ბახმაროს დოღი და ნაღდი გურულები - კვირის პალიტრა

ბახმაროს დოღი და ნაღდი გურულები

რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი წერდა, - როცა ომის ღმერთის დღესასწაულზე იბერთა მეფე ფარსმან ქველი დიდებულებთან ერთად რომს ეწვია, ისეთი საცხენოსნო ასპარეზობა გამართა, რომ მაყურებელი განაცვიფრა. XVII საუკუნეში არქანჯელო ლამბერტიმ და დონ კრისტოფორო კასტელმაც აღწერეს ქართველების ჯიშიანი ცხენები. წერდნენ, ცხენოსანთა შეჯიბრება საქართველოში ყველგან იმართება და იმდენი ხალხი იყრის თავს, მოედანზე ნემსიც არ ჩავარდებაო. მოკლედ... მეც ამაზე ვწერ, ოღონდ გურული მხედრებით აღფრთოვანებული ამერიკა უნდა გამოვტოვო და ჩოხატაურისა და ბახმაროს საუკუნოვან დოღს მივადგე - ლამბერტი ალბათ, აქაურობასაც გულისხმობდა, როცა ამ სანახაობაზე წერდა.

დღეს ჩოხატაური ის იშვიათი კუთხეა, სადაც ოჯახში 7-8 სულ ცხენს ზრდიან. ზაფხულში კი ერთ-ერთს მოახტებიან და ბახმაროს მთებში დოღზე მიაჭენებენ. თქვე დალოცვილებო, რა გრჯით, რომ 5-საათიან გზაზე თავს იღლით, შესვით ეს თქვენი ცხენები სატვირთო მანქანაზე, თქვენც აძვერით და ისე გასწიეთ დოღზე-მეთქი!

- სად ბენზინის სუნში ჩაკვეხება და სად სუფთა ჰაერი რო დაგეცემა ფილტვებში, თანაც  ჩიტების ჭიკჭიკი მიგიძღვება წინ. აგი მიუძღოდათ ჩვენ მამა-პაპებს, იმიზა ცოცხლობდნენ დიდხანს, ჩვენც იმდენი რო ვიცოცხლოთ, რამე დაშავდება?!

- საქართველოში ცხენი თითქმის ყველგან გადაშენების პირასაა, ჩოხატაურის მინდვრები კი რემებით არის სავსე, ამდენი ცხენი დოღის ხათრით დაზარდეთ?!

- დოღის დღე რო მოახლოვდებოდა, ჩვენი მამა-პაპა სიხარულით დაფრინავდა, მარა დოღის ცხენი მასე იოლად კი არ იზრდება, ეგენი სუფთა ჯიშის ცხენებია და განსაკუთრებული მოვლა უნდა. მინდვრებში საოჯახო, სატვირთო ცხენები გვყავს. სიმინდი იქნება, თუ ლობიო, მთაგორებზე მოგვყავს და ცხენებით მოგვაქ ოჯახებში. დალოცვილი პირუტყვია, მე შენ გეტყვი, საწვავი გაუთავდება, თუ ნაწილი ჩამოუვარდება. თანაც უყვარხარ, ცხენივით კაცი ვერ უერთგულებს კაცს. ადრე ჩოხატაურში ერთი ცნობილი ცხენოსანი გვყავდა, რომ მოკვდა, მისი ცხენიც დეიკარგა. მერე იპოვეს საცხა კვტარი - არც უჭამია, არც უსვია და გათავებულა საცოდავი.

- ბრძანეთ, დოღის ცხენის მოვლას დიდი ფული უნდაო. ფული გაქვთ?

- რომ არ გვაქვს, ქალბატონო, იმიზაა, რომ ვერ ვუვლით. წელსაც მაგიზა გვაჯობა ბახმაროში ოზურგეთელმა კაცმა... დოღზე ჩემპიონობა მარტო კაცს კი არა, სახელმწიფოსაც უნდა აინტერესებდეს და ცხენოსანს ეხმარებოდეს. ჩვენთან კიდო, მასე არაა... ერთი სუფთა, ინგლისური ჯიშის ცხენი ჰყავდათ ჩოხატაურში ჩამოყვანილი გამგეობას, კარგად რომ მიეხედათ, ჩოხატაური უცვლელი ჩემპიონი იქნებოდა, მარა ვერ მიხედეს... ეხვეწა ერთი ცხენის მოყვარული - მე მაინც მომეცით, საცოდაობაა, შიმშილით მაინც არ მოვკლავო. არ მისცეს. ფული გვაქვს გადახდილი და შენც უნდა გადაგვიხადოო.

- მერე იმ ცხენს რა მოუვიდა?

- აღარსად ჩანს, ალბათ დეიკვლებოდა და წეიღებდნენ ბათუმის ბაზარში გასაყიდად.

- იქ რა, ცხენის ხორცს ყიდიან?!

- ერთხელ ღორი დავკალი, ბათუმის ბაზარში წევიღე გასაყიდად და კაცმა მაცივარი რომ გამოაღო, შიგ ცხენები იყო ჩამოკიდებული. რაიზაა ვითომ ცუდი ცხენის ხორცი?! - გაუკვირდა გოგია ჩავლეიშვილს და თავისი ცხენების სანახავად წამიყვანა მინდორში, - ერთი თვის გაშვებულები მყავს, როცა დაგვჭირდება, შინ მაშინ მოგვყავსო და... დაუსტვინა. სტვენაზე წაბლისფერმა ცხენმა მოხედა და მხედრითურთ ჩვენკენ გამოექანა. მისი ძლიერი ფლოქვების ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. მტვრის კორიანტელში გახვეული ცხენზე ამხედრებული ბიჭი ისე მოაგელვებდა ცხენს, რომ საოცრად ლამაზი სანახავი იყო... ამ სურათმა წარსული და ჩვენი წინაპრები გააცოცხლა.

მოგვიანებით მასპინძლებმა გაყვითლებული, მაგრამ გაუხუნარი ფოტო მაჩვენეს...

- აი ფოტო, 1927 წელს არის გადაღებული, ზედ ბახმაროს დოღია და ნაღდი ჩოხატაურელები არიანო! - მითხრა და გაიჯგიმა. - მეც ხომ მათი ჯიშისა ვარ, ნაღდი და გაუხუნარი!