"იარეთ ამ გზაზე... თქვენი ქუდით" - კვირის პალიტრა

"იარეთ ამ გზაზე... თქვენი ქუდით"

1919 წელს 23 წლის ლადო გუდიაშვილი პროფესიული ოსტატობის დასახვეწად მაშინდელ "მხატვრების მექაში" - პარიზში გაემგზავრა, სადაც 7 წელი დაჰყო. ეს იყო შემოქმედებითი თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო, თუმცა, ნახევრად შიმშილობის პერიოდი მხატვრის ცხოვრებაში.

"იგი აზროვნებს ისევე რთულად, ან შესაძლოა, ისევე სადად, როგორც ადამიანები მისი უძველესი ცივილიზაციის ქვეყნისა. პარიზული გემოვნების მაცდუნებელ მრავალფეროვნებაშიც სრულად შეინარჩუნა ეროვნული თავისებურებანი, დარჩა ქართველად მას შემდეგაც, რაც მსოფლიოს გამოჩენილ მხატვართა გამომსახველობით ხერხებს ეზიარა", - ეს სიტყვები ერთმა ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ დაწერა, როცა პარიზში გამოფენილი გუდიაშვილის ნახატები ნახა.

ერთ დღეს მონმარტრზე ნაქირავებ ერთი ციდა ოთახში, რომელიც ქართველი მხატვრისთვის სახელოსნოც იყო და საცხოვრებელიც, სახელგანთქმული ესპანელი მხატვარი იგნასიო სულოაგა ეწვია, რომელსაც გამოფენაზე მისი ნახატები ენახა. მან შეათვალიერა კედელზე მიყუდებული ტილოები, რამდენიმე მათგანი გამოარჩია და ამ მოულოდნელი სტუმრობით გაოცებულ მასპინძელს კიდევ უფრო გასაოცარი რამ შესთავაზა - ეს ნამუშევრები დამითმეთო. ლადომ, როგორც ჭეშმარიტმა ქართველმა, ფულზე უარი თქვა და ყველა ნახატს გაჩუქებთო, უთხრა. მარტოოდენ კეთილი სიტყვით ვერ იცხოვრებთ, ფულიც გჭირდებათო, - უპასუხა ესპანელმა, ასიგნაციების მოზრდილი დასტა გაუწოდა, ნახატები აიღო, ქუდი დაიხურა და დაემშვიდობა.

ასეთი სტუმრობით გაბრუებული მასპინძელი ათიოდე წუთის შემდეგ მოვიდა გონს. ოთახს თვალი მოავლო და შენიშნა, რომ სტუმარს  ლადოს შლაპა დაეხურა, თავისი კი დაეტოვებინა. გუდიაშვილი ძლივს დაეწია კარგა მანძილზე წასულ სულოაგას. მაესტრომ ღიმილით გაუცვალა ქუდი, მადლობა გადაუხადა და ასეთი სიტყვებით "დალოცა" თავისი ახალგაზრდა კოლეგა: "მართალი გითხრათ, გაკვირვებული ვარ, ჯერ თქვენი საქციელით, ფულს რომ არ მართმევდით, ახლა კი ამ ქუდის დაბრუნებით. თქვენს ადგილზე ნებისმიერი ახალგაზრდა მხატვარი სახსოვრად დაიტოვებდა იგნასიო სულოაგას ქუდს, თქვენ კი ამდენი ირბინეთ მის დასაბრუნებლად. როგორც ჩანს, მართლაც გამორჩეული, თქვენი გზა გაქვთ და იარეთ ამ გზაზე ბედნიერად, თქვენი ქუდით".

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ლადო გუდიაშვილი თბილისში დაბრუნდა და თან გენიალური ამადეო მოდილიანის ერთი ნახატიც ჩამოიტანა, რომელსაც ყოველთვის სათუთად ინახავდა.

გუდიაშვილი პარიზში ყოფნისას მეგობრობდა მოდილიანთან, რომელიც დღიური ლუკმის საშოვნელად რამდენიმე ფრანკად ბარის კლიენტების პორტრეტებს ხატავდა. მხატვარს თავისი სტილი ჰქონდა, რომელიც შორს იყო რეალიზმისგან. ერთ-ერთი ქალბატონის პორტრეტიც ჩვეული ხელწერით დახატა. ქალბატონმა ნამუშევარი დაიწუნა, ეს მახინჯი ქალი  არ მგავსო, ნახატი მხატვარს დაუბრუნა და იმ რამდენიმე ფრანკის გადახდაზეც უარი განაცხადა. გამწარებულმა მოდილიანიმ მოურიდებლად მიახალა: "მადამ, თქვენ იდიოტი ხართ!" შემდეგ შემობრუნდა, ლადოს მაგიდასთან მივიდა, გაუწოდა ნახატი და დაღონებულმა, მშვიდად უთხრა: "იმას არაფერი ესმის, აჰა, შენ გქონდეს ეს, სახსოვრად".

ლადო გოგუაძე