შავი კენჭი - კვირის პალიტრა

შავი კენჭი

დუელს, როგორც ღირსების დაცვის საშუალებას, ჯერ კიდევ მე-14 საუკუნიდან იყენებდა ევროპელი არისტოკრატია. ამიტომაც დუელის ჩატარების უამრავი წესი არსებობდა, რაც განსაზღვრავდა კიდეც შედეგს. მაგალითად, საფრანგეთში დავის გადაწყვეტის ისეთი ხერხიც არსებობდა, რომლითაც სრულიად გამოუსადეგარი იყო დუელის მონაწილეთა მხედრული გამოცდილება და ყველაფერი გამართლებაზე იყო დამოკიდებული.  სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებული პირების სეკუნდანტები აწყობდნენ კენჭისყრას, ვისაც "შავი კენჭი" შეხვდებოდა, უნდა აეღო ხელში დამბაჩა და საფეთქელში ტყვია დაეხალა. თუმცა, ადამიანის სისასტიკესთან ერთად, ფანტაზიასაც არა აქვს საზღვარი და როგორც აღმოჩნდა, ამგვარ გამოუვალ მდგომარეობაშიც შეიძლება გამოსავლის პოვნა, თანაც ისე, რომ არ გაილანძღო.

დიდ ფრანგ მწერალს, ალექსანდრე დიუმას, ერთმა კოლეგამ ნაწარმოების სიუჟეტის მოპარვაში დასდო ბრალი. გააფთრებულმა მომჩივანმა მწერალს დუელის ყველაზე სისხლიანი სახეობა შესთავაზა... "შავი კენჭი" დიუმამ ამოიღო. რაღას იზამდა, გამოეთხოვა თავის სეკუნდანტს, გამოართვა დამბაჩა და ოთახში განმარტოვდა. გაისმა სასიკვდილო გასროლის ხმა... ვერავინ ბედავს ოთახში შესვლას, ყველანი უკვე ნანობენ, რომ საქმე აქამდე მივიდა. უცებ ოთახის კარი იღება, იქიდან საღ-სალამათი მწერალი გამოდის აბოლებული დამბაჩით ხელში და გაოგნებულ საზოგადოებას უცხადებს: რა ვქნა, აქამდე არასდროს მჭერია ხელში იარაღი, ავაცდინეო(!).

ლადო გოგუაძე