სიჩუმე ფული ღირს - კვირის პალიტრა

სიჩუმე ფული ღირს

შესანიშნავ ქართველ კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძეს ერთი უცნაური ჩვეულება ჰქონდა: რესტორანში შესვლისას მუსიკოსებისაკენ გაემართებოდა, ჯიბეში ფულს ჩაუდებდა და სთხოვდა, სანამ ქეიფს არ დაასრულებდა, არაფერი დაეკრათ - მაესტროს ფაქიზ სმენას აღიზიანებდა მათი არცთუ დახვეწილი შესრულება.

როგორც აღმოჩნდა, ქართველი კომპოზიტორი პირველი არ იყო, ვისაც სიჩუმეში ფულის გადახდა უწევდა.

დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი მონტეკატინიში, თავის ვილაში იყო დასასვენებლად, როცა მეგობარი ეწვია. მასპინძელმა სტუმარი ერთ მომცრო ოთახში მიიღო, სადაც ცხოვრობდა კიდეც, არადა, ორსართულიანი ვილის ათამდე ოთახი გამოკეტილი ჰქონდა. სტუმარმა გაოცება ვერ დაფარა.

- ჰო, ამ სახლში სხვა ოთახებიც არის, მაგრამ ყველა მათგანი დაკავებულია, - აუხსნა ვერდიმ და მეგობარს სახლის დასათვალიერებლად გაუძღვა. ოთახები მართლაც დაკავებული აღმოჩნდა, ყველა მათგანი სხვადასხვა ზომისა და სახეობის არღნებით იყო გამოტენილი, რაც სტუმარმა კომპოზიტორის ახალ ახირებად მიიჩნია. თუმცა, კოლექციონერის მანია არაფერ შუაში იყო.

ამ პატარა ზღვისპირა ქალაქში ვერდი მილანისა და რომის ხმაურისაგან დასასვენებლად და ახალ ოპერაზე სამუშაოდ ჩამოსულიყო. იტალიელთა სათაყვანებელი კომპოზიტორის ჩამოსვლის ამბავი ელვისებურად გავრცელდა და იქაურმა მეარღნეებმა გადაწყვიტეს პირადად დაედასტურებინათ პატივისცემა მაესტროსადმი. ისინი ყოველდღე მოდიოდნენ და ვილის ფანჯრებთან "საკუთარი ოსტატობის" დემონსტრირებას ახდენდნენ. თანაც, ამისთვის  დასაჩუქრებასაც ითხოვდნენ. თავიდან ვერდი მოთმინებით ისმენდა სერენადებს და ფულსაც არ იშურებდა, მაგრამ, როდესაც მისი ფანჯრებისკენ მთელი ტოსკანის მეარღნეები დაიძრნენ, ამგვარ ხერხს მიმართა: როგორც კი არღნის ხმას გაიგონებდა, მაშინვე მსახურს გზავნიდა  და ინსტრუმენტს ყიდულობდა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ იმ კუთხის ყველა არღანი არ შეიძინა.

ლადო გოგუაძე