გარამანტების დაკარგული ცივილიზაცია - კვირის პალიტრა

გარამანტების დაკარგული ცივილიზაცია

მეცნიერებმა თანამგზავრული ფოტოების წყალობით ძველი და აქამდე უცნობი ცივილიზაციის კვალს მიაგნეს ლიბიის სამხრეთ-დასავლეთში, საჰარის უდაბნოში. ინფორმაცია ლესტერის ბრიტანული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გაავრცელა.

მეცნიერთა განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ასამდე გამაგრებული დასახლება აღმოაჩინეს. სიმაგრეები, რომლებიც დასახლებებს გარს აკრავს, სტრუქტურით ახ.წ. I-V საუკუნეებში აგებულ, ნაკლებად ცნობილ გარამანტების ცივილიზაციის ციხეებს ჩამოჰგავს. გამაგრებული კომპლექსები გამოუმწვარი აგურით არის ნაგები და მათი სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. ამას გარდა, აღმოჩენილია საცხოვრებლის ნაშთები, პირამიდის სტილში ნაგები სამარხები და რთული საირიგაციო სისტემები.

ახალი აღმოჩენა ეწინააღმდეგება ძველ რომაულ წყაროებს, რომ გარამანტები ველური მომთაბარეები იყვნენ, რომელთაც რომის იმპერიის განაპირა მხარე ააოხრეს და დააცარიელეს.

"სინამდვილეში ეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია იყო. გარამანტები მსხვილ, გამაგრებულ დასახლებებში ცხოვრობდნენ და ოაზისებში სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. გარამანტებს ჰქონდათ დამწერლობა და განვითარებული ტექნოლოგიები", - აღნიშნავს პროფესორი დევიდ მატინგლი.

მომზადებულია Foxnews-ის მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”