დიდი მოძღვარი
25-11-2013
დიდი მოძღვარი
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი არნოლდ ჩიქობავა თავმდაბლობით გამოირჩეოდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და სამეცნიერო დისკუსიების უბადლო მოპაექრე არასოდეს აგრძნობინებდა ვინმეს, რომ ინტელექტით ან თანამდებობით მასზე მაღლა იდგა. ჩაცმითაც ძალზე სადად იცვამდა.

ერთხელ ახალი პალტო იყიდა და ტაქსიში ჩაჯდა. მძღოლმა ახედ-დახედა, რომლის ახალი პალტოც დანარჩენ სამოსთან შედარებით კონტრასტულად გამოიყურებოდა, "თავისიანად" ჩათვალა და შინაურული საუბარი გაუბა:

- სად გიყიდია, ძიაჯან, ეს პალტო?
- სოხუმში.
-
მშვიდობაში! ძალიან კარგი პალტოა, ჩემმა მზემ, "ინტელიგენტნი ვიდს" გაძლევს.
ამ ამბავს ბატონი არნოლდი თვითონ ჰყვებოდა სიცილით და ამბობდა: ააშენოს ღმერთმა მისი ოჯახი, იმის მერე ამ პალტოს ვეღარ ველევიო.

ყოფითი პრობლემებისადმი საკმაოდ გულგრილს, თავისი მოწაფეების გასაჭირი არასოდეს გამოეპარებოდა. ერთ-ერთი მისი სტუდენტი-ასპირანტი, ცოლ-შვილის პატრონი კაცი, კურსის დასრულების
შემდეგ უმუშევარი დარჩა. ეს იცოდა პროფესორმა. დაიბარა, დიდხანს ესაუბრა საქმეზე, ბოლოს ერთი სქელტანიანი წიგნი გადასცა, გადაათვალიერე, ამ საკითხის გარკვევაში დაგეხმარებაო და გაისტუმრა. დაეშვა სტუდენტი კიბეზე, თან წიგნს ათვალიერებს. შიგ კონვერტი იპოვა, რომელშიც ასი მანეთი იდო. აბრუნდა უკან და კაბინეტის კარი შეაღო - ფული დაგრჩენიათ წიგნშიო. არ დამრჩენია, მაგას სესხად გატანთ, როცა გექნებათ, მაშინ დამიბრუნეთო, - მიუგო პროფესორმა შემცბარ ახალგაზრდას, რომელმაც ეს ამბავი მეგობრებს უამბო და მათგანვე შეიტყო, რომ პროფესორი ხელმოკლე სტუდენტებს ამგვარ "სესხს" ხშირად აძლევდა და არც ფულის დაბრუნებაზე უნდა ეფიქრა.
იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სკოლის დამაარსებელს ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსული სტუდენტებიც ჰყავდა და მათზეც მამასავით ზრუნავდა. აკადემიკოსი ალექსი ჭინჭარაული იხსენებდა: "მე და ერთი ჩრდილოკავკასიელი ასპირანტი  ვდგავართ კიბის ბაქანზე და პაპიროსს ვეწევით. მოულოდნელად არნოლდ ჩიქობავა გამოჩნდა. ჩვენ შევცბუნდით და ხელები ზურგს უკან დავმალეთ. პროფესორმა გვერდით ჩაგვიარა და ჩაილაპარაკა:

"პაპიროზაის წევითა
ვერ გადაივლი მთასაო,
კვამლი რომ ეგრე მიყვარდეს,
ბუხარში შავყოფ თავსაო", -
შემდეგ კიბეზე შეჩერდა, მიმიხმო, ფულის დასტა გამომიწოდა და რუსულად მითხრა:  Передайте ему(იმას გადაეცით). ამ ხელმოკლე, ობოლ, მაგრამ ამაყ მთიელს ფულის პირდაპირ მიცემა არ შეჰკადრა, შუამავლად მე გამომიყენა".

სიკეთეზე სტუდენტებიც სიყვარულით და პატივისცემით პასუხობდნენ. და არა მხოლოდ საქართველოში.

ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი საენათმეცნიერო სესიის დროს სასტუმროში დაბინავებულს ჩერქეზულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ჭარმაგი მოხუცი ესტუმრა.
- ვიცი, რომ ჩვენი ახალგაზრდების დიდი მოძღვარი ბრძანდებით. თქვენთვის და თქვენი კოლეგებისთვის სუფრაა გაშლილი და მობრძანებას გთხოვთო.

არნოლდ ჩიქობავამ ავადმყოფობა მოიმიზეზა და ასე დააპირა სუფრისთვის თავის არიდება. მაშინ სტუმარმა განუცხადა: სანამ თქვენ და თქვენი კოლეგები აქ ბრძანდებით, ყოველდღე ახალი საკლავი დაიკვლება, ის სუფრა ყოველდღე განახლდება და თქვენს მოლოდინში იქნებაო. პროფესორი მთიელთა ბუნების უბადლო მცოდნე იყო, იცოდა, შეასრულებდნენ დანაპირებს და კოლეგებს მთებში ჩაკარგული აულისკენ გაუძღვა.

ლადო გოგუაძე

zviadi
19 დეკემბერი 2013 13:29
გენიალური ადამიანები ყველასთვის მაგალითი უნდა იყვნენ.რა უნდა დაწერო?! სიამოვნებით და სიამაყით ივსები..........
korinteli
18 დეკემბერი 2013 00:19
გაგიჟდები რა.მარტო ერთი კომენტარი დევს ამ ბრწყინვალე ადამიანზე.აბა შორენა ბეგაშვილზე ან ბუნიატაშვილის მკერდზე დაიდოს სტატია,აქ ამბავი ატყდება დედა შვილს არ აიყვანს ხელში.წერეთ ასეთ ადამიანებზე,იქნებ დაგვეხვეწოს გემოვნება და მივხვდეთ რა არის საინტერესო წასაკითხი და საყურებელი
lalo
26 ნოემბერი 2013 16:40
გამითბა სული და გული, წერეთ რა ასეთი სტატიები, ცოტაა დასაწერი თუ?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები