ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51)

"კვირის პალიტრა" აგრძელებს ნიკო ბაგრატიონის (ბური) წიგნის, "ბურებთან", ბეჭდვას. აფრიკაში სანადიროდ გამგზავრებულმა ნიკო ბაგრატიონმა შეიტყო, რომ აფრიკის სამხრეთით მცხოვრებ მშვიდობიან ბურებს დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა...

საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, კანადიდან თუ რუსეთიდან ბევრმა მოხალისემ მიაშურა შორეულ აფრიკას ინგლისელებთან საბრძოლველად.

დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პატარა ქვეყნის მწარე ხვედრმა გულგრილი ვერც ქართველი პატრიოტი ნიკო ბაგრატიონ-მუხრან-ბატონი დასტოვა და უყოყმანოდ დაუდგა გვერდით ბურებს.

ნიკო ბაგრატიონის წიგნი, "ბურებთან", მრავალმხრივ არის საყურადღებო. უწინარესად, ეს გახლავთ იმ ბატალიების მონაწილის შეუფარავი, მართალი მონათხრობი და ასევე ქართული მემუარული ლიტერატურის საინტერესო ნაწარმოები.

ეს მიწიერი სამოთხე მთელს არემარეში უხვად აფრქვევდა ბაღისა და მინდვრის ყვავილების სურნელებას. მთელი სახლი, მზის მცხუნვარე სხივებში გახვეული, რაღაც ფე-ერიულ ჰაეროვან შენობას აგონებდა ადამიანს.

აქ, ბუნებასთან ახლოს, ბარათაშვილს არაერთხელ განუცდია უიმედო სიყვარულით გამოწვეული გულის ტკივილიც. როგორც პოეტს, მას ხელგაშლილი ხვდებოდნენ, აღფრთოვანებაში მოდიოდნენ და ხოტბას ასხამდნენ მის მუზას, მაგრამ ღარიბი და კოჭლი ახალგაზრდისათვის ეს არ კმაროდა.

ყოველივე ეს გავლენას ახდენდა ახალგაზრდა კაცზე, მით უმეტეს, რომ მის გატაცებას და სიყვარულს ყოველთვის იწვევდნენ საქართველოს ულამაზესი ქალები, როგორც, მაგალითად, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი ეკატერინე და შალვა ერისთავის ასული ქეთევან, ელიზბარ ერისთავის მეუღლე.

მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ არავისთვის არ ეჩვენებია თავისი საუნჯე - მეუღლე, ამაყ მემამულე ერისთავს არ შეეძლო სხვებს ჩამორჩენოდა და არ გადაეხადა პირველი შვილის ნათლობა. მან დიდი წვეულება გამართა, სტუმრები ანადირა კიდეც, მხოლოდ ერთი პირობით: ირმები არამც და არამც არ მოეკლათ. უძველესი დროიდან არსებობს ლეგენდა, თითქოს ბაგრატიონის სახლიდან მტრებმა ქორფა ბავშვი ტყეში გაიტაცეს და იქ ნადირის შესაჭმელად დასტოვეს, მაგრამ ბავშვს ირემმა ძუძუ აწოვა და გამოზარდაო. ამიტომ ბაგრატიონის ოჯახის ყველა წევრს და მათ ახლო ნათესავებს აკრძალული ჰქონდათ ირმის მოკვლა.

ერისთავს ნათლობაზე მოპატიჟებული ჰყავდა მეფისნაცვლის, თავად ვორონცოვის მთელი ამალა, მისი ახალგაზრდა ადიუტანტის გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის მეთაურობით. დაშკოვი ნათლიად იყო მიწვეული.

ახალგაზრდები სამი დღის განმავლობაში ქეიფობდნენ, მხიარულობდნენ და, მიუხედავად ეჭვიანი ქმრის სიმკაცრისა, მაინც ახერხებდნენ და ბედავდნენ აღფრთოვანებული თვალებით ემზირათ სილამაზით გაბრწყინვებული ახალგაზრდა კნეინასათვის.

შემდეგში, როცა ვორონცოვ-დაშკოვი მეფისნაცვლად დანიშნეს და კვლავ დაბრუნდა თბილისში, მოიგონა თავისი ახალგაზრდობა, მილტოზში (რევაზ ერისთავის საგვარეულო მამული ქსანში) მხიარულად გატარებული დრო და მოისურვა ერისთავის ოჯახის რომელიმე წევრის ნახვა, მაგრამ აღარავინ იყო, მოხუცები უკვე გარდაცვლილიყვნენ, რევაზის ერთადერთი ქალიშვილი კი ქმართან ერთად ვლადიკავკავში ცხოვრობდა.

პაპა ნიკოლოზის სიკვდილის შემდეგ, მამაჩემს მოვალეები აღრჩობდნენ, "პრიკაზი" მამულებს უწერდა და საჯაროდ უყიდდა. ამნაირად გაუყიდეს თბილისში მტკვრის მთელი მარჯვენა ნაპირი მუხრანის ხიდიდან დაწყებული ვერამდე. მუხრანის ხიდის ადგილას მაშინ ბორანი მუშაობდა, რომელსაც ხალხი ავლაბარში გადაჰყავდა. ეს ბორანი საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა, ესეც მოგვესპო. ასე, ამგვარად მივდიოდით საბოლოო გაღატაკებამდე. ბოლოს, ბევრი ტანჯვის შემდეგ, მამამ პეტერბურგში წასვლა გადაწყვიტა, რომ თხოვნა მიერთმია მეფე ალექსანდრე მეორისათვის, რათა მისთვის მოეხსნათ სახაზინო ვალი 600 ათასი მანეთის რაოდენობით და მისი პროცენტებიც.

მეტი ცდა აღარ შეიძლებოდა, არზა დაუწერა ახლად შეძენილმა სიძემ, იმ დროის შესაფერად დიდად განსწავლულმა, მრავალი აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ცნობილმა მწიგნობარმა პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანმა.

იმხანად, ალექსანდრე II-ის ნაცვალი კავკასიაში მისი ძმა მიხეილ ნიკოლოზის ძე იყო. ის ცდილობდა ხალხს თავმდაბალ კაცად მოსჩვენებოდა. ხშირად დადიოდა ბაზარში, გამბედავი და ენამახვილი ყარაჩოხელები "მიხაკოს" ეძახოდნენ, დამტვრეული რუსულით ელაპარაკებოდნენ და სანოვაგეს სთავაზობდნენ.

მისი მეუღლე - გერმანელი ქალი ოლგა თეოდორეს ასული - მკაცრი წესების ადამიანი იყო. თვითონ ძალიან მშვიდსა და სათნო ცხოვრებას ეწეოდა და სურდა, რომ მთელი საზოგადოება ასე მოქცეულიყო. თავად ბარიატინსკის მხიარულ წვეულებებსა და დროსტარებას მიჩვეულთათვის, ასეთი ცხოვრება მეტად მოსაწყენი აღმოჩნდა. ოლგა თეოდორეს ასულის დაჟინებით ციმბირში გადაასახლეს ანდრონიკაშვილი, რომელმაც აფხაზებისა და მეგრელების ძველ ჩვეულებას წაბაძა და საცოლედ მოიტაცა აბაშიძის ქალიშვილი.

თავისი შვაბების გადმოსახლებით ოლგა თეოდორეს ასულმა თბილისში დიდი ახალშენი მოაწყო, რისთვისაც დაუთმეს მტკვრის მარცხენა ნაპირი - ვერის ხიდიდან მოყოლებული დიდუბემდე - თავისი შესანიშნავი ბაღებით. ახალშენს გადასცეს ძროხები და მერძეობისათვის საჭირო ინვენტარიც. ეს შვაბები მთელს თბილისს აწოდებდნენ რძის ნაწარმს; ბორჩალოს რაიონშიაც დააარსეს ყველის დასამზადებელი ქარხნები. ამ ქარხნებში ისინი იყენებდნენ ადგილობრივი მცხოვრებლების შრომას, რაშიაც უმნიშვნელო გროშებს იხდიდნენ.

დიდი მთავრის დროს უცნაურმა "პრიკაზმა" თავისი სახე თანდათან შეიცვალა.

...* * *

იოსელიანის (პლატონი-რედ.) მიერ საქართველოს არქეოლოგიის შესახებ მრავალრიცხოვანი ნაშრომების გამო სრულიად ღირსეულად დამსახურებულმა პროფესორის მაღალმა წოდებამ და დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის კანცელარიის დირექტორის თანამდებობამ ააგულიანა მამაჩემის მესამე და, ძალიან განათლებული და ნაკითხი ანა ნიკოლოზის ასული ცოლად გაჰყოლოდა მას, მაგრამ ისიც თითქმის 30 წლით უმცროსი იყო თავის ქმარზე. წლოვანებაში ასეთი განსხვავების გამო, ანა თავის მეუღლეს მხოლოდ "ბატონობით" მიმართავდა ხოლმე.

დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე მეტისმეტად წყალობდა პლატონ იოსელიანს და ხშირად აპატიებდა ხოლმე მას ზოგჯერ არათავაზიან და ახირებულ საქციელს, მაგალითად, ერთხელ იოსელიანის კაბინეტში თურმე შესულა დიდი მთავარი და იოსელიანისათვის, რომელიც ამ დროს რაღაცას წერდა, მიუმართავს: "პლატონ იგნატიევიჩ!" - პლატონს ხმა არ გაუცია, მეორედ დაუძახნია, იოსელიანს წერა კვლავ განუგრძია. ეს უხერხულობა რომ გაექარწყლებია, დიდ მთავარს უთქვამს: "მე სულ დამავიწყდა, რომ როდესაც ფილოსოფოსი წერს, ხელი არ უნდა შეუშალოო". "სრული სიმართლეა, თქვენო აღმატებულებავ", - უპასუხნია პლატონს.

პლატონის მიერ მეუღლისადმი თავაზიანი მოპყრობისა და მისი ღრმა ინტელიგენტობის წყალობით, მათი წლოვანების განსხვავება როგორღაც შესამჩნევი არ იყო, თუმცა, პაპაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მიუხედავად იოსელიანის ბევრი დადებითი მხარეებისა, ეს ქორწინება მაინც არ მოხდებოდა, რადგან პაპა მოითხოვდა, რომ სიძეები წარმოშობით მისებრ მაღალი წოდების ყოფილიყვნენ. პლატონი დიდ პატივს სცემდა თავისი მეუღლის ოჯახის წევრებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მაინც წამოსცდებოდა ხოლმე ყველა მუხრანელის მიმართ, "ფულის მკვნეტავები არიანო". თვითონ პლატონი მეტად ყაირათიანი იყო.

თხოვნა ხასკინისეული ვალის ჩამოწერის შესახებ უკვე დაწერილი იყო და მცხეთაში კურთხევის მიღების შემდეგ, მამაჩემი, როგორც ყოფილი სამხედრო პირი, ფოსტის ცხენებით გაემგზავრა პეტერბურგისაკენ.

რით გათავდებოდა ასეთი ყოველმხრივ გაბედული მგზავრობა, ან რას მოუტანდა ის გაუბედურებულ და გაღატაკებულ ოჯახს, სადაც სანთლის მაგიერ ახლა ხშირად კვარი ენთო?

საბედნიეროდ, მეფემ ისმინა მამაჩემის ვედრება და მთელი ვალი ჩამოწერილ იქნა.

სატახტო ქალაქში სამი თვის ყოფნის შემდეგ, მამამემი გახარებული და გამხნევებული დაბრუნდა მუხრანში, სადაც გულის ფანცქალით ელოდებოდა მთელი ოჯახი.

როცა კარგად დაისვენა, ზაქროსაგან ჩაიბარა საქმეები და კვლავ შეუდგა შვილების მომავალი განათლების საქმეზე ზრუნვას. გიმნაზიაში ჩვენი შესვლა ჯერ ადრე იყო. იმხანად ფრანგული ენა სულ უფრო და უფრო შემოდიოდა მოდაში. თითქმის ყველა არისტოკრატიულ ოჯახში იყვნენ ფრანგი აღმზრდელები. დედაჩემი ინსტიტუტში აღზრდილი იყო, მაშასადამე, ფრანგულად ლაპარაკობდა, მაგრამ მას ჩვენთვის არ ეცალა, ამიტომ მამაჩემმა გადაწყვიტა, მე და ჩემი ძმა მოვეშორებინეთ ოჯახისათვის და მივებარებინეთ ფრანგთა ოჯახში.

ასეთ "კულტურულ" ოჯახად მამაჩემმა თბილისში დალაქ ბერლემონის ოჯახი მიიჩნია. ბერლემონი სიამოვნებით დაეთანხმა მამაჩემის სურვილს. ოქტომბრის ერთ დღეს, როცა რთველი სავსებით მოთავებული იყო, ყოველგვარი სანოვაგით დატვირთული ურმით ჩვენმა ზაქრომ მიგვიყვანა ახალ საცხოვრებელ ადგილზე, გზაში ერთხელ კიდევ ჩამოგვართვა სიტყვა, რომ წესიერად მოვიქცეოდით და არ შევარცხვენდით არც ოჯახს და არც ზაქროს.

ლევანი მთელი გზა ტიროდა, მე თავს ვიმაგრებდი, ვიგონებდი ტარიელს და ვცდილობდი, წარმომედგინა, თუ როგორ მოიქცეოდა ის ჩემს მდგომარეობაში, მაგრამ, როდესაც დამშვიდობებისას ზაქრომ ხელი მოგვხვია და ვიგრძენი, რომ ჩვენი მოშორება მისთვისაც ძნელი იყო, თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ზაქრო უშვილოდ ბერდებოდა და მთელი მამობრივი გრძნობები ჩვენზე გადმოჰქონდა.

ფრანგის ქალს, ეტყობოდა, არ მოეწონა ჩვენი ალერსიანი გამომშვიდობება და ჩქარობდა მის შეწყვეტას, ზაქრო მოურიდებლად გამოაბრძანა გარეთ და მე და ჩემი ძმა დავრჩით, თითქოს უცხო მხარეში, სრულიად მარტონი. ასე დაიწყო ჩვენი ცხოვრების ახალი ხანა, რომელსაც უნდა დავმორჩილებოდით.

მოხუცი ბერლემონი, ძალიან ლამაზი, რბილი ხასიათის და გულუბრყვილო, ნაზად გვეალერსებოდა, ლოყაზე ხელს გვითათუნებდა და ჩვენთვის სრულიად გაუგებარ ენაზე რაღაცას ბუტბუტებდა, რაც არც ჩვენს გონებაში და არც ჩვენს გულში არავითარ გამოძახილს არ პოულობდა. რუსული ენა, რომელიც მისმა მოსამსახურემ იცოდა, უფრო გასაგები იყო ჩვენთვის.

ყველაფრის ატანა შეიძლებოდა, გარდა იქაური კვებისა. საშინელება იყო მუდამ ერთი და იმავეს ჭამა - ყოველდღე მზადდებოდა ფხალეული და კარტოფილი, სხვადასხვა სახით. მე ნაკლები მოთხოვნილების ვიყავი და ნაკლებ აზიზობას ვიჩენდი, ჩემს ძმას ლევანს კი დასანახავადაც ეზარებოდა ასეთი სადილები, განსაკუთრებით სტაფილო, რასაც დილაობით ძალით გვაჭმევდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ სტაფილო აუცილებელია ბავშვებისათვისო. გვძულდა კარტოფილიც, Mროცა მას მოგვიტანდნენ, პირდაპირ ჯოჯოხეთი შეიქნებოდა: არც ხვეწნა და არც მუქარა ლევანზე არ მოქმედებდა. მაშინ როკაპი ფრანგი ქალი აიძულებდა ლევანს ინდაურივით ეყლაპა მთელ-მთელი კარტოფილები. ქმარი ლევანს თავს დაუჭერდა და ძალით გაღებულ პირში ცოლი ჩანგლით კარტოფილს ჩაუტენიდა და მანამდე ეკავა ჩანგალი, სანამ ლევანი არ ჩაყლაპავდა კარტოფილს.

ასეთი წამება ყოველდღე მეორდებოდა სამი წლის განმავლობაში; ბერლემონები ტრაბახობდნენ, რომ პატარა აზიელებს ვწვრთნითო.

მალე ჩვენ მშვენივრად დავიწყეთ წმინდა ფრანგულ ენაზე ლაპარაკი. ბერლემონებმა გვაიძულეს, დაგვევიწყებინა ჩვენი მშობლიური ენა; როცა მამა ჩამოდიოდა ხოლმე, მასთან ლაპარაკისათვის თარჯიმანი გვჭირდებოდა. მამას უხაროდა ჩვენი ასეთი წარმატება და მადლობას უხდიდა ჩვენს მწვალებელს, რომლის საქციელის შესახებ ვერაფერს ვეუბნებოდით მამაჩემს, რათა გაბრაზებულ ქალს შემდეგში მეტად არ ვეწვალებინეთ.

თვითონ ბერლემონი, მისი ვაჟი და ქალი ყოველთვის კარგად და გულთბილად გვეპყრობოდნენ. დედა კი იმათთვისაც ისეთი იყო, როგორც ჩვენთვის.

ზამთრის გრძელ ღამეებში ხან ვაჟი და ხან ქალიშვილი გვიკითხავდნენ ანდერსენის ზღაპრებს. მთელი დღის ნამტირალავი ლევანი რაღაც გულცივობას იჩენდა მათდამი, მე კი სიამოვნებით ვისმენდი, რა თქმა უნდა, არა ისეთი აღფრთოვანებით, როგორც მშობლიურ საქართველოს გმირულ თქმულებებს, მაგრამ მაინც ეს იყო უხილავი მხარის ამბები, რომლებიც მე ძალზე მაინტერესებდნენ და მიზიდავდნენ. კიდევ უფრო მეტად მინდოდა გავცნობოდი მაინ რიდის და ჟიულ ვერნის წიგნებს, მაგრამ ბერლემონის ცოლი არ გვაძლევდა ნებას და გვარწმუნებდა, რომ ეს წიგნები აღელვებენ ისედაც თავქარიან ბიჭებს და მათი კითხვა საჭირო არ არისო.

განვლო სამმა წელმა. გათავდა ჩვენი სწავლის მძიმე გამოცდის ვადა და ყოველ წუთში მოუთმენლად ველოდით ზაქროს, ყოველ ხმაურს ვაყურადებდით. და აი, მაისის ერთ მშვენიერ დღეს, როცა გრძელი და თვალისმომჭრელი მზის სხივი შემოიჭრა ჩვენს ნახევრად ბნელ ოთახში, რომელიც მოთავსებული იყო სადალაქოს უკან, ვაჭარ სარაჯიშვილის სახლში სასახლის ქუჩაზე, დავინახეთ ზაქრო.

ჩვენს სიხარულს და აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ თავს ვიკავებდით, რომ ბერლემონებს არ სწყენოდათ. საჩქაროდ ჩავალაგეთ ჩვენი ბარგი, გამოვეთხოვეთ ბერლემონების მთელ ოჯახს და წავყევით ზაქროს.

უბედურება ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში სრულიად გადაგვავიწყდა მშობლიური ენა, თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდით, რომ ქართული ენის ხმოვანება გვქონდა ჩარჩენილი სმენასა და გონებაში.

მთელი გზა თბილისიდან მუხრანამდე ჩუმად ვიყავით. როცა მშობელ სახლს მივუახლოვდით, გულმა გამალებული ძგერა დაგვიწყო. სახლში ყველაფერი სამხიარულოდ და არაჩვეულებრივად გვეჩვენებოდა, საალერსოდ ხელიდან ხელში გადავდიოდით - მამიდან დედასთან, ბებიასთან, მამიდებთან და ბოლოს ჩემს უსაყვარლეს, სამი წლის უნახავ გამდელთან.

ჩვენით და ფრანგებთან ჩვენი ყოფნის შედეგებით კმაყოფილმა მამაჩემმა ნება დაგვრთო, ყველაფერი შემოგვერბინა და დაგვეთვალიერებია, რასაც კი მოვისურვებდით; ჩვენც ვისარგებლეთ ამით და არც ერთი კუთხე არ დაგვიტოვებია უნახავი - საქონლის ბაკი, საჯინიბო, კოშკშიაც კი ვიყავით, მთელი ჩვენი შინამოსამსახურეები დავკოცნეთ, ყოველი მათგანი თავისებურად გვესალმებოდა და უკვე ისეთ განათლებულად გვთვლიდნენ, რომ სახელის დაძახებას ვეღარ გვიბედავდნენ და "ბატონიშვილობით" მოგვმართავდნენ.

მუხრანში სეირნობისას მე, როგორც ბუნების დიდი მოყვარული, იმ ადგილამდე მივედი, რომელიც ძველ მუხრანად ითვლება. იქ ასწლოვანი მწვანე მუხები ჩრდილს ფენდნენ უძველესსა და ნახევრად დანგრეულ, ე.წ. წმიდა გიორგის ეკლესიას. საქართველოში გიორგი დიდ წმინდანად ითვლებოდა და მას ყველა თაყვანს სცემდა.

ყოველწლიურად, 23 აპრილს, გიორგობას მთელი სოფლელები თავიანთი ოჯახებით თავს იყრიდნენ ამ ტაძართან, რომ წმიდა და ისტორიულ კედლებთან ღამე გაეთიათ და შესაწირი შეეწირათ, მეორე დღეს კი, წირვის შემდეგ, ჭიდაობა იმართებოდა. ჭიდაობდნენ ნამდვილი ბუმბერაზები, რომლებიც თავისი ხერხებით ფრანგ მოჭიდავეებსაც არ ჩამოუვარდებოდნენ. ჭიდაობის დროს ზურნა უკრავდა და მისი ხმები აქეზებდნენ გოლიათ მოჭიდავეებს.

მე სიამოვნებით ვუყურებდი მამაპაპურ სანახაობას, აღფრთოვანებაში მოვყავდი მოჭიდავეების ღონესა და სიმკვირცხლეს და თვალს ვერ ვაცილებდი მოცეკვავე ტანწერწეტა ახალგაზრდა ქართველ ქალებს.

იმავე დროს, საპატივცემო, ხანში შესული მანდილოსნები ისხდნენ მათზე არანაკლებ პატივცემულ მაჭანკლებთან ერთად, ათვალიერებდნენ საცოლო ვაჟებს და გასათხოვრებს, იმისდა მიხედვით, თუ ვისთვის ვინ იყო შესაფერი, და გულდასმით უსმენდნენ მაჭანკლებს, რომლებიც დაწვრილებით უყვებოდნენ მათი მდგომარეობის, ქონებისა და წარმოშობის შესახებ.

აქაური გლეხების ნახევარი სომხები იყვნენ. ეს შემდეგნაირად მოხდა: როცა ჩვენმა წინაპარმა მუხრანელმა წილად მუხრანი მიიღო, ის ყარაბახში წავიდა, იქ შეისყიდა მონა-სომხები, ჩამოიყვანა მუხრანში და დაასახლა. ისინი ერთგული ყმები გამოდგნენ, მაგრამ თავისი ენა და გრიგორიანული სარწმუნოება კი შეინარჩუნეს.

(გაგრძელება იქნება)