ძღვენი, რომელზეც უარს ვერ იტყოდა - კვირის პალიტრა

ძღვენი, რომელზეც უარს ვერ იტყოდა

გასული საუკუნის 30-იან წლებში თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ყოველდღე ნახავდით ჩოხა-ახალუხში გამოწყობილ, გოლიათური აღნაგობის ხანში შესულ მამაკაცს, რომელიც დახვეწილი არისტოკრატული მანერებით გამოირჩეოდა - ის მუხრანელ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, ნიკო ბაგრატიონი გახლდათ, იგივე ნიკო ბური. შვილები საფრანგეთში გაეხიზნა, თავად კი სამშობლოში დარჩენილიყო და ბოლშევიკურ რეპრესიებს გადარჩენილი, უკიდურესად გაჭირვებული, თამბაქოს გაყიდვით ირჩენდა თავს. მისი ისეთი რიდი ჰქონდათ, რომ დახმარების შეთავაზებასაც ვერავინ უბედავდა. ერთხელ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, პატივი ეცათ, მაგრამ როგორ? სურსათ-სანოვაგით დატვირთული რომ მისდგომოდნენ კარზე, ძღვენს არ აიღებდა. იფიქრეს და... თუმცა ამ ამბავს მოგვიანებით დავუბრუნდეთ, მანამდე კი...

1899 წელს, 31 წლის ნიკო ბაგრატიონი, რომელსაც სიყრმიდან მოსდგამდა თავგადასავლების ძიების დაუოკებელი სურვილი, აფრიკაში გაემგზავრა ლომებზე სანადიროდ. ალექსანდრიაში სწორედ იმ დროს ჩავიდა, როდესაც მთელი მსოფლიო ბურებსა და ბრიტანეთის იმპერიას შორის გაჩაღებულ უთანასწორო ომზე ლაპარაკობდა. ბევრი არ უფიქრია - თავისუფლებისმოყვარე პატარა ხალხის დახმარება ლომების ხოცვაზე უფრო სასახელო საქმედ მიიჩნია, იყიდა რევოლვერი, მოკლელულიანი თოფი, ცხენი და ტრანსვაალში გაემგზავრა. გზად მწყემსის ოჯახში შეჩერდა. ღამით საზარელმა ღრიალმა გამოაღვიძა - ცხვრის ფარას ვეფხვი შემოსჩვეოდა და მუსრს ავლებდა. ნიკომ თოფი აიღო, მასპინძლების წინააღმდეგობის მიუხედავად აივანზე გავიდა და ორი გასროლით ბოლო მოუღო მთვარის შუქზე ოქროსფრად მოელვარე მტაცებელს. შემდეგ დიდხანს მოუხდა კარზე ბრახუნი, რომ შეშინებულ მასპინძლებს შინ შეეშვათ...

გამოხდა ხანი, ნიკო ტრანსვაალში ჩავიდა და მოხალისეებით დაკომპლექტებულ ბურების სახალხო ლაშქარს შეუერთდა... ორწლიანი სისხლისმღვრელი ომის შემდეგ ბურები დამარცხდნენ, ხოლო ტყვედ ჩავარდნილ ნიკო ბაგრატიონს ბრიტანელებმა დახვრეტა მიუსაჯეს. სიკვდილის წინ მან დედის სურათი ამოიღო... ბრიტანელი ოფიცერი დაინტერესდა, ვინ იყო ეს "უცნაურად მორთული" ქალბატონი. როდესაც გაიგო, რომ მის წინაშე ქართველი "პრინცი" იდგა, უფროსობასთან გაიქცა. ნიკო ბაგრატიონი დანარჩენ ტყვეებთან ერთად წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. აქ მან საოცარი სანახაობა მოაწყო: მოედანზე ოთხი ცხენი მოაყვანინა და მათზე გამობმული თასმები მკლავებზე ჩამოიცვა: ორი - ერთზე, ორიც - მეორეზე. შემდეგ ბრძანა, ცხენებისთვის მათრახი გადაეკრათ. ცხენებმა გაიწიეს, ყალყზე დადგნენ, მაგრამ კაცს ძვრა ვერ უყვეს. ის კი არა, მკლავებიც ვერ გააშლევინეს...

კუნძულიდან თავი დაიხსნა ფრანგი თანამებრძოლის, გრაფ ბრედას დახმარებით, რომელმაც მისი ევროპაში გამგზავრების ფულიც გადაიხადა...

ისევ თბილისელ ახალგაზრდებს დავუბრუნდეთ, რომლებმაც აი, რა მოიფიქრეს:  ვერის ბაზარში იყიდეს საფერავი, შოთის პურები და მიადგნენ ნიკო ბაგრატიონს. ნიკომ სიყვარულით შეიპატიჟა ბიჭები, მაგიდასთან დასხა და თითოეულს წინ დიდი მათლაფა დაუდგა, ღვინით შეუვსო და უბრძანა, შიგ პური ჩაეფშვნათ. ჰაერში უძველესი ქართული კერძის, ბოღლიწოს დამათრობელი სურნელი დატრიალდა...

ლადო გოგუაძე