ყველაფერი ფარდობითია - კვირის პალიტრა

ყველაფერი ფარდობითია

როგორც ჩანს, დაბნეულობა და ადამიანთა წოდებებისა და რეგალიების არაფრად ჩაგდება ჭეშმარიტი მეცნიერის თვისებაა. ამ მხრივ არც გენიალური ალბერტ აინშტაინი იყო გამონაკლისი. ერთხელ ტრამვაით შინ მიდიოდა, თან წიგნს ჩასცქეროდა. კონდუქტორი მიადგა და ბილეთის ფული მოსთხოვა. აინშტაინს წიგნიდან თავი არ აუღია, ისე გაუწოდა ფული, მაგრამ კონდუქტორმა დამატება მოსთხოვა. მეცნიერმა იუარა, აღარც კონდუქტორი მოეშვა და კარგა ხანს იკინკლავეს. ბოლოს კონდუქტორმა ძალით მოსწყვიტა ჯიუტი მგზავრი კითხვას და ხურდა ფული თვალწინ გადაუთვალა. მართლაც, 5 პფენინგი აკლდა. შეწუხდა მეცნიერი, კონდუქტორმა კი "ანუგეშა": "არა უშავს, ბაბუა, შემდეგისთვის არითმეტიკაში წაიმეცადინე."

ბელგიის დედოფალი კი აინშტაინმა თავად დაარიგა. მეცნიერს მეფე ალბერტის კარზე საზეიმო მიღება მოუწყვეს. პურობის შემდეგ კონცერტი გაიმართა, რომელშიც დედოფალიც მონაწილეობდა. აინშტაინი იმდენად მოიხიბლა ვიოლინოზე დედოფლის დაკვრით, რომ ჰკითხა: "თქვენო უდიდებულესობავ, შესანიშნავად უკრავთ, მითხარით, დედოფლობა რაღაში გჭირდებათ?"

ნობელის პრემია ფოტოელექტრონული ეფექტის კანონის აღმოჩენისთვის მიიღო.  თავის უპირველეს მეცნიერულ მიღწევად კი ფარდობითობის თეორია მიაჩნდა. თუმცა მისი გენიალური აზრების გაგება მხოლოდ ავტორს და კიდევ რამდენიმე კაცს შეეძლოთ. ამაზე ხშირად ეხუმრებოდნენ, ყველაზე ენამოსწრებულად კი ჩარლი ჩაპლინმა იხუმრა.

"ოქროს ციებ-ცხელების" პრემიერის შემდეგ ჩაპლინმა აინშტაინის წერილი მიიღო, სადაც დიდი მეცნიერი ერთგვარი შურით წერდა: "ვნახე თქვენი ფილმი, აღტაცებული ვარ; უდიდესი ადამიანი გახდებით, ვინაიდან თქვენი ქმნილება ყოველი ადამიანისთვის გასაგებია". ჩაპლინის  პასუხმაც არ დააყოვნა: "მე თქვენით კიდევ უფრო აღტაცებული ვარ, ვინაიდან  თქვენი ფარდობითობის თეორია არავის ესმის, მაგრამ მაინც გახდით უდიდესი ადამიანი".

დიდ მეცნიერს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა, თანაც, როგორც ჩანს, მობეზრდა მსგავსი ხუმრობები და გადაწყვიტა, თავისი თეორია ყველასთვის გასაგებ ენაზე გადმოეცა: "წარმოიდგინეთ, რომ გახურებულ ტაფაზე დაგსვეს. ამ დროს ერთი წუთი ერთ საუკუნედ მოგეჩვენებათ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მუხლებზე ლამაზი ქალი გიზით. ამ  დროს ერთი საუკუნე ერთ წუთში გაფრინდება. ასე რომ, ყველაფერი ფარდობითია".

ლადო გოგუაძე