დღესასწაულები ძველ საქართველოში - კვირის პალიტრა

დღესასწაულები ძველ საქართველოში

ასე სწამდათ - შობა-ახალწლის ღამე კაცმა და პირუტყვმა თავის ფუძეზე უნდა გაათენოსო

ძველ საქართველოში შობა-ახალწლის სამზადისი კარგა ხნით ადრე იწყებოდა.

საშობაოდ რომ ღორები დაიკვლებოდა, ალილოთი რომ ჩამოივლიდნენ ზარისხმიანი მეალილოეები და ქვეყანას ქრისტეშობას მიულოცავდნენ, თავადაც გალაღდებოდნენ და სხვათაც გაალაღებდნენ, საშობაო ხსნილითა და საგანგებო ღვინით უფალს მადლობას ეტყოდნენ, სახლ-კარსა და ქვეყანას დალოცავდნენ, ცოტას შეისვენებდნენ და საახალწლო სამზადისს შეუდგებოდნენ.

თავადობა - საახალწლო საჩუქრად

სამეფო კარზე საახალწლოდ ყველას თავისი წილი ძღვენი უნდა მოეტანა: "ხელმწიფის კარის გარიგების" მიხედვით, მოლარეთუხუცესს უძვირფასესი ნოხ-ფარდაგები მოჰქონდა, მონადირეთუხუცესს - ახალი სამოსი მეფისა და მისი ჯალაბისთვის... მწიგნობართუხუცესი ცისკრის ლოცვის დაწყებამდე უკვლევდა მეფეს ჯვრით, ხატით, ძვირფას ნივთებს მიართმევდა და ტკბილეულით დააბერებდა. სადღესასწაულო სამოსში მორთული მეფე ტახტზე დაბრძანდებოდა, წინ საახალწლო ტაბლას დაუდგამდნენ, რომელსაც ველური ტახის თავი ამშვენებდა. მეფის გარშემო რიგის მიხედვით იკავებდნენ ადგილს ძლიერნი ამა ქვეყნისანი.

საახალწლო მილოცვები წირვის შემდეგაც გრძელდებოდა: მეჯინიბეთუხუცესს ძვირფასი უნაგირითა და ოქრო-ვერცხლით აღკაზმული ცხენი მოჰყავდა; ბაზიერთუხუცესი ქორ-შავარდნებს მიართმევდა; ამირსპასალარს ცხენი მოჰყავდა. ჯაგლაგი ცხენები ერისთავებს მოჰყავდათ, თუ რატომ, ამას ქვემოთ შეიტყობთ.

შემდგომ სამეფო კარზე დიდებულნი მოდიოდნენ, სულ ბოლოს სპანი და ლაშქარნი. ლხინს გართობა მოჰყვებოდა. მოდღესასწაულეთ ართობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, მელექსე-მოშაირეები, მასხარებიც... ხალიჩაზე ერთმანეთს ერკინებოდნენ ფალავნები.

მეორე დღე ნადირობას ეთმობოდა. ბაზიერთუხუცესი წინადღეს ერისთავთა მორთმეულ ჯაგლაგ ცხენებს დაახოცვინებდა და იმ მინდორზე დააყრევინებდა, სადაც ჩვეულებისამებრ ნადირობა იმართებოდა. სანადირო მოედანი შემოღობილი ყოფილა, ჭიშკარს მთელი ღამით დატოვებდნენ ღიას. ლეშის სუნზე ნადირი (მელიები, ტურები, მგლები...) მოდიოდა, გამთენიისას ჭიშკარი იკეტებოდა და...

მიუახლოვდებოდა მეფე ამალით სანადირო მინდორს, გააღებდნენ ჭიშკარს და დამფრთხალი ნადირი თავის საშველად გარბოდა. ნანადირევი ყოველთვის უხვი იყო, რადგან ნადირი მტერთან ასოცირდებოდა. სჯეროდათ, რაც მეტს დახოცავდნენ, მით მეტ მტერს სძლევდნენ.

ახალი წლის დღეებში სამეფო კარი არა მხოლოდ თავად იღებდა საჩუქრებს, არამედ უხვადაც გასცემდა... ამ "საჩუქრებში" თავადობისა თუ აზნაურობის წოდებაც ერია.

"შობას მხიარულ არს ქვეყანაი"

ეს, რაც სამეფო კარზე ხდებოდა. ახლა ოჯახებში აღარ იკითხავთ? შობა-ახალწლის ღვინო ოჯახებსაც გადანახული ჰქონდათ და ეკლესიებსაც... სადღესასწაულო წირვა-ლოცვისთვისაც ხშირად მთელი სოფლები ერთად მიდიოდნენ, შესაწირავსაც უძღვნიდნენ ტაძრებს თუ უპოვართ...

საყოველთაო ხსნილის სადღესასწაულო დღეებს ქრისტეწდობებს, ანუ შობა-ახალწელს უწოდებდნენ მთაში. ამ დღეებში მზეც კი ვერძის სამ ნახტომს აკეთებსო, იტყოდნენ. იოანე ოქროპირის ნათქვამს თუ დავიმოწმებთ: "შობას მხიარულ არს ქვეყანაი, რამეთუ ადამის შემქმნელი იშვა დღესა ამას ადამისაგან". საშობაოდ მეალილოეებს ხშირად მღვდელი მიუძღოდა წინ ღვთისმშობლის ხატითა და ჯვრით.

ღორის დაკვლას ჩვენი წინაპრები ასეთ თქმულებას უკავშირებენ: წმინდა ბასილი სწირავდა, რომ მის წინ ღორს გაურბენია. ღორს მუცელში ეშმაკი ჰყავდა და მისი ხორციც არ იჭმებოდაო. წმინდა ბასილი ჯვრით ხელში გასდევნებია და როცა ღორი წყალში უნდა გადამხტარიყო, კუდზე ფეხი დაუბიჯებია. ღორიდან ეშმაკი გამომხტარა და წყალში გადავარდნილა. ბასილმა ღორი აკურთხა და ქრისტიანთ ამის შემდგომ საჭმელად დაუწესაო.

როგორც ჩანს, ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ მზის წარმართული ღვთაება ბასილა წმინდა ბასილს დაუკავშირეს, ხოლო მზის ღვთაების მსხვერპლი, ღორი - შობა-ახალწლის სუფრას. თქმულებამ კი ეშმაკეულად მიჩნეული ღორი ეშმაკისგან "იხსნა".

საახალწლო სუფრა

სუფრაზე პირველად ღვინით სავსე დოქს შემოდგამდნენ და გვერდით თაფლიან ჯამს დაუდგამდნენ ბარაქისა და სიტკბოს დასაბედებლად. საშობაოდ დაკლული ღორის თავს მოხარშავდნენ, დიდ გობზე დადებდნენ, გარშემო სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოკრებს შემოუწყობდნენ და ისე მიუდგამდნენ ღვინიან დოქს. აღმოსავლეთ საქართველოში ინდაურს მრგვალად ხარშავდნენ, დასავლეთში - მიხაკდარიჩინიან საცივს ამზადებდნენ. იმერეთის ზოგიერთ სოფელში დედალ-მამალსაც მოხარშავდნენ საახალწლოდ, გურიაში - ყვერულს (გასასუქებლად დაკოდილ მამალს). ხილსა და ტკბილეულს ხომ სათვალავი არ ჰქონდა.

სანამ ჩიჩილაკი და ნაძვის ხე შემოვიდოდა, მანამდე ხის დატოტვილ ჯვარზე წამოაცვამდნენ წითელ ვაშლებსა და საწესო პურებს, მხარზე გადაიკიდებდნენ და ისე შემოუვლიდნენ სახლსა და ბოსელ-ნალიას. შობის ღამესვე სახლის დედაბოძს რომელიმე მარადმწვანე მცენარის ტოტებით მორთავდნენ.

გურიაში მუცლის კოკრებსაც აცხობდნენ. ეს ყველითა და შუაზე გაჭრილი კვერცხით გამოტენილი პატარა კოკრებია. ღვეზელი კი მთვარის ფორმისაა, ისიც მოხარშული კვერცხითა და ყველით სავსე, ოღონდ სხვადასხვა ზომისა. არც სტუმარსა და მეალილოეებს ივიწყებდნენ და "სასტუმრო" და "საალილოე" ღვეზელებსაც აცხობდნენ. ბედისკვერებსაც თითქმის ყველგან აცხობდნენ. ზოგი კრუხ-წიწილის, ზოგი კომბლის, ძროხის ცურის, ხარის ქედისა თუ ნამგლის ფორმისა იყო...

შინ რომ იზეიმებდნენ, მერე სტუმრადაც მიდიოდნენ, საჩუქრები ურმებითაც კი მიჰქონდათ მოყვარე-ნათესავებთან.

"შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი"

ახალი წლის უმთავრესი "სტუმარი" ოდითგან მეკვლე იყო. ალიონზე შემოაღებდა ჭიშკარს თუ კარს მეკვლე, რომლის დალოცვაც ამგვარი იყო: - შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა!..

მივიდოდა მეკვლე ბუხართან, აიღებდა დიდ მუგუზალს, გააყრევინებდა ნაპერწკლებს და შემოსძახებდა: - იმდენი სიხარული მოგცემოდეთ, რამდენიც ეს ნაპერწკლებიაო. ან კიდევ: - ამდენი ვაჟი, ამდენი ქალი, ამდენი ბარაქა და ოქრო-ვერცხლი დაგბედებოდეთო.

- ამინ, უფალმა გისმინოსო! - ეტყოდნენ მასპინძლები. სუფრასთან მიიწვევდნენ, ხშირად საჩუქარსაც უძღვნიდნენ, ჭიქას ან თასს (ზოგან ყანწსაც!) აუვსებდნენ და კერას კიდევ ერთხელ დაალოცვინებდნენ...

P. S ბევრმა როდი იცის, რომ ცხრა მთას იქითაც რომ ყოფილიყო, ქართველი კაცი თავს მოიკლავდა და საშობაოდ და საახალწლოდ თავის კერას აუცილებლად დაუბრუნდებოდა!.. სამახარობლოდ თოფსაც გაისროდა, აღმოსავლეთ საქართველოში მრავალჟამიერს დააგუგუნებდა, დასავლეთში კიდევ, კოლხური ღვინის ღმერთის სადიდებელს, აგუნას შემოსძახებდა, სვანეთში - ლილეოს!..

შობა-ახალწლის ღამე კაცმა და პირუტყვმა თავის ფუძეზე უნდა გაათენოსო, - ასე სწამდათ.

ბედნიერი ახალი წელი გაგვთენებოდეს და საკუთარ კერაზე გვეზეიმოს, ქართველებო!..

როზეტა გუჯეჯიანი

ისტორიის დოქტორი, პროფესორი