ერთი ძველი ნივთის უცნაური ისტორია - კვირის პალიტრა

ერთი ძველი ნივთის უცნაური ისტორია

ძველ ნივთებს მართლაც რომ უცნაური ისტორიები აქვთ - ფოტოზე მარცხნივ გამოსახული თაბაშირის ქანდაკება ოთხი წლის წინ თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ სარდაფში ვიპოვეთ. სამწუხაროდ, მას არც საინვენტარო ნომერი ჰქონდა, არც მუზეუმის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ირიცხებოდა, თანაც არც ძვირფასი მასალისგან არ იყო დამზადებული (თაბაშირი ხომ შავი მასალაა და ადვილად მსხვრევადი). მიუხედავად ამ "ნაკლისა", მაინც მოვიწონეთ და დიდი სიფრთხილით "დავაბინავეთ". ამ ამბის შემდეგ რამდენჯერმე ვცადე ქანდაკების ავტორისა და ნამუშევრის შესახებ რამე ინფორმაცია მომეძიებინა, თუმცა უშედეგოდ.

ამ თაბაშირის ქანდაკებას საგანგებოდ ალბათ არც არასოდეს გავიხსენებდი, რომ არა ერთი გარემოება: წლეულს ედინბურგში, შოტლანდიის ეროვნულ გალერეაში მომიწია სტუმრობამ. მთავარი შესასვლელის ლამაზად დახვეულსაფეხურებიანი კიბის დასაწყისში მარმარილოს პოსტამენტიდან "ჩვენმა", ოდესღაც სარდაფში ნაპოვნი ქანდაკების ორეულმა შემოგვხედა! თვალს არ დავუჯერე, როცა მისი განმარტებითი ბარათიდან სიტყვა თაბაშირი (პლასტერ) ამოვიკითხე. განმარტება იმასაც იუწყებოდა, რომ ეს ნამუშევარი ცნობილი იტალიელი მოქანდაკის კარლო ალბაცინის (1739-1807) მარმარილოს სკულპტურის თაბაშირის ასლი იყო, რომელზეც რომის სახელგანთქმული იმპერატორი ლუციუს ვერუსია გამოქანდაკებული. ასე რომ, საქართველოში, ჩვენი მუზეუმის სარდაფში ნაპოვნი თაბაშირის ასლის ორეულს, ლუვრში დაცულ დედანზე არანაკლები მოწიწებით შეჰყურებდა შოტლანდიაში ასობით თვალი.

სულ მალე, "ქართველი" ლუციუს ვერუსი ჩვენი სასახლის დარბაზში ასეთივე პატივით მოიწონებს თავს.

გიორგი კალანდია

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი