გამოთხოვება
07-10-2013
გამოთხოვება
"იმ დღეს ძვირფას მეგობართან ერთად, ძველ თბილისსაც სამუდამოდ გამოეთხოვნენ"

კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სპექტაკლში - "იეთიმ გურჯი", არის ასეთი სცენა: ღამით თავის ღარიბულ სადგომში მძინარე, "ორპირ მეგობრისგან" გაყიდულ იეთიმ გურჯს ჟანდარმები მიაკითხავენ. გაჩხრეკენ იქაურობას და გაოცდებიან: ხის ტახტზე მიწოლილს თავისი განუყრელი დოლი გვერდით მოუდვია და ნაბდის ერთი ფრთა მისთვის გადაუფარებია. ამის შემხედვარე  ჟანდარმს აღმოხდება: "ნაღდად გაგიჟდა, კაცო, ნახე, დოლი ლოგინში ჩაუწვენია!"

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პიესის ავტორის ფანტაზიის
ნაყოფი იყო, რომელიც, სავარაუდოდ, სინამდვილეში მომხდარ კიდევ უფრო "გიჟურ" ფაქტს ეყრდნობოდა, სინამდვილეს, რომელიც ძველი თბილისისა და თბილისელების ცხოვრების წესი იყო.

1940 წლის ივლისის ერთ ხვატიან დღეს ავლაბრის მაშინდელი ბაზრის მხრიდან უზარმაზარი პროცესია გამოვიდა - თბილისის სწორუპოვარ და უკანასკნელ აშუღს, იეთიმ გურჯს კრძალავდნენ.

კუბოს წინ მოუძღოდნენ
იეთიმის მეგობრები - თავით ფეხებამდე თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი, გრძელი, თეთრი თმა-წვერით მოსილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იოსებ იმედაშვილი, მას გვერდს უმშვენებდნენ ძველი თბილისის მეხოტბე, შესანიშნავი ქართველი პოეტი იოსებ გრიშაშვილი და იეთიმ გურჯის დიდი დოსტი - ექიმი და მისი ლექსების გამომცემელი ალექსი ბარნოვი. რაღა თქმა უნდა, აქვე იყვნენ თბილისის ძველ უბნებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ხელოსანთა ამქრის წევრები და მედუდუკეები. მეტეხის ხიდი გადაიარეს და მეიდანზე შეჩერდნენ. მედუდუკეებმა გამოსამშვიდობებელი ჰანგები დაამღერეს და მისი დასრულების შემდეგ ყველანი საბარგო მანქანებით ვაკის ძველი სასაფლაოსკენ დაიძრნენ (მოგვიანებით პოეტის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს).
საფლავთან რამდენიმე გამოსათხოვარი სიტყვა კიდევ ითქვა. შემდეგ იოსებ იმედაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, ალექსი ბარნოვი და კიდევ რამდენიმე კაცი მიწის ბორცვზე შემოდებულ კუბოსთან მივიდნენ, ზედ იეთიმის განუყრელი ნაბადი შემოახვიეს, სათუთად შეფუთეს და ისეთი მწუხარებითა და სინანულით ჩაუშვეს სამარეში, თითქოს ძვირფას მეგობართან ერთად ძველ თბილისსაც სამუდამოდ ეთხოვებოდნენ.

ლადო გოგუაძე
მიშა
08 ოქტომბერი 2013 16:38
მკითხველისთვის, ერთი შემიძლი დავამატო, რომ დიდი ეთიმის დაკრძალვაზე სოფ.დიდ თონეთელმა ისაკა აზრუნელაშვიმაც დაუკრა დოლი. (მთელი სიცოცხლე ამით ამაყობდა ისაკა)
mkitxveli
07 ოქტომბერი 2013 16:45
ბ-ნო ლადო ყოველტვის ძალიან საინტერესო ტემაზე წერტ და მომწონხარტ როგორც ჟურნალისტი,მაგრამ იქნებ ცოტა ვრცლად დაგეწერატ და დაბოლოება ცოტა აზრიანი გაგეხადატ?

რედაქტორის რჩევით