მართლა მოხვდა! - კვირის პალიტრა

მართლა მოხვდა!

პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმის კარგად კეთება თავგანწირვას მოითხოვს. ასეა სამსახიობო ხელოვნებაშიც. მაგალითად, ლეგენდად შემორჩა სესილია თაყაიშვილის საქციელი, როდესაც ამ დიდებულმა მსახიობმა იმისათვის, რომ ოლღა  ბებიას სახე უფრო დამაჯერებელი გამოსვლოდა, კბილები ამოიღო. სერგო  ზაქარიაძეც, "მეტეხის ჩრდილში" მეწაღის როლის თამაშისას, ისე დახელოვნდა ფეხსაცმლის კერვაში (ამისათვის რამდენიმე კვირა ნამდვილ მეწაღეს დაუდგა შეგირდად), რომ ერთი თეატრალური სეზონის განმავლობაში რამდენიმე წყვილი "პადოშიანი ჩუსტი" შეკერა.

ქალბატონი მედეა ჩახავა ასეთ ამბავს იგონებდა: ერთ-ერთ სპექტაკლში მის გმირს სასტიკ შეურაცხყოფას აყენებდნენ. რეჟისორს, მიშა თუმანიშვილს, მედეა ჩახავას რეაქცია არადამაჯერებლად მოეჩვენა და "ოსტატობის დასახვეწად" რჩევა მისცა, რაც მაშინ ჯერ კიდევ დამწყებმა მსახიობმა პირნათლად შეასრულა: შუაღამისას გავიდა სახლიდან და რომელიღაც მიტოვებულ მშენებლობაზე ტალახიან გუბეში ჩაწვა, რათა ეგრძნო, რას განიცდის ადამიანი "ლაფში ამოსვრის" დროს.

ამ ყველაფერს მსახიობები საკუთარი სურვილით სჩადიოდნენ, სანდრო ჟორჟოლიანს კი თავისი კოლეგების ანგლობის წყალობით მოუხდა "მსხვერპლის გაღება".

ვის არ ახსოვს სცენა კინოფილმიდან "ქეთო და კოტე", როდესაც მაკარის სახლში საპატარძლოს სანახავად მოწვეულ თავმომწონე სასიძოს გააბიაბრუებენ, შემდეგ კი კოტეს ოინბაზი მეგობრები ამასაც არ იკმარებენ და შეშინებულ და გასასვლელისკენ გაქცეულ დარბაისელ საზოგადოებას ათასგვარ ოინს მოუწყობენ, ერთ-ერთ მათგანს კი დამბაჩებით მარილსაც დაახლიან. სწორედ ეს მსხვერპლი გახლავთ სანდრო ჟორჟოლიანი, რომელიც ფილმში სადილ-ვახშამზე "მონადირე" თავადიშვილის, ბეშქენის როლს ასრულებს. მსახიობი საოცრად ბუნებრივად იტაცებს დამწვარ ადგილას ხელს და სულ ხტუნვა-ხტუნვით გარბის. არაჩვეულებრივი სცენაა და ეს არც არის გასაკვირი - სანდრო ჟორჟოლიანი ხომ დიდი მსახიობი იყო, მაგრამ ამ სცენის დამაჯერებლად თამაშისათვის მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. საქმე ის არის, რომ ახალგაზრდა მსახიობებმა, რომლებიც სინამდვილეშიც, კოტეს მეგობრებზე არანაკლები ოინბაზები იყვნენ, დამბაჩები მართლა დატენეს მარილით და მსახიობიც, კარგად თუ დააკვირდებით, გაოცებულ-გამწარებული გაიძახის: "მართლა მომხვდა! მართლა მომხვდა!"

ლადო გოგუაძე