ამქვეყნიური მადლით მოსილი
21-10-2013
ამქვეყნიური მადლით მოსილი
"მეგობარი ქალების რჩევით, დედაჩემს გადაეწყვიტა, არ გავჩენილიყავ ამ ქვეყანაზე და ქმრისთვისაც გაეზიარებინა ეს საყოყმანო ფარული ზრახვა. მამაჩემი, - როგორც დედა მიამბობდა სიცილით, - "შეხტა და შემოტრიალდა", - ეგ როგორ იქნება! რა იცი, იქნებ სულაც მწერალი გამოვიდესო!" - წერს ავტობიოგრაფიაში დიდი ქართველი პოეტი გიორგი ლეონიძე. ასე ძლიერ უყვარდა პოეტის მამას მწერლობა. თუმცა, იგი ვაჟიშვილის დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა და გიორგი ლეონიძის მოგონებებს თუ დავეყრდნობით, მისი პოეტური სულის ჩამოყალიბებაზე გავლენა სწორედ ნაადრევად დაქვრივებულმა
დედამ მოახდინა. როდესაც ვაშლს გათლიდა, თურმე დედა არაფრით ნაგავში არ გადააყრევინებდა ნათალს, - უსათუოდ ბუხარში უნდა დაეწვათ, რადგან... არსებობს ერთი ჩიტი, მაგის სურნელით რომ ცხოვრობსო.

"ქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლულ პოეტს" - ასეთი მიძღვნა გაუკეთა გიორგი ლეონიძისთვის ნაჩუქარ წიგნს მიხეილ ჯავახიშვილმა. ეს ფრაზა იმდენად ზედმიწევნით ახასიათებდა
პოეტის სულსა და ბუნებას, რომ მას თავისი თავგადასავალი აქვს.

ერთხელ  შესანიშნავი მწერალი ოთარ ჩხეიძე პოეტმა პირდაპირ ქუჩაში "აიყვანა" - სადმე ქალაქგარეთ გავიდეთ, პური ვჭამოთო. წავიდნენ. უკან მოიტოვეს მცხეთა, კასპი და ახალქალაქში შევიდნენ. თურმე საზეიმო შეხვედრა აქვს იქაურებთან, რაზეც მანქანაში სიტყვაც არ დასცდენია. შემოეგებნენ მასპინძლები, თანმხლებ მწერალზეც ჰკითხეს, - სიტყვით ხომ გამოვაო. მანაც, წამით არ შეყოყმანებულა, ისე უპასუხა: გამოვა, აბა, მაშ, რა მოარბენინებდაო. შემცბარმა ოთარ ჩხეიძემ ესღა ჩაილუღლუღა, - რა იქნება, ერთხელ მეცა ვჭამო პური უშრომელადო, რაზეც პოეტის პასუხიც მიიღო, - ეგრე სად გაგონილა და სად დაწერილაო.

რაღას იზამდა, დაიძრა ტრიბუნისაკენ, ისე, რომ ვერაფერს ფიქრობს და სწორედ ამ დროს გაახსენდა ჯავახიშვილის ის ცნობილი მიძღვნა. გაახსენდა და... სიტყვები თავისთავად აესხა მძივივით. მშვენიერი მისალმება გამოუვიდა. კმაყოფილი პოეტიც, უკვე სუფრის თამადა, ხშირ-ხშირად გამოსძახებდა, - ალალი არის ახლა შენზე პურისჭამაო.

ჯერ კიდევ ჭარმაგი, უკურნებელი სენით შეპყრობილი გიორგი ლეონიძის გამოსალმება ამქვეყნიურ მადლთან განსაკუთრებით ტრაგიკული და ამაღელვებელი იყო.

დიდხანს არ ნებდებოდა: იმერელო, ეჭვი არ შეგეპაროს, საყველაწმინდოს შესასმელად მე ისევ დავბრუნდებიო! - დამშვიდობების შემდეგ ზურგში დაადევნა გზად შეხვედრილ მეგობარს. ხოლო როდესაც მინდვრად გასულს წვიმამ მოუსწრო, სახე ციდან წამოსულ თხილისოდენა წვეთებს შეუშვირა და ცრემლმომდგარი ბუტბუტებდა, - ამ ყველაფერს კაცი როგორ უნდა შეელიოსო.

თუმცა, საბოლოო დიაგნოზი საკუთარ თავს თავადვე დაუსვა: სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მეგობრებმა ინახულეს. სენთან ვაჟკაცურად მებრძოლი პოეტი დაღონებული დაუხვდათ. შესჩივლა: დღეს "ვეფხისტყაოსანი" გადავშალე, კითხვა დავიწყე და ჟრუანტელმა აღარ დამიარა, ახლა კი ნაღდად მოვკვდებიო...

ლადო გოგუაძე
KAXA
21 დეკემბერი 2013 17:43
რატომ აღარ იბადებიან ესეტი დიდებული ქარტველები?ალბატ იმიტომ რომ ადამიანებს ერტმანეტისადმი სიძულვილი ჭამტ და ბ-ნ გიორგის წვიმაც კი უყვარდა რადგან ქარტულ წვიმად მიაჩნდა.რა ცოდოები ვარ...
kato
24 ოქტომბერი 2013 11:17
,,მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,

როგორც წყალში დგას წნორის ძირები...

სიცოცხლეს არვის დავესესხები,

თუ სამშობლოსგან გავიწირები!.."
alex
22 ოქტომბერი 2013 23:26
უდიდესი პიროვნება გახლდათ ბატონი გიორგი(გოგლა)ლეონიძე !

აფერისტებმა და ქვეწარმავლებმა მწერლობიდან,თავიანთი ინტრიგებით ,შეჭამეს და დაავადმყოფეს მართლაც უნიჭიერესი,უწესიერესი და უკეთლიშობილესი ქართველი ადამიანი! ვერ აიტანეს,რომ იგი მწერალთაკავშირს უდგა სათავეში!

*************************************************

,,მოდი!

გეძახი ათას წლის მერე,

დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;

ვარდის ფურცლობის ნიშანი არის

და დრო ახალი პაემანისა...,,

***********************************************

განათლებულია ზეცაში მისი სული!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები