშირებით ამერიკული გაზეთის, "ნიუ-იორკ თაიმსის" 10 მარტის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "ასობით მკვდარი, ათასობით უსახლკარო - კავკასიაში მომხდარი მძიმე მიწისძვრის შედეგი". ამერიკელთა აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტმა კი სამი ვაგონი ძველი ტანისამოსი გაუგზავნა დაზარალებულებს.

ასეთი დამანგრეველი ძალის გამოდგა გორის 1920 წლის 20 თებერვლის მიწისძვრა საქართველოსთვის, თუმცა ქართლის შუაგულში დატრიალებულმა უბედურებამ შეაკავშირა და ერთად დააყენა მთელი საქართველოს მოსახლეობა.

დიმიტრი სილაქაძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”