ნაძალადევი ვალშია!
30-09-2013
ნაძალადევი ვალშია!

თბილისში, მთაწმინდაზე, არის ცნობილი ქართველი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის სახელობის ქუჩა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან შესანიშნავი საბავშვო მოთხრობების ავტორი სწორედ ამ უბანში ცხოვრობდა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თუ თბილისის უბნებზე მიდგება საქმე, ყველაზე დავალებული მწერლისგან ნაძალადეველები არიან. 

1911 წელს ქართველმა საზოგადოებამ ეკატერინე გაბაშვილის სამწერლო მოღვაწეობის 40 წლისთავი აღნიშნა. მწერალს იუბილე ყოფილმა ქალაქისთავმა არღუთინსკიმაც (ნიკოლოზ არღუთაშვილი) მიულოცა და მისასალმებელ სიტყვაში, ყველასთვის მოულოდნელად, იუბილარს ასე მიმართა: "მადლობელი ვართ ქალაქის განაშენიანებაში შეტანილი წვლილისთვის." გაოცებულმა
მწერალმა ვერ მოითმინა და მაშინვე ჰკითხა, რით დავიმსახურე ასეთი პატივი, რა განაშენიანებაზე საუბრობთო? რაზეც არღუთინსკიმ მიუგო: "რკინიგზის გადაღმა, იქ, სადაც ახლა "ნაძალადევად" წოდებული, თითქმის ნახევარი ქალაქისოდენა დასახლებაა გაშენებული, თავიდან ათიოდე გლეხის ოჯახი ცხოვრობდა, გადაწყვეტილი იყო, ეს ხალხი, რომელიც თავხედურად და უკითხავად დასახლდა მთის კალთებზე, იქიდან
აგვეყარა.

რამდენჯერმე მივწერეთ, ვუბრძანეთ გადასახლება, მაგრამ "ტეტიებმა" ყური არ გვიგდეს; მაშინ პოლიციას ვუბრძანეთ, ის ხუხულები დაენგრიათ, მაგრამ იქაურებმა ცულებითა და კეტებით მათ სულ კუდით ქვა ასროლინეს.

საქმეში გუბერნატორი ჩაერია, ჯარის მისევა დააპირა, მაგრამ ზოგიერთმა ხმოსანმა კრების მოწვევა მოითხოვა. კრება შედგა და დიდი აურზაური ატყდა - როგორ გაბედეს ვიღაც წუნკალმა მოთრეულებმა პოლიციის გაჯახირებაო. მაშინ წამოდგა ერთი ყმაწვილი ხმოსანი, უბიდან მწვანეყდიანი ჟურნალი "ჯეჯილი" ამოიღო და ამ საქციელით გაკვირვებულ ხმოსნებს თქვენი პატარა მოთხრობა "მშიერაძის ოჯახი" წაუკითხა; ბოლოს, იმ ადგილას, სადაც პოლიცია გამოსახლების მიზნით სვიმონ მშიერაძის ქოხის განადგურებას ლამობს, ხმამ უღალატა, ჩურჩულით განაგრძობდა კითხვას და ყელში მომდგარი ცრემლებით დაასრულა: ნუთუ, ბატონებო, თქვენგან ვისმეს ძალა შესწევს, ამ ბოგანო ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ნაძალადევ მოქალაქედ ქცეულა, ხელი შეახოს და გაჩაღებული კერა ჩაუქროსო. წამს ჩურჩული ჩამოვარდა... შემდეგ ხმათა უმეტესობით გადაწყდა, "ნაძალადევი" დაეგეგმათ და უღარიბესი მოსახლეობისთვის ნება მიეცათ, მიწაზე მცირე ფასდადებით სახლები აეშენებინათ".

ლადო გოგუაძე
lalo
02 ოქტომბერი 2013 17:40
ნაძალადევში ვცხოვრობ, ყველანაირი ვერსია გამიგია ამ რაიონის დაარსებისა, მაგრამ ეს ინფორმაცია ახლა გავიგე.
ნონა
02 ოქტომბერი 2013 14:31
ცრემლები მომადგა წაკითხვისას....მადლობა ავტორს !!!!!
v
02 ოქტომბერი 2013 11:34
მადლობა.
ხო შეიძლება ასეთი სტატიებიც წეროთ.
მარტო ვინ სად გააქიცინა კურტუმო და ვინ ვისის საყვარელია... ამოვიდა რა ყელში....

რედაქტორის რჩევით