წითელი ნაპოლეონი - კვირის პალიტრა

წითელი ნაპოლეონი

ნეზ პერსეს ინდიელთა ბელადის ბრძოლების ეპოპეა

ინდიელთა ტომების ბრძოლების ისტორიიდან აშშ-ის დასავლეთში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნეზ პერსეს ტომისა და მისი ბელადის, ჯოზეფის ეპიზოდია. ინდიელთა ბელადი, რომელიც ამერიკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მომხრე იყო, მათ წინააღმდეგ მებრძოლად გადაიქცა და არაერთხელ დაამარცხა. მისი სახელი საამაყოდ იქცა ინდიელი მეომრებისთვის, ამერიკულმა პრესამ კი მეტსახელად "წითელი ნაპოლეონი" უწოდა.

1850-1865 წლებში ველური დასავლეთის სივრცეებს თეთრკანიანი კოლონიზატორები სულ უფრო მეტი მონდომებით ითვისებდნენ. ერთ-ერთი გამორჩეული იყო კანზას-ნებრასკის მიმართულება. ახალმოსახლეებმა ინტენსიურად აითვისეს ეს ნაყოფიერი დაბლობები და ველურ დასავლეთს დიდრონი მიწები გამოსტაცეს. ეს მოვლენები იმედებით აღავსებდა მისისიპის აღმოსავლეთით მცხოვრებ ამერიკელებს. ნათელი ხდებოდა, რომ ხელუხლებელი და რომანტიკული დასავლეთის ათვისება სავსებით შესაძლებელი იყო. შედეგად, ინდიელთა და ამერიკელთა გამყოფი საზღვარი - ფრონტირის ხაზი - ძალიან სწრაფად ამოძრავდა დასავლეთისკენ. ველური დასავლეთის ტერიტორიები კატასტროფულად მცირდებოდა. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ე.წ. შორეული დასავლეთის რეგიონს. XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის ველური დასავლეთის ვეებერთელა სივრცეში გამოყოფდნენ მის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს - შორეულ დასავლეთს (თანამედროვე შტატების: ვაშინგტონის, ორეგონის, უაიომინგის, მონტანის, აიდაჰოს ტერიტორიები). ეს სივრცე ყველაზე შორს იყო ფრონტირის ხაზიდან.

კლდოვანი მთებით ბუნებრივად დაცული შორეული დასავლეთი ინდიელთა ერთგვარი ციტადელი გახლდათ. ამ რეგიონს ჯერ თითქმის არ შეხებოდა ახალმოსახლეთა კოლონიზაცია და იგი მთლიანად "ინდიელურ" სახეს ინარჩუნებდა. იმ დროისთვის ამერიკელთაგან ძნელად თუ წარმოედგინა ვინმეს, რომ ამ სივრცის ათვისება ოდესმე მოხერხდებოდა.

თუმცა უკანასკნელმა ფრონტირმა მალე მიაღწია შორეულ დასავლეთსაც. ამერიკელები ასათვისებელი რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ტომის, ნეზ პერსეს წინაშე აღმოჩნდნენ (აღსანიშნავია, რომ ამ ტომის ინდიელები განსაკუთრებით მუქი წითელი კანის ფერით გამოირჩეოდნენ). მხარეთა შორის თავიდან მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარდა. ტომის ბელადი ჯოზეფი დაეხმარა ვაშინგტონის ტერიტორიის გუბერნატორს ისააკ ლ. სტივენსს ნეზ პერსეს რეზერვაციის საზღვრების მოწყობაში. 1855 წლის მოლაპარაკების შედეგად, ინდიელთა სივრცემ ორეგონისა და აიდაჰოს დიდი ტერიტორიები მოიცვა და 7,5 მლნ აკრი (30,35 ათასი კვ.კმ) შეადგინა. რეზერვაციის მოწყობა ინდიელთა მშვიდი, თვითმყოფადი ცხოვრების გარანტი უნდა ყოფილიყო. თუმცა ჯოზეფის იმედები არ გამართლდა. კალიფორნიის სანაპიროზე დაწყებულმა ოქროს ციებ-ცხელებამ 1860 წლიდან ნეზ პერსეს ტერიტორიამდეც მიაღწია. ფედერალურმა ხელისუფლებამ ინდიელთა რეზერვაცია ოქროსმაძიებელთათვის გახსნილად გამოაცხადა.

ხელისუფლებამ ტომის რეზერვაციას ჩამოაჭრა დაახლოებით 6 მლნ აკრი (24,28 ათასი კვ.კმ), ახალი რეზერვაცია აიდაჰოში ძველის მხოლოდ ერთ მეათედს თუ შეადგენდა. ჯოზეფი არ თანხმდებოდა ესოდენ მომცრო ტერიტორიაზე გადასახლებას. 1871 წელს ბელადი გარდაიცვალა.

როგორც შემდგომ გამოჩნდა, ეს თარიღი საკვანძო მნიშვნელობისად იქცა ნეზ პერსესთვის - ტომის ახალი ბელადი გახდა ჯოზეფის შვილი, 31 წლის ჯოზეფ უმცროსი. სულ მალე ჯოზეფ უმცროსი ამერიკულ თანადროულ პრესაში "წითელი ნაპოლეონის" წოდებით გაითქვამს სახელს. იგი გახდება ამერიკის დასავლეთის დაუმარცხებელი მხედართმთავარი, ბრწყინვალე სტრატეგი, ბელადი, რომელიც 1877 წლის სამი თვის განმავლობაში ურთულეს პირობებში შვიდ გენერალურ ბრძოლასა და მრავალ მცირე შეტაკებაში დაამარცხებს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს. ჯოზეფი მცირე ხნით შეაჩერებს ფრონტირს და ყველას დაანახვებს "ინდიელთა დასავლეთის" რეალურ ძალას. სამოქალაქო ომის სახელოვანი გენერალი უილიამ შერმანიც გაოცებული იქნება ჯოზეფის მხედართმთავრული ნიჭიერებით.

ჯოზეფი უზომოდ ერთგული იყო მშობლიური მხარისა და ხალხისა. ამასთან, იგი არა მხოლოდ გონიერი მხედართმთავარი იყო, არამედ შორსმჭვრეტელი და მშვიდობისმოყვარე ბელადი. ჯოზეფი ყველანაირად ცდილობდა ომის თავიდან აცილებას, მისთვის უძვირფასესი იყო თითოეული ინდიელის სიცოცხლე. ბელადი კარგად ხედავდა, რომ არსებულ ვითარებაში შეიარაღებული ბრძოლა ყოვლად უშედეგო იქნებოდა და ნეზ პერსეს დიდად დააზარალებდა.

ჯოზეფი იყო ბელადი, რომელმაც დროის ძალიან მცირე მონაკვეთში შეძლო ინდიელთა საბრძოლო პოტენციალის უნიკალობის გამოვლენა. აშშ-ის ინდიელთა ომების ისტორიაში ნეზ პერსეს 1877 წლის ბრძოლები სამხედრო ხელოვნების კლასიკადაა მიჩნეული. ფაქტობრივად, ჯოზეფმა შეძლო ის, რაც ყველასთვის წარმოუდგენელი იყო. მან წარმოაჩინა ინდიელი მეომრის ფენომენი, ინდიელთა დაუვიწყარი საბრძოლო სულისკვეთება, ორიგინალური ტაქტიკა და საერთოდ, ინდიელთა სამხედრო ხელოვნების გენიალურობა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჯოზეფი დამარცხდა. ნაპოლეონის მსგავსად, სიცოცხლის ბოლო წლებში იგი მოწყვეტილი აღმოჩნდა მშობლიურ მხარეს. 150 თანატომელთან ერთად, ჯოზეფი ნეზ პერსეს აიდაჰოს რეზერვაციიდან გადაასახლეს კოლვილის რეზერვაციაში, ვაშინგტონის შტატში. იქ ბელადი ტრადიციულ ტიპიში (ჩრდილო-დასავლეთის ინდიელთა საცხოვრებელი კარავი) ცხოვრობდა. მასთან თავს იყრიდნენ ახალგაზრდა ნეზ პერსეელები, ბელადის ამერიკელი მეგობრები. ჯოზეფი, ამერიკული ველური დასავლეთის ცოცხალი ლეგენდა, ნეზ პერსეს ძველ თუ ახალ ისტორიებს უყვებოდა სტუმრებს. ამ დროისთვის ველური დასავლეთი, ფაქტობრივად, გამქრალი იყო. ჯოზეფის ირგვლივ თავმოყრილ უამრავ ადამიანს აინტერესებდა, მოესმინა და განეცადა აწ უკვე ლეგენდად ქცეული ველური დასავლეთის უტყუარი ისტორიები, რადგანაც ეს ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მომსწრე იყო იმ გარდასული ეპოქისა, არამედ ლეგენდარული მოვლენების შუაგულში ტრიალებდა და ბევრ რამესაც წყვეტდა. ჯოზეფი 1904 წელს გარდაიცვალა. ბელადის ექიმის თქმით, დარდსა და სევდას "მისი გული გაეტეხა". ამერიკელთაგან "წითელ ნაპოლეონად" სახელდებული ჯოზეფის გარდაცვალებით დასრულდა ნეზ პერსესა და ინდიელთა დასავლეთის დიდი ეპოქა....

1860 წლიდან აგორებული ოქროს ციებ-ცხელება სულ უფრო ავიწროებდა ინდიელებს. სულ რაღაც ორ წელიწადში 18 ათასი ახალმოსახლე დამკვიდრდა ნეზ პერსეს მიწაზე. ჯოზეფ უმცროსმა მამის საქმე განაგრძო. იგი რეზერვაციის პირვანდელი საზღვრების აღდგენას ცდილობდა. მან თითქოს წარმატებასაც მიაღწია, 1873 წელს გამოიცა ფედერალური ორდერი, რომლის მიხედვითაც, ახალმოსახლეებს ინდიელთა ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. თუმცა ახალმოსახლეებმა პროტესტი განაცხადეს და განაშენიანებული ტერიტორიის დატოვებაზე უარი თქვეს. საბოლოო ჯამში, 1875 წელს, ნეზ პერსეს მიწაზე კვლავ განახლდა ამერიკელთა დასახლება. გენერალ ოლივერ ოტის ჰოვარდს კი დაევალა, მოეგვარებინა ინდიელთა გადასახლება აიდაჰოს მცირე რეზერვაციაში. ჯოზეფი ითვალისწინებდა არსებულ მდგომარეობას და აიდაჰოში გადასვლას დათანხმდა. თუმცა დაახლოებით ოცი ინდიელის წინდაუხედავმა საქციელმა დიდი პრობლემები შექმნა. ჯოზეფი ბანაკში არ იმყოფებოდა, როცა ახალგაზრდა გულდაწყვეტილი ნეზ პერსეელები თავს დაესნენ ამერიკელთა ახლომდებარე დასახლებას. რამდენიმე ახალმოსახლე დაიღუპა. ნეზ პერსეს ომი დაიწყო.

არმიის რეაგირების შიშით ჯოზეფმა უკან დაიხია და თავისი ტომი უაიტ-ბერდის კანიონისკენ გახიზნა. მათ უმრავლესობას ქალები, ბავშვები და მოხუცები შეადგენდნენ, 700 ნეზ პერსეელიდან მეომართა რიცხვი 200-ს თუ აღწევდა. თუმცა უკვე გვიანი იყო. აიდაჰოში მშვიდობიანი დასახლების პერსპექტივაც არარეალური ჩანდა. ჯოზეფი მაინც იმედოვნებდა გენერალ ჰოვარდთან მოლაპარაკებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. მაგრამ ტომის საბჭოზე უმრავლესობამ აიდაჰოს დატოვებასა და კანადაში გადასახლებას დაუჭირა მხარი. ჯოზეფი ხვდებოდა, რომ ეს ძალიან სარისკო გადაწყვეტილება იყო და დიდ ზიანს მოუტანდა ტომს. ასეც მოხდა.

1877 წლის ზაფხულში ნეზ პერსე თავის ისტორიულ ურთულეს მარშრუტს დაადგა. მათ წინ ედოთ 2600-კილომეტრიანი გზა. სამ თვეს მიუძღვებოდა ჯოზეფი თავის ხალხს კანადისკენ, ტომმა დაახლოებით 1880 კილომეტრი გაიარა. მათ ფეხდაფეხ მისდევდა აშშ-ის 2 ათასი ჯარისკაცი. ამ გზაზე ჯოზეფმა ყველა დიდ თუ პატარა ბრძოლაში დაამარცხა ამერიკელთა სამხედრო ძალები. 1877 წლის 30 სექტემბერს ბიარ-პოოს მთებში თავს დაესხათ სამხედრო ძალები ნელსონ მაილსის მეთაურობით. გაქცეულთა მცირე ნაწილმა მოასწრო გაქცევა, უმეტესობა კი ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ დანებდა თავდამსხმელთ. ალყაში მოქცეულმა ჯოზეფმაც იარაღი 5 ოქტომბერს დაყარა და აშშ-ის არმიას დანებდა. მასთან ერთად შეიპყრეს 87 მამაკაცი, 184 ქალი და 147 ბავშვი. არადა, კანადამდე საკმაოდ მცირე მანძილი იყო დარჩენილი.

ნელსონ მაილსი ჯოზეფის ხალხს ჰპირდებოდა, რომ მათ აიდაჰოში, ინდიელთა რეზერვაციაში დააბრუნებდა, მაგრამ აშშ-ის მთავრობამ ისინი ინდიელთა ტერიტორიებს დააშორა. ბელადი ჯოზეფი ორჯერ გაემგზავრა ვაშინგტონში, რათა დახმარებოდა თავის ხალხს უკან დაბრუნებაში. 1883 წლის მაისში ნეზ პერსეს პირველი ჯგუფი, ძირითადად ქვრივები და ობლები, სულ 29 კაცი, აიდაჰოში დააბრუნეს. დანარჩენებს კი დაბრუნებამ 1885 წლისთვის მოუწიათ. ზოგიერთი მათგანი ლაპუაისა და აიდაჰოს რეზერვაციებში გაემგზავრა, დანარჩენები კი, ჯოზეფის ჩათვლით, ჩაასახლეს რეზერვაციებში კოლვილის შტატსა და ვაშინგტონის შტატის ჩრდილოეთით.

1897 წელს ბელადმა ჯოზეფმა შენიშნა, რომ თეთრკანიანი ჩამოსახლებულნი კოლვილის რეზერვაციის თავისუფალი მიწების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. ადგილობრივი მთავრობა კი ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ამიტომ იგი აშშ-ის დედაქალაქში გაემგზავრა. ვაშინგტონში მან შექმნილი ვითარების შესახებ პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის მოახსენა, ასევე შეხვდა ნელსონ მაილსსა და ოლივერ ჰოვარდს. 1903 წლის ზამთარში კი ჯოზეფი კვლავ გაემგზავრა აღმოსავლეთში გენერალ მაილსთან ერთად, პრეზიდენტ თეოდორ რუზველტთან შესახვედრად.

ბელადი ჯოზეფი 1904 წლის 21 სექტემბერს გარდაიცვალა კოლვილის რეზერვაციაში, შინიდან მოშორებით, მომდევნო წლის 20 ივნისს კი მისი ნეშტი საზეიმო ვითარებაში გადაასვენეს სოფელ ნეპსელემში.

ნეზ პერსეს ეს გმირული ეპოპეა სიმბოლურად გამოხატავდა ინდიელთა სამყაროს დასასრულს, ტომის მიერ გავლილი მარშრუტი კი მთლიანად ამერიკის ინდიელთა მარშრუტია.

დღეს ჯოზეფი აშშ-ის ისტორიაში ყველასთვის საყვარელი და ძალიან პოპულარული ბელადია. მეტიც, იგი ქვეყნის ისტორიაში შევიდა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე - დიპლომატი, მშვიდობისა და სამართლიანობის დამცველი. ჯოზეფი ბრძოლის გზას დაადგა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეცვა ქალები, ბავშვები და მოხუცები იმ ურთულესი გადასვლების დროს. 1972 წელს აშშ-ში გამოიცა მარკა ბელად ჯოზეფის პატივსაცემად. ნეზ პერსეს რეზერვაციაში, აიდაჰოსა თუ ორეგონში, არაერთი ღონისძიებაა ჯოზეფის სახელობის. აღსანიშნავია ბელად ჯოზეფის დღეები ორეგონში, ყოველწლიური ღონისძიება, რომლის დროსაც ეწყობა აღლუმი და როდეო. აიდაჰოს ნეზ პერსეს ტომის ოფიციალურ გერბზე სწორედ ჯოზეფია გამოსახული. მისი საფლავი კოლვილში რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ამერიკული დასავლეთის "წითელმა ნაპოლეონმა" წარუშლელი კვალი დატოვა აშშ-ის ისტორიაში. ლეგენდარული ჯოზეფი ინდიელთა კულტურისა და ისტორიის სიმბოლოდ იქცა.

მიხეილ ბარნოვი,

თსუ-ს ისტორიის დოქტორანტი