"12 სკამი" - გომიაშვილის გარნიტურიდან
14-10-2013
"12 სკამი" - გომიაშვილის გარნიტურიდან
რუსმა რეჟისორმა, კინოკომედიების უბადლო ოსტატმა, ლეონიდ გაიდაიმ "თორმეტ სკამში" ოსტაპ ბენდერის როლზე მრავალი შესანიშნავი მსახიობი დაიწუნა და ბოლოს გადაწყვიტა, მთავარი როლი რომელიმე უცნობი, არასლავური გარეგნობის მსახიობისთვის შეეთავაზებინა. სინჯებზე ქართველი მსახიობი არჩილ გომიაშვილი გამოიძახეს, რომელსაც მაშინ რომელიღაც ქართულ ფილმში უპირებდნენ გადაღებას.

მსახიობი სასწრაფოდ გაემზადა მოსკოვში წასასვლელად, ქართული ფილმის რეჟისორი კი ასე დაამშვიდა: არა მგონია, დამამტკიცონ, მალე დაგიბრუნდებიო. იმან კი, იცოდა რა ბატონი არჩილის "გაქანების" მასშტაბი, როდესაც გაიგო, ვის როლზე უნდა მოესინჯათ,
თავში ხელი შემოირტყა - შენ რაღას დაბრუნდები, სინჯებიც არ გინდა, ისე დაგამტკიცებენო. ასეც მოხდა - არჩილ გომიაშვილმა "უდიდესი კომბინატორის" ბრწყინვალე სახე შექმნა. თუმცა, თავად მსახიობი შედეგით უკმაყოფილო დარჩა და პირველ ჩვენებაზე რეჟისორს უთხრა: რომ მცოდნოდა, ასეთ უვარგის ფილმს გადაიღებდი, მონაწილეობაზე არ დაგთანხმდებოდიო, რაზეც გაიდაიმ უპასუხა:
მეც რომ მცოდნოდა, ასეთი უვარგისი არტისტი იყავი, არ გადაგიღებდიო. ამის შემდეგ ექვსი წელი ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ფილმის გამოსვლიდან 25 წლის თავზე კი უკვე ბიზნესმენმა არჩილ გომიაშვილმა თავის რესტორანში, "ოქროს ოსტაპი", დაპატიჟა ფილმში მთავარი როლების შემსრულებელნი, მათ შორის - გაიდაის მეუღლეც, სადაც მათ 12 სკამი დაახვედრა, ოღონდ ილფისა და პეტროვის "12 სკამისაგან" განსხვავებით, გომიაშვილის "გარნიტურის" თითოეულ სკამში სტუმრებს ძვირფასი სიურპრიზი ელოდათ.

ლადო გოგუაძე
Tamazi
18 ოქტომბერი 2013 15:22
გომიაშვილი იყო ბუმბერაზი მსახიობი. სამწუხაროდ ქართულ ფილმებში მხოლოდ მისი კოხტაია შემორჩა, მაგრამ უამრავი მთავარი როლი აქვს შესრულებული გრიბოედოვის თეატრის სცენაზე. მარტო "საჭიროა მატყუარა" რად ღირს, ვისაც გახსოვთ!
თემო
18 ოქტომბერი 2013 06:01
გომიაშვილი ყველა ფილმში განუმეორებელია, ასეთი დამაჯერებელი სახეები ძნელად თუ ვინმეს გამოსდის. უყურებ მის გმირებს და ყველა ნამდვილი და ნაცნობი გგონია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, თითქოს გარდასახვა და თამაში არ არსებობს. აი ეს არის დიდი პროფესიონალიზმი. ოსტაპის ავტორმა და რეჟისორმა როლი და გმირი წარმოიდგინეს მხოლოდ და მათ უეცრად ნამდვილი ოსტაპი გამოეცხადათ...
daviti
17 ოქტომბერი 2013 12:28
მე უფრო ზახაროვის 12 სკამი მომწონს და მირონოვის შესრულება უფრო უკეთესად მიმაჩნია. გემოვნების საკითხია. მისი ოსტაპი და მირონოვის ოსტაპი სრულიად სხვადასხვაა. 12 სკამი გაიდაის საუკეთესო ფილმების რიცხვს არ მიეკუთვნება. გომიაშვილი კი ნამდვილად დაიკარგა როგორც მსახიობი ამ ფილმის შემდეგ, მიმინოში იყო ეპიზოდურ როლში.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები