1937 წელი...
02-09-2013
1937 წელი...
(დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" @#27-35)

ასეთი წახალისების პირობებში გამომძიებლები და რწმუნებულები პირდაპირ ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ "კონტრრევოლუციონერის" მხილებაში. გამოძიების მეთოდებიც ისეთი იყო, რომ მათ არ უძნელდებოდათ ახალ-ახალი, უფრო ხშირად დამოუკიდებელი ორგანიზაციების "აღმოჩენა". საგულისხმოა, რომ ეს მუშაკები იმავე წლებში თვითონვე იქნენ განადგურებულნი. კერძოდ, მახსენდება ახლო ნაცნობი, ყოფილი ფეხბურთელი ლეო აბაშიძე, რომელმაც სხვებთან ერთად ლენინის ორდენი მიიღო, მაგრამ ორი-სამი თვის შემდეგ ისიც დახვრიტეს. ჩემი გამომძიებელი ა. ოვიანი 1939 წელს "საგამომძიებლო მასალების ფალსიფიკაციისათვის" იქნა დახვრეტილი.
ასე წერია სამხედრო ტრიბუნალის მიერ ჩემი რეაბილიტაციის შესახებ გამოტანილ დადგენილებაში...
ვცდილობდი გამეაზრებინა, ერთგვარი ანალიMზი გამეკეთებინა ამ ყოვლად წარმოუდგენელი, რაღაც კოშმარული მოვლენისათვის.

პრესაში იწერებოდა, რომ ისეთი დიდი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწეები, როგორიც იყვნენ რუძუტაკი, კასიორი და სხვები, ხალხის მტრები და მავნებლები იყვნენ. რას უნდა მიეყვანა ეს
ადამიანები საბჭოთა ხალხის მტრობამდე? როცა ასე მონათლეს ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი, რიკოვი, ტომსკი, შლიაპნიკოვი, პრიობრაჟენსკი, ბუდუ მდივანი და სხვები - ასე თუ ისე, გასაგები იყო, რადგან ვიცოდით, რომ ისინი ოპოზიციაში ედგნენ პარტიის ცეკას, რომელსაც ეკამათებოდნენ მთელ რიგ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე, ედავებოდნენ თვით ლენინს და სტალინს. მაგრამ ის ხელმძღვანელი პარტიული და სახელმწიფო მუშაკები, რომელნიც ოპოზიციასთან ბრძოლაში ცეკასთან იყვნენ და კერძოდ სტალინს გვერდში ედგნენ, რას, რა მოვლენებს უნდა გაეხადა ხალხის მტრებად? როგორ იქცნენ სახელოვანი მარშლები, სამოქალაქო ომის განთქმული გმირები - ტუხაჩევსკი, ეგოროვი, უბორევიჩი, ბლიუხერი "გერმანული ფაშიზმის" აგენტებად? თუ ასეა, რამ აიძულა ისინი, თავის დროზე ბოლშევიკური წითელი არმიის თავდადებული მებრძოლები ყოფილიყვნენ?

განსაკუთრებით გაუგებარი იყო ქართველი ბოლშევიკების - შალვა ელიავას, მიხეილ კახიანის, ლევან ღოღობერიძის, ბესო ლომინაძის, ლავრენტი ქართველიშვილის, სამსონ მამულიას, გაიოზ დევდარიანის, ვასიკო დარახველიძის, ეპიფანე კვანტალიანის, გერმანე მგალობლიშვილის, პაპულია ორჯონიკიძის, პეტრე აღნიაშვილის, გიორგი ყურულაშვილის, პავლე მელაძის, გაზანფარ მუსაბეკოვის, გამიდ სულთანოვის, ბაგრატ მაჩაიძის, კოტე და ბორია გორდელაძეების, ერიკ ბედიას, მათიკაშვილის, კუდრიავცევის და უამრავი სხვის, ყველას ვერ ჩამოვთვლი - მტრის ბანაკში მოქცევა. ასევე ვერ დავიჯერებ, რომ მარიამ ორახელაშვილი ხალხის მტერი გახდა. ეს ქალი არალეგალური ცეკას მდივანი იყო, მთელი ცხოვრება ციხეებში და იატაკქვეშა მუშაობაში გაატარა, და ნუთუ მაშინ გახდა ხალხის მტერი, როცა ხელისუფლების მეთაურთა შორის მოექცა?

ყოველივე ამას დავუკვირდი მხოლოდ ამის შემდეგ, როცა თვითონ განვიცადე უკანონო და უსამართლო, დაუმსახურებელი რეპრესიები, გავეცანი ამ რეპრესიების მეთოდებს და ხალხსაც, ვის ხელშიც იყო ამ უდანაშაულო ადამიანების ბედი. მხოლოდ მაშინ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყოველივე ამ უკანონობას საფუძვლად უდევს ი.ბ. სტალინის სიტყვა 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმზე, სადაც მან თქვა: კიროვის მკვლელობამ და მთელმა რიგმა შემდგომმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ ქვეყანაში მოქმედებენ მავნებლური, კონტრრევოლუციური ორგანიზაციები, რომლებიც პარტიაშიც კი აღწევენო. მან დაახასიათა და ერთმანეთს დაუპირისპირა ძველი და ახალი შინაური მტრები, მავნებლები, განაცხადა, რომ წინათ (პრომპარტია, შახტის საქმე და სხვა) მტრები მიმართავდნენ პირდაპირ მავნებლობას, აწყობდნენ დივერსიებს, ჯაშუშობდნენ, დაუფარავად ეწეოდნენ ანტისაბჭოთა აგიტაციას და არ მალავდნენ, რომ საბჭოთა ხელისუფლების მტრები იყვნენ.

სულ სხვაა ახლანდელი მტრებიო, - ამბობდა სტალინი, - ისინი ხშირად გეგმებს გადაჭარბებით ასრულებენ, სიტყვითაც პარტიის სასარგებლოდ ლაპარაკობენ, მაგრამ გულში სულ სხვა რამ უძევთ; საჭიროა გამოიჩინოთ ბოლშევიკური სიფხიზლე და გამოიცნოთ მტერი, მიხვდეთ, რას ფიქრობს იგი. აი, სად არის მთელი უბედურების სათავე - ბელადი ეუბნება პარტიას, შინსახკომს და ხალხს: კაცის საქმეს არ ენდოთ, კაცის სიტყვას არ ენდოთ, გამოიჩინეთ სიფხიზლე და გამოიცანით მტერიო. თანაც ვინც მეტ მტერს გამოიცნობდა, უფრო მაღალი ჯილდო ეძლეოდა...

აი, აქ დატრიალდა ქვეყანა უკუღმა. ყველა მუშაკმა, ვისაც კი რაიმე პატარა თანამდებობა ეჭირა, ხალხის მტრად გამოაცხადა ისინი, ვინც მას გულზე არ ეხატებოდა. ლავრენტი ბერიამ ხალხის მტრებად დასახა ყველა ძველი და ახალი ბოლშევიკი, რომლებსაც ოდესმე რაიმე კრიტიკული სიტყვა უთქვამთ პირადად მის შესახებ. ასეთები, რა თქმა უნდა, იყვნენ ცეკაშიც და მის გარეთაც. ასევე მოიქცა ყველა რაიკომის მდივანი და შინსახკომის უფროსი. ჩემთან ერთად სასჯელს იხდიდა განათლების სახალხო კომისრის აკაკი თათარიშვილის მიერ "დასახელებული" ხალხი, რომელთაც თათარიშვილი არც იცნობდა, არც მათი გვარები სმენოდა. თათარიშვილმა განაცხადა, რომ კონტრრევოლუციურ ბუხარინელთა მემარჯვენე ორგანიზაციაში ჩააბა საქართველოს განათლების განყოფილების გამგეობის რესპუბლიკური თათბირის ყველა მონაწილე. ეს მან განაცხადა არაადამიანური რეპრესიების ქვეშ. რა თქმა უნდა, იპოვეს სია და ყველა დააპატიმრეს. ამ თათბირის ერთ-ერთი მონაწილე იყო შალვა ფაჟავა - ზუგდიდის რაიკომის პარტკაბინეტის ყოფილი გამგე, რომელიც დროებით ცვლიდა შვებულებაში მყოფ განათლების განყოფილების გამგეს და შემთხვევით მოხვდა ამ თათბირზე. მას ათი წელიწადი მიესაჯა და ჩემთან ერთად იხდიდა "დამსახურებულ სასჯელს".

ჩემთან ერთად იხდიდა სასჯელს ახალგაზრდა აგრონომი, მგონი ცქიტიშვილი (გვარი კარგად არ მახსოვს), რომელიც საშუალო სკოლაში სწავლობდა გოგონასთან ერთად, რომელიც შემდგომში რაიკომის მდივნის ცოლი გახდა. ეს ქალი მოწაფეობის დროს მართლაც მოსწონდა, მაგრამ ორივენი ბავშვები იყვნენ და შემდგომში ეს გრძნობა გაქრა, მაგრამ ქალს ქმრისთვის უთქვამს აი, ასეთ კარგ ბიჭს მოვწონდი მეო... 1937 წელს იმ რაიკომის მდივანმა აგრონომი ხალხის მტრად გამოაცხადა და ათი წელი პატიმრობა მიუსაჯა, მისივე მიცემული ჩვენების საფუძველზე.

საქართველოს სახკომსაბჭოში მუშაობდა იურისკონსულტი ლუნკევიჩი. ეს კაცი ჩემთან ერთად იჯდა კამერაში. ის ახოვანი და, ალბათ, ღონიერი ვაჟკაციც იყო. დააპატიმრეს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის გერმანე მგალობლიშვილის ჩვენებით, რომ მან ლუნკევიჩი ჩააბა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. ლუნკევიჩმა ხანგრძლივ ფიზიკურ რეპრესიებს გაუძლო და მიაღწია იმას, რომ პირზე დააყენეს მგალობლიშვილს. "სად ჩამაბა, პირში მითხრას, განა თვითონ სად იყო, რომ კიდევ მე ჩამაბაო?" - მოხდა დაპირისპირება. ლუნკევიჩმა, როგორც კი დაინახა გერმანე მგალობლიშვილი, მაშინვე უთხრა გამომძიებელს: აღარ მინდა პირზე დაყენება, ეს კაცი ყველაფერს იტყვისო და მათთვის სასურველ ჩვენებას ხელი მოაწერა. მან გვიამბო, რომ გამოეცხადა საფლავიდან ამოღებული ადამიანის ჩონჩხი, მოჩვენება. ორმა კაცმა შემოიყვანა გამომძიებლის ოთახშიო. მან სახეში არ შემომხედა, განზე იყურებოდა და ისიც მითხრა: "ნუღარ ჭირვეულობ, უთხარი ყველაფერი, მე ნათქვამი მაქვსო". - აბა, რაღა მეთქმოდა, ცარიელ ჩონჩხს დავას ხომ არ დავუწყებდიო.

ჯერ კიდევ თბილისში, მისჯილთა კორპუსში მიყვანის დღიდანვე ყველა წერდა განცხადებას, ვინ - ცეკაში ბერიას სახელზე, ვინ - სპეცსაქმეთა პროკურორის სახელზე, უმრავლესობა - მოსკოვში სტალინის, მოლოტოვის, კალინინის, ვიშინსკის და, რა ვიცი, კიდევ ვის სახელზე, უდანაშაულო ვართ და გთხოვთ, საქმე ობიექტურად გადასინჯოთ, სიმართლე გამოარკვიოთო. ციხის ადმინისტრაციის მიერ იყო ნებადართული - ვისაც გსურთ, წერეთ განცხადებებიო, და მართლაც, ყველა წერდა. განცხადება არ დამიწერია, იმიტომ, რომ ბერია პირადად მიცნობდა, აგრეთვე ვიცოდი, რომ ყველა დაპატიმრება მისი სანქციით ხდებოდა (ბერია ისეთი კაცი იყო, ყველაფერზე მიუწვდებოდა ხელი - პაჭკორიას გუნდში ახალი სიმღერა არ ისწავლებოდა მისი სანქციის გარეშე და ვინ დამაჯერებდა, რომ პასუხისმგებელ მუშაკს მისი სანქციის გარეშე დააპატიმრებდნენ). ვისთვის ან ვისთან უნდა მეჩივლა? სხვებისთვის კი ბევრ განცხადებას ვწერდი, მთხოვდნენ.

ერთხელ, 1938 წლის ბოლოს, მგონი, შემოდგომა იყო, ხეტყის გამოზიდვის სამუშაოებზე ყოფნის დროს, ბანაკის ცენტრალური გზის პირას ვმუშაობდით. შარაგზაზე ორთვალამ ჩაიარა, ზედ ორი თუ სამი კაცი იჯდა. ერთმა მათგანმა გადმოგვძახა: - გამარჯობათ, ბიჭებო, ქართველებო!.. ჩვენ ყველანი მივცვივდით: - ვინ ხარ, საიდან? გვითხრა, რომ გვარად კობერიძეა, აქ მეხუთე პუნქტში ძმა მყავს და იმის სანახავად ვიყავი, ახლა თბილისში ვბრუნდებიო. ამ კობერიძემ გვითხრა, ბერია მოსკოვში გადაიყვანეს და საქართველოს ცეკას მდივნად კანდიდ ჩარკვიანი აირჩიესო. ეს სენსაციური ამბავი იყო ჩვენთვის, თუმცა კარგს არაფერს მოველოდით, რადგან აქ ყველანი ბერიას გამოგზავნილებად ვთვლიდით თავს. კანდიდ ჩარკვიანის ცეკას პირველ მდივნად არჩევა, ბერიას ადგილზე, ცოტათი საჩოთიროდ გვეჩვენა. კანდიდი რესპუბლიკაში ცნობილი პარტიული მუშაკი არ იყო. ხალხი მას არ იცნობდა, მას პოპულარობა არ ჰქონდა. 1937 წელს იგი ცეკას კულტურის განყოფილების გამგე იყო (გორდელაძე შეცვალა), სრულიად ახალგაზრდა კაცი, საოცრად მორცხვი და მორიდებული. მე ცოტა ხანი მომიხდა მასთან ურთიერთობა და მაოცებდა მისი თავმდაბლობა, მაგრამ ბერიას შეცვლა, ჩემი აზრით, მას არ შეეძლო, საქართველო ცოტა რთული რესპუბლიკაა ხელმძღვანელობისათვის. მე ასე განვსაჯე: ბერია, ალბათ, სტალინს დასჭირდა ცენტრში და უთხრა: შეარჩიე საიმედო კაცი და შენ თვითონ აგე პასუხი საქართველოზეო. ბერიამ შეარჩია, არსებითად, არცთუ ცუდი კანდიდატურა, იმიტომ, რომ კანდიდი ძალიან კულტურული, სინდისიანი და საქმიანი კაცის შთაბეჭდილებას ახდენდა, მაგრამ, ალბათ, ყველა საკითხს, დიდსა და პატარას, ტელეფონით ბერიას უთანხმებს და ეკითხება...
რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთების საშუალებით გავიგეთ, რომ ბერია დანიშნულია სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის (ეჟოვის) მოადგილედ. ამ დანიშვნასთან დაკავშირებით არაქართველი პატიმრები, განსაკუთრებით - რუსები ყოველ ნაბიჯზე გვეძახდნენ: - თქვენ რა გიშავთ, ალბათ, ყველანი წახვალთ სახლებში, თქვენი ბერია შინსახკომში დაინიშნაო.

იმ დღეებში საშვიდნოემბრო პარადი შედგა მოსკოვში. გაზეთ "პრავდაში", რომლის ვიტრინაც ბანაკის ეზოში იდგა, სურათი იყო მოთავსებული, - ცეკას პოლიტბიუროს ყველა წევრი ესწრებოდა პარადს, ეჟოვი კი არსად ჩანდა. იმავე დღეებში "პრავდაში" გამოქვეყნდა პარტიის  XVIII  ყრილობის მოსკოვისა და ლენინგრადის ორგანიზაციების დელეგატთა სიები, რომელშიც ეჟოვის გარდა პოლიტბიუროს ყველა წევრი იყო დასახელებული. ამის შემდეგ გამოაქვეყნეს უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად ლ.პ. ბერიას დანიშვნის შესახებ. ამგვარად, სახელმწიფო მოღვაწეობის ასპარეზიდან უხმოდ გაქრა ეჟოვი - კაცი, რომელსაც წლების განმავლობაში მთელი საბჭოთა პრესა ნაირ-ნაირი ეპითეტით ამკობდა: "სტალინური ნარკომი", "რკინის კაცი", "ეჟოვის ხელთათმანები" (Ежовые руковицы) და სხვა, რომლის სახელის ხსენება შიშის ზარს ჰგვრიდა დიდსა და პატარას, თვით პოლიტბიუროს წევრებსაც კი, რომლის ავტორიტეტი შეუვალი იყო და აი, იგი ერთბაშად, უსიტყვოდ გაქრა, როგორც საპნის ბუშტი.

ბერიას დანიშვნასთან დაკავშირებით რაღაც შეიცვალა ბანაკში, ერთი-ორი პატიმარი გაათავისუფლეს კიდეც. ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. განთავისუფლებულებს სრული რეაბილიტაცია გამოუცხადეს. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომელთა განცხადება ჩემი ხელით დავწერე. გაათავისუფლეს რამდენიმე ქართველი: ქიმიკოსი კრავეიშვილი, პარტიული მუშაკი დათიკო ტაბიძე, ქუთაისის პედინსტიტუტის მუშაკი შალვა მშვილდაძე. ვიფიქრე: მოდი, დავწერ ერთ წერილს, ყოველ შემთხვევაში, თუ არაფერი გამოვა, სასჯელის ვადას მაინც ხომ არ მომიმატებენ-მეთქი. ეს იყო ჩემი უკანასკნელი ღონისძიება, თუ არაფერი გამოვიდოდა, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი თვითმკვლელობა. არ ვიცი, შევასრულებდი თუ არა ამ ჩანაფიქრს, მაგრამ ათ წელიწადს ნამდვილად არ ვფიქრობდი პატიმრობაში დარჩენას - ეს ჩემს შესაძლებლობას, ფიზიკურსაც და სულიერსაც - აღემატებოდა.
დავწერე განცხადება ბერიას სახელზე. ვწერდი, რომ სრულიად უდანაშაულო ვარ, არასოდეს არაფერი არც საქმით და არც აზრით ანტიპარტიული და ანტისაბჭოთა არ ჩამიდენია. პირიქით, მთელი ახალგაზრდული გატაცებით, სულითა და გულით პარტიული საქმისათვის მებრძოლი ვიყავი.

არ ვიცი, რამ იმოქმედა, საჩივრის არგუმენტაციამ თუ სხვა რამემ, მაგრამ 1939 წლის დეკემბერში მივიღე საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დადგენილება, რომ ჩემი საქმე გადაისინჯა და სასჯელის ვადა შემიმცირდა ათიდან სამ წლამდე. გამოდიოდა, რომ ერთი წლის შემდეგ გამათავისუფლებდნენ...

(დასასრული)
2
21 სექტემბერი 2013 19:36
ბაბუაჩემი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს სიმინდის მოსავალი ცუდი რატომ მოვიდაო, არადა იმ წელს თურმე ძალიან ცუდი მოსავალი მოსულა ყველგან ამინდის გამო 1936 წელს. . 20 წელი მიუსაჯეს, ომის პერიოდში ითხოვა ფრონტზე წასვლა და ჩეხოსლოვაკიაში დაასრულა ომი, ის დარჩენილი წლები აპატიე და გამოუშვეს
nejna
06 სექტემბერი 2013 05:38
მეც ასე ვიცი,რომ უდანასაულოებს ანტავისუპლებდნენ ტუ კი სტალინს მიმარტავდნენ,მაგრამ უპასუხისმგებლო ადამიანები ამას ვერ გაბედავდნენ!
05 სექტემბერი 2013 12:01
ბერია ქართველებს პატრონობდაო? :)

კი ... იცოდა ქართული მენტალიტეტი და წამების ისეთ მეთოდებს არჩევდა, რომლებიც ადვილად ტეხდა პიროვნებას...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები