დავიწყებული სასაფლაო - კვირის პალიტრა

დავიწყებული სასაფლაო

კიროვის სახელობის ბაღის გაშენებისას უამრავ საფლავთა შორის თამარ ყანჩელის საფლავიც განადგურდა

კონსტანტინ ბალმონტმა თამარ ყანჩელს  "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი უძღვნა

"მთლად ტერენტი გრანელივით არა, მაგრამ სასაფლაო მასზე მოქმედებდა, ხან მაინც განსაკუთრებით. კიროვის სახელობის ბაღში რომ შეივლიდა, ძალდაუტანებლად გაახსენდებოდა, რომ აქ წინათ ეკლესია და სასაფლაო იყო, ახლა კი ორად ორი საფლავი დარჩენილიყო - ლავრენტი არდაზიანისა და დანიელ ჭონქაძის. არადა, აქ იყვნენ დამარხულნი: თამარ ყანჩელი (სანდრო ყანჩელის მეუღლე, კKონსტანტინ ბალმონტმა "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი რომ უძღვნა), დავით პავლიაშვილი - ნიჭიერი მწერალი, სემინარიელი, გიონ საგანელი - პოეტი.

მათი მარადიული საცხოვრისი ამ სივრციდან ამოშლილიყო.

მომგონებელი ისედაც ვინ ჰყავდათ და უპატრონოდ მიტოვებული საფლავებიც სანატრელი გახდომოდათ.

სანდრო ყანჩელიც რომ გარდაცვლილიყო რამდენიმე დღის წინათ?" - წერდა როსტომ ჩხეიძე, "კომიკოსი ტრაგედიაში" მომგონებელი კი ჰყავდათ, მაგრამ...

თუნდაც ის რად ღირდა, რომ გალაკტიონს - ამქვეყნად ყველაზე ეგოცენტრულ გენიოსს აგონდებოდა მათი სახელები და გულს ტკივილით უვსებდა სანდრო ყანჩელის ამ ქვეყნიდან წასვლა. სხვა ძნელად მიხვდებოდა ამ ტკივილს, გალაკტიონმა კი იცოდა, რომ ნელ-ნელა ღატაკდებოდა მისი თბილისი. აი, უკვე სანდრო ყანჩელიც აღარ იყო, ვინც არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისა და კულტურისთვის.  წარმატებული იურისტი და ცისფერყანწელთა ახლო მეგობარი, გამოსცემდა ლიტერატურულ ჟურნალს, წერდა ლექსებს. სულ რამდენიმე სტრიქონი სანდრო ყანჩელის ლექსიდან ნათლად ახასიათებს მის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი, თბილისისადმი და უცხოტომელებისადმი:

"ორი თბილისი... ერთი არის ღია

წერილი;

მღერის ოპერა, ათამაშებს ბავშვებს

პერინი.

მთაწმინდის გულსა ჰჭრის რელსებით

ფუნიკულორი,

და მოსკოვის ხმას ჩუმათ ისმენს

რადიო-ყური.

"სასიკვდილოა!" ავჭალიდან ღმუის

"ზაჰესი",

წითელი ჯოხით დაცულია ქუჩების წესი,

შოთას პროსპექტზე წინ და უკან

გარბის პორტფელი,

ქალებს ატყუებს ძველი ძონძით

ამერიკელი.

აფთიაქივით განწმენდილნი, დგანან

ბაღები,

ზარით და ზუნით იყიდება რძე და

ნაღები,

რკინა-ბეტონით იმოსება "ცის

დამფხაჭვნელი",

ჰოლანდიელად იხედება ყველა

რაჭველი"...

ცხადია, რაც დღეს გვჭირს, 1927 წელსაც იგივე გვჭირდა და ეს ასახულია სანდრო ყანჩელის ლექსში...

"წითელი ჯოხით" დაცულ "წესრიგში" ვიღაცამ გამოიტანა დადგენილება, რომ ძველი სასაფლაო პარკი უნდა გამხდარიყო...  ასე დაიფარა უამრავი საფლავი დავიწყების საფარვლით. მათ შორის თამარისაც.

სანდრო ყანჩელის პირველი მეუღლე თბილისის არტისტულ წრეებში პოპულარული თამარ ამირეჯიბი გახლდათ, მეორე ცოლი - ელენე შენგელაია, კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას და.

სწორედ მშვენიერმა თამარ ამირეჯიბმა მისცა სულიერი საზრდო ბალმონტს, რომ მას "ვეფხისტყაოსანი" რუსულად ეთარგმნა. ბწკარედი სანდრო ყანჩელმა მოამზადა.

უამრავი უცხო ხელოვანისთვის საქართველო რომ პოეტური აღმაფრენის  ადგილი იყო, ეს საყოველთაოდ აღიარებულია.

"საქართველო, ეს ქალებად გარდასახული გალათეას განსხეულებაა", - წერდა ალექსანდრ დიუმა.

"არაფერია აქაურ ქალებზე თვალწარმტაცი. ამ მიწას შეიძლება სილამაზის სამკვიდრო დავარქვათ. ძნელად წარმოიდგენთ აქაურებზე უფრო სწორ ნაკვთებს, ტანად აღნაგობას. ეს მშვენიერი ქართველი ქალები თითქოს იმიტომ მოვლენიან ქვეყანას, რომ შეიყვარონ და სხვებსაც ჩაუნერგონ სიყვარული", - წერდა 1768 წელს აბატი იოსებ დელაპორტი.

ცხადია, მარტო ფიზიკური სილამაზე არ ყოფილა ასეთი აღტაცების მიზეზი, თუკი გარეგნობას შინაგანი ძალა და მომხიბვლელობა არ ახლავს, ის ფუტუროსავითაა, ახლოს მიხვალ თუ არა, დაგაფრთხობს. თამარ ამირეჯიბი სწორედ სულიერი და ხორციელი სილამაზის ჰარმონიული შერწყმა იყო. 1917 წელს სრულიად ახალგაზრდა ტუბერკულოზით გარდაიცვალა. აგონიის წუთებში მასთან იყო ბალმონტიც, რომელიც სულით ხორცამდე შეძრული მისცემოდა მწუხარებას. პოეტი გოდებდა:

Эх, для меня опустела Картвелия

Мой светильник погас догорев

Для кого же принес Руставели я

Облачив его в русский напев.

თამარ ყანჩელს დარჩა შვილები: დავითი, ვახტანგი და ირაკლი. დავით ყანჩელი 1937 წელს დახვრიტეს  - მეზობელს მისი ბინის ხელში ჩაგდება უნდოდა. ვახტანგი, ცნობილი ინჟინერი მოსკოვში ცხოვრობდა. მისი ვაჟი, ნოდარ ყანჩელი, ცნობილი კონსტრუქტორი გახლდათ, ბევრი საინტერესო შენობა დააპროექტა და ააგო რუსეთში. მხოლოდ ირაკლის შთამომავლები ცხოვრობენ თბილისში.

ბალმონტის ლექსის სტრიქონებით დავამთავრებ: Мое  - средь сумрачных ущелий, Гость солнца в Грузии я сам - моя любовь Тамара Канчели чье имя отдаю векам.