კოსოვოს რომაული ნანგრევების საიდუმლო
11-11-2013
კოსოვოს რომაული ნანგრევების საიდუმლო
რომაული შენობის ნანგრევებს მიაკვლიეს მეცნიერებმა კოსოვოს პატარა სოფელ დრესნიკში. მისი იატაკი რომის იმპერიის პერიოდის უნიკალური, მრავალფუნქციური ფერადი მოზაიკითაა დაფარული. კოსოვოში ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.
გათხრები ამ ტერიტორიაზე ერთი წლის წინ, 2012 წლის სექტემბერში დაიწყო. ექსპედიციის ხელმძღვანელი მასარ ვალა მიიჩნევს, რომ რომაული დასახლება, სულ მცირე, 50 ჰექტარს მოიცავდა.

თუმცა მეცნიერებმა ჯერ მხოლოდ 200 კვმ შეისწავლეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის საცხოვრებელი ან საყოფაცხოვრებო ნაგებობის პირველი სართული უნდა ყოფილიყო.
„ეს გეომეტრიული ფორმის მოზაიკაა და მრავალფერი ელემენტებისგან შედგება. ჩვენ ჯერ მხოლოდ შვიდი ფერის დათვლა მოვახერხეთ. ეს მოზაიკა კოსოვოში აღმოჩენილთა შორის ერთ-ერთი ულამაზესია. ვფიქრობ, ოქტომბერში, სამუშაოების განახლების შემდეგ სხვა აღმოჩენებიც იქნება", - ამბობს მასარ ვალა.

ამ დროისთვის არქეოლოგებმა სულ ოთხ ნაგებობას მიაკვლიეს, რომელთა იატაკი მოზაიკით არის
დაფარული. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ძველად ამ ტერიტორიაზე რომაული საქარავნე გზა გადიოდა, რომელიც ალბანეთის თანამედროვე ქალაქ ლეჟს სერბულ ნიშთან აკავშირებდა. ხელისუფლება მომავალში აქ არქეოლოგიური მუზეუმის გახსნას გეგმავს.
მომზადებულია Euronews-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები