ექიმ შუბლაძის საიდუმლო პაციენტი - კვირის პალიტრა

ექიმ შუბლაძის საიდუმლო პაციენტი

როგორ გადაარჩინა კომუნისტების კლანჭებს ქართველმა ექიმმა უკრაინელი პატრიოტი

კარი ხმაურით გაიღო. ოთახში მედიცინის და შემოვარდა. ექიმი შუბლაძე შეიშმუშნა: - რაო, ჟენეჩკა, ხანძარია?

- ისინი ჩამოვიდნენ! - გოგონას თვალები უბრწყინავდა, - მასწავლებელი ცოლ-ქმარი დასავლეთ უკრაინიდან, გახსოვთ, ჩვენთან შარშანაც რომ ისვენებდნენ?!

შუბლაძეს სახე მოეღუშა.

კომუნისტური მოძრაობის ვეტერანები თუ...

ბორის პოლევოი და მისი მეუღლე ანა ხომიაკი ოდესაში პირველად 1948 წელს გამოჩნდნენ. პანსიონატის დირექტორმა შუბლაძე საგანგებოდ გამოიძახა და უთხრა:

- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე! ისინი 1932 წლიდან კომუნისტურ მოძრაობაში მონაწილეობდნენ, დაპატიმრებულებიც იყვნენ. გესტაპოს ცხვირწინ ისეთი საქმეები აქვთ გაკეთებული, რომ...

- მაგარი ხალხი ყოფილა, - გაიცინა შუბლაძემ.

- ნამდვილად! შეეძლოთ ლვოვში არხეინად ეცხოვრათ. მაგრამ გუცულშჩინის ერთ-ერთ სოფელში სკოლა გახსნეს და იქაურ ბავშვებს ნამდვილ საბჭოთა პატრიოტებად ზრდიან.

- საოცარია! ეს როგორ შეძლეს, იქაურობა ხომ ბანდერელებითაა სავსე!

- ბანდერელებმა რამდენჯერმე შეუთვალეს: სანამ ცოცხლები ხართ, აქედან წაეთრიეთო. იცოდე, მაგარი ხალხია და მზრუნველობა არ მოაკლო.

შუბლაძე და დასავლეთ უკრაინიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი ერთმანეთს მალევე დაუახლოვდნენ. შუბლაძე გაოცებას ვერ მალავდა.  კომუნისტური მოძრაობის ვეტერანებს ნამდვილად არ ჰგავდნენ. - იქნებ  ჯაშუშები არიან? - ეჭვი ღრღნიდა ექიმს, მაგრამ გულს იმშვიდებდა: აქ, სამხედროებისთვის განკუთვნილ სანატორიუმში, ჯაშუშებს რა უნდათ!

როგორ მოვიქცე?!

ერთი კვირის შემდეგ ექიმი შუბლაძე  ვუ<-ში (სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო) გამოიძახეს. შინდაბრუნებულმა მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. დილით სამსახურში მთვარეულივით გაემართა. თათბირზე კუნძივით იჯდა. გონს მაშინ მოვიდა, როცა კოლეგა ექიმმა იდაყვი წაჰკრა: რაო, დაგეძინა? ვერ ხედავ, თათბირი დამთავრდა! შუბლაძე წამოდგა, თავის კაბინეტში შევიდა. ერთხანს მდუმარედ იჯდა, შემდეგ ექთანი გამოიძახა.

- ჟენეჩკა, პოლევოის სთხოვე, ჩემთან მოვიდეს, სასწრაფო საქმე მაქვს.

პოლევოი ოთახში ნელი ნაბიჯებით შევიდა. შუბლაძემ სავარძელზე მიუთითა.

- რა მოხდა, ექიმო, ხომ მშვიდობაა?

- გუშინ უშიშროებაში გამომიძახეს, - შუბლაძე წამოდგა და მიიხედ-მოიხედა, თითქოს რაღაცის ეშინიაო. - თქვენ შესახებ მკითხეს, - ექიმმა ჩაახველა, - მოდი, ზღვის ნაპირას გავისეირნოთ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ორივენი სანაპიროზე იყვნენ. შუბლაძემ კვლავ ჩაახველა.

- მაშ უშიშროება ჩემითაა დაინტერესებული? - პოლევოის სახე მშვიდი და თავდაჯერებული ჰქონდა, - რატომ?

- ისინი უპას (უკრაინის ამბოხებულთა არმია) მეთაურის, რომან შუხევიჩის პერსონით არიან დაინტერესებული, მის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ამზადებენ.

- უპა? პოლევოიმ  გაიცინა, - ბანდერელები ასე თავიანთ ბანდას უწოდებენ!  რომან შუხევიჩი ხომ ამ ბანდის მეთაურია! მაგრამ მე რა შუაში ვარ?

- რაკი თქვენი ამ ოპერაციაში ჩაბმა სურთ, შეგამოწმებენ. თქვენ შესახებ დაწვრილებით გამომკითხეს და რომან შუხევიჩის ფოტო მიჩვენეს, - ექიმს ხმა აუკანკალდა, - შუხევიჩი თქვენ ხართ. ჩეკისტებისათვის არ მითქვამს, პირიქით, მოვედი, რომ გაგაფრთხილოთ.

- რა გინდათ ჩემგან? - შეაწყვეტინა შუხევიჩმა.

- რაკი ჩეკისტებმა თქვენი შემოწმება დაიწყეს, მალე გაგშიფრავენ. მე უბრალოდ გაგაფრთხილეთ.

- რატომ?

- ჩვენ, ქართველები, ყველაზე მეტად  ვაჟკაცობას ვაფასებთ, - ხაზგასმით წარმოთქვა შუბლაძემ, - კარგა ხანია გაკვირდებით. დავრწმუნდი, რომ მამაცი ადამიანი ბრძანდებით. ბანდერელები უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. მე, მათ მიმართ პატივისცემით ვარ გამსჭვალული. მხოლოდ ერთი რამ ვერ გამიგია: ნუთუ გერმანელებთან თანამშრომლობა აუცილებელი იყო?

- თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ის, რასაც საბჭოთა პროპაგანდა ავრცელებს, - მტკიცედ მიუგო შუხევიჩმა, ბანდერელები  ნაცისტებთან არ თანამშრომლობდნენ,  სტეპან ბანდერაც სწორედ გესტაპომ დააპატიმრა. სამი წელი მან ზაქსტენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა. მისი ორივე ძმა ოსვენციმში დაიღუპა. ჰიტლერელთა რეპრესიების მსხვერპლი არა ერთი ბანდერელი გახდა. მეც გესტაპოს კლანჭებს ძლივს გადავურჩი.

- გამოდის რომ ბანდერელთა მოძრაობა ანტიფაშისტური მოძრაობაც ყოფილა?

- უპა გერმანელებსაც ებრძოდა და რუსებსაც, ჩვენ ვებრძვით ყველას, ვინც უკრაინის მიწაზე ცეცხლითა და მახვილით მოვა, - შუხევიჩმა გაიცინა, - კეთილი,  ექიმო, დიდი მადლობა.

იმავე დღეს შუხევიჩი და მისი თანმხლები ქალი ოდესიდან გაუჩინარდნენ.

ეპილოგი

ანა ხომიაკი, იგივე გალინა დიდიკი, შუხევიჩის ცოლი არასოდეს ყოფილა. გალინა მისი თანამებრძოლი იყო  და ბოლომდე  თავისი მეთაურის გვერდით იდგა.

რომან შუხევიჩი 1950 წლის 5 მარტს ჩეკისტებთან შეტაკებისას დაიღუპა. გალინა დიდიკმა საბჭოთა გულაგში მრავალი წელი გაატარა. ის გადარჩა და შთამომავლობას თავისი მოგონებები დაუტოვა, სადაც თავისი ოდესური თავგადასავალიც აღწერა.

უპა (უკრაინის ამბოხებულთა არმია)

მეოცე საუკუნის 20-იანი წლებისთვის უკრაინის უდიდესი ნაწილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. 1932-1933 წლებში კრემლმა უკრაინელებს ნამდვილი გენოციდი მოუწყო. პურის ამოღების საბაბით, საბჭოეთმა უკრაინის საზღვარი ჯარის მეშვეობით ჩაკეტა და 8 მილიონამდე ადამიანი შიმშილით მიზანმიმართულად მოკლა.

უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია ოუნის (მისი ხელმძღვანელი სტეპან ბანდერა გახლდათ) მიზანს დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენდა.

1939 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ მოსკოვში ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის პაქტს, რომლის მიხედვით,  კრემლის მფლობელობაში გადადიოდა პოლონეთის შემადგენლობაში მყოფი დასავლეთი უკრაინა.

სულ მალე, ვერმახტის ბაზაზე ორი უკრაინული ბატალიონი "ნაჰტიგალი" და "როლანდი" შეიქმნა, რომლებსაც უკრაინის ბოლშევიკებისგან გათავისუფლებაში უნდა მიეღო მონაწილეობა. სტეპან ბანდერა ვარაუდობდა, რომ  გერმანელები უკრაინელებს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას მისცემდნენ. თუმცა დამოუკიდებელი უკრაინა არც ჰიტლერის გეგმებში შედიოდა. გესტაპომ ოუნის ლიდერები დააპატიმრა. დაშალეს ბატალიონები "ნაჰტიგალი" და "როლანდი". ოუნმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. 1942 წელს ოუნის ხელმძღვანელობით უპა(უკრაინის ამბოხებულთა არმია) ჩამოყალიბდა. მის  შემადგენლობაში  გადავიდა  "ნაჰტიგალი" და "როლანდი".

1944 წლის მიწურულისთვის, როდესაც საბჭოთა კავშირმა რეგიონიდან გერმანიის განდევნა შეძლო, უპა წითელი არმიის წინააღმდეგ მარტო დარჩა. 1946 წელს დასავლეთ უკრაინის გასაწმენდად კრემლმა ნახევარმილიონიან არმიას მოუყარა თავი და ბლოკადაში მოაქცია მთელი რეგიონი. 1950 წელს შინსახკომის ჯარებთან შეტაკების დროს დაიღუპა უპას ხელმძღვანელი გენერალი რომან შუხევიჩი. ამის შემდეგ უპა პრაქტიკულად, აღარ არსებობდა. საბჭოთა უშიშროების სამსახურმა უპა-ოუნის განადგურება 1959 წელს დაასრულა, როდესაც სუკის აგენტმა ბოგდან სტაშინსკიმ მიუნხენში ოუნის ხელმძღვანელი სტეპან ბანდერა მოკლა.

აფხაზეთის ომში "უნა-უნსომ" საქართველოს ფასდაუდებელი დახმარება გაუწია

უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის, უპას ხელმძღვანელის, რომან შუხევიჩის საქმე მისმა ვაჟმა იურიმ გააგრძელა, რომელმაც  საბჭოთა ბანაკებში, საერთო ჯამში, ორმოცი წელი გაატარა. პატიმრობისას დაკარგა მხედველობა. 1989 წელს ბრმა იური შუხევიჩმა,  ცნობილ უკრაინელ პოლიტიკოსთან და მწერალთან დმიტრო კორჩინსკისთან, და სხვა თანამოაზრეებთან ერთად,  შექმნა  სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია  უნა-უნსო.

1998 წლიდან უნა-უნსო მონაწილეობს ყველა ანტირუსულ კამპანიაში, იქნება ეს ომი (ჩეჩნეთის პირველი და მეორე კამპანიები), თუ მშვიდობიანი აქციები.

აფხაზეთის ომში, ქართველების დასახმარებლად უნა-უნსომ დაახლოებით 100 მოხალისე გამოგზავნა. მათი დანაყოფის სახელი იყო "არგო". მისმა მებრძოლებმა აფხაზეთის ომში საქართველოს ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს - 9 უნსოელი დაიღუპა, 50 კი  დაიჭრა.

2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა უნა-უნსო დაადანაშაულა ქართული არმიის მხარეს ბრძოლაში და ოსების გენოციდში, თუმცა ეს საკითხი არ დადასტურებულა და დღემდე ღიად რჩება.

ნიკა თევზაძე