აბა, მჟავანაძე? - კვირის პალიტრა

აბა, მჟავანაძე?

ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელთა შორის საპატიო ადგილი უკავია ქართული ფიზიოლოგიური სკოლის შემქმნელს, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილს. ივანე ჯავახიშვილის თხოვნით იგი 1919 წელს ჩაუდგა სათავეში უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრას. თანამშრომლებს გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებებით ეძებდა, ხოლო ცდების ჩატარების დროს ასისტენტად საოპერაციო ოთახის დამლაგებელს იწვევდა. ასე შექმნა უძლიერესი სამეცნიერო კერა. კათედრაზე მისი პირველი თანამშრომლებიც მისივე გამოზრდილი სტუდენტები გახდნენ. დაძაბული პედაგოგიური საქმიანობის მიუხედავად, სამეცნიერო მუშაობასაც ასწრებდა, მაგრამ საბჭოთა რეჟიმის გამო ბერიტაშვილის მიღწევებს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება არ  იცნობდა და მისი ბევრი აღმოჩენა მოგვიანებით სხვისი სახელით შევიდა ისტორიაში.

1958 წელს მოსკოვში გაიმართა კონფერენცია, რომელშიც უცხოელი ნეიროფიზიოლოგებიც მონაწილეობდნენ. მიწვეული იყო ივანე ბერიტაშვილიც. მოსკოვში მყოფი მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკელი მეცნიერები: ჰ. მეგუნი, მ. ბრეჟე, რ. გალამბოსი, კანადელი ჰ. ჯასპერი ისე მოიხიბლნენ ბატონი ივანეს მეცნიერული აზროვნებითა და პიროვნებით, რომ კონფერენციის დასრულების შემდეგ ადგნენ და... თბილისში გამოჰყვნენ, რათა გასცნობოდნენ მის ლაბორატორიებსა და შემოქმედებით მუშაობას. ნანახი მათთვის აღმოჩენა იყო.  ივანე ბერიტაშვილი გახდა ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის, უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიისა და ამერიკის ბიოლოგია-ფსიქიატრიის საზოგადოების საპატიო წევრი.

სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის კი უამრავი რეგალიისა და ტიტულის მქონე სახელგანთქმული მეცნიერი კვლავაც  საყვარელ და ყოფით სიტუაციებში  უკიდურესად დაბნეულ მოხუც მასწავლებლად რჩებოდა.

სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში დაბადებულ და გაზრდილ პროფესორს  ჩვევად ჰქონდა ავდარში ფეხსაცმელებზე კალოშების წამოცმა, რომლებსაც შენობაში შესვლისას კართან ტოვებდა. ასე მოიქცა ტრამვაიში ასვლისასაც - გაიღო თუ არა კარი, მექანიკურად გაიხადა კალოშები, აკურატულად მიაწყო კიბის კიდეში და სალონში შეაბიჯა.

სრულიად არ აინტერესებდა პოლიტიკა, მით უმეტეს, საბჭოთა იერარქების თანამდებობები და გვარ-სახელი. თუმცა, "ძლიერნი ამა ქვეყნისა", როგორც ეტიკეტი მოითხოვდა, თავს მოვალედ თვლიდნენ, პატივი მიეგოთ სახელოვანი მეცნიერისთვის. 80 წლის იუბილე თვით ვასილ მჟავანაძემ მიულოცა. იმ დღეს ბერიტაშვილის მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა. მხცოვანმა მეცნიერმა ყურმილი აიღო, საიდანაც მოესმა: "გამარჯობა, ბატონო ივანე, მე ვასილ მჟავანაძე ვარ, გილოცავთ 80 წლის იუბილეს". ბატონმა ივანემ გაურკვევლობის ნიშნად წარბები შეკრა და თანამშრომლებს მიუბრუნდა: "აბა, მჟავანაძე?" მათ შეშფოთებულებმა ერთხმად შესძახეს: "ცეკას მდივანი! ცეკას მდივანი!" "აა, გმადლობთ, მჟავანაძე," - მიუგო მოკლედ და ყურმილი დადო.

ლადო გოგუაძე