საოცნებო ონკანი ლუდის მოყვარულთათვის - კვირის პალიტრა

საოცნებო ონკანი ლუდის მოყვარულთათვის

თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, კვანტური თეორიის შემქმნელი, დანიელი მეცნიერი ნილს ბორი კაცთმოყვარეობისა და არაჩვეულებრივი იუმორის წყალობით კოლეგებისა და ფართო საზოგადოების სიყვარულით სარგებლობდა.

ფიზიკოსთა ბრწყინვალე სკოლის შემქმნელს ერთხელ ჰკითხეს, თუ რაში მდგომარეობდა მისი წარმატების საიდუმლო, რაზეც ჩვეული გულწრფელობით უპასუხა: "ჩემი წარმატების საიდუმლო ის არის, რომ არასოდეს შემშინებია მოწაფეების თვალში სულელად გამოვჩენილიყავი და არასოდეს მიცდია მათთვის მზამზარეული რეცეპტების მიწოდება".

კოლეგებისთვის შენიშვნის მიცემა მისთვის გადაუჭრელი პრობლემა იყო სამეცნიერო საქმიანობაში. თვით ყველაზე დიდი სისულელის ავტორსაც კი მისთვის ჩვეული ლექსიკით მიმართავდა: "ძვირფასო მეგობარო, არ ვაპირებ თქვენს გაკრიტიკებას, მაგრამ..." შემდეგ შეიძლებოდა, ვერ მოეთმინა და ასე გაეგრძელებინა, - "ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ადამიანს თავში მოუვიდეს ასეთი სისულელე".

ძლიერ უყვარდა ფეხბურთი და მეკარის პოზიციაზე დანიის ეროვნული ნაკრების კანდიდატიც იყო, ამიტომ კოპენჰაგენელები მას კარგ ფეხბურთელად უფრო იცნობდნენ, ვიდრე გენიალურ ფიზიკოსად.

1922 წელს ნილს ბორს ნობელის პრემია მიენიჭა. ამის აღსანიშნავად ლუდსახარშმა "კარლსბერგმა" საკუთარი ქარხნის სიახლოვეს ფიზიკოსს პატარა კოტეჯი აუშენა და ლუდის დასაყენებელი ავზიდან პირდაპირ სახლის სამზარეულოში შეიყვანა მილი. იმ დღიდან სახლის პატრონს  უფასოდ შეეძლო ესარგებლა სამზარეულოში დამონტაჟებული ყოველი ლუდის მოყვარულისთვის საოცნებო ონკანით.

აღსანიშნავია, რომ ბორმა, რომელიც ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ძვირფასი საჩუქრების წინააღმდეგი იყო, "კარლსბერგის" საჩუქარი სიამოვნებით მიიღო და კოტეჯის კარზე ცხენის ნალიც მიაჭედა, რათა იღბალს მისთვის არ ეღალატა და ერთ მშვენიერ დღეს ონკანში ლუდი არ დაწყვეტილიყო.

ლადო გოგოლაძე