1937 წელი...
19-08-2013
1937 წელი...
(დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #27-33)

"ტაიგაში", თოვლში, ასორმოცდაათ კაცს სამი მცველი მოგვყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ საიმედო ადგილია, ადმინისტრაციას პატიმრის გაქცევისა არ ეშინია. თბილისში 150-კაციან ჯგუფს ერთად ვინ წაგვიყვანდა - იქ თითო კაცზე ლამის თითო შეიარაღებული მცველი მოდიოდა, აქ კი სულ სამი კაცი მოგვდევდა და მათგანაც მხოლოდ ორი იყო თოფიანი. მესამე კი პორტფელით მოდიოდა, ამ პორტფელში ჩვენი ბარათები ეწყო. დილიდან საღამომდის ვიარეთ თოვლიან ტაიგაში. მხოლოდ ერთხელ დაგვასვენეს. განმანაწილებელში მოგვცეს
საკვები: რამდენიმე დღის ულუფა, პური და თევზი. გზადაგზა ვჭამდით, წყლის მაგივრად თოვლს გეახლებოდით. რა თქმა უნდა, იგი წყალს არ ცვლიდა, მაგრამ არავის უკითხავს, ხომ არ გწყურიათო და არც ჩვენ ვახსენებდით თავს, მეტწილად ჩუმად, ჩაფიქრებულნი მივაბიჯებდით.

საღამო ხანს ერთგან გაჩერება გვიბრძანეს. საიდანღაც დიდი კარავი გაჩნდა, გვიბრძანეს
მისი დადგმა თოვლზე, სათანადო ჭოკებიც მოიტანეს და კარავი აღვმართეთ.
გადაგვთვალეს და  გვითხრეს:

- გადით, დასხეპეთ ნაძვის ხეების წიწვიანი ტოტები, დაალაგეთ კარავში თოვლზე ისე, რომ დაწოლა შეიძლებოდესო.
მაშინვე შევესიეთ ნაძვებს. იარაღი დაგვირიგეს (ეს დეტალიც საინტერესოა; ფეხსაცმელებში ზონარი არ დაგვიტოვეს - თავი არ დაიხრჩონო, აქ კი ნაჯახებით, წალდებით და ხერხებით შეგვაიარაღეს).
ბლომად დავსხეპეთ წიწვიანი ტოტები და სქლად დავალაგეთ კარავში, ზედ ლოგინები გავშალეთ და მკვდრებივით დავიძინეთ, არავითარი სიცივე არ გვიგრძნია.

მეორე დღეს ოცდახუთ-ოცდახუთკაციან ექვს ბრიგადად დაგვანაწილეს, თითოეულ ბრიგადას ბრიგადირი დაუნიშნეს. ჯერ გვკითხეს, ვის რა თანამდებობა გვეჭირა. ყველამ ვუთხარით. ჩვენ შორის აღმოჩნდა თბილისის რძის ქარხნის ყოფილი დირექტორი ა. მდინარაძე. როცა მან თქვა, ქარხნის დირექტორი ვიყავიო, მაშინვე ბრიგადირად დაგვინიშნეს. საჭირო აღმოჩნდა სხვა ათასგვარი თანამდებობის ხალხიც: სააღრიცხვო ნაწილის უფროსი, კულტურული ნაწილის უფროსი (ყველა ამ თანამდებობებზე ე.წ. "ბიტოვიკი" პატიმრები დაგვინიშნეს. როგორც შემდეგ გავარკვიე, უფრო მეტი ნდობა ქურდებს ჰქონდათ, მათ ნიშნავდნენ ადმინისტრაციულ და სამეურნეო თანამდებობებზე - (განსაკუთრებით - სამზარეულოს მუშაკებად). ბუხჰალტრებად მეტწილად გამფლანგველები დასხეს, ჩვენგანაც დანიშნეს ადმინისტრაციაში ზოგ-ზოგი, ჩვენ კი (პოლიტიკურებს) მხოლოდ საწარმოო თანამდებობას გვაძლევდნენ (სამუშაოთა მწარმოებელი, ათისთავი, დესიატნიკი, ბრიგადირები და სხვ.). ზონის შიგნით ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამუშაოზე ე.წ. "კონტრიკებს" არ გვამწესებდნენ. პუნქტში ბევრი იყო სისხლის სამართლის ბოროტმოქმედი, მაგრამ ჩვენთან ბრიგადებში მათ არ უშვებდნენ, გვეუბნებოდნენ, გარყვნით წესიერ ხალხსო. ჩვენც არაფერი გვქონდა იმის საწინააღმდეგო, რომ ბრიგადებში ქურდები და ყაჩაღები არ გვყოლოდნენ.

როგორც კი ბრიგადა გაფორმდა, ჩვენ დაგვევალა ხეტყის მოჭრა და საკუთარი საცხოვრებელი ბარაკების აშენება. პატიმართა შორის აღმოჩნდნენ დურგლები, ზეინკლები და ა.შ. ხუთი დღის განმავლობაში ექვსი ვეებერთელა ბარაკი აშენდა და ძალიან კეთილმოწყობილ ბინებში აღმოვჩნდით. როცა ვამბობ "კეთილმოწყობილს", ეს ნამდვილად ასე იყო ჩვენთვის. ციხის, კარვის და ამდენი ტანჯვის შემდეგ ახალაგებული ხის ბარაკები, სადაც პირველად მოგვეცა ლეიბების და საბნების გაშლის, დაგების და დაწოლის საშუალება - მართლაც ნანატრი იყო. რა თქმა უნდა, დამცირებულ და მორალურად განადგურებულ მდგომარეობაში ვიყავით და ამას განსაკუთრებით ვგრძნობდით არა იმიტომ, რომ ვმუშაობდით (მუშაობა ყველას ეწადა), არამედ სისხლის სამართლის ელემენტების უფროსობის გამო: გინება ყველა შემთხვევაში - იყო თუ არა საჭირო, ისინი ნორმალურად არ ლაპარაკობდნენ, მოგვმართავდნენ ენით გამოუთქმელი უწმაწური სიტყვებით. ამასთან ისეთ ჟარგონზე ლაპარაკობდნენ, რომ კარგა ხანს თარჯიმანი გვჭირდებოდა, სანამ ჟარგონს შევისწავლიდით. ყოველ წამს "კონტრიკებს" გვეძახდნენ, ერთი სიტყვით, ყველაფერი პიროვნების ღირსების დასამცირებლად იყო მოწყობილი, ისე, რომ თავი ადამიანად არ გვეგრძნო.

ბანაკში ხმა გავრცელდა, ქართულ ბრიგადებს მცველი არ ეყოლებათ, რადგან ქართველები არ გარბიანო. არ ვიცი, რამ გამოიწვია ასეთი ნდობა, მაგრამ, როცა ბრიგადებად გაგვანაწილეს და სამუშაოზე გაგვგზავნეს, მართლაც არავითარი მცველი არ გამოუყოლებიათ. მხოლოდ ათისთავი გაგვყვა ტყეში, სამუშაო ადგილი გვიჩვენა, აგვიხსნა, რა უნდა გვეკეთებინა და წავიდა. გვითხრა, დღის ბოლოს მოვალ და სამუშაოს ჩავიბარებო. ბრიგადირს ჩააბარეს ბრიგადის სია და სადმე თუ საჭირო იქნება, ამას წარადგენო, უთხრეს.

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს პუნქტში 1500-მდე კაცი იყო. აქედან 500-ზე მეტი ქართველი. მთლიანად ბანაკში კი ამბობდნენ, 5-6 ათასი ქართველიაო. ამ ციფრის სიზუსტეს მე არ ვამტკიცებ, მაგრამ ქართველები ჩვენს ბანაკში მართლაც ბევრნი იყვნენ - თბილისელები, ქუთაისელები, აჭარელები და სხვა. კერძოდ, იმ ბრიგადაში, რომელშიც მე ვმუშაობდი, ბევრი ჩემი მეგობარი იყო: ყოფილი ბაღდათის (მაიაკოვსკის) რაიკომის მდივანი დ. ტაბიძე, პედინსტიტუტის მუშაკი შ.მშვილდაძე, ქუთაისის კომუნალური განყოფილების გამგე კუკულაძე, რამდენიმე ამხანაგი ზესტაფონიდან, აჭარის მიწსახკომი მ.ოქროპირიძე, ბათუმის რაიონული გაზეთის რედაქტორი გ. მეგრელიძე. პუნქტში შექმნილი იყო ქართული ეროვნული რაზმი, რომელშიდაც შედიოდა ყველა ქართული ბრიგადა. ამ რაზმის უფროსად დაინიშნა გოგი წულუკიძე. 

პირადად მე რამდენიმე დღეს ვიმუშავე საერთო სამუშაოზე, საღამოობით კი ჩვენს ბრიგადირს ა. მდინარაძეს ვეხმარებოდი სამუშაო ცნობების შედგენაში, სადაც აღინიშნებოდა, თუ რა გააკეთა ბრიგადამ დღის განმავლობაში, ამასთან, ბრიგადის თითოეულ წევრს იმდღევანდელი ნამუშევარი ეწერებოდა და დღიური ნორმის შესრულების პროცენტი გამოგვყავდა. ერთ დილით შემოდის კაცი და მეუბნება, პუნქტის უფროსი გეძახისო.

- აი, ეს კაცია, მე რომ მოგახსენეთ, - ეუბნება უფროსს ჩემი გამომძახებელი.
- შენ რუსული იცი? - მეკითხება უფროსი.
- დიახ.
- კარგად იცი?
- ყოველ შემთხვევაში, აქ მეყოფა.
- ანგარიში იცი?
- დიახ, ვიცი.
- პროცენტების გამოყვანა იცი?
- დიახ, ესეც ვიცი.
- სამუშაოს აღწერა შეგიძლია?
- დიახ, შემიძლია.
- ხვალიდან შენსავე ბრიგადაში დესიატნიკად გახვალ. აი, ეს კაცი აგიხსნის ათისთავის მოვალეობას.
თურმე იმ კაცს დაუნახავს, რომ ცნობებს ვადგენდი, ნამუშევარს ვაპროცენტებდი და უფროსისთვის მოუხსენებია.

ამგვარად დავინიშნე ათისთავად ბრიგადაში. ბრიგადირი ხალხის არჩეულად ითვლებოდა, ხოლო ათისთავი - ადმინისტრაციის წარმომადგენლად.

დღიურ ნამუშევარს ათისთავი იბარებდა ბრიგადირისაგან, ცნობაზე კი ორივენი აწერდნენ ხელს. ბრიგადირს როგორც ულუფა, ისე ფულადი გასამრჯელო ეძლეოდა - ბრიგადის საშუალო გამომუშავება, ხოლო ათისთავს ჰქონდა მტკიცე თვიური ხელფასი 30 მანეთი და ულუფა ერთი კილო პური და ორი თავი სადილი. სადილის ეს "თავები" ძალიან პირობითი იყო: სტახანოველ მუშებს, ე.ი. ხალხს, რომლებიც დღიურ გეგმას 120 და მეტი პროცენტით ასრულებდნენ, 4 თავი სადილი ეძლეოდა, თუმცა ცხიმის გარეშე. პირველი - სუპი, უფრო ხშირად - უხორცო (თუმცა ხორცის ნახარში), მეორე - კარტოფილის პიურე, მესამე - ვაშლის პიურე, მეოთხე - ნაჭერი "ბაბკა", მაკარონისგან გაკეთებული. დილას და საღამოს - ჩაი, თვეში 600 გრამი შაქარი. ვინც არ მუშაობდა, იმას დღეში მხოლოდ 500 გრამი პური ეძლეოდა და იზოლატორში სვამდნენ. წარმოების 8-საათიანი სამუშაო დღის ნორმები გადაყვანილი იყო 10-საათიან სამუშაო დღეზე.

როდესაც ჩვენი საკუთარი სადგომი ავაშენეთ, პუნქტის ზონა შევღობეთ და ზონას მცველებიც დაუყენეს, მერე დავიწყეთ ხეტყის დამზადებაზე მუშაობა. მზადდებოდა როგორც სამშენებლო მასალა, აგრეთვე შეშა - სამშენებლოდ უვარგისი ნაძვისა და არყის ხისგან.

მთელ წელიწადს მუშაობდა ჩვენი პუნქტი ხეტყის დამზადებაზე, ძალიან დიდი ფართობიც გაიჩეხა. ქართველებისგან შედგა ხისმჭრელთა ერთი და ოთხიც მოჭრილი ხეტყის გამომზიდველი (ნჰტკტდრფ) ბრიგადები. მე ერთ-ერთი ასეთი გამომზიდველი ბრიგადის ათისთავი ვიყავი. ახალჩამოსულები რომ ვიყავით, ბანაკში მუშაობის პირველ ხანებში ადგილი ჰქონდა სიკვდილიანობას ქართველთა შორის. ზოგიერთებმა - შინსახკომის საპატიმროდან ახალგამოსულებმა, უმძიმესი რეპრესიების შემდეგ ძვალტყავად ქცეულებმა - ერთბაშად დიდ თოვლს, 20-25 გრადუს ყინვას ვერ გაუძლეს. იყო შემთხვევა პირდაპირ სამუშაო ადგილზე სიკვდილისა. ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ელეფთერ ცინცაძის სიკვდილმა ხის ძირში, როცა ის ხერხით მუშაობდა. ქართველების დიდმა უმრავლესობამ ამ პერიოდს გაუძლო და შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიატლაგში ქართველი კაცი არ მომკვდარა, თუ არ ჩავთვლით ხანძრის დროს დაღუპულ რამდენიმე ადამიანს. რუსები უფრო მეტნი იხოცებოდნენ. მიზეზი ის იყო, რომ ქართველები ბარგით გადატვირთულები ჩამოდიოდნენ, ყველას ჰქონდა ლოგინი. მთელი დღის მძიმე მუშაობის შემდეგ, საღამოს, ნავახშმევს, ტანთგახდილი ჩაწვებოდნენ სუფთა ლოგინში და ამგვარად, დაახლოებით 6-8 საათის მანძილზე სხეული ისვენებდა.

"ჩემი პატარა ლენინიანა!"

საბჭოეთის ნგრევის პერიოდში ვლადიმირ ლენინის მრავალრიცხოვანმა შემოქმედებითმა მემკვიდრეობამ ინტელექტუალთა ყურადღება მიიპყრო და უამრავი "ობოლი მარგალიტის" აღმოჩენის წყარო გახდა. ცნობილი რუსი მწერალი ვენედიქტ ეროფეევი გულდასმით გაეცნო რევოლუციის ბელადის ტომეულებს და საშუალება მოგვცა მისი წერილებიდან ამონარიდების საშუალებით, წარმოდგენა შეგვქმნოდა როგორ შენდებოდა "თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური". "უნდა აეკრძალოს (!?) ანტონოვს ანტონოვ-ოვსეენკოს გვარის ტარება, იგი უნდა გახდეს უბრალოდ ოვსეენკო" (1918წ. 14 მარტი).; "დაპატიმრებები, რომლებსაც აწარმოებენ ამხ. პეტერსის მითითებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დიდი ძალისხმევით უნდა შესრულდეს"; ამხ. სტალინს ცარიცინში: "იყავით დაუნდობელი მემარცხენე ესერების მიმართ და ხშირ-ხშირად შემატყობინეთ ვითარება. ეს საცოდავი და ისტერიული ავანტიურისტები საყოველთაოდ უნდა განადგურდნენ" (1918წ. 7 ივლისი);

პენზის საგუბერნიო აღმასკომს: "აუცილებლად ჩაატარეთ დაუნდობელი, მასობრივი ტერორი კულაკების, სამღვდელოების და თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. საეჭვო პირებს ქალაქგარეთ, საკონცენტრაციო ბანაკებში უკარით თავი. შემატყობინეთ შედეგი" (1918წ. 9 აგვისტო); ნიჟეგოროდის საგუბერნიო აღმასკომის თავმჯდომარეს ამხ. ფიოდოროვს: "ნიჟნიში აშკარად მზადდება თეთრგვარდიელთა ამბოხი. დაძაბეთ ძალები, მყისვე Gგაატარეთ Gმასობრივი ტერორი. დახვრიტეთ და გაასახლეთ ასობით პროსტიტუტკა, რომლებიც ათრობენ ჯარისკაცებს, ყოფილ ოფიცრებს. იყავით სანიმუშოდ დაუნდობელი" (1918წ. 9 აგვისტო); სარატოვში, ამხ. პაიკერს: "დახვრიტეთ უკითხავად და არ დაუშვათ ამ საკითხის გაჯანჯლება" (1918 წლის 22 აგვისტო); ამხ. სტალინს, პეტროგრადში: "გაფრთხილებთ, ამის გამო საგუბერნიო აღმასკომების თავმჯდომარეებს დავაპატიმრებ და იმასაც მივაღწევ, რომ დავხვრიტო" (1919წ. 20 მაისი); შმიდტს, ტროცკის, ცურიუპას, შლიაპნიკოვს, რიკოვს, ტომსკის: "გთხოვთ, შეკრიბოთ სახკომი თათბირზე, სადაც განვიხილავთ ფაბრიკა-ქარხნების გაჯანსაღების საკითხს მჭამელთა რაოდენობის შემცირების გზით" (1921წ. 2 აპრილი); ნახშირის მრეწველობის სამმართველოს: "ცოტა არ იყოს საეჭვოა სანგრევი მანქანების გამოყენების მიზანშეწონილობა... წერაქვი ჯობია, თანაც უფრო იაფია (1921წ. აგვისტო);

ა. ლუნაჩარსკის: "გირჩევთ, ყველა თეატრი დაასამაროთ" (1921წ. 11 სექტემბერი); კისილიოვის კომისიას: "კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ კარტოფილიდან სპირტის დამზადებისა, სპირტი უნდა დამზადდეს ტორფისაგან, უნდა დავნერგოთ მისი წარმოება ტორფისაგან (1921წ. 26 აგვისტო); "შეატყობინეთ კვების საკვლევ ინსტიტუტს, რომ სამი თვის შემდეგ წარმოადგინონ სრული და ზუსტი ინფორმაცია ნახშირიდან შაქრის დამზადების პრაქტიკულ წარმატებებზე" (1919წ. 26 აგვისტო).; ამხ. ულბრიხტს: "თუ არ ჩაატარებთ საგმირო ღონისძიებებს, პირადად მოვახდენ თავდაცვის საბჭოსა და ცკ-ში არა მარტო ზოგიერთი პასუხისმგებელი პირის დაპატიმ\რებებს, არამედ დახვრეტასაც..." (1920წ. 18 ივნისი).

გაგრძელება შემდეგ ნომერში
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით