ქართველი მზვერავი სამმაგ თამაშში - კვირის პალიტრა

ქართველი მზვერავი სამმაგ თამაშში

შალვა ბერიშვილის "გვირაბი" პარიზიდან მოსკოვამდე

საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია საბჭოთა დაზვერვას, რიხარდ ზორგეს მსგავსად, ქართველმა ემიგრანტმა შალვა ბერიშვილმაც მიაწოდა.

დაზავების და მოჩვენებითი პოლიტიკური სტაბილურობის მიუხედავად, პირველი მსოფლიო ომის შემდგომმა პერიოდმა ევროპას სიმშვიდე ვერ მოუტანა. ვითარება სულ უფრო და უფრო ფეთქებადსაშიში ხდებოდა, ძირითადად, დამარცხებული გერმანიის დისკრიმინაციული მდგომარეობის გამო, რასთან შეგუებასაც ეს უკანასკნელი არანაირად არ აპირებდა. ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა გერმანიის სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის შემდეგ.

1938 წელს გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა ეს პროცესი ერთი წლით გადასწია. ამ დროისთვის, ანტისაბჭოთა საქმიანობის ცენტრად კვლავ საფრანგეთი, კერძოდ, პარიზი რჩებოდა. აქტიურობით გამოირჩეოდა ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია, რომლის ავანგარდშიც დევნილი მთავრობის ლიდერები იდგნენ. მათ ინტენსიური კონტაქტები ჰქონდათ ანტისაბჭოთა საქმიანობით დაინტერესებულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, საფრანგეთის მთავრობასა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებთან.

გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის შესაძლო ომის მოახლოების ფონზე, საფრანგეთის დაზვერვამ და სამხედრო სამინისტრომ წინასწარი სამუშაოები დაგეგმეს. მათ ინტერესში შედიოდა ქართული ანტისაბჭოთა პოლიტიკური ემიგრაციის გააქტიურება და მისი ძალისხმევის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართვა.

გახშირდა ქართული ემიგრანტული მთავრობის ერთ-ერთი ლიდერის, ევგენი გეგეჭკორის კონტაქტები საფრანგეთის სამხედრო სამინისტროსთან. საქართველოს დევნილმა მთავრობამ საფრანგეთის ხელისუფლებას ოფიციალურად გადასცა ნოე ჟორდანიას, ევგენი გეგეჭკორისა და აკაკი ჩხენკელის ხელმოწერილი, მათდამი სრული მხარდაჭერის ამსახველი მემორანდუმი. ამის შემდეგ ანტისაბჭოთა საქმიანობის თვალსაზრისით წინა პლანზე გამოდის ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერის, ნოე რამიშვილის დისშვილი შალვა ბერიშვილი.

ნოე რამიშვილის მკვლელობის შემდეგ შალვა ბერიშვილი, სარდიონ (სანდრო) მენაღარიშვილთან ერთად, საზღვარგარეთ ფარული ანტისაბჭოთა საქმიანობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა. ყველაზე რთულ დავალებებს ნოე ჟორდანია მას ანდობდა, როგორც უშიშარ და სამშობლოზე შეყვარებულ ახალგაზრდას. შალვა ბერიშვილისა და სანდრო მენაღარიშვილის მეშვეობით, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს დამყარებული ჰქონდა ოფიციალური კონტაქტები პოლონეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და თურქეთის სპეცსამსახურებთან, რომელთა მეშვეობითაც ანტისაბჭოთა ღონისძიებანი იგეგმებოდა და ხორციელდებოდა.

გერმანია 1939 წლის 1-ელ სექტემბერს თავს დაესხა პოლონეთს, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. 3 სექტემბერს ინგლისმა გერმანიას ომი გამოუცხადა. 28 სექტემბერს გერმანელები ვარშავაში შევიდნენ. საფრანგეთში მოღვაწე ქართული ანტისაბჭოთა პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერებს მიაჩნდათ, რომ ინგლის-საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი გერმანია-საბჭოთა კავშირს დაამარცხებდა და ეს პროცესი დადებითად წაადგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

ერთობლივი ანტისაბჭოთა საქმიანობის დაგეგმვისა და საერთო კოორდინაციისთვის, ა. მარკემ 1939 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ნოე ჟორდანიას ბინაში შეხვედრა მოაწყო, რომელსაც ნოე ჟორდანიას, შალვა ბერიშვილსა და ა. მარკესთან ერთად, ინგლისისა და პოლონეთის გენერალური შტაბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ მეკავშირეები გენერალ ვეიგანის მეთაურობით გაერთიანებულ არმიას აყალიბებდნენ. სამხედროები იმედოვნებდნენ, რომ აუცილებლად ჩაერთვებოდა თურქეთიც. ნოე ჟორდანიამ ცალსახად განაცხადა, რომ ქართველები ითანამშრომლებდნენ მათთან ანტისაბჭოთა საქმიანობის თვალსაზრისით იმ პირობით, თუკი მოკავშირეები აღიარებდნენ საქართველოს დევნილ მთავრობას და მომავალში ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაში დაეხმარებოდნენ. ქართველებმა ასევე მოითხოვეს, რომ როცა გაერთიანებული არმია, მათ შორის თურქეთის სამხედრო დანაყოფები, საქართველოში შევიდოდა, წინა ფლანგზე აუცილებლად ფრანგები უნდა ყოფილიყვნენ.

შტაბების წარმომადგენლებმა ნოე ჟორდანია და შალვა ბერიშვილი დაპირებებით აავსეს. იქვე გადაწყდა, რომ შალვა ბერიშვილი, როგორც მრჩეველი კავკასიის საკითხებში, მივლინებული იქნებოდა თურქეთში დისლოცირებულ მეკავშირეთა არმიის შტაბში. კონკრეტულ ოპერატიულ დავალებებს შალვა ბერიშვილი თურქეთში საფრანგეთის საელჩოს სამხედრო ატაშისგან მიიღებდა.

1939 წლის 16 სექტემბერს შალვა ბერიშვილი სტამბოლში ჩავიდა და მეორე დღეს შეხვდა თურქეთში საფრანგეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს, ლელეს. მათ ერთად დასახეს სამომავლო გეგმები. შალვა ბერიშვილმა ოფიციალური კონტაქტები დაამყარა თურქეთის სპეცსამსახურებთანაც.

1940 წლის მარტის ერთ-ერთ შეხვედრაზე ლელემ შალვა ბერიშვილს განუცხადა, რომ თურქეთი ყველანაირად მზად იყო საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის. იმჟამად მეკავშირეები ამზადებდნენ გეგმას ბაქოს, თბილისისა და ბათუმის დასაბომბად და საავიაციო დესანტის გადასასხმელად სამხრეთ კავკასიაში. ეს ინფორმაცია სულ მალე დაადასტურეს ვეიგანის შტაბის უფროსმა ლიოკრელმა და ავიაციის სპეციალისტმა დუბუამ, რომლებმაც დაბეჯითებით განუცხადეს შალვა ბერიშვილს, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმა მეკავშირეთა მხრიდან პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ამისთვის მათ ესაჭიროებოდათ უკანასკნელი ცნობები საბჭოთა აეროდრომებზე, მთებში ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებზე, პუნქტებზე, სადაც ყველაზე მოხერხებული იქნებოდა მცირე შეიარაღებული ჯგუფების გადასროლა და სხვ. რაც შეეხებოდა ქართულ ანტისაბჭოთა ემიგრაციას, მეკავშირეთა აზრით, ომის დაწყებისთანავე, მას უნდა აემოქმედებინა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ცენტრები საქართველოში, ხოლო თვით შალვა ბერიშვილი კი, სადაზვერვო პუნქტების მომზადების მიზნით, სასწრაფოდ უნდა გამგზავრებულიყო საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვრის სიახლოვეს.

1940 წლის მაისის დასაწყისში თურქების მხარდაჭერით საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვართან ყოფნამ შალვა ბერიშვილი დაარწმუნა, რომ თურქეთი მზად იყო საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის.

შალვა ბერიშვილმა, შექმნილი ვითარების თაობაზე, მოახერხა ნოე ჟორდანიასთვის სასწრაფოდ ინფორმაციის მიწოდება. ნოე ჟორდანიამ მაშინვე განუმარტა შალვა ბერიშვილს, რომ ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით წინააღმდეგობა უნდა გაეწია ამ პროცესისთვის და თუ საჭირო გახდებოდა, როგორმე ინფორმაცია მიეწოდებინა საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის.

ნოე ჟორდანიას ამგვარმა პოზიციამ შალვა ბერიშვილი გააოგნა, თუმცა დავალება უნდა შესრულებულიყო. როგორც ჩანს, ნოე ჟორდანიას გადაწყვეტილებაზე იმანაც იმოქმედა, რომ დიდი დაპირებების მიუხედავად, საფრანგეთი არ ჩქარობდა საქართველოს დევნილი მთავრობის აღიარებას. იმავდროულად, თურქეთის გეოსტრატეგიულ მისწრაფებათა გათვალისწინებით, მოკავშირეები მას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასაწყებად აქეზებდნენ და ჰპირდებოდნენ, სამომავლოდ, კავკასიის რეგიონის მათი გავლენის სფეროდ აღიარებას. ეს კი ნიშნავდა, რომ ასეთ ვითარებაში, საომარი მოქმედებები კავკასიაში თურქეთის მონაწილეობით გამოიწვევდა იქ მცხოვრები ერების ფიზიკურ განადგურებას.

შალვა ბერიშვილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველო კვლავ საერთაშორისო ღალატის მსხვერპლი ხდებოდა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, როგორმე საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საომარ მოქმედებათა შესაძლო განვითარების თაობაზე, მით უმეტეს, ეს ნოე ჟორდანიას მოთხოვნაც იყო.

შალვა ბერიშვილმა საზღვრის გასწვრივ დაუბრკოლებელი გადაადგილების უფლებით ისარგებლა, 1940 წლის 9 ივნისს არალეგალურად გადალახა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარი და კურორტ აბასთუმანს ეწვია. იქიდან მან მოსკოვში, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის სახელზე, ჩვეულებრივი ფოსტით, გააგზავნა წერილი, რომელშიც გადმოცემული იყო მის ხელთ არსებული ინფორმაცია უახლოეს მომავალში ბაქოს, თბილისისა და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების შესაძლო დაბომბვისა და სხვა საინტერესო ოპერატიული ცნობები. მეორე დღესვე შალვა ბერიშვილი თურქეთში დაბრუნდა.

ძნელია მტკიცება, გაითვალისწინა თუ არა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ეს მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიიღეს თუ არა შესაბამისი ოპერატიული და პოლიტიკური გადაწყვეტილებები. თუმცა უკვე 1940 წლის 14 ივნისს გერმანელები მარშით შევიდნენ "ღია ქალაქად" გამოცხადებულ პარიზში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაზვერვა სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ, თუმცა საფრანგეთის საელჩო თურქეთში თავის საქმიანობას მაინც განაგრძობდა.

მეკავშირეთა გეგმების ჩაშლის შემდეგ თურქებს ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი ომს დაუწყებდათ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეპოვებინათ საზღვრის გასწვრივ ბოლშევიკთა სამხედრო მზადების თაობაზე. თურქებმა დახმარებისათვის შალვა ბერიშვილს მიმართეს, რომელიც საქართველოში არალეგალურ გადასვლას დათანხმდა.

1940 წლის აგვიტოს ბოლოს, საქართველოში ანტისაბჭოთა საქმიანობის ორგანიზების მიზნით, შალვა ბერიშვილმა ქართველ ემიგრანტებთან - დავით ერქომაიშვილსა და შალვა კალანდაძესთან ერთად, გამყოლთა მეშვეობით, არალეგალურად გადაკვეთა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარი და ბათუმისკენ გაეშურა. ათდღიანი მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, 1-ელი სექტემბრისთვის, ისინი ბათუმის სიახლოვეს, დასახლება ახალშენთან, დაბურულ ტყეში დაბინავდნენ.

შალვა ბერიშვილმა კარგად იცოდა, რომ მის ქცევას თანამემამულეთა თვალში ეჭვი არ უნდა გამოეწვია და სხვადასხვა ხერხს მიმართავდა. სპეცსამსახურების ოპერატიული კომბინაციის შედეგად, ერქომაიშვილმა და კალანდაძემ ახალშენის ტყეში ერთი ხანობა დაყვეს და შემდეგ კვლავ თურქეთში დაბრუნდნენ, ხოლო შალვა ბერიშვილი საქართველოში დარჩა.

ბათუმის ბულვარში მან მეორედ დაწერა წერილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ლავრენტი ბერიას სახელზე. წერილში იგი ასაბუთებდა თავისი გადაწყვეტილების მიზეზს - ეთანამშრომლა საბჭოთა ხელისუფლებასთან, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო იდეურ მოსაზრებებთან და იმ დროის მსოფლიოში შექმნილ ვითარებასთან და საბჭოთა სპეცსამსახურებთან აუცილებელ შეხვედრას მოითხოვდა, შეთავაზებული ოპერატიული სქემის მიხედვით. შალვა ბერიშვილმა წერილი კონვერტში ჩადო და საფოსტო ყუთში ჩააგდო, თვითონ კი ტყეში დაბრუნდა.

1940 წლის 21 სექტემბერს, დათქმული პირობების შესაბამისად, შალვა ბერიშვილი ქობულეთის რკინიგზის სადგურთან შეხვდა საქართველოს შინსახკომის პასუხისმგებელ მუშაკ ირაკლი ნიბლაძეს, რომელმაც ის ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე ფარულად შეახვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს ავქსენტი რაფავასა და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მაღალი რანგის თანამშრომელს ილინს. იმავე დღეს შალვა ბერიშვილი მათთან ერთად მოსკოვში გაამგზავრეს.

ლავრენტი ბერიამ დიდი ინტერესით მოისმინა შალვა ბერიშვილის ინფორმაცია. ამ უკანასკნელის სადაზვერვო შესაძლებლობები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ იქვე, ლავრენტი ბერიას კაბინეტშივე გადაწყდა მისი ჩართვა საბჭოთა საგარეო დაზვერვის სასარგებლოდ მეტად სარისკო და სპეციფიკურ საქმიანობაში.

მოსკოვიდან თბილისამდე შალვა ბერიშვილმა მატარებლით, ხოლო ბათუმამდე ავტომობილით იმგზავრა. იქიდან ჩეკისტებმა ღამით ტყემდე მიაცილეს. ეს მოხდა დაახლოებით 10-15 ოქტომბერს. მოკლე ხანში, შალვა ბერიშვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოსკოვში, სადაც საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ მუშაკებს შეხვდა. ამის შემდეგ შალვა ბერიშვილი კვლავ ბათუმში ჩამოიყვანეს, ხოლო 1940 წლის 13 ნოემბერს, ჩეკისტების დახმარებით, მან არალეგალურად გადაკვეთა საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვარი და თურქეთში დაბრუნდა. აქ მან უმოკლეს დროში წარუდგინა თურქეთის დაზვერვის წარმომადგენელს ანგარიში (მოსკოვში წინასწარ შეთანხმებული) საქართველოში გაწეული არალეგალური საქმიანობის შესახებ.

შალვა ბერიშვილს საფრანგეთის, თურქეთის, პოლონეთის, ინგლისისა და გერმანიის დაზვერვის წარმომადგენლების მსგავსად, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თურქეთში იაპონიის საელჩოს სამხედრო ატაშე ჰორიო ტატეიშისთან. შალვა ბერიშვილმა საბჭოთა მოსკოვში მომზადებული ინფორმაცია თურქეთის, საფრანგეთისა და ინგლისის სპეცსამსახურების მსგავსად, ტატეიშისაც გადასცა.

1941 წლის დასაწყისში, წინასწარი შეთანხმების თანახმად, შალვა ბერიშვილთან კონტაქტის დასამყარებლად და სადაზვერვო საქმიანობის წარმართვისთვის სტამბოლში ჩავიდნენ საბჭოთა საგარეო დაზვერვის თანამშრომლები, ცოლ-ქმარი ვარდო მაქსიმელიშვილი და დავით მატარაძე. ისინი საბჭოთა კავშირის საკონსულოს საფარველქვეშ მოქმედებდნენ.

იმავე წლის მაისის შუა რიცხვებში ჰორიო ტატეიშიმ შალვა ბერიშვილს კონფიდენციალურად აცნობა, რომ გერმანია მოკლე ხანში აუცილებლად თავს დაესხმებოდა საბჭოთა კავშირს. ეს შალვა ბერიშვილმა სასწრაფოდ მოახსენა კონსპირაციულ შეხვედრაზე დავით მატარაძეს, მან კი ცნობა მოსკოვს მიაწოდა.

1942 წლის 6 მაისს შალვა ბერიშვილსა და ვარდო მაქსიმელიშვილს შორის მორიგი შეხვედრა იყო დაგეგმილი. მასზე პირველი შალვა ბერიშვილი გამოცხადდა. მან ვარდო მაქსიმელიშვილის მოახლოებისთანავე შენიშნა, რომ საბჭოთა მზვერავზე ფარული მეთვალყურეობა იყო დაწესებული. ვითარების შესაძლო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად, შალვა ბერიშვილმა და ვარდო მაქსიმელიშვილმა, მისალმების შემდეგ, შეხვედრა 12 მაისისთვის გადადეს და ერთმანეთს სასწრაფოდ დასცილდნენ. დათქმულ შეხვედრაზე ვარდო მაქსიმელიშვილი აღარ მისულა და ამის შემდეგ შალვა ბერიშვილის კონტაქტები საბჭოთა დაზვერვასთან გაწყდა...

შალვა ბერიშვილს პრობლემები დაუგროვდა. უმთავრესი ის იყო, რომ საბჭოთა დაზვერვასთან კონტაქტი გაწყვეტილი ჰქონდა (სავარაუდოდ, ვარდო მაქსიმელიშვილი და დავით მატარაძე თურქეთიდან გაიწვეს) და ვერც დავალებებს იღებდა და ვერც ანგარიშს აბარებდა ვინმეს, ხოლო ქართველ ემიგრანტთა ერთი ნაწილი მისდამი უნდობლობას იჩენდა. ის წარუმატებლად ეძებდა საბჭოთა დაზვერვასთან კავშირის აღდგენის საშუალებებს. საბოლოოდ შალვა ბერიშვილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აუცილებელი იყო საქართველოში არალეგალურად გადასვლა და ვითარებაში ძირფესვიანად გარკვევა. მან დაარწმუნა თურქეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი, რომ საჭირო იყო მისი კიდევ ერთხელ არალეგალურად გადასვლა საქართველოში, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. შალვა ბერიშვილის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა თურქეთში გერმანიის დაზვერვის წარმომადგენელმა მიხეილ კედიამ.

1942 წლის 23 ოქტომბერს, საბჭოთა მესაზღვრეებთან შეხვედრის შემდეგ, შალვა ბერიშვილი ჯერ ბათუმში, იქიდან კი თბილისში გადაიყვანეს. სულ მალე იგი უკვე მოსკოვში, ლავრენტი ბერიას კაბინეტში იმყოფებოდა.

თავდაპირველად ნავარაუდევი იყო შალვა ბერიშვილის ახალი სადაზვერვო დავალებებით დატვირთვა და მისი სტამბოლში ხელახლა გაგზავნა, თუმცა შემდგომმა შეხვედრებმა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ბოგდან ქობულოვთან შალვა ბერიშვილი დაარწმუნა, რომ მას რაღაც დიდ ავანტიურაში ითრევდნენ და საზღვარგარეთ მისი გამოყენება სულ სხვა მიზნებისთვის იგეგმებოდა. შეხვედრებზე ბოგდან ქობულოვმა რამდენჯერმე ჰკითხა, როგორ უყურებდა ის იოსებ სტალინის შემდეგ ქვეყნის სათავეში ლავრენტი ბერიასა და მისი გუნდის მოსვლის იდეას და ამ საქმეში აქტიური მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა რით უნდა გამოხატულიყო ეს მხარდაჭერა, არ დაუკონკრეტებია. შალვა ბერიშვილის პასუხი ცალსახად უარყოფითი იყო და მეტიც, გაბედა და ურჩია ქობულოვს, ხელი აეღოთ ამ გადაწყვეტილებისგან, ვინაიდან ეს განზრახვა პირადად მათთვის და საქართველოსთვისაც სახიფათო იყო. ლავრენტი ბერიას თანამოაზრეებმა მიიჩნიეს, რომ შალვა ბერიშვილმა უკვე ბევრი საიდუმლო იცოდა და კაცი, რომელიც მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციათა მიწოდებისთვის სახელმწიფო ჯილდოს იმსახურებდა, დააპატიმრეს. მოგვიანებით, 1944 წლის 30 სექტემბერს, განსაკუთრებულმა სათათბირომ შალვა ბერიშვილი გაასამართლა და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვლადიმირის ციხეში თავდაპირველად მკაცრი იზოლაციის პირობებში აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი საერთო საკანში გადაიყვანეს, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეები - გერმანელები და ფრანგები იმყოფებოდნენ. ფრანგმა პატიმრებმა, გათავისუფლების შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" მეშვეობით განაახლეს კონტაქტები შალვა ბერიშვილთან. ვინაიდან ის საფრანგეთის მოქალაქე იყო და თან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად ითვლებოდა, ფრანგული მხარე ინტენსიურად ცდილობდა მის დახსნას. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ დე გოლსაც უთხოვია ამის თაობაზე ნიკიტა ხრუშჩოვისთვის. თუ შალვა ბერიშვილი საფრანგეთში დაბრუნებას მოისურვებდა, მას ფრანგები კომპენსაციის სახით საკმაოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ და თან საკადრისი პირობების შექმნას ჰპირდებოდნენ. შალვა ბერიშვილმა ყველაფერზე ოფიციალური უარი განაცხადა და სიბერის საქართველოში გატარება ამჯობინა.

შალვა ბერიშვილი, ღრმად მოხუცებული, გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა.

გელა სულაძე

სპეცსამსახურების ანალიტიკოსი, თადარიგის პოლკოვნიკი