"12 სკამი" - გომიაშვილის გარნიტურიდან - კვირის პალიტრა

"12 სკამი" - გომიაშვილის გარნიტურიდან

რუსმა რეჟისორმა, კინოკომედიების უბადლო ოსტატმა, ლეონიდ გაიდაიმ "თორმეტ სკამში" ოსტაპ ბენდერის როლზე მრავალი შესანიშნავი მსახიობი დაიწუნა და ბოლოს გადაწყვიტა, მთავარი როლი რომელიმე უცნობი, არასლავური გარეგნობის მსახიობისთვის შეეთავაზებინა. სინჯებზე ქართველი მსახიობი არჩილ გომიაშვილი გამოიძახეს, რომელსაც მაშინ რომელიღაც ქართულ ფილმში უპირებდნენ გადაღებას.

მსახიობი სასწრაფოდ გაემზადა მოსკოვში წასასვლელად, ქართული ფილმის რეჟისორი კი ასე დაამშვიდა: არა მგონია, დამამტკიცონ, მალე დაგიბრუნდებიო. იმან კი, იცოდა რა ბატონი არჩილის "გაქანების" მასშტაბი, როდესაც გაიგო, ვის როლზე უნდა მოესინჯათ, თავში ხელი შემოირტყა - შენ რაღას დაბრუნდები, სინჯებიც არ გინდა, ისე დაგამტკიცებენო. ასეც მოხდა - არჩილ გომიაშვილმა "უდიდესი კომბინატორის" ბრწყინვალე სახე შექმნა. თუმცა, თავად მსახიობი შედეგით უკმაყოფილო დარჩა და პირველ ჩვენებაზე რეჟისორს უთხრა: რომ მცოდნოდა, ასეთ უვარგის ფილმს გადაიღებდი, მონაწილეობაზე არ დაგთანხმდებოდიო, რაზეც გაიდაიმ უპასუხა: მეც რომ მცოდნოდა, ასეთი უვარგისი არტისტი იყავი, არ გადაგიღებდიო. ამის შემდეგ ექვსი წელი ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ფილმის გამოსვლიდან 25 წლის თავზე კი უკვე ბიზნესმენმა არჩილ გომიაშვილმა თავის რესტორანში, "ოქროს ოსტაპი", დაპატიჟა ფილმში მთავარი როლების შემსრულებელნი, მათ შორის - გაიდაის მეუღლეც, სადაც მათ 12 სკამი დაახვედრა, ოღონდ ილფისა და პეტროვის "12 სკამისაგან" განსხვავებით, გომიაშვილის "გარნიტურის" თითოეულ სკამში სტუმრებს ძვირფასი სიურპრიზი ელოდათ.

ლადო გოგუაძე