ყველაფერი ფარდობითია
16-12-2013
ყველაფერი ფარდობითია
როგორც ჩანს, დაბნეულობა და ადამიანთა წოდებებისა და რეგალიების არაფრად ჩაგდება ჭეშმარიტი მეცნიერის თვისებაა. ამ მხრივ არც გენიალური ალბერტ აინშტაინი იყო გამონაკლისი. ერთხელ ტრამვაით შინ მიდიოდა, თან წიგნს ჩასცქეროდა. კონდუქტორი მიადგა და ბილეთის ფული მოსთხოვა. აინშტაინს წიგნიდან თავი არ აუღია, ისე გაუწოდა ფული, მაგრამ კონდუქტორმა დამატება მოსთხოვა. მეცნიერმა იუარა, აღარც კონდუქტორი მოეშვა და კარგა ხანს იკინკლავეს. ბოლოს კონდუქტორმა ძალით მოსწყვიტა ჯიუტი მგზავრი კითხვას და ხურდა ფული თვალწინ გადაუთვალა. მართლაც, 5 პფენინგი
აკლდა. შეწუხდა მეცნიერი, კონდუქტორმა კი "ანუგეშა": "არა უშავს, ბაბუა, შემდეგისთვის არითმეტიკაში წაიმეცადინე."

ბელგიის დედოფალი კი აინშტაინმა თავად დაარიგა. მეცნიერს მეფე ალბერტის კარზე საზეიმო მიღება მოუწყვეს. პურობის შემდეგ კონცერტი გაიმართა, რომელშიც დედოფალიც მონაწილეობდა. აინშტაინი იმდენად მოიხიბლა ვიოლინოზე დედოფლის დაკვრით, რომ ჰკითხა: "თქვენო უდიდებულესობავ, შესანიშნავად უკრავთ, მითხარით,
დედოფლობა რაღაში გჭირდებათ?" 

ნობელის პრემია ფოტოელექტრონული ეფექტის კანონის აღმოჩენისთვის მიიღო.  თავის უპირველეს მეცნიერულ მიღწევად კი ფარდობითობის თეორია მიაჩნდა. თუმცა მისი გენიალური აზრების გაგება მხოლოდ ავტორს და კიდევ რამდენიმე კაცს შეეძლოთ. ამაზე ხშირად ეხუმრებოდნენ, ყველაზე ენამოსწრებულად კი ჩარლი ჩაპლინმა იხუმრა.

"ოქროს ციებ-ცხელების" პრემიერის შემდეგ ჩაპლინმა აინშტაინის წერილი მიიღო, სადაც დიდი მეცნიერი ერთგვარი შურით წერდა: "ვნახე თქვენი ფილმი, აღტაცებული ვარ; უდიდესი ადამიანი გახდებით, ვინაიდან თქვენი ქმნილება ყოველი ადამიანისთვის გასაგებია". ჩაპლინის  პასუხმაც არ დააყოვნა: "მე თქვენით კიდევ უფრო აღტაცებული ვარ, ვინაიდან  თქვენი ფარდობითობის თეორია არავის ესმის, მაგრამ მაინც გახდით უდიდესი ადამიანი".

დიდ მეცნიერს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა, თანაც, როგორც ჩანს, მობეზრდა მსგავსი ხუმრობები და გადაწყვიტა, თავისი თეორია ყველასთვის გასაგებ ენაზე გადმოეცა: "წარმოიდგინეთ, რომ გახურებულ ტაფაზე დაგსვეს. ამ დროს ერთი წუთი ერთ საუკუნედ მოგეჩვენებათ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მუხლებზე ლამაზი ქალი გიზით. ამ  დროს ერთი საუკუნე ერთ წუთში გაფრინდება. ასე რომ, ყველაფერი ფარდობითია".

ლადო გოგუაძე
zaza
23 დეკემბერი 2013 16:12
DINO_ZAUR–ს, შენ რაც მოიყვანე მაგალითად, ეგ სულაც არ არის ახსნა ფარდობითობის, ეგ ელემენტარული ფიზიკაა. სინათლე ჩვენამდე მოდის იმ დროში, შესაბამისად რა სიჩქარეც გააჩნია და რა მანძილსაც გადის. აინშტაინის თეორიის სიმძლავრე თავს იჩენს შავი ხვრელების სიახლოვეს, რომელთა არსებობაც ეინშტეინმა თეორიულად დაამტკიცა. მათთან სიახლოვეში ხდება სწორედ სივრცე–დროის გამრუდება კოლოსალური გრავიტაციის გამო.
TAMILA
22 დეკემბერი 2013 09:15
ტესლას როგორ შეიძლება ვინმე შევადაროთ, ის უდიდესი გენიოსი იყო, მაგრამ საცოდავი, მშიერი ,უსახლკარო
თემო
18 დეკემბერი 2013 16:07
აინშტაინის დრო წავიდა, თანამედროვე ფიზიკა ჩიხშია შესული. უკვე აღმოჩენილია რომ ფარდობითობის თეორია ბლეფია და არც სინათლის სისწრაფეა ყველაზე დიდი, რასაც ამტკიცებდა. და საერთოდ ტესლას გამოგონების მიჩქმალვისათვის ყველას პასუხი მოეკითხება კაცობრიობის წინაშე, მათ შორის ალბერტსაც.

რედაქტორის რჩევით