ანდერსენის ახირებები - კვირის პალიტრა

ანდერსენის ახირებები

გაბრიელ გარსია მარკესის რომანები და მოთხრობები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. სამწერლო კარიერის დასაწყისში მარკესი საბავშვო მოთხრობების შექმნაზე ოცნებობდა. რამდენიმე მოთხრობა დაწერა კიდეც და საცდელად თავის პატარა ბიჭებს წააკითხა. მათი  ვერდიქტი კი სასტიკი აღმოჩნდა: შენ ბავშვები ასეთი სულელები გგონივართ?! - ამგვარი რიტორიკული კითხვით მიმართეს მათ მამას, რითაც საბოლოოდ დააკარგვინეს საბავშვო მოთხრობების წერის ხალისი.

ბავშვების გულის მესაიდუმლე, დიდი მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენი კი პირიქით - "სადიდო" ნაწარმოებების შემქმნელის დიდებაზე ოცნებობდა და ათეულობით რომანი, პიესა და პოემა დაწერა, რომლებიც არავის აინტერესებდა. მის მიერ, ასევე, დიდებისთვის დაწერილ ზღაპრებს კი დიდებიცა და პატარებიც სულმოუთქმელად კითხულობდნენ. არადა, ავტორს, რომელიც საკმაოდ უხიაგი ხასიათის პატრონი გახლდათ, ზღაპრების გაგონება არ უნდოდა და იძულებით წერდა, რადგან შემოსავალი მოჰქონდა. რაც შეეხება ბავშვებს, მათი დანახვაც არ სურდა, რადგან ხმაურისა და დისკომფორტის მეტი არაფერი მოჰქონდათ მისთვის.

უკვე სახელგანთქმულ მწერალს მოქანდაკე ესტუმრა და მისი ძეგლის ესკიზი აჩვენა, სადაც მეზღაპრე წიგნით ხელში და მუხლებზე ბავშვებით იყო გამოსახული. მწერალი სასტიკად განრისხდა და კატეგორიულად მოსთხოვა, აბეზარი  ბავშვები მისი მუხლებიდან "ჩამოესვა". ანდერსენის მოთხოვნა დაკმაყოფილდა - გარემოცვიდან სკულპტორმა მხოლოდ "საძაგელი ბატის ჭუკი" დაუტოვა. თუმცა, ანდერსენმა პატარა თაყვანისმცემლებისგან თავის დახსნა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო - პატარა სტუმრები არასდროს ელევა კოპენჰაგენში, სკვერში ჩამომჯდარ მეზღაპრეს.

ლადო გოგუაძე