ბუნებით რაინდი - კვირის პალიტრა

ბუნებით რაინდი

ინგლისელებს უთქვამთ: ნამდვილი ჯენტლმენი ის კი არ არის, ვინც ჯენტლმენივით იქცევა, არამედ ის, ვინც სხვასაც აიძულებს, ჯენტლმენივით მოიქცესო.

"ხარ მოელვარე ვით სატევარი,/ემორჩილები მზეს და იადონს,/ მომეცი ნება, როგორც მწევარი,/ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს..."

ეს ლექსი დიდ ქართველ მწერალს, ნიკო ლორთქიფანიძეს  მისმა მეგობარმა პაოლო იაშვილმა უძღვნა. პაოლო, თავადაც უებრო რაინდი, აღფრთოვანებული იყო მისი თავდაჭერილობით და ერთხელ, სუფრასთან, გაოცებულმა ჰკითხა, რატომ არის, ნიკო-ბატონო, რომ ყველას შემიძლია მეგობრულად მხარზე ხელი დავკრა, შენ კი - ვერაო. იმიტომ, რომ მე არასოდეს დაგიტყაპუნებ მხარზე ხელსო, - მიუგო ბატონმა ნიკომ.

თუმცა, ცხოვრების გზაზე ისეთებსაც გადაჰყრია, რომელთა უგვან ქცევას შინაგანი კულტურით ვერ ალაგმავდა... რუსეთის არმიის ოფიცერს ვინმე აკიმოვს, ქართველები აუგად მოუხსენიებია და მწერალმაც სილა გააწნა. დუელი გარდაუვალი იყო. აკიმოვმა, რომელსაც პირველი სროლის უფლება ჰქონდა, საგულდაგულოდ დაუმიზნა, მაგრამ ააცდინა. საპასუხოდ ნიკომ ჰაერში გაისროლა. მეორედაც ააცდინა აკიმოვმა, მოწინააღმდეგემ კვლავ ჰაერში დაცალა დამბაჩა. ოფიცრის სეკუნდანტებმა დუელი შეაჩერეს. საღამოს ნიკოს სეკუნდანტმა წერილი მიიღო: "მოწყალენო ხელმწიფენო, ნება გვიბოძეთ, გამოვთქვათ ჩვენი აღტაცება თქვენი მრწმუნებლის განსაცვიფრებელი მოქმედების გამო. ჩვენ, სამხედროები, საფრთხის დროს სიკვდილს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომლისთვისაც ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ როცა ვხედავთ სამოქალაქო ტანისამოსიან ადამიანს, რომელსაც საბედისწერო წამს, თავისი ღირსების დაცვის დროს, თავი ისე უჭირავს, თითქოს სიკვდილს აბუჩად იგდებს, ეს აღტაცებას იწვევს. ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებდით თვალს თავად ლორთქიფანიძის ქცევას დუელის დროს... იგი ჭეშმარიტი რაინდია. სამწუხაროდ, ვერ განვუცხადეთ ეს ბრძოლის ველზე, რათა უფრო მეტად არ დაგემცირებინა ჩვენი ისედაც დამცირებული ამხანაგი, ამიტომ გთხოვთ, ბატონებო, გადასცეთ მას ჩვენი უღრმესი პატივისცემა".

მწერალს ღირსების დაცვა მოუხდა ავსტრიაშიც, სადაც სწავლობდა. ქალაქ ლეობენის აკადემიის რექტორი, პროფესორი ბაუერი ძალზე ფიცხი ადამიანი იყო. თუ რამე არ მოეწონებოდა, მოურიდებლად ლანძღავდა სტუდენტს.  ასე მოექცა ნიკო ლორთქიფანიძესაც, როდესაც მის ნამუშევარში რაღაც შეცდომა აღმოაჩინა. ნიკომ გადაწყვიტა, დუელში გამოეწვია და რადგან სტუდენტს ამის უფლება არ ჰქონდა, იმავე დღეს შეუტანა განცხადება აკადემიიდან წასვლის თაობაზე. ბაუერმა ღიმილით დაიტოვა "უცნაური კავკასიელის" განცხადება და დაჰპირდა, კანცელარიას გადავცემო, დამშვიდობებისას კი უთხრა - მსურს, ხვალ აუდიტორიაში შეგხვდეთო. მეორე დღეს აუდიტორიაში მისულმა პროფესორმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში თავმოყვარე სტუდენტს.

ლადო გოგუაძე