დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაცია
09-12-2013
დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაცია
1905 წლის რევოლუციის ციებ-ცხელებით შეპყრობილ რუსეთის იმპერიაში ძარცვა-გლეჯა და ექსპროპრიაციები ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. 1906 წელს რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღე ხდებოდა ძარცვა-ყაჩაღობა. არც საქართველო წარმოადგენდა გამონაკლისს, მეტიც, ყველაზე გახმაურებული ექსპროპრიაციები სწორედ აქ ხდებოდა.

პირველი ცნობილი ექსპროპრიაცია (შემოკლებით ექსი) საქართველოში 1905 წლის 30 დეკემბერს ყვირილაში მოხდა, როცა ხაზინიდან 200 ათასი მანეთი გაიტაცეს. ყვირილის ხაზინის გაძარცვა რევოლუციური ბრძოლების პიკს დაემთხვა, ამიტომ საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან ნაკლები ყურადღება დაიმსახურა. მომდევნო წელს
დუშეთში მომხდარმა ექსმა კი ყველას თავზარი დასცა.

ეს ძარცვა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის სამხედრო ორგანიზაციის წევრებმა ჩაიდინეს. ფედერალისტების პარტია, სხვა სოციალისტური პარტიების მსგავსად, მეფის ხელისუფლების დამხობისთვის იბრძოდა. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, წინა პლანზე ეროვნული ინტერესები ჰქონდა წამოწეული. პოპულარობით იგი ჩამოუვარდებოდა სოციალ-დემოკრატებს, მაგრამ სხვა პარტიების მსგავსად, არც ის თაკილობდა
ტერორისტულ საქმიანობასა და ფულის სხვადასხვა მეთოდით შოვნას. პოლიციის დეპარტამენტი ფედერალისტთა სამხედრო ორგანიზაციის შესახებ იტყობინებოდა, რომ მან განახორციელა "წვრილი ხულიგნური თავდასხმების მთელი რიგი". ხმაურიანი ტერორისტული აქტებიდან გამოყოფილი იყო 1907 წლის 15 მარტს გორის მაზრის უფროსის გუგუშვილის მკვლელობა.

ფედერალისტების დამოკიდებულება ტერორისტული აქტებისა და ექსპროპრიაციების ორიგინალობით არ გამოირჩეოდა. ისინი საჯაროდ გმობდნენ ასეთ აქტებს, მაგრამ ამავე დროს, ამ მეთოდებით მიღებულ სარგებელს მშვენივრად იყენებდნენ. ასე მიიღეს მათ პარტიის საჭიროებისთვის სტამბა, რისი შეძენაც დუშეთის ხაზინის ძარცვის ხარჯზე მოხდა. გიორგი ლასხიშვილი იგონებდა: "სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის სამხედრო ორგანიზაციამ პარტიის მთავარ კომიტეტში წინადადება შეიტანა დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის შესახებ. კომიტეტმა განიხილა ეს წინადადება და მის განხორციელებაზე უარი განაცხადა. თუმცა, მთავარმა კომიტეტმა ექსზე უარი განაცხადა, მაგრამ ხელი სამხედრო ორგანიზაციისთვის არ შეუშლია, ფედერალისტები მომავალი სარგებლის მოლოდინში ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ".

მომავალი ექსპროპრიატორები დიდხანს ბჭობდნენ, რა გზით ჩაეგდოთ ხელში ფული. ხაზინაზე ყაჩაღური დაცემა დიდი მსხვერპლის მეტს არაფერს მოიტანდა, იქვე ახლოს ჯარისკაცების პოლკი იდგა, ამიტომ ზოგი სთავაზობდა სასმლის მოწამლვასა და მცველი-ჯარისკაცების დათრობას, ზოგი მათ მოსყიდვას... ბოლოს, ყალბი დოკუმენტის შედგენა გადაწყდა. იმ დროს ექსის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იოსებ გედევანიშვილი ნოვო-ბაიაზეთის პოლკში ასეულს მეთაურობდა და აქედან გამომდინარე, საკმაოდ კარგად იცნობდა პოლკის ოფიცრობასა და პოლკის მეთაურს, ხანში შესულ ბიუროკრატს, გვარად დიკს. გედევანიშვილმა ზედმიწევნით კარგად შეისწავლა შტაბის საქმის წარმოება, წერილების დაგზავნის წესი, სტილი და ფორმა. მან შეადგინა საიდუმლო მიწერილობა-განკარგულება ოლქის შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ დიკის მისამართით, სადაც ნათქვამი იყო: "რადგანაც სამხედრო ნაწილებს ამჟამად დიდი ჯაფა აწევთ რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში... რაიც ხელს უშლის და აბრკოლებს ჯარის ნაწილთა სამხედრო მომზადებას და სწავლას, ამიტომ კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების უფროსმა გადასწყვიტა დროებით გაანთავისუფლოს ჯარის ნაწილები არასამხედრო დაწესებულებების დარაჯობისგან... წინადადება გეძლევათ ამ განკარგულების მიღებისთანავე მოხსნათ სამხედრო სადარაჯო დუშეთის ხაზინიდან. წინადადება მიეცით ხაზინის უფროსს საკუთარი საშუალებით დაიცვას ხაზინა, ვიდრე ახალ განკარგულებამდე".

ამ ყალბი ბრძანების ტექსტი ტასო ვახვახიშვილმა დაბეჭდა, მისამართი ხელით გიორგი კერესელიძემ წააწერა. ახლა საჭირო იყო განკარგულების გადაგზავნა. ამის გაკეთება ფოსტით არ შეიძლებოდა, რადგან ასეთი საიდუმლო მიმოწერისთვის განსაკუთრებული წესი არსებობდა. საჭირო გახდა მეორე წერილის შედგენა მცხეთის ბოქაულის სახელზე. ამ წერილში საოლქო შტაბის უფროსი სწერდა მცხეთის ბოქაულს, ასევე "ფრიად საიდუმლოდ", რომ პოლკოვნიკ დიკის სახელზე გამოგზავნილია საიდუმლო პაკეტი და ის სასწრაფოდ შიკრიკის მიერ უნდა გადაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.

ერთ დღესაც მცხეთის ბოქაულს, გაბო სულხანიშვილს გამოეცხადა საოლქო შტაბის ფორმაში გამოწყობილი "ჯარისკაცი", ამხანაგი კოლა ყორღანოვი. ყველაფერი შესრულდა წესისამებრ - პაკეტის მიღების შემდეგ, ბოქაულმა ყორღანოვს ხელწერილი მისცა. ეს "ფრიად საიდუმლო" პაკეტი იმავე დღეს ჩაბარდა პოლკოვნიკ დიკს. ამ უკანასკნელმა კი დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება მოეხსნა დარაჯები ხაზინიდან. ამის შესახებ ხაზინის გამგეს შესაბამისი შინაარსის წერილიც გაეგზავნა. დუშეთის ხაზინიდან დარაჯები გაიწვიეს. მთავარი დაბრკოლება მოიხსნა.
12 აპრილს, საღამოხანს, თბილისიდან დუშეთისკენ გეზი აიღო ეტლმა, რომელშიც ისხდნენ ივანე და ილია თაქთაქიშვილები, ლეო კერესელიძე, კორნელი კასრაძე, კოლა ალავიძე, დათუნაშვილი და ეტლის პატრონი ვიქტორ ყიფიანი.

გვიან ღამით "ჯარისკაცები" დუშეთში შევიდნენ და მწყობრი ნაბიჯით გაემართნენ ხაზინისკენ. იმ დღეს ხაზინაში მორიგეობდა ფედერალისტთა პარტიის წევრი მაზიტაშვილი, რომელმაც ფსევდოჯარისკაცებს კარი გაუღო. ჯარისკაცებმა ყველანი განაიარაღეს, მაზიტაშვილმა უჩვენა, სად ინახებოდა თანხა.
"შეკრულები ერთ ალაგას მოათავსეს და თან მოტანილ რკინის ჯოხით დაუწყეს ფულის საკუჭნაო ოთახის კარს მტვრევა. როცა კარი შეამტვრიეს, სამორიგეო ოთახიდან პატარა ლამპა მოიტანეს, ყუთი გასტეხეს, სადაც ინახებოდა... 315 000 მანეთი. ფული პარკში ჩაალაგეს... ბოროტ-განმზრახველთ მოიწადინეს შეეტყოთ, თუ რა ინახებოდა ცეცხლისგან უზრუნველ კასაში და როცა შეიტყეს, რომ იქ 2000 მანეთი ოქროაო, ხელი არ ახლეს. ხელი არ ახლეს აგრეთვე ვერცხლის ფულს, რომელიც პარკებში იყო ჩალაგებული", - იუწყებოდა გაზეთი "ისარი" (1907 წ. 27 ნოემბერი).

საქმეს რომ მორჩნენ, მძარცველებმა ხელ-ფეხშეკრულები, მათ შორის მაზიტაშვილიც (ალიბის გამო), იატაკზე დააწვინეს და ფეხებთან ყალბი ბომბი - თუჯის ბურთი დაუდეს. "თუ გაინძრევით, გასკდება და მტვრად იქცევით! ერთი საათის განმავლობაში კრინტი არ დასძრათო", - გააფრთხილეს. გამოვიდნენ, ჩასხდნენ ეტლში და სწრაფად მოწყდნენ ადგილიდან.

ერთი საათის შემდეგ თავდამსხმელები უკვე მცხეთაში იყვნენ. ფული გედევანიშვილის ოჯახში დამალეს, რადგან თბილისში ჩატანა საშიში იყო. 12 აპრილს, ძარცვის დროს, გედევანიშვილი საკუთარ ასეულთან ერთად სოფელ ძალისში იმყოფებოდა და ხაზინის გაძარცვის ამბავი იქ მიუტანეს. მან მაშინვე გააგზავნა წერილი დუშეთში პოლკის უფროსთან: "რადგანაც გავიგე დუშეთის ხაზინის გაძარცვა, მივდივარ რამდენიმე ჯარისკაცის თანხლებით სამხედრო გზის დასათვალიერებლად, იქნებ რაიმე კვალს მივაგნო. ჩავალ მცხეთამდე და საღამოს ან ხვალ დილით ადრე დავბრუნდები". გედევანიშვილი გაემგზავრა მცხეთაში, ჯარისკაცი ერთ დუქანში დატოვა, თვითონ ჩაჯდა მატარებელში, ჩავიდა თბილისში და იქიდან კავკასიის მსროლელი მეოთხე ბატალიონის ოფიცერი ლადო ცაგარელი წამოიყვანა. ფული ჩაალაგეს ტყავის ჩემოდანში, რომელიც ცაგარელმა თბილისში ჩაიტანა.

ასე, ყოველნაირი მსხვერპლის გარეშე დასრულდა ეს უდიდესი ექსპროპრიაცია, რამაც ნამდვილი სენსაცია და შოკი გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე მთავრობაში. ფეხზე დადგა მთელი თბილისის გუბერნიის პოლიცია, მთავრობამ ჯილდოდ ათი ათასი მანეთი დააწესა, აამოქმედა ჯაშუშები და აგენტები.

პირველ რიგში, პოლიციამ ხაზინის დარაჯები და მაზიტაშვილი დააპატიმრა. ბევრი წვალება-წამების მიუხედავად, შედეგს მაინც ვერაფერს მიაღწიეს - "მაზიტაშვილი მაგარი ამხანაგი იყო..." რა თქმა უნდა, მიადგნენ პოლკოვნიკ დიკსაც, რომელმაც წარუდგინა ოლქის შტაბის უფროსისგან მიღებული განკარგულება. "ოლქის შტაბმა მიწერილობა... ყალბად სცნო და თანაც აღნიშნა, რომ განკარგულება ისეთი შრიფტით არის დაბეჭდილი, რომელიც არ უდგება არც ერთ საბეჭდ მანქანას, რომელიც კი შტაბის ხმარებაშია. თვით გადაგზავნის წესიც ჩვეულებრივი არ არის და ეწინააღმდეგება შტაბში მიღებულ წესს". მოგვიანებით ეს დოკუმენტები ექსპერტებმა შეადარეს გიორგი კერესელიძის ხელს და დაამტკიცეს, რომ წარწერა მას ეკუთვნოდა.

გამოძიებამ მაშინვე აიღო ეჭვი გედევანიშვილზე. გამოცდილი გამომძიებლის, ჟანდარმთა პოლკოვნიკის, პოლიცმეისტერ პეტრე მარტინოვის აზრით, საქმეში აუცილებლად სამხედრო პირი იყო გარეული, თანაც ეს ოფიცერი ქართველი უნდა ყოფილიყო, რომელიც კარგად იცნობდა ადგილობრივ ვითარებას. აქედან გამომდინარე, მისი ძებნა ნოვო-ბაიაზეთის პოლკის შემადგენლობაში დაიწყეს. ამ პოლკში კი ერთადერთი ქართველი გედევანიშვილი იყო. საკუთარი ვერსია გამომძიებლებმა გამცემის მეშვეობითაც გაამყარეს.

"ამ კარგად განზრახულსა და აღსრულებულ საქმეს ბოლო მაინც ცუდი აღმოაჩნდა: ადმინისტრაციამ კვალს მიაგნო და დააპატიმრეს ამ საქმის ორგანიზატორები შტაბს-კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი და ოფიცერი ლადო ცაგარელი. დააპატიმრეს აგრეთვე ექსპროპრიაციის უშუალო მონაწილენი, პარტიის წევრები ვ. თაქთაქიშვილი, ივ. ციმაკურიძე და სხვები, რამდენიმე კაცმა თავს უშველა საზღვარგარეთ გაქცევით, მათ შორის ძმებმა კერესელიძეებმა", - იგონებდა გიორგი ლასხიშვილი. საქმის ერთ-ერთი მონაწილის, აზატოვის (მასზე ეჭვობდნენ, რომ პოლიციასთან იყო შეკრული) ჩვენებიდან გაირკვა, რომ ხაზინის გაძარცვის შემდეგ ის მივიდა გოგი კერესელიძის ბინაში და გულისწყრომა გამოუცხადა ასეთი სამარცხვინო საქმის ჩადენისთვის, რამაც პარტიას სახელი გაუტეხა (სინამდვილეში ის ფულის წასართმევად მივიდა). კერესელიძემ განუცხადა, რომ მან ეს საქმე ჩაიდინა არა როგორც პარტიის წევრმა, არამედ როგორც კერძო პირმა. მიუხედავად "გულისწყრომისა", აზატოვმა კერესელიძისგან ფული აიღო, იმ პირობით, რომ მას არ გასცემდნენ. დუშეთის ექსის ბევრი მონაწილე უკმაყოფილო იყო მიღებული თანხით და ერთ-ერთმა მათგანმა საქმე გაყიდა კიდევაც. გედევანიშვილის მოგონების მიხედვით, ეს გამცემი ვინმე ნ. მ. იყო, რომელმაც შემდეგ პოლიცმეისტერის კანცელარიაში საზღვარგარეთული პასპორტი მიიღო და ქვეყნის საზღვარი დატოვა. ძარცვის ერთ-ერთი მონაწილის, იოსებ დავრიშევის თქმით, გამცემი გიორგი ხერხეულიძე ყოფილა, რომელსაც ის პარიზში 20-იანი წლების მეორე ნახევარში შეხვდა. ჭლექით სასიკვდილოდ დაავადებულმა ხერხეულიძემ აღიარა, რომ საქმე მისი გაყიდული იყო.

როგორც საგაზეთო პუბლიკაციებიდან იკვეთება, ძმები კერესელიძეები, რომლებიც ჟენევის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ხაზინის გაძარცვის შემდეგ, ძალიან მალე, ყალბი პასპორტით შვეიცარიაში გაიქცნენ.
ჟენევაში კერესელიძეები გაერთიანდნენ პეტრე სურგულაძის დაარსებულ "საქართველოს დამოუკიდებლობის ჯგუფში" და თანამშრომლობდნენ ჯგუფის მიერ გამოცემულ ჟურნალში. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს, საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მეოხებითა და გერმანელთა დახმარებით, ლეო კერესელიძის მეთაურობით შეიქმნა ლეგიონი, რომელიც ოსმალეთის ფრონტზე რუსეთის არმიას ებრძოდა. ლეო კერესელიძე 1943 წელს ბერლინის დაბომბვისას დაიღუპა.

რუსეთის მთავრობამ შვეიცარიას კერესელიძეების გაცემა მოსთხოვა. მაშინ ფედერალისტებმა შვეიცარიის სასამართლოს გაუგზავნეს წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაცია პოლიტიკური მიზნით იყო ჩადენილი "და შვეიცარიის მთავრობამ უარყო რუსეთის შუამდგომლობა კერესელიძეების გაცემის შესახებ" (გ. ლასხიშვილის მემუარებიდან). შვეიცარიის მთავრობამ ძმები კერესელიძეების საქმე გასარჩევად გადასცა სასამართლოს, რათა გაერკვია "თუ რამდენად სამართლიანი იყო რუსეთის მთავრობის მოთხოვნა. სასამართლო შეეკითხა ერთ უდიდეს ავტორიტეტს საერთაშორისო სამართლისა ბელგიელ მეცნიერს ერნესტ ნისს და მან შემდეგი მსჯავრი დასდვა საქმეს: რუსეთი მოტყუებით დადებული და დამტკიცებული 1783 წლის ხელშეკრულების დარღვევით გაბატონდა საქართველოში. მისი ბატონობა უკანონოა და წინააღმდეგი საერთაშორისო სამართლისა. ამიტომ ყოველი მოქმედება ქართველთა ქვეყნის განთავისუფლებისათვის უკანონო უცხო ბატონობისგან, პოლიტიკური აქტია". საინტერესოა, რომ ან უცოდინრობის, ან ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ან სავარაუდოდ, უფრო რომ გაემწარებინათ მეფის რუსეთის ხელისუფლება, რუსეთის იმპერიიდან გაქცეული ყველა რევოლუციონერი ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლ გმირად იყო მიჩნეული და ყველანაირი პრივილეგიით სარგებლობდა, სანამ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჩაიდენდა.

"გამოძიებამ წელიწად-ნახევარი გასტანა და ახალი კი ვერაფერი აღმოაჩინა... ზოგი დაპატიმრებული სრულიად გაანთავისუფლა, და მე და ცაგარელი, ქართველიშვილი თავდების ქვეშ გამოგვიშვა. დაპატიმრებულები დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვისაც... ერთი და იმავე სერიის ფულის ნიშნები აღმოაჩნდა: აზატოვი კომპანიით და ვანო თაქთაქიშვილი, ილია თაქთაქიშვილი, ამაზე უწინ სხვა რამდენიმე ტუსაღთან ერთად გაიქცა ციხიდან", - იგონებს იოსებ გედევანიშვილი. სასამართლომ გედევანიშვილსა და ცაგარელს ჩამოართვა სამხედრო ღირსება და ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა. რამდენიმე მონაწილე გადაასახლეს. როგორც აღვნიშნეთ, ნაძარცვი ფულით ფედერალისტურმა პარტიამაც იხეირა - მთავარმა კომიტეტმა საკუთარი სტამბა შეიძინა, სადაც გაზეთები და პარტიის სხვადასხვა გამოცემები იბეჭდებოდა.

რაც შეეხება ექსპროპრიაციის მთავარ მონაწილეს, იოსებ გედევანიშვილს, გასაბჭოების შემდეგ ის რუსებს მიემხრო და ერთ-ერთი პირველი ქართველი წითელი გენერალი გახდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სხვადასხვა ადგილას - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ცენტრალურ სახელმწიფო არქივში მუშაობდა, წერდა პიესებსა და მოთხრობებს. ის 1939 წელს გარდაიცვალა მცხეთაში და იქვეა დაკრძალული. ციხიდან გამოსულ ლადო ცაგარელს კი თურმე სამსახურში არ იღებდნენ, როგორც ხელმწიფის ტახტის ორგულსა და მოღალატეს. მოგვიანებით მან ლიტერატურულ მოღვაწეობას მიჰყო ხელი და პირველმა, ქართულ ენაზე, მცირე ფორმატის სამხედრო ლექსიკონი გამოუშვა. ლადო ცაგარელი 1942 წელს, თბილისში გარდაიცვალა.

ირაკლი მახარაძე
lea
14 დეკემბერი 2013 12:10
ნაციონალებმა ვისგან ისწავლეს რქსპროპრიაციები ნეტავ? ბოლშევიკი გენერლები ესენი!
giorgi
10 დეკემბერი 2013 16:43
საარქივო მასალების მიხედვით 1907 წლის 15 მარტს გორის მაზრის უფროსის გუგუშვილის მკვლელობა ჩაიდინა სოციალისტ-ფედერალისტების წითელი რაზმის გორის ჯგუფის ხელმძღვანელმა კორნელი ილარიონის ძე კასრაძემ. გარდა ამისა სოციალისტ-ფედერალისტები საკმაოდ ბევრ ტერორისტულ აქტს ჩადიოდნენ და მხოლოდ 1907 წელს მათ მესამე პარტიულ კონფერენციაზე უარყვეს ტერორისტული ტაქტიკა და ფედერალისტების წითელი რაზმის წევრების საქმიანობა პარტიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამის მიუხედავად მათი პარტიის აქტივისტები ექსპროპრიაციებს პარტიის სასარგებლოდ შემდეგ წლებშიც ეწეოდნენ. იგივე კორნელი კასრაძე რომელიც დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის შემდეგ საფრანგეთი წავიდადა 1909 წელს დაბრუნდა(პარტიულ პრესაში წერდა წერილებს ილიკოს ფსევდონიმით)სწორედ ტერორისტული აქტის მომზადების გამო დააპატიმრა ოხრანკამ და 1911 წელს ციხიდან განთავისუფლებული მალევე გარდაიცვალა ციხეში მიღებული დაავადების გამო. იგი მწერალ დავით კასრაძის ძმა იყო. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ეს სწორედ მან კორნელი კასრაძემ, მისი საყვარლის ნუცა მაჩაბელის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქალიშვილი პირველი ქმრიდან,მოკლა ნუცა მაჩაბელის მამინაცვალი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი და ილიას მიერ გამართული ხუთშაბათობების მუდმივი სტუმარი ნიკოლოზ ხიზანიშვილი. ის ნიკოლოზ ხიზანიშვილი, ვისი დასაფლევებისასა ილიას ერთ-ერთი მოგონებით ფურცლები შეაყარეს სადაც ეწერა შენც მალე მოგკლავთო.....

რედაქტორის რჩევით