ჩერჩილის თავი 25 გირვანქად შეაფასეს - კვირის პალიტრა

ჩერჩილის თავი 25 გირვანქად შეაფასეს

2002 წელს, "ბი-ბი-სის" გამოკითხვით, ინგლისელებმა ყველა დროის უდიდეს ბრიტანელად უინსტონ ჩერჩილი დაასახელეს, რომლის პოლიტიკური აღმასვლა სწორედ ბურებთან ომის შემდეგ დაიწყო. 25 წლის ჩერჩილი საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, როგორც ერთ-ერთი ინგლისური გაზეთის კორესპონდენტი. ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობ ახალგაზრდას და ამბიციურ ლორდს იმედი ჰქონდა, ამ გზით თავის პოლიტიკურ საქმიანობას ჩაუყრიდა საფუძველს და არც შემცდარა... ჯავშნოსანი  მატარებელი, რომელსაც ჩერჩილი დანიშნულების ადგილამდე უნდა მიეყვანა, ბურებმა შეაჩერეს. გაჩაღდა ორმხრივი სროლა, რომლის დროსაც მატარებელმა ჯარისკაცთა მცირე ჯგუფთან ერთად შეძლო გზის გაგრძელება. ამ ჯგუფში იყო ჩერჩილიც, რომელმაც არ ისურვა, ბრძოლის ქარცეცხლს გარიდებოდა და მატარებლიდან გადმოხტა.

ეს ნახტომი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი აღმოჩნდა ინგლისის ყველა დროის გამორჩეული პიროვნებისთვის. ბურებმა ჩერჩილი დაატყვევეს და სხვა ბრიტანელებთან ერთად სამხედრო დასახლებაში გამოკეტეს, სადაც ტყვეებს ერთადერთი რამ მოსთხოვეს - ბაზის საზღვრებს არ გასცდენოდნენ. ჩერჩილმა ასეთი თავისუფლებით ისარგებლა,  გალავანზე გადაძვრა და გეზი რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორებული პორტუგალიური კოლონიისკენ აიღო. ღამით ნახშირით დატვირთული მატარებლების ვაგონებით მგზავრობდა, დღისით - ტყე-ტყე მიუყვებოდა. ბოლოს ძლიერ დასუსტდა და იმედგადაწურულმა ერთ-ერთი მოსახლის კარზე დააკაკუნა. ბედად, მისი მასპინძელი მთელ იმ მხარეში მცხოვრები ერთადერთი ინგლისელი აღმოჩნდა, რომლის დახმარებითაც სამშვიდობოს გააღწია. გააღწია და დიდებასაც ეზიარა. ბრიტანულმა პროპაგანდამ ჩერჩილი გმირად გამოაცხადა და რაღა თქმა უნდა, მომდევნო არჩევნებშიც გაიმარჯვა. დიდებით ტკბობა მხოლოდ ორმა შეტყობინებამ გაუნელა: ერთი ის, რომ გაიგო, თურმე ბურებმა მისი დაჭერისათვის ჯილდოდ სულ რაღაც 25 გირვანქა სტერლინგი დააწესეს, მეორე კი - უახლოესი მეგობრები სწერდნენ, იმედი გვაქვს, მეორედ ასეთ ვირულ საქციელს აღარ ჩაიდენ და თავს საფრთხეში აღარ ჩაიგდებო...

ლადო გოგუაძე