"დაკარგული" ქვეყანა" - რატომ არის საქართველოს ისტორია და კულტურა ასე მცირედ ცნობილი ინგლისურად მოლაპარაკე მსოფლიოში? - კვირის პალიტრა

"დაკარგული" ქვეყანა" - რატომ არის საქართველოს ისტორია და კულტურა ასე მცირედ ცნობილი ინგლისურად მოლაპარაკე მსოფლიოში?

აღმოსაჩენი საქართველო / პიერ სკინერი

ა) პრობლემა: რატომ არის საქართველოს ისტორია ასე მცირედ შესწავლილი დასავლეთში?

ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანი საქართველოს პირველად (და ხშირად უკანასკნელად) საკლასო ოთახში ხვდება, სადაც ეცნობიან მითს იაზონისა და არგონავტების მოგზაურობის შესახებ. ამით მათ ბუნდოვანი წარმოდგენა ექმნებათ კოლხეთსა და კავკასიაზე, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობა მოსწავლეებისთვის ამითვე მთავრდება. შემდგომ ჩვენ შეიძლება მივყვეთ პომპეუსს აფრიკასა და ესპანეთში, მაგრამ არა იბერიასა და კოლხეთში. ამით ამოიწურება ჩვენი უმნიშვნელო ცოდნა საქართველოს წარსულზე. საკითხავია - რატომ? რატომ არ იცის არაფერი უდიდესმა უმრავლესობამ ამ ქვეყნის შესახებ? არაფერი არ იცის მის ბრწყინვალე ქრისტიანულ კულტურასა და აქ მცხოვრები ხალხის მაღალ ერუდიციაზე; არაფერი იცის საქართველოზე, რომელიც შეუპოვრად იბრძოდა არაბების, ჯალალედინის, მონღოლების, თემურ-ლენგის, სპარსეთის, თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ...

რატომ არ ვიცით ჩვენ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, თამარი, თეიმურაზ I, ვახტანგ VI და ერეკლე II... რატომ არის, რომ ასე ძალიან ცოტა რამ ვიცით "ვეფხისტყაოსანზე" და რომ ჩვენთვის სრულიად უცნობია წერეთლის, ჭავჭავაძის, ვაჟასა ან გალაკტიონის სახელები?

უმთავრესი პირობა ქვეყნის ადგილმდებარეობა გახლავთ: საქართველო მდებარეობს კონსტანტინოპოლის იქით, ევროპის ჩვენეული ხელოვნური საზღვრის მიღმა. იმავდროულად, ჩვენთვის საქართველო არც ახლო აღმოსავლეთთან არ ასოცირდება. ურთიერთობას აძნელებს ქართული ენაც - მეტად რთულია ქართული დამწერლობა და შესაბამისად, ნაკლებად ხელმისაწვდომია ლიტერატურაც. ამ ყველაფერთან ერთად საქართველო, მოზაიკის მსგავსად, მუდმივად იცვლის თავის პოლიტიკურ ერთეულებს და ქვეყნის შემეცნება ჩვენთვის ამითაც ბრკოლდება. ამ მხრივ რელიგიაც ვერ გვიწყობს ხელს, რადგან მხოლოდ სპეციალისტი თუ ხედავს კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის მიღმა ქართულ მართლმადიდებლურ კულტურას. საქართველო ჩვენთვის (1990 წლამდე მაინც) შეიძლება ჩაითვალოს "ისტორიის შვილობილად", ჩვენ იგი წარმოგვიდგებოდა ქვეტექსტად სპარსეთის, თურქეთისა და რუსეთის ისტორიებისა, რაც, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინოდ დაუნახავი და ინტელექტუალურად შეზღუდული მსოფლმხედველობა, მაგრამ ეს ხომ რეალობაა?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ უგულებელყოფა მცირე ქვეყნების ისტორიის თანამდევია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ თვით საქართველოსაც ჯერ არ აუმოქმედებია შეთანხმებული პროგრამა, რომლითაც ითარგმნება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული და ლიტერატურული ნაშრომები (ან მათი ნაწილი მაინც) ინგლისურ ენაზე. უცხოელები, როგორც ვხედავთ, ამას არ აპირებენ, რის მიზეზადაც ის მოაქვთ, რომ მთარგმნელთა რიცხვი მცირეა, საამისოდ დიდი თანხებიცაა საჭირო და არც მარკეტინგზე ზრუნავს ვინმე. მაშასადამე, გვრჩება მხოლოდ იმის იმედი, რომ მთავრობამ დააფინანსოს სამეცნიერო და მთარგმნელობითი სამუშაოების პროგრამა, რომელსაც ქართველი სწავლულები და მთარგმნელები აღასრულებენ. ამით საქართველოს ისტორია მსოფლიო სარბიელზე უფრო სრულად წარმოჩინდებოდა.

ბ) როგორია დღეს საქართველოს შესწავლის მდგომარეობა. რა მასალები მოგვეპოვება ინგლისურ ენაზე? რა დონის და რამდენად ხელმისაწვდომია ისინი ჩვენთვის?

მეტისმეტი იქნება, უგულებელვყოთ ის, რაც უკვე გაკეთდა ამ მხრივ. ბოლო წლებში გამოვიდა ვ. სილოგავასა და კ. შენგელიას "საქართველოს ისტორია" (2007) და ასევე ნ. ასათიანისა და ო. ჯანელიძის ამავე სახელწოდების წიგნი (2009). მაგრამ, ამ ორივე წიგნს არ აქვს ინდექსაციის გვერდები, რომლითაც მკითხველი მოვლენებს ქრონოლოგიურად აღიქვამდა. თანაც იმდენი ფაქტით არის გაჯერებული ეს წიგნები, რომ ჩვეულებრივი მოყვარულისთვის, ვინც პროფესიონალურად არ იკვლევს ისტორიას, მისი ნაყოფიერი გამოყენება წარმოუდგენელია. ამ ორ წიგნს კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქვს. წიგნები კომპიუტერის გამოყენებით(!) არის ნათარგმნი და შესაბამისად, დახვეწილი ინგლისურის ნაცვლად, საკმაოდ დაკნინებული ენით არის გადმოცემული. თან ორივე წიგნი ღირს 250 დოლარზე მეტი (თითოეული), რაც კიდევ უფრო დიდ ბარიერს წარმოადგენს მოყვარულისთვის! ინგლისურენოვან დაინტერესებულ მკითხველს ძალიან აკლია ხელმისაწვდომი რჩეული ლიტერატურა საქართველოს ისტორიაზე, რაც დააკმაყოფილებს არა მხოლოდ სწავლულთა და აკადემიურ დონეს, არამედ, უბრალოდ მოყვარული მკითხველის მოთხოვნილებებს, რომელსაც თავისი ცოდნის არეალის გაზრდა სურს. დიდი მოთხოვნაა თანამიმდევრულ ქრონოლოგიურ ნაშრომზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შუქის მომფენ ციტატებს ქართლის ცხოვრებიდან, ვახუშტისგან, მარი ბროსესა და ივანე ჯავახიშვილისგან, ასევე თანამედროვე ისტორიკოსებსაც. კარგი იქნებოდა, ცალკეული ტომი დაეთმოს არქიტექტურას, ასევე მხატვრობასა და ლიტერატურას.

რაც შეეხება ინგლისურ ენაზე გამოცემულ ნაშრომებს, ისინი მთლად ხელწამოსაკრავი არ არის. უძვირფასესი ნაშრომები გვაქვს თავდადებულ და ბრწყინვალე სწავლულთა და მოღვაწეებისგან. გვაქვს ოლივერ უორდროპის "საქართველოს სამეფოს ისტორია" (A History of Kingdom of Georgia, 1888), ვ.ე.დ. ალენის "ისტორია ქართველი ხალხისა" (History of the Georgian People, 1932), დ.მ. ლენგის "ბოლო წლები საქართველოს მონარქიისა" (Last Years of the Georgian Monarchy, 1957), "საქართველოს თანამედროვე ისტორია" (A modern History of Georgia, 1962) და რ.გ. სანის "საქართველოს ისტორია" (A History of Georgia, 1988). ყველაზე უახლესს ჩვენ შეგვიძლია მივესალმოთ ბატონი დონალდ რეიფილდის სიღრმისეულ და დეტალურ წიგნს "იმპერიის ნაპირი" (Edge of Empire: A History of Georgiა, 2012). ლიტერატურის ფრონტზე გვაქვს უორდროპის ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი" (1912) და დონალდ რეიფილდის მაგიური "საქართველოს ლიტერატურა" (The Literature of Georgia, 1994). ყველა ზემოთ ჩამოთვლილი - აკადემიური ნაშრომია და არა პოპულარული, ფართო მასშტაბზე გათვლილი გამოცემა. ყველა ეს წიგნი მკითხველისგან დიდ განსწავლულობას მოითხოვს. ყველაზე ადრეული გამოცემები კი აღარც მოიპოვება და თუ სადმე წავაწყდით, ძალიან ძვირი დაგვიჯდება. უფრო თანამედროვე გამოცემებიც ძალიან ძვირია. უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს კი აქვთ ეს წიგნები, მაგრამ ამ უნივერსიტეტების უმეტესობა მკითხველს უფლებას არ აძლევს, წიგნი ითხოვოს.

სხვა უფრო სპეციფიკური მასალებიც არსებობს, აკადემიური წიგნები და ჟურნალები ნაციონალურ და სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში. ესენია: რ. ტომსონის თარგმანი (დავით აღმაშენებლის პირველიდან მეოთხე ნაწილამდე), ქართლის ცხოვრების მატიანე და ბედი ქართლისას თარგმანი (კ. სალია), ასევე არსებობს ძალიან მცირე თარგმანები ქართული პოემებისა, მოკლე თხზულებებისა და პროზაული ნიმუშებისა.

გ) რა არის საჭირო ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად და როგორ უნდა გადაიჭრას ეს სიძნელეები

ჩემთვის მალევე გახდა ნათელი, რომ თუ მინდოდა მომემზადებინა ყველასთვის ხელმისაწვდომი, საშუალო სირთულის მოთხრობა საქართველოს ისტორიაზე - დაწყებული ბერძნულ-კოლხური პერიოდიდან, დასრულებული საბჭოთა ჯარების ოკუპაციამდე 1921 წელს, თავისი მთელგვერდიანი რუკით ყოველი საუკუნისთვის (ესე იგი, ოცი ფერადი რუკით) და 140 შავ-თეთრი ილუსტრაციით, - მივხვდი, რომ ეს სამუშაო საკუთარ თავზე უნდა ამეღო. ჩემი ნამუშევრიდან დღეს 500 ფურცელია გამოსული. ჩემი წიგნი არ გახლავთ ორიგინალური აკადემიური ნაშრომი; აქ არ არის აქამდე უცნობი წყაროების არქივები, არამედ ის მხოლოდ განიხილავს საქართველოს ისტორიას უფრო მარტივ კონტექსტში. ჩემი წიგნი ეყრდნობა დაახლოებით 300 სხვა წიგნს (მათ შორის 95% ინგლისურ ენაზეა). ყოველი ჩემი გამოყენებული წყარო მიუთითებს ორიგინალზე და განუმარტავს მკითხველს, რა საიდან მოვიდა. თუმცა ციტირებული მასალების უმეტესობა პირველად იხილავს დღის სინათლეს არააკადემიური წრეებისთვის. ჩემს წიგნში მითითებულია ყველა გამოყენებული წყარო, მაგრამ სამწუხაროდ, იქიდან რეალურად ძალიან ცოტა მკითხველს მიუწვდება ხელი, უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში დაცული ლიტერატურის გარდა.

ყოველი ცდა საქართველოს ისტორიის შესწავლისა უცხოელის მიერ, მით უფრო, ვინც არ არის ამ სფეროს სპეციალისტი, კადნიერება და აჩქარებაა. ჩვენ არ ვითხოვთ, ამ წიგნმა დააკმაყოფილოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა. ჩვენი წიგნი მხოლოდ იმის მცდელობაა, წააქეზოს ქართველი აკადემიკოსები და სწავლულები, რათა თქვან: "ეს წიგნი შეიძლება იყოს დასაწყისი, მაგრამ ჩვენ ბევრად უკეთ წარმოვადგენთ საქართველოს ისტორიას ინგლისურად მოლაპარაკე სამყაროსთვის; ჩვენი ასეთი წამოწყება საქართველოს უპირატეს ინტერესებში შედის, რათა ჩვენი კულტურა და ისტორია უფრო ფართო აუდიტორიისთვის წარმოვაჩინოთ".

დ) რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ითარგმნოს ძირითადი წიგნები?

როგორ შეიძლება ეფექტიანად წარმოვაჩინოთ საქართველო ფართო მასშტაბის სარბიელზე რიგითი, მოყვარული მკითხველისთვის? უპირველესი, რაც უნდა გაკეთდეს, ასევე პირველი სასიცოცხლო ნაბიჯი მიმზიდველი წიგნის გამოცემაა - კარგად ილუსტრირებული, მკითხველისთვის შთამბეჭდავი, საქართველოს ისტორია არაქართველებისთვის, რომელიც მუდმივად გამოიცემა ხელახლა და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასებში. დღევანდელ ვიზუალურ სამყაროში, სადაც ყველაფერი ეკრანიზებულია, წიგნი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ფერად რუკებს. ქვეყნის ისტორია უნდა წარმოგვიდგეს არა მხოლოდ თხრობის საშუალებით, არამედ მოვლენებიც სხვადასხვა ვიზუალური საშუალებით უნდა დაგვანახვოს. ეს შეიძლება მოხდეს რუკებით ან ძველი ჩანახატებით, რაც სათანადო წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს. ასევე აუცილებლად გვჭირდება ქრონოლოგიები, გენეალოგიები და ბიბლიოგრაფიები (რომლებშიც მითითება იქნება როგორც ქართულ, ასევე არსებულ ინგლისურ წყაროებზე). თუ გვსურს, საქართველოს ისტორია მკითხველს ფართო კონტექსტში შევთავაზოთ და ხელი შევუწყოთ წიგნის გაყიდვა-პოპულარიზებას, საჭირო იქნება გამოიცეს სერიები წიგნებისა, რომლებიც უცხოელებს გააცნობენ ქართულ კულტურას, უფრო ფართოდ დაანახვებენ ქართული კულტურის სიღრმეს.

მაგალითად, რამდენიმე მცირე მოცულობის წიგნი ქართულ პოეზიაზე, რელიგიაზე, არქიტექტურაზე, ქართველ მოგზაურებზე (სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში, თეიმურაზ ბატონიშვილის "მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა"), ციხესიმაგრეებსა და საბრძოლო ხელოვნებაზე, მწიგნობრობასა და ლიტერატურაზე, ასევე წიგნები კულინარიასა და ღვინოზე. ამგვარი სპეციალური სერიები დიდად წასწევენ წინ ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებში ქართული კულტურის დანერგვის საქმეს. წიგნების ყოველი სერია პოპულარიზებას უნდა უწევდეს წინა სერიებს და ეს იქნება ერთგვარი რეკლამაც ამ სახის ლიტერატურისა. სამწუხაროდ, ძალიან მცირეა ამ სახის ნაშრომები, ჩვენ არ გვაქვს მსგავსი თემატური სერიები და რაც კიდევ უფრო დასანანია - არ გაგვაჩნია არანაირი წყაროები, რომლებიც ასეთი წიგნების მოძიებაში დაგვეხმარებოდნენ.

საქართველოს მდიდარი და გავლენიანი კულტურის ისტორია, რომელიც თავისთავადია, განუმეორებელი და არა მეზობელი ქვეყნებისგან შეთვისებული, იყო და არის უნიკალურად ქართული. მონასტრები და სამწერლო-საგანმანათლებლო კერები ათონის მთაზე, სინას მთაზე, სირიაში, ასევე იერუსალიმსა და ბულგარეთში - ამის ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთია. ურთიერთობანი ბიზანტიასთან, მონაწილეობა ჯვაროსნულ ომებში, ელჩობა ევროპის სამეფოებში, მეწინავე როლების აღსრულება სპარსეთსა და რუსეთში - ეს ქართული კულტურის უნიკალურობის ნაწილია, რაც ძალიან მცირედ არის ცნობილი. დიახაც, ნებისმიერი ქვეყნის ლიტერატურა ამჟღავნებს იმ ღრმა სიმდიდრეებს, რაც თითოეულ კულტურაში იმალება. ჩვენ გვაქვს "ვეფხისტყაოსანის" თარგმანი ვ. უორდროპის (1912), ვ. ურუშაძის (1968), კ. ვივიანისა (1877) და რ. სტივენსონისა (1977), მაგრამ ისინი ნაკლებად არის ცნობილი. დონალდ რეიფილდი (იხ. ზემოთ) გვაძლევს ბევრ ბრწყინვალე თარგმანს ქართული პოეზიიდან, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, იშვიათად არის ხოლმე მთლიანი პოემა მოცემული. ქართული პოეზია (Georgian Poetry, 2004) ბადრი შარვაძის შენიშვნებით წარმოგვიდგენს მთლიან თარგმანებს დ. რეიფილდისგან, ვ. ურუშაძისგან, ვ. მაისა და დ. რუსელისგან, სადაც არის 125 ქართული პოემა, მაგრამ ამ წიგნის მოპოვება ფიზიკურად შეუძლებელია.

პროზის ფრონტზე შემთხვევით შეიძლება გადააწყდე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას" (1955, მოსკოვი) და გრიგოლ აბაშიძის "ლაშარელას" (1981), რომლის მხოლოდ პირველი ნაწილია ნათარგმნი. ვიცით, რომ არსებობს უორდროპის ქართული ხალხური მითების თარგმანი (Georgian Folk Tales), მაგრამ ამ წიგნის შოვნაც შეუძლებელია. მხატვრობა, არქიტექტურა, დეკორაცია და სამზარეულო ბევრად კარგად არის წარმოჩენილი, თუნდაც მხოლოდ თბილისში მოგზაური ტურისტისთვის. მაგრამ ჩვენ მაინც გვაკლია ფიროსმანი, გუდიაშვილი, გამრეკელი, იშხნელი... ეს მცირედი ჩამონათვალია. თბილისში, მართალია, უხვადაა წიგნები ეკლესია-მონასტრებსა და მათ არქიტექტურაზე, მაგრამ თითქმის არ იშოვება ნაშრომები ციხესიმაგრეებსა და ციხე-დარბაზებზე.

ქართულ სტამბებში დაბეჭდილი წიგნის ხარისხი და გამოცემის დონე მაღალი კლასისაა, მაგალითად; თბილისის, მცხეთის და ქუთაისის სერიები, ანდა ძველი ქართული ქალაქებისა და სოფლების სერიები; საქართველოს ნაციონალური ტურიზმის სააგენტოს გამოცემები, ქართული მხატვრობისა და კულტურის ცენტრის გამოცემები და რამდენიმე წიგნი ქართულ სამზარეულოზე, ქსოვილებსა და ღვინოზე... მაგრამ როგორ უნდა მიაკვლიოს ადამიანმა ამ წიგნებს? საზღვარგარეთ ეს თითქმის შეუძლებელია, თუ საქართველოში არ ჩახვალ და არ იყიდი!

* * *

ეს წერილი უნდა დასრულდეს ბოდიშის მოხდითა და თხოვნით. არც ერთ უცხოელს არ შეუძლია, ობიექტურად განსაზღვროს საქართველოში ინგლისურ ენაზე მიმდინარე მთარგმნელობითი საქმიანობა და შესთავაზოს, რომელი მწერლები უნდა ითარგმნოს. დაფინანსება ყოველთვის პრობლემა იქნება. მაგრამ თანამედროვე ინტერნეტის ხანაში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, მხოლოდ მცირე თხოვნა გვექნება: ერთი ინტერნეტგვერდი მაინც არსებობდეს, სადაც განთავსდება ინლისურ ენაზე ნათარგმნი ქართული ნაშრომები და საიდანაც მოყვარული მკითხველი ამ წიგნების შეკვეთას შეძლებს. ეს იქნება პირველი სასიცოცხლო ნაბიჯი ქართული ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებული ფართო საზოგადოების მოპოვებისთვის, რასაც უძველესი კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი საქართველო ნამდვილად იმსახურებს.

* * *

პიტერ სკინერი

ბრიტანული წარმოშობის თანამედროვე ამერიკელი ისტორიკოსი, მეცნიერი და რედაქტორი პიტერ სკინერი დაინტერესებულია საქართველოს ისტორიითა და კულტურით. მსოფლიო საზოგადოება კარგად იცნობს მის წიგნს "მსოფლიო სავაჭრო ცენტრი", რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან მოკლე ხანში გამოიცა და მაშინვე რვა ენაზე ითარგმნა.

პიტერ სკინერმა სხვადასხვა დროს იმოგზაურა საქართველოში. იყო ინტერნაციონალური სიმპოზიუმის რედაქტორი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ანტიკური ხანიდან მოდერნიზმამდე.

პიტერ სკინერის აზრით, საქართველოს შესახებ ფართო აუდიტორიისთვის მასალები ძალიან მწირია. მეტიც, საქართველოს ისტორია ხშირად წარმოდგენილია მხოლოდ ერთგვარი ქვეტექსტების სახით სპარსეთის, თურქეთისა და რუსეთის ისტორიისა.

თავის ახალ წიგნში "საქართველო: მიწა კავკასიონის ქვემოთ", რომელიც 2013 წელს დეკემბერში გამოიცა, პიტერ სკინერს ფართო მკითხველამდე მიაქვს საქართველოს ისტორია. აღსანიშნავი და საგულისხმოა, რომ სკინერი თავის ნაშრომში ეყრდნობა ინგლისურ ენაზე არსებულ, მაგრამ აქამდე უგულებელყოფილ მრავალ წყაროს. მას აქვს ბევრი ისეთი საინტერესო წყაროც, რომლებიც არ არის ცნობილი ქართველი მკითხველისთვის. მეცნიერის მიზანია, წაახალისოს და გააცხოველოს ქართული ისტორიული და ლიტერატურული ნაშრომების თარგმნა ინგლისურენოვანი სამყაროსთვის.

პიტერ სკინერი

(თარგმნა ლევან კიკნაძემ)

ჟურნალი "ისტორიანი" #37