კიდევ ერთი მიზეზი, გაიცნო საქართველოს ისტორია
26-08-2013
კიდევ ერთი მიზეზი, გაიცნო საქართველოს ისტორია
წინ ტკივილიანი სიამოვნება გელით - კიდევ ერთხელ, ან პირველად წაიკითხოთ გრიგოლ აბაშიძის "ლაშარელა"

გრიგოლ აბაშიძის "ლაშარელას" ერთი უცნაური თვისება აქვს, ყველა მკითხველს თავისას მიაგებს, ყმაწვილს - ყმაწვილურ აღტაცებას და ცრემლს, უფროსს - ამ ეპოქაზე ღრმა ფიქრსა და წაკითხულის ისტორიულ წყაროებთან დაკავშირების სურვილს, ისტორიის ხელახლა შეცნობის გზის ძიებას.

"ლაშარელა", რომელიც ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად შეგვიძლია შევიძინოთ, კიდევ ერთი მიზეზია, რომ თავადაც მივიდეთ ისტორიასთან და შვილებიც მივიყვანოთ, წავიკითხოთ მხატვრული ნაწარმოები და ვიფიქროთ ეპოქაზე,
თუნდაც მის პარალელებზე თანამედროვე ცხოვრებასთან. 

"ლაშარელას" პირველ თავს ბიბლიიდან ამოღებული ეკლესიასტეს სიტყვები აქვს წამძღვარებული: "ვაი, შენ, ქალაქო, რომელსა შინა მეფე შენი ჭაბუკ!" მარტო ესეც კი საკმარისია, რომ ეკლესიასტესეული სიღრმით აღქმისთვის მოემზადო და ლაღად, ძალდაუტანებლად, ემოციურად მოყოლილ ამბავში, რომელსაც ბავშვებიც კი მშვენივრად იგებენ, შენი წილი სატკივარი
ამოიკითხო და გაიაზრო.

ერთი ციტატა "ლაშარელადან": "ხალხი გუგუნებდა, სწყევლიდა და კრულავდა ამ განსაცდელში ქართველთა ჩამგდებთ. ლაშას ძე დავითი ხმას არ იღებდა, ტკივილს არ ამჟღავნებდა და უდრტვინველად იტანდა ორმაგ ტანჯვას: ერთი სატანჯველი მონის ხვედრი იყო, მეორე - ქართველი ხალხის მიერ ამ უბედურების მიზეზად მისი საყვარელი მამის, ლაშა-გიორგის მიჩნევა.

- რას გვემართლებოდი?! რად ჩაგვაგდე სატანჯველში?! რამდენი სისხლი უნდა დავღვაროთ, რამდენი უნდა ვეწამოთ, რომ სამშობლოს ძლიერება და თავისუფლება დავიბრუნოთ! - შეზმუვლეს და შეჰღაღადეს ქედწახრილმა თაობებმა ლაშას და მეფეს უდანაშაულოდ დასჯილი ბავშვივით გული ამოუჯდა სატირლად.  უნდოდა, დაეყვირა ხმამაღლა, რომ ყველაზე შორეული თაობისთვისაც მიეწვდინა: - ჩემი ბრალი არ არი. ჩემს ნებაზე ქვეყნის მომავლის კი არა, საკუთარი ბედის გადაწყვეტა არ დამანებეს ჩემმა დიდებულებმა. მე თქვენზე უბედური ვიყავი, მტერმა მარტო სამშობლოს თავისუფლება და ძლიერება კი არა, სატრფოც მომტაცა, გულის სატრფო! - ენა არ ემორჩილებოდა ლაშას და ყელში ხმა არ ამოსდიოდა. ხარკით წელგაზნექილ და უცხოთა ომებით ილაჯგაწყვეტილ თაობებს ხმა ვერ მიაწვდინა, მათ წინაშე თავი ვერ იმართლა. ყელი უშრება წყურვილისაგან ძლიერი და თავისუფალი საქართველოს უკანასკნელ ხელმწიფეს, უბედურსა და უიღბლო ვაჟკაცს. მდინარესთან ხოხვით მისვლის ღონეც აღარა აქვს და მავედრებელი თვალით იხედება უკან მომდგარი წინაპრებისაკენ.

წვეთ წყალს, სულ ერთ წვეთ წყალს სთხოვს თავის დიდ წინაპრებს, თამარსა და დავითს, ვახტანგსა და ფარნავაზს განწირული მეფე.

წინაპართა კუშტ სახეებზე ზიზღი და მრისხანება აღბეჭდილა წყურვილით სულთმობრძავი შთამომავლისადმი.
გარემიაქციეს პირი მისი ტანჯვისაგან და არა მოიღეს წყალი მცირედ მავედრებლის წინაშე. მხოლოდ თამარს გადმოსცვივდა თვალთაგან მდუღარე.

- ვაი, შენს დედას!"
წინ კიდევ ერთი ტკივილიანი სიამოვნება გელით - კიდევ ერთხელ, ან პირველად წაიკითხოთ გრიგოლ აბაშიძის "ლაშარელა", მიეახლოთ სამშობლოს ისტორიას მხატვრულ ლიტერატურაში და შემდეგ ეძიოთ ისტორიულ წყაროებშიც.

ტრილოგიაში შედის გრიგოლ აბაშიძის კიდევ ორი ისტორიული ჟანრის რომანიც: "ცოტნე, ანუ ქართველთა ამაღლება და დაცემა" და "დიდი ღამე". თითოეული რომანი ორად გაიყოფა და მკითხველი მიიღებს გრიგოლ აბაშიძის თხზულებების ექვს ტომს.

ლეილა გაგუა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები