რა ფერის იყო კოლიზეუმი? - კვირის პალიტრა

რა ფერის იყო კოლიზეუმი?

უნიკალური აღმოჩენა რომში.

იტალიელმა არქეოლოგებმა კოლიზეუმის შიდა კედლებზე ფერადი მხატვრობის ნიმუშები აღმოაჩინეს. მეორე და მესამე სართულებს შორის გასასვლელში, რომელიც დამთვალიერებლებისთვის ჯერ დახურულია, ნაპოვნია ფრესკების ფრაგმენტები, რომლებიც ლურჯი, წითელი და მწვანე პიგმენტებით არის შესრულებული.

კოლიზეუმში შარშან ოქტომბერში დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოებისას გამოვლინდა, რომ მისი გარე ფასადი თეთრი მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. შიდა კედელი კი წითელი იყო, როგორც გლადიატორთა სისხლი. ასე გამოიყურებოდა კოლიზეუმი კლასიკურ პერიოდში.

ამფითეატრის კედლებზე გამოსახული იყო სცენები, რომელიც გლადიატორთა გამარჯვებებს ეძღვნებოდა. კერძოდ, ნაპოვნია ისრებისა და დაფნის გვირგვინების გამოსახულებები. არქეოლოგებმა, გლადიატორთა თემის გარდა, ეროტიკულ სცენებსაც მიაკვლიეს.

იტალიური გამოცემა Corriere della Sera წერს, რომ გამოსახულებებს შორის ფალოსის სიმბოლოებიცაა. ამას გარდა ნაპოვნია წარწერები, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება.

გასასვლელი ფრესკებით, რომელიც რამდენიმე კვადრატულ მეტრს იკავებს, მნახველებისთვის 2014 წლის ზაფხულში გაიხსნება. ზონის კვლევის გაგრძელება იმაზეა დამოკიდებული, დაფინანსდება თუ არა ეს მიმართულება.

როგორც იტალიური გამოცემა აღნიშნავს, აღმოჩენილი ფრესკები მიუთითებს, რომ კოლიზეუმის კედლები, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, შიდა მხრიდან წითელი ფერის იყო, ხოლო ცალკეული ზონა _ ლაჟვარდისფერი. ეს პიგმენტი, სავარაუდოდ, ცის ან ზღვის გამოსახვისთვის გამოიყენებოდა.

კოლიზეუმის რესტავრაცია 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. თანხები ძეგლის რესტავრაციისთვის, რომელსაც 3000-მდე ბზარი აქვს, ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Tod's-ის მეპატრონემ, დიეგო დელა ვალემ გაიღო. სამუშაოები $25 მილიონად არის შეფასებული.

მომზადებულია Agence France Presse-ის მასალების მიხედვით.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”