მრუდე სარკეში
მრუდე სარკეში
"ვეკითხები სამველ კარაპეტიანს, - როდის წარმოადგენდა თბილისი სომხეთის კარიბჭეს?!"

ახლახან ხელში ჩამივარდა სომეხი ისტორიკოსის, სამველ კარაპეტიანის 2003 წელს ერევანში გამოცემული წიგნი  Мэры Тифлиса (Тбилиси). ყურადღება მიიქცია წიგნის სახელწოდებამ. საინტერესოა, ახლა ვინ წერს რუსული ენის გავლენით გადაკეთებულ თბილისის სახელწოდებას - ტიფლისს. ეს იგივეა, ერევნის ისტორია დავწერო და ერევანი ირივონ, ერივონად მოვიხსენიო, როგორც  XIX  საუკუნესა და XX  საუკუნის დასაწყისში წერდნენ ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოცემული ჟურნალ-გაზეთები.


პირველივე გვერდზე ავტორი აცხადებს, - 
XIX  საუკუნის ბოლოს თბილისს კავკასიის პარიზს ეძახდნენო და იქვე დასძენს: "Тифлис является "прихожей", "притвором" Армении". ეს ამონარიდია, მაგრამ წყაროს არ უთითებს. აშკარაა, რომ უყოყმანოდ იზიარებს. ამიტომ, ვეკითხები, როდის წარმოადგენდა თბილისი სომხეთის კარიბჭეს?!
ალბათ, იგი გულისხმობს დიდი ხნის წინ ილიას "ქვათა ღაღადში" საფუძვლიანად მოთხრილ და უარყოფილ
ხუდაბაშოვის, ეზოვის, პატკანოვისა და სხვათა ავადმყოფურ აკვიატებას, იდეფიქსს - თითქოს თბილისი იყო სომეხთა სასაზღვრო ციხესიმაგრე, შემდეგ ქართველთა დედაქალაქად იქცაო. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწის ნათქვამი, - სომხებს ავადმყოფური ისტორიზმი სჭირთო. მას თავის დროზე ვუწოდე "მურადიანიზმი მეცნიერებაში". ამ საკითხით თუ ვინმე დაინტერესდება, ვურჩევ ივანე ჯავახიშვილის შრომები წაიკითხოს. განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემული "საქართველოს საზღვრები". ეს წიგნი კარაპეტიანების, მურადიანების, აივაზიანებისა და მათ მსგავსთა გონზე მოსაყვანად არის დაწერილი. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დიდი მეცნიერი ამაოდ დაშვრა...

ამას მოსდევს  XIX  საუკუნის თბილისის არაეროვნული ბურჟუაზიის ქება-დიდება, რომელმაც თურმე "თბილისი წაართვა არა ქართველებს, არამედ სპარსელებს, თურქებსა და გერმანელებს. ეს გააკეთეს არა ყაჩაღურად, ბნელ ღამით, არამედ "Честным трудом" და "Честными деньгами" - დღისით, მზისით, ფხიზელი გონებით". ხედავთ, რა სიკეთე გაუკეთებიათ მანთაშოვებსა და არამიანცებს უბედური ქართველებისთვის?

სომხური ბურჟუაზია თუ როგორი "Честным трудом" და "Честными деньгами" შეეცილა მკვიდრ ქართველებს, ამას მოწმობს  XIX  საუკუნის პერიოდიკაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები. მოვიტანთ მრავალთაგან ერთ-ერთს. აკაკი წერეთელი წერდა: "...სალდათებს აუღიათ თავი და ყაჩაღურად შეიარაღებულნი დაიარებიან თფილისში, ვაი, იმ მუშა ქართლელის და იმერელის ბრალი, რომელიც მათ შეხვდებათ. იჭერენ, მიათრევენ სადღაც ღვიმეში, რომელსაც კანტორას ეძახიან და სანამ თვითო მანეთს არ წაგლეჯენ, არ უშვებენ. თუ ფული არ აქვს, ჩოხას ხდიან და სამუშაო იარაღს ართმევენ... ერთი სიტყვით, იმერლებისა და ქართლელებისთვის თფილისში აღა-მაჰმად ხანი მობრუნდა. აღა-მაჰმადხანური ქცევა ჩვენ არ გვაკვირვებს ქალაქის გამგეობის მხრით, რომელიც საკუთარი სომხურისგან არის შემდგარი. ჩვენ ამაებს ჩვეული ვართ მათგან; მაგრამ ის კი ვერ გაგვიგია, თუ რა მიზეზია, სომხის ახალგაზრდობა ამაზე ხმას არ იღებს და არ ჰკიცხავს თავის მამების და უფროსი მოძმეების ბოროტებას... დალოცვილი სომხები, როცა მათთვის მოსახდენია ყოველთვის ძმობა-ერთობაზე ჰყვირიან და როცა აღარ ეჭივრებათ, მაშინ ბატონობაზედ ხელს არ იღებენ" ("დროება", 1875).

აკაკი სომეხ ახალგაზრდობაში გრიგორ არწრუნსა და მის მიმდევრებს გულისხმობდა, მაგრამ ისინი სომხურ ბურჟუაზიას უკმევდნენ გუნდრუკს და ხალხის ინტერესები ნაკლებად აღელვებდათ. მით უმეტეს, ქართველი გლეხის ყოფა სულ არ ენაღვლებოდათ. თუ ქართველ გლეხს თბილისში შემოსვლა ეზღუდებოდა და გადასახადი უნდა გადაეხადა, სომხეთის პროვინციებიდან უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა უპოვარი სომეხი გლეხი, ყოველგვარი ბეგარის გარეშე. მეტიც, ისინი არათუ შემოჰყავდათ, ამკვიდრებდნენ და თან გაჰყვიროდნენ, თბილისი სომხების დედაქალაქიაო.

სომხური ბურჟუაზია თბილისში სწორედ არა "Честным трудом" და არა "Честными деньгами" იყო გამდიდრებული, არამედ ქართველი გლეხის ძარცვა-ყვლეფით.

სამველ კარაპეტიანი დახელოვნებულია დემოგრაფიული ცხრილების მოხმობაში, მაგრამ მონაცემებს მეცნიერული ანალიზი სჭირდება. მაგალითად, თბილისში სომხების რაოდენობა 1864 წლის მოსახლეობის აღწერით 47%-ს შეადგენდა. შემდეგ მოჰყავს 1821 წლის მონაცემები, როდესაც თბილისში 87,6% იყო სომეხი ეროვნების მცხოვრები. მონაცემი კი მოაქვს, მაგრამ კომენტარს არ აკეთებს - რატომ იყო სომეხი მოსახლეობა 87,6 % 1821 წელს.
ეს მომეტებული რაოდენობა სომხებისა, თბილისში 1821 წელს გამოწვეული იყო იმ დიდი ტრაგედიით, რომელიც აქაურ მოსახლეობას დაატყდა თავს სულ რაღაც ორიოდე ათეული წლის წინ, აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების გამო (1795 წელს). ვინც ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრო, დახოცეს, ვინც ცოცხალი გადარჩა, სპარსეთის შორეულ გზას გაუყენეს სპარსმა ურდოებმა. თბილისელ სომხებს შედარებით ნაკლებად შეეხო მტრის მახვილი. უმთავრესად ქართველთა თავზე დატრიალდა სისხლიანი კალო. ისიც უნდა ითქვას, რომ ვინც დროზე გაიქცა ქალაქიდან, უკან ვეღარ დაბრუნდა, თავშესაფარი აღარ ჰქონდათ. ამ დროისთვის ქართული ეკლესიის რიცხვიც შემცირდა, ხოლო სომხებისა გაიზარდა. თბილისში 1805 წელს 39 სომხური ეკლესია იყო, ქართული კი - 17. საქართველოს სომხურმა ეპარქიამ ამ ტრაგედიით ისარგებლა და მიისაკუთრა თელეთის, შავნაბადას, წავკისის ქართული ეკლესიები. მაგრამ უბედურება ამით არ მთავრდებოდა: როცა სომეხი სასულიერო პირი ეშმაკური ხერხებით ქართულ ეკლესიას სომხურად აქცევდა, მერე იწყებდა მისაკუთრებული ქართული ეკლესიის ქართველი მრევლის ათასნაირი ხრიკით გასომხებას.

ქართული მიწისა და ქართველი გლეხის ძარცვა-ყვლეფით გამდიდრებული სომხები, რომელნიც შიშველ-ტიტველნი ჩამოვიდნენ ზანგეზურის, არარატის, სისაკანისა და სხვა სომხური პროვინციებიდან, კარაპეტიანისვე სიტყვებით, მხოლოდ "Честным трудом" და "Честными деньгами" გამდიდრდნენ".

ისტორიის ირონიაა - მათი ხელიდან "გამოგლეჯილ" თბილისს თავიანთ დედაქალაქად აცხადებდნენ. დედაქალაქზე გამახსენდა, სომხურ სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან - სომხეთს 22 დედაქალაქი ჰქონდაო: თბილისი, ბაქო, როსტოვი, არმავირი და სხვ. აქ კი აკაკი მოგაგონდება, - სადაც კი სომეხს არშინი შეუტანია, ყველა "ჰაისტანი" ჰგონიაო, - წერდა ირონიით.

როცა 1907 წლის 29 ოქტომბერს სრულიად სომეხთა კათალიკოსი ხრიმიანი აღესრულა, ამ დღეს დანიშნული ქალაქის დუმის სხდომა კათოლიკოსის პატივსაცემად გადადო თბილისის თავმა ვასილ ჩერქეზიშვილმა...
დიმიტრი ყიფიანი ქალაქისთავად არჩეული იყო 1875-1879 წლებში. საკრებულოს ერთ-ერთმა ახალარჩეულმა წევრმა ფიცის დადება სომხურ ენაზე დაიწყო. დიმიტრი ყიფიანმა მისცა შენიშვნა, - ყველასთვის გასაგებ - რუსულ ან ქართულ ენაზე ბრძანეთო. სამწუხაროდ, საკრებულოს სომეხი ეროვნების წევრებმა ამ სამართლიანი მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს. დიმიტრი ყიფიანი პროტესტის ნიშნად გადადგა!

კარაპეტიანი, დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის ჟანდარმერიის გავრცელებულ ყალბ ვერსიას იმეორებს და წერს: - ყიფიანი გაძარცვის მიზნით მოკლეს სტავროპოლში. მას არ აინტერესებს მკვლელობის ნამდვილი მიზეზი - ყიფიანმა უშიშრად დაიცვა ქართველი ხალხის ღირსება და ამიტომ მოუსწრაფეს სიცოცხლე ცარიზმის აგენტებმა.
ვფიქრობ, სულაც არ არის გასაკვირი,  ალექსანდრე ხატისოვის ქალაქისთავად არჩევის (1910) წინააღმდეგ რომ წავიდა ქართველი საზოგადოება. ამის შესახებ თვითონ ხატისოვი წერს: "ბ-ნმა ხატისოვმა თუნდაც მზის სინათლით გაანათოს ღამე ქალაქი, მარმარილოთი მოაპირკეთოს თბილისის ქუჩები, სულერთია, მისი ქალაქისთავად არჩევის წინააღმდეგი ვიქნებით, რადგან იგი სომეხია". გამოხდა ხანი და აღმოჩნდა, რომ ქართული გაზეთები არ შემცდარან, ხატისოვმა სომხეთის დაშნაკურ მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. სწორედ ის იყო ორგანიზატორი და შემდგენელი დაშნაკთა მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი წამოყენებული ტერიტორიული პრეტენზიებისა. ხატისოვი და მისი მთავრობა მოითხოვდნენ თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას სურამის მთაგრეხილამდე, დედაქალაქის ქუთაისში გადატანას და სხვ. ამ უნამუსო მოთხოვნაზე, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, მაგრამ გული არ გაიტეხეს და ის, რაც მოლაპარაკებით ვერ მიიღეს, ომით სცადეს მოეპოვებინათ - მუხანათურად დაესხა დაშნაკთა ჯარი საქართველოს. ინგლისი რომ არ ჩარეულიყო, ქართული ჯარი ერევანს აიღებდა... ზოგიერთ სომეხ ისტორიკოსს დღეს ჰყოფნის თავხედობა და ამ ომში დაშნაკებს გამარჯვებულად აცხადებს! თუმცა რა არის გასაკვირი. გასული საუკუნის 90-იან წლებში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა შექმნეს ე.წ. ბაგრამიანის სომხური ბატალიონი. მათ შეიძლება ითქვას, საქართველოს ზურგში დანა ჩასცეს. თუმცა ბაგრამიანის ბატალიონის ბოევიკები უფრო "მამაცურად" მშვიდობიან ქართველ მოსახლეობას "ებრძოდნენ", ვიდრე ქართულ ჯარს. სახლ-კარს უწვავდნენ და სადისტურად აწამებდნენ ქართველებს.

ვიმეორებ - ისტორიული სომხეთი თბილისამდე არასდროს ვრცელდებოდა. ეს დაშნაკების მონაჭორია... სამველ კარაპეტიანი წერს, - საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში თბილისის ქართველმა მერებმა -  XIX  საუკუნის სომეხი ეროვნების მერების საფლავები მიზანმიმართულად გაანადგურესო. ამას წერს მეცნიერი-ისტორიკოსი, ყოველ შემთხვევაში, ამის პრეტენზია აქვს. ამიტომ უნდა სცოდნოდა, რომ ბოლშევიკთა აგრესიულ ათეისტურ პროპაგანდას შეეწირა ქართული და სომხური ეკლესიები და სასაფლაოები. სწორედ ამ კამპანიის დროს აიღეს არა მხოლოდ სომეხთა, ქართველების საფლავებიც. ბოლშევიკებმა მრეწველისა და ქველმოქმედის დავით სარაჯიშვილის საფლავიც არ დაინდეს.

სამწუხაროდ, კარაპეტიანის წიგნი, Мэры Тифлиса (Тбилиси) არის ტიპური მაგალითი ისტორიის მრუდე სარკეში დანახვისა და ნამდვილად არ წაადგება საქართველო-სომხეთის შემდგომ ურთიერთობას.
ბონდო არველაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჟურნალი "ისტორიანი", თებერვალი