კანონი არ გადაიხედება - კვირის პალიტრა

კანონი არ გადაიხედება

"ხალხის რჩეულთა" მიერ სამართლის ნორმების საკუთარ ნება-სურვილზე ჭრისა და მორგების "ტრადიცია" უძველესი დროიდან მოდის. ამგვარ ქმედებას არასდროს მოუტანია სიკეთე და ხელისუფალნიც, თუ მართლა აწუხებდათ ქვეყნისა და ხალხის ბედი, ცდილობდნენ, აღეკვეთათ კანონზე ძალადობა.

ამ საქმეში თავისი გამჭრიახობითა და პრინციპულობით უდავოდ გამოირჩევა  ეპიზეფირელი ლოკრების კანონმდებელი ზალევკუსი, რომელიც ქრისტეს დაბადებამდე  VII  საუკუნეში ცხოვრობდა.

ვარაუდობენ, რომ იგი იყო  პითაგორას მოწაფე. სწორედ ზალევკუსის სახელს უკავშირდება პირველი ბერძნული წერილობითი კანონთა კრებულის შექმნა - თუ ადამიანის მკვლელობის საქმეს მანამდე კერძო პირები არჩევდნენ, ახალი კანონის თანახმად, მკვლელს საბჭო ასამართლებდა, რომელიც დადგენილი სადამსჯელო ნორმებით ხელმძღვანელობდა. გამკაცრდა სასჯელი ცოლქმრული ღალატისათვის და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ზალევკუსის მიღებული კანონებიდან 300 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი შეიცვალა.

კანონის უზენაესობის დაცვის დიდებული მაგალითი კი საკუთარ ხალხს თავად კანონმდებელმა მისცა. ზალევკუსის ვაჟი გარყვნილებაში ამხილეს. ზალევკუსმა კანონის აღსრულება მოითხოვა (კანონის მიხედვით - თვალების დათხრა). მეფის გარემოცვა და მოსახლეობა კი დამნაშავის შეწყალებას ითხოვდა. საბჭო საგონებელში ჩავარდა. საბოლოოდ, "სასამართლო კრიზისი" ისევ ზალევკუსმა გადაწყვიტა: შვილის აღზრდაზე პასუხისმგებელმა მამამ მისი სასჯელიც გაინაწილა - ჯალათმა ცალ-ცალი თვალით დააბრმავა მამაც და შვილიც.

ლადო გოგუაძე