თურქეთელი ქართველები: "ჩვენ ჩვენი გურჯული ენა დევინარჩუნეთ"... - კვირის პალიტრა

თურქეთელი ქართველები: "ჩვენ ჩვენი გურჯული ენა დევინარჩუნეთ"...

მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები / ნოდარ შოშიტაშვილი

თურქეთში მცხოვრები ქართველი მუჰაჯირების თემას დიდხანს ტაბუ ედო საქართველოში. მით უფრო, საბჭოთა პერიოდში, როცა თურქეთთან საზღვარი, ფაქტობრივად, ჩაკეტილი იყო. 1829 წლიდან მოყოლებული, რუსეთისა და ოსმალეთის "მონდომებით", სამცხე-ჯავახეთსა და აჭარიდან დაიწყო ქართველ მუსლიმთა გადასახლება ოსმალეთში. თურქი ემისრები დაძრწოდნენ სოფელ-სოფელ და აშინებდნენ მუსლიმ ქართველთ, რუსები ოჯახებს აგიწიოკებენ, ცოლ-შვილს შეგიგინებენ, ძალად გაგაქრისტიანებენ, ოსმალეთში კი მხარში დაგიდგებით და საუკეთესო პირობებს შეგიქმნითო. ოსმალებს თავიანთი დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისება სურდათ გამრჯე, მეომარი და ლამაზი ხალხით, ხოლო რუსეთს, რომლისთვისაც საქართველოს სამხრეთი ნაწილი იმპერიის საზღვარი იყო, მიზანმიმართულად ეწადა ქართველთაგან დაცლილ მიწა-წყალზე უპირატესად რუსების ან არაქართველთა (სომხების, ბერძნების) დასახლება.

აჭარიდან მუჰაჯირთა ძირითადი ტალღა 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გაედინა. ქართველ მაჰმადიანთა ოჯახები დედაბუდიანად იყრებოდნენ, ცარიელდებოდა ხვავით სავსე სოფლები, ტოვებდნენ სახლებს, სარჩო-საბადებელს, წინაპართა საფლავებს... მიდიოდნენ, ვისაც რით შეეძლო: ურმებით, ნავებით, მოძველებული გემებით... ყველამ როდი ჩააღწია ახალ სამკვიდროს. პროცესი არ შეწყვეტილა (თუმცა მინელდა კი) XX საუკუნის 20-იან წლებამდე.

ეს მოვლენა ბევრად უფრო მასშტაბური და მძიმე იქნებოდა, რომ არა ქართველ მამულიშვილთა ერთი ნაწილის (ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, გიორგი გურიელი, გიორგი ყაზბეგი) თავდადება, რომელთა ხელშეწყობითაც არათუ შემცირდა საქართველოდან მუსლიმი ქართველების სამკვიდროდან აყრა, არამედ წინა წლებში გადასახლებულთა ერთი ნაწილი ქვეყანას უკან დაუბრუნდა.

მუჰაჯირებად გადაიხვეწნენ არა მხოლოდ აჭარიდან, არამედ რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ შემოერთებული ართვინის ოლქიდან - მურღულისა და ბორჩხა-მარადიდის ხეობებიდან. სამწუხაროდ, ეს ხეობები მალე ისევ თურქეთის მფლობელობაში მოექცა და XVI საუკუნიდან ოსმალების მიერ ქართველთათვის წართმეულ მიწა-წყალს (ისტორიულ ტაო-კლარჯეთს) მიემატა.

ქართველი მუჰაჯირების განსასახლებლად ორი დიდი არეალი გამოიყო მაშინდელ ოსმალეთის იმპერიაში (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა) - სამხრეთ შავი ზღვისპირეთისა და მარმარილოს ზღვის სანაპიროები, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიები.

გადასახლებულნი ისეთ ადგილებში ცდილობდნენ დამკვიდრებას, რომლებიც მათ მშობლიურ სოფლებს ჰგავდნენ მთა-ბარით, ტყეებით, მინდვრებით, ღელე-ნაკადულებით, ფლორითა და ფაუნით... მეტიც, სოფლებს, დასახლებულ პუნქტებს, სახნავ-სათესებს, მდინარეებს ქართულ სახელებს არქმევდნენ. მარმარილოს ზღვის სანაპიროზე საქარიის ვილაიეთში დღეს მთავარ მდინარეს, საქარიაჩაის ადგილობრივი მოსახლეობა ჭოროხს ეძახის. მართალია, თურქეთის მთავრობამ ქართული სახელები გადაარქვა მთავარ დასახლებულ პუნქტებს, მაგრამ მიკროტოპონიმებს ვერაფერი მოუხერხა. დღესაც გაიგონებთ ადგილობრივთაგან: შავღელე, ქვიანღელე, კორდები, წითელმიწა, ცივწყალი, კალოები, ბალიანიყანა, თომასღელე, ღელე-ბოსტანი...

ქართული ხელოვნების სახლები

სამეცნიერო ექსპედიცია, რომლის მიზანი თურქეთელ ქართველთა ყოფისა და კულტურის შესწავლაა, სტამბოლის აზიური ნაწილიდან დავიწყეთ. აეროპორტი პირველი თურქი მფრინავი ქალის, საბირჰან გიოგჩელის სახელობისაა. ჩვენი მასპინძელი გიორგი ირემაძეა (შემსედინ იემი), სტამბოლში ქართული ხელოვნების სახლის დამფუძნებელი, მაჭახლისხეობელი ჩვენებური კაცი. მის სოფელს უმშვენიერესი სახელი ირემეთი ჰქვია... ხელოვნების სახლს იბერია მელაშვილი, სახელგანთქმული აჰმედ ოსგან მელაშვილის ვაჟი ხელმძღვანელობს. მკითხველს ალბათ იმის შეხსენება არ დასჭირდება, რომ სწორედ აჰმედ მელაშვილმა გამოაღვიძა თურქეთელ ქართველებში ეროვნული სიამაყე და ქართული სული, აჰმედ მელაშვილს თურქეთელ ილია ჭავჭავაძესაც უწოდებენ და სწორედ დიდ ილიას მსგავსად დაასრულა სიცოცხლე (იმ განსხვავებით, რომ ილია თავისმა თანამემამულეებმა გასწირეს, აჰმედ მელაშვილი კი - თურქმა ნაციონალისტებმა).

ხელოვნების სახლში, რომ იტყვიან, ქართული სული ტრიალებს. აქ იკრიბებიან საქართველოთი, საკუთარი ფესვებით, წარმომავლობით, ენით, ანბანით, კულტურით დაინტერესებულნი. აქ მისულები ერთგან თუ ქართული წერა-კითხვის შემსწავლელ სხვადასხვა ასაკის ადამიანს შევხვდით, მეორეგან ქართული სიმღერის გაკვეთილს შევესწარით, მოზრდილ დარბაზში ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილ მოცეკვავეებსაც შევხვდით... აჰმედ მელაშვილის ანსამბლს, რომელსაც "კავდაღი" ("კავკასიონი") ჰქვია, თბილისშიც იცნობენ. ანსამბლის წევრთა უმეტესობა თურქეთელი ქართველია. ყველა მათგანი მღერის და უკრავს ქართულ ტრადიციულ საკრავებზე (ფანდური, სალამური, ჩონგური, დოლი, გარმონი, ჭიბონი...).

განსაკუთრებით პოპულარულია მათი შესრულებით აჭარული "ჯირველო ნანაი და" აჭარულ ცეკვასთან ერთად. ამ კომპლექსური სიმღერა-ცეკვის გარეშე აქაური ლხინი და ქორწილი ხომ წარმოუდგენელია...

სტამბოლში, ამ თითქმის 14-მილიონიან ქალაქში ასეთი რამდენიმე საზოგადოებაა, რომელთაც საკუთარი ხარჯებით აფინანსებენ აქაური გურჯები. ათეულობით ქართული ხელოვნებისა და კულტურის სახლი მოქმედებს საუკუნე-ნახევრის წინ საქართველოდან გახიზნულ ქართველთა შთამომავლებით განსახლებულ ვილაიეთებსა და ილჩეებში (რაიონებში). ეს ერთგვარი ხიდია თურქეთელ ქართველებსა და საქართველოს შორის. ბევრი ჩვენებური აქ ეცნობა ერთმანეთის შემოქმედებას, ლაპარაკობენ, კითხულობენ, წერენ, მღერიან, ცეკვავენ ქართულად. ქსოვენ ქართულ ორნამენტებით, ერთმანეთს უზიარებენ ეროვნული კერძების რეცეპტებს.

ერთი დეტალიც: თუ თურქეთელმა ქართველებმა მშობლიური ენა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს, ამას ვერ ვიტყვით წერა-კითხვაზე, ქართულ ანბანზე. ალბათ ამიტომაც ჭარბობს ქართული კულტურისა და ხელოვნების სახლებში მოყავისფრო დაფები კედლებზე, მომცრო, ფლომასტერით საწერი დაფები მაგიდებზე და ამ დაფებზე გულმოდგინედ გამოყვანილი "აი ია" და "საქართველო"...

აია სოფია

ბოსფორის სრუტეზე ბორნით მივდივართ ქვეყნისა და ქალაქის ევროპული ნაწილისკენ. ოქროს რქის ყურეც გამოჩნდა. ლეგენდარული ისტორიული ადგილი. სწორედ აქ გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ოსმალეთის სულთან მეჰმედ ფათიჰისა და ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს XIII-ს შორის 1453 წლის 29 მაისს. სწორედ აქ და ამ დღეს დასრულდა ბიზანტიის და კონსტანტინეპოლის ძლევამოსილი ისტორია და ოსმალთა განდიდება დაიწყო. კონსტანტინეპოლი ისტანბულად იქცა. მისი ბედი გაიზიარა წმინდა სოფიის მართლმადიდებლურმა ტაძარმა. სულთნის ბრძანებით იგი მეჩეთად გადაკეთდა და მინარეთები ოთხივე კუთხეში მიაშენეს. დღეს აია სოფიაში მუზეუმია. მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიან ამ განსაცვიფრებელი ტაძრის სახილავად.

წმინდა სოფიის ანუ სიბრძნის ტაძარი ხუთ წელიწადს შენდებოდა და 537 წელს დასრულდა ბიზანტიის ძლევამოსილ იმპერატორ იუსტინიანე დიდის დროს. ამ გრანდიოზული ნაგებობის შემოქმედნი არიან ანთიმოზ ტრასელელი და ისიდორე მილეთელი. ტაძარს 30 მეტრი დიამეტრის მქონე გუმბათი აგვირგვინებს. სვეტები შიდა სივრცეს რამდენიმე ნაწილად ჰყოფს, ხოლო გუმბათის ძირში გაჭრილი 40 ფანჯარა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მთელი ეს გუმბათი ჰაერშია გამოკიდებული. კედლები ძვირფასი მარმარილოთია მოპირკეთებული. შემორჩენილია მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა უნიკალური მოზაიკური გამოსახულებები...

რაც "დიდ დედეებს" უსწავლებიათ...

თურქეთში გუბერნიას ილი ჰქვია, ხოლო რაიონს - ილჩე. მარმარილოს ზღვის რეგიონში მდებარე საქარიის ილი ქართველ მუჰაჯირთა განსახლების ერთ-ერთი უდიდესი არეალია. მარტო ჰენდეკის ილჩეში თხუთმეტი ქართული სოფელია, ძირითადად მურღულის ხეობიდან გადმოსული აბაშიძეების, ლორთქიფანიძეების, კირვალიძეების, ათაბეგების, ბოლქვაძეების, ცისკარიშვილების შთამომავლები. ამავე ილჩეში ორი ლაზური, სამი აფხაზური და ერთი ჩერქეზული სოფელია. ჩვენი მთხრობელი მუჰამედ უზანი გვიყვება, რომ მისი წინაპრები ჭოროხის ხეობიდან, სოფელ ქართლადან გადმოსულან და დიდ დედეები (ბაბუები) ბოლქვაძეები ყოფილანო (აქვე განვმარტავ, რომ დღეისთვის აღარც ჭოროხის ხეობის ეს ნაწილი ეკუთვნის საქართველოს).

სოფლისთვის ქოშქოიუ, ანუ კოშკის სოფელი დაურქმევიათ, რადგანაც აქ ერთი კოშკი დახვედრიათ (ეტყობა აქაურობა ნასოფლარს წარმოადგენდა). ეს სოფელი იმიტომაც შეურჩევიათ, რომ აქ ტყეც არის, სახნავ-სათესიც და ქართლასაც ძალიან ჰგავს. სოფელს ახლაც მუხის, წიფლის, კაკლისა და წაბლის ტყეები აკრავს გარს. თავდაპირველად ხის სახლები აუგიათ, წაბლის მორებისგან აუშენებიათ ჯარგვალები. ტყე-ბუჩქნარი გაუკაფავთ და ახო-ხოდაბუნებად უქცევიათ. ხორბალსაც თესდნენ, ქერსაც, სიმინდ-ლობიოსაც. ხარ-ძროხაც ჰყავდათ და თხასა და ცხვარსაც უვლიდნენ. დიდ ფართობებზე აშენებდნენ თამბაქოს, რომლის მოყვანის ტრადიციაც ქართლადან გადმოუყოლებიათ. დღეს ეს კულტურები თხილმა ჩაანაცვლა, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოში. აქაურებს თხილის იმდენად უხვი მოსავალი მოჰყავთ, რომ ხშირად თავად ვერ აუდიან და არცთუ იშვიათად, საქართველოდან სამუშაოდ ჩასულთაც შეხვდებით, რომელთაც თხილის შეგროვებისთვის დღიურად 40-50 ლირას უხდიან ადგილობრივები. სოფელ ყიშლაჩაიში რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა ხეტყის სამუშაოებზეც შეგვხვდა.

თხილის მოსავლის აღება-დაბინავება არცთუ ადვილია. ხიდან ჩამობერტყავენ წაბლის ან თხილის გრძელი ჭოკებით, რომელსაც ისევე როგორც საქართველოში, აქაც ხალას ან ხაშარს ეძახიან. ჩენჩოიანად აკრეფენ, გააშრობენ ეზოებში და შემდეგ სპეციალური ელექტრომანქანით გაკროლავენ (ანუ გაარჩევენ). 1 კგ თხილის ფასი, მოსავლიანობის შესაბამისად, 3-5 ლირას შეადგენს.

თუ საქარიის ილში მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს თხილი წარმოადგენს, ბურსა-გემლიკში ზეთისხილის უზარმაზარი პლანტაციები აქვთ, ცენტრალურ ანატოლიაში - ხორბალი, ხოლო მთელ თურქეთს საუკეთესო ჩაით ამარაგებს ლაზეთი თურქეთის სარფიდან ათინა-არდაშენამდე. რიზეს ჩაიმ არა მხოლოდ ჩაის სმის კულტურით საყოველთაოდ ცნობილი თურქეთი "აითვისა", არამედ დიდ ბრიტანეთშიც შეაღწია და ცეილონურ და ინდურ ჩაის უწევს კონკურენციას.

ჩაიზე უარს ნუ იტყვით...

აქაურ ქართულ ოჯახებში, ისევე როგორც მთელ თურქეთში, ჩაის სმის გამორჩეული ტრადიციაა. ჩაით გიმასპინძლდებიან არა მხოლოდ ოჯახებსა და საჩაიეებში, არამედ მაღაზიაში შესულსაც. ჩაის სვამენ პატარა (ასგრამიანი), გამოყვანილი მინის თხელი ჭიქებით (სხვათა შორის, ჩვენთან ეს ე.წ. წელში გამოყვანილი ჭიქები გასული საუკუნის დასაწყისში ღვინის პოპულარულ სასმისად მიიჩნეოდა). სურვილისამებრ მოგართმევენ შაქრიან, უშაქრო ჩაის, ჩაის ნატეხი შაქრით. თუ ჩაი შემოგთავაზეს და უარი განაცხადე, ჩათვალეთ, რომ მასპინძლის ნდობას ვეღარაფრით მოიპოვებთ.

ქალაქის ტიპის დასახლებებში თურქულ (ნალექიან) ყავასაც შემოგთავაზებენ, თუმცა აქაური ჩაი მაინც შეუცვლელია. აქაური წესით მოდუღებული ჩაი ძალიან გემრიელია, რომლის საიდუმლოსაც ჩვენც ვეზიარეთ.

გემრიელი ჩაი დაგვახვედრეს ჩვენი ერთ-ერთი მასპინძლის, მუსტაფა კოლატის მშობლიურ სოფელ ნურმუჰამედიეშიც, სადაც ქართველ მეცნიერებს ლამის მთელი სოფელი შუაღამემდე გველოდებოდა. დიდი ხნის უნახავი ახლობლებივით შევხვდით ერთმანეთს.

ახალგაზრდა ეთნოლოგი გიორგი ავთანდილაშვილი: - ბედნიერი და გახარებული ვარ. ღამის პირველ საათზე თურქეთელი ქართველებისგან ეთნოგრაფიულ მასალას ვიწერთ. მეამაყება ჩემი პროფესიის! ეს ხალხი შუაღამემდე გველოდებოდა, როცა გაიგეს, ქართველები მოდიან ჩვენს სანახავადო. როგორი განცდებით დაგვიხვდნენ, ვერ აგიხსნით. ეს უნდა გენახათ!..

მედიჰა-მედეა

საქარიის ილში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგზური მედიჰა ილდიზია (ილდიზი თურქულად ვარსკვლავს ნიშნავს), ჩვენებურად - მედეა თავდგირიძე. მედეა ქალაქ აქიაზში ცხოვრობს. პროფესიით ფარმაცევტია, მაგრამ იმავდროულად კარგად იცნობს ორი ქვეყნის - საქართველოსა და თურქეთის კულტურასა და ხელოვნებას. არ მოისვენა, სანამ თავისი სოფელი, აჰმედიე და ხისიმები (ნათესავები) არ გაგვაცნო. საჭეს თვითონ უჯდა და მთელი გზა თავის ქართულ ფესვებზე გველაპარაკებოდა. მისი შორეული წინაპრები ქობულეთელი ბეგები ყოფილან. ქობულეთიდან შუახევში გადასულან, იქიდან კი - აჰმედიეში. აქ ცხოვრობენ თავდგირიძეების, ხიმშიაშვილების, მაკარაძეების შთამომავლები (ოღონდ ამჯერად თურქული გვარებით). მედეა მათ საკუთარი ფესვების, გვარების, ანბანის, ენისა და ტრადიციების შენარჩუნებას უადვილებთ. სოფლის შესასვლელში ქართულ-თურქულენოვანი ფირნიში აღუმართავს თურქეთელი მოცეკვავე ქართველების ფოტოთი და გულითადი მიპატიჟებით: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოფელ აჰმედიეში".

ჩვენი იქ ყოფნისას მედეა-მედიჰამ ისიც გაგვიმხილა, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საბუთები ჩავაბარეო და მოუთმენლად ელოდა პასუხს. მედეა-მედიჰა დღეს საქართველოს მოქალაქეცაა და თქვენთან ერთად ვულოცავთ მას ამ სიხარულს...

- ჩვენ წყალში ამოვლებული ლამაზგურჯები ვართ, - გვეუბნება მედეას ბიძა, ჰუსნი ჩეთიკაია (ხიმშიაშვილი) და იმასაც გვიხსნის, თუ რატომ არიან "ლამაზგურჯები". იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი გურჯული ენა დევინარჩუნეთო. ჩვენი მეზობელი ბიჩგიდერელი აბაზები (აფხაზები) კი აფხაზურს დაბლაგვებულად ლაპარაკობენო...

70-ს მიტანებული ჰუსნი ხიმშიაშვილი იმასაც იხსენებს, რომ სკოლაში შესვლისას 33 "ბაღვიდან" თურქული არც ერთმა არ ვიცოდით, მერე ვისწავლეთო. დღეს კი ბავშვებმა ქართული ძალიან ცუდად, ან სულაც არ იციან... სწორედ ეს არის მედეასა და ჩვენი საწუხარიცო... ამიტომაც მიხარია ახალი ქართული კულტურის ცენტრების გახსნაო...

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიის დოქტორი, პროფესორი