მილანის ტაძარი "ქტიტორებს" ეძებს - კვირის პალიტრა

მილანის ტაძარი "ქტიტორებს" ეძებს

მილანის საკათედრო ტაძარი რესტავრაციისთვის საჭირო თანხების შეგროვებას შემოწირულობებით აპირებს. ძეგლისთვის დაახლოებით 25 მილიონი ევროა საჭირო. სარესტავრაციო თანხის შეგროვებისთვის კამპანია დაწყებულია. პოტენციურ სპონსორებს უკვე შესთავაზეს, აიღონ მზრუნველობა 135 შპილზე (მაღალი პირამიდის ან კონუსის ფორმის სვეტზე შენობის თავზე) სკულპტურებით, სანაცვლოდ კი მათი სახელები შპილების ქვეშ ამოიტვიფრება.

კამპანიის ინიციატორები ფიქრობენ, რომ ისინი არა მხოლოდ იტალიელებს, არამედ უცხოელებსაც მოიზიდავენ და მათ ტაძრის ისტორიის ნაწილად აქცევენ. რესტავრაციაში მონაწილე პირებს თავადვე შეეძლებათ, აირჩიონ შპილი და ასევე შესაწირი თანხა, თუნდაც ეს რამდენიმე ევრო იყოს.

საკათედრო ტაძრის მესვეურებმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგეს, რაც კულტურის სფეროს დაფინანსება ბოლო სამ წელიწადში თითქმის სამჯერ შემცირდა. დაფინანსების შემცირებას იტალიაში რამდენიმე ძეგლისა და მუზეუმის დახურვა მოჰყვა.

მილანის კათედრალის რესტავრაციისთვის თანხების შეგროვება ნოემბერში დაიწყო. შპილების აღსადგენად ფული უკვე გაიღეს იტალიელმა, ფრანგმა და გერმანელმა მოქალაქეებმა.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არქიტექტურული შენობა, მილანის საკათედრო ტაძარი მსოფლიოში სიდიდით მეოთხეა. რომაული კათოლიკური ტაძრებიდან მილანის დომო მხოლოდ სევილიის კათედრალს ჩამორჩება. რაც შეეხება წმინდა პეტრეს ტაძარს რომში, ის მილანის ტაძარზე დიდია, თუმცა კათედრალს არ წარმოადგენს.

მილანის გოტიკური სტილის ტაძარი ქალაქის ცენტრის მთავარ მოედანზე მდებარეობს. მილანის დომოს მშენებლობა ექვსასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დაიწყო 1386 წელს და დასრულდა 1965-ში. ის მილანის ერთ-ერთი ძირითადი ღირსშესანიშნაობაა.

კათედრალი 157 მეტრი სიგრძისაა და მასში 40 ათასი კაცი თავისუფლად მოთავსდება. მილანის დომოს ქორალის ფანჯრები ერთ დროს მსოფლიოში უდიდესად ითვლებოდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მასალების მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”