დიდი ომი მამლუქთა წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

დიდი ომი მამლუქთა წინააღმდეგ

ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში იყო ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ლაშქრობა საფრანგეთის ახალ ისტორიაში. საფრანგეთის სავაჭრო ბურჟუაზიას ბურბონთა მეფობის დროიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ლევანტის ქვეყნებთან (სირია, ეგვიპტე, პალესტინა), რაც ხელსაყრელი იყო საფრანგეთის ვაჭრობისა და მრეწველობისთვის. ლევანტი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. თუმცა სულთნის გავლენა ძალიან იყო შესუსტებული ეგვიპტეში და ქვეყანას ფაქტობრივად მამლუქი ბეგები განაგებდნენ.

ეგვიპტის ლაშქრობა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, შარლ მორის ტალეირანის იდეა იყო, რომელიც ნაპოლეონსაც დაუჯდა ჭკუაში.  ნაპოლეონს სურდა, დაეპყრო ეგვიპტე და ახლო აღმოსავლეთი და იქ პლაცდარმი მოეწყო ინდოეთში ლაშქრობის დასაწყებად - სწორედ ასე აპირებდა საფრანგეთის მოწინააღმდეგე ინგლისის ეკონომიკის განადგურებას.

ეგვიპტის ლაშქრობა ისეთი გასაიდუმლოებული იყო, რომ მის შესახებ საფრანგეთის მმართველი დირექტორის (სიესი, ბარასი, როჟე-დიუკო, გოიე და მულენი), ჟოზეფ ფუშეს (პოლიციის მინისტრი), ტალეირანისა და ნაპოლეონის გარდა, არავინ არაფერი იცოდა.

ლაშქრობაში, არმიასთან ერთად, ამ უძველესი ქვეყნის გამოსაკვლევად, ნაპოლეონმა 167 მეცნიერი წაიყვანა. ფრანგებმა 32-ათასიანი არმია მოამზადეს და ფლოტის სახაზო ხომალდებში ჩასხეს. ნაპოლეონმა ეგვიპტის ლაშქრობის წინ ტალეირანს სთხოვა დახმარება - ნაპოლეონის ეგვიპტეში შეჭრისთანავე ტალეირანი სტამბოლში უნდა ჩასულიყო და სულთანი დაერწმუნებინა, რომ ნაპოლეონი ეგვიპტეში ოსმალეთისთვის ზიანის მისაყენებლად კი არ იყო ჩასული, არამედ მხოლოდ ინგლისისთვის დარტყმის მისაყენებლად. ამას გარდა, ნაპოლეონი გაანადგურებდა მამლუქებს, რომლებიც ოსმალებს აღარ ემორჩილებოდნენ. ბონაპარტს ოსმალეთისთვის თვალის ახვევა დროებით სჭირდებოდა, სანამ ეგვიპტეს დაიპყრობდა და იქ ფეხს მოიკიდებდა.

ლაშქრობის დაწყებამდე ნაპოლეონმა ხმა დააგდო, რომ გიბრალტარის სრუტის გავლით ინგლისში შეჭრას გეგმავდა. ნელსონის ფლოტის ნაწილი გიბრალტარისკენ გაეშურა, რათა ფრანგების შეტევა არ დაეშვა, მეორე ნაწილით კი ნელსონი ტულონის მახლობლად იდგა.  სწორედ ამ დროს ნაპოლეონი ჯართან ერთად მშვიდად გაეშურა ეგვიპტისკენ.

1798 წლის ივლისში ნაპოლეონმა ჯარი ალექსანდრიაში, ელინისტური ეგვიპტის ძველ დედაქალაქთან გადასხა. ნაპოლეონი რაჰმანიესთან მამლუქებს შეებრძოლა და უკუაქცია ისინი. ფრანგებმა სწრაფად მიაღწიეს სოფელ იმბაბას, სადაც მამლუქი ბეგები იყვნენ გამაგრებული. გიზის პირამიდებიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, მოხდა დიდი ბრძოლა ნაპოლეონსა და მურად-ბეის შორის. უამრავი მამლუქი ბრძოლის ველზე დაეცა. ფრანგებმა ხელთ იგდეს 50 ზარბაზანი და საომარი მასალით დატვირთული 400 აქლემი. 2 ათასზე მეტი მამლუქი დაიღუპა. იმავე ღამეს მამლუქებმა კაიროდან ევაკუაცია მოახდინეს. ხალხმა მათთვის საძულველ მამლუქთა სახლებს ცეცხლი წაუკიდა.

მამლუქთა ერთ-ერთი მეთაური იყო ქართველი იბრაჰიმ-ბეი (შინჯიკაშვილი) რომელიც შეიხ ალ-ბალადის ტიტულს ატარებდა. ქართული წარმოშობის უნდა ყოფილიყო მურად-ბეი, მამლუქთა მთავარსარდალი ნაპოლეონთან ომში. საერთოდ, მამლუქთა მაღალი ფენის ერთ ნაწილს ქართველები შეადგენდნენ. თურქები იტაცებდნენ ქართველ, ალბანელ, სომეხ და თურქ ბიჭებს და შემდეგ ეგვიპტეში მეომრებად, მამლუქებად ზრდიდნენ ("მამლუქი" თეთრ მონას ნიშნავს).

მამლუქებთან გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონი კაიროში შევიდა. ნაპოლეონის ჩამოყვანილი მეცნიერები ეგვიპტის სიძველეებს იკვლევდნენ. მათ ლაშქრობის დასასრულისთვის აღმოაჩინეს როზეტას ქვა, რომელზე დაყრდნობითაც 1822 წელს ჟან ფრანსუა შამპოლიონმა ეგვიპტური დამწერლობა გაშიფრა. ფრანგებმა აღმოაჩინეს ფარაონ რამზეს II-ის სარკოფაგი, რომელზეც ასეთი ამბავი გავრცელდა: ნაპოლეონმა მოითხოვა, მასთან მიეტანათ სარკოფაგი რამზეს II დიდის მუმიით. როცა ჟიუნომ ჰკითხა, ნამდვილად სურდა თუ არა მუმიის ნახვა, ნაპოლეონმა უპასუხა: "მე მსურს ვიხილო ადამიანი, რომელსაც მტრებიც კი ღმერთად მიიჩნევდნენ; მსურს ვიხილო დიდი ფარაონი, რომელიც საბერძნეთის დაარსებამდე ხუთასი წლით ადრე ცხოვრობდა, ხოლო რომის დაარსებამდე ათასი წლით ადრე".

მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ ნაპოლეონმა დასძინა: "ეგვიპტელები ყველაზე დიადი ხალხია, ვისაც კი დედამიწაზე ოდესმე უცხოვრია. მათ დაგვიტოვეს უდიდესი ისტორია ქვეყნისა, რომელსაც მართავდნენ დიადი ფარაონები. ეგვიპტელებმა ამ პირამიდებითა და ტაძრებით, ამ მუმიებით დაამტკიცეს თავიანთი უკვდავება და სიკვდილი დაამარცხეს".

როდესაც   ფარაონ რამზეს II-ის სარკოფაგი  გახსნეს, "ღმერთო ჩემო, მეჩვენება, რომ ის სუნთქავს!" - აღმოხდა ბონაპარტს (აქამდე მისგან სიტყვა ღმერთი არავის გაეგონა).

სანამ ნაპოლეონი ეგვიპტეში იბრძოდა, ჰორაციო ნელსონი ინგლისის ფლოტით თავს დაესხა ფრანგთა ფლოტს ელ აბუკირის ყურეში და დაამარცხა. ნაპოლეონს ფლოტი აღარ ჰყავდა, მაგრამ ჯარის წინაშე გამოსვლისას მეომრებს ეს ამბავი ისე აუწყა, თითქოს  არაფერი მომხდარიყოს.

ტალეირანი სტამბოლში არ ჩასულა. ოსმალეთი სწრაფად ამოქმედდა. ინგლისელებმა სულთანს ომის დაწყებისკენ უბიძგეს. თურქებმა ორი 50-ათასიანი არმია შეკრიბეს და ფრანგების წინააღმდეგ დაძრეს.

ამასობაში საფრანგეთი ანტიფრანგულ კოალიციასთან ომში ჩაბმულიყო და ერთად ებრძოდა რუსეთს, ავსტრიას, ნეაპოლსა და ინგლისს. კოალიციამ საფრანგეთს წაართვა ნაპოლეონის მიერ ადრე დაპყრობილი იტალია.

ნაპოლეონმა საფრანგეთში დაბრუნება გადაწყვიტა. მან სარდლობა გენერალ კლებერს დაუსწრებლად დაუტოვა (კლებერმა არ იცოდა, რომ ნაპოლეონი ეგვიპტეს ტოვებდა და მეთაურობა ძალაუნებურად ჩაიბარა) და მცირე რაზმითა და დანარჩენი გენერლებით 1799 წლის 22 აგვისტოს საფრანგეთში ფარულად გაემგზავრა. ამით დასრულდა ნაპოლეონის ლაშქრობა მსოფლიოს უძველეს ქვეყანაში.

გენერალმა კლებერმა  მრავალი ეგვიპტელი გადმოიბირა, მაგრამ საბოლოოდ მუსლიმი ფანატიკოსის ხანჯლით დაიღუპა. ის გენერალმა მენუმ შეცვალა, რომელიც გამაჰმადიანდა და აბდულა-მენუ დაერქვა.  მალე მას თურქებმა და ინგლისელებმა შეუტიეს. შევიწროებული მენუ 1801 წლის 27 ივნისს დანებდა.

ნაპოლეონის ეგვიპტური ლაშქრობა გახდა საფუძველი მომავალი დიდი მეცნიერების, ეგვიპტოლოგიის ჩამოყალიბებისა. ეგვიპტის ლაშქრობა წარმოადგენდა ერთი სამყაროს (დასავლეთის) დაპირისპირებას მეორე სამყაროსთან (აღმოსავლეთთან). ნაპოლეონის ლაშქრობებს შორის ეგვიპტის ლაშქრობა ყველაზე ეგზოტიკური და არაჩვეულებრივია. თუმცა ამ ომმა ბონაპარტი დაარწმუნა, რომ მისი ოცნების - აღმოსავლეთის დაპყრობა და იქ დასავლური კულტურის შეტანა - აღსრულება შეუძლებელი იყო.

ნიკა ხოფერია

ჟურნალი "ისტორიანი", დეკემბრის ნომერი